დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ, - ზურაბ ხიზანიშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 10:51

ფეხბურთელი, რომელიც 16 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა სანაკრებო კარიერას ასრულებს. ზურაბ ხიზანიშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია დღეს დინამო არენაზე, წლის პირველი ოფიციალური მატჩის დაწყებამდე  გაიმართება. 

სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს:

"16 წელი იმ საქმეს ვემსახურე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელშიც ყველაფერი ჩავდე. ამ პერიოდში არაერთ სახელოვან გუნდში მომიწია თამაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატივცემულო საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. 93-ჯერ მოვირგე ეროვნული მაისური და ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა. იყო წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და საამაყოა, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, თანაგუნდელს, რომლებთან ერთადაც მომიწია მრავალი წლის გატარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელთა თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს მაძლიერებდა. დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ და იმედი მაქვს რომ ყველა ერთად გავხდებით მოწმე ქართული ფეხბურთის იმ დიდი წარმატებისა და გამარჯვებისა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით!'- წერს ზურაბ ხიზანიშვილი.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხიზანიშვილის გულიანი და თავდადებული თამაში. საქართველო ავსტრიის დაპირისპირებასთან ერთად ქომეგისთვის დღევანდელი მატჩი გამორჩეული და ემოციური იქნება. იმედია, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და  ყველა ერთად ვეტყვით მადლობას ხიზანას.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები  20:00 საათზე, ”დინამო არენაზე” ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ზურაბ ხიზანიშვილი სანაკრებო კარიერას ასრულებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 16:00

5 სექტემბერს, დინამო არენაზე, წლის პირველი ოფიციალური მატჩის დაწყებამდე ზურაბ ხიზანიშვილის ეროვნული ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ზურაბ ხიზანიშვილი 16 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი 1999 წელს საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების დროს შედგა და მას შემდეგ, 2015 წლის ჩათვლით, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 93 მატჩი ითამაშა.

კალათბურთელთა ნაკრების ღია ვარჯიში

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 15:01

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება. 30 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი), საქართველოს ნაკრები ვარჯიშს გამართავს, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვისა და დაინტერესებული გულშემატკივართათვის ღია იქნება. მას-მედიის წარმომადგენლებსა და ნაკრების წევრებთან შეხვედრის მსურველებს ვთხოვთ, მობრძანდნენ სპორტის სასახლეში 30 აგვისტოს, 20:15 საათისთვის

საქართველო-ავსტრიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 18:17

2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩის: საქართველო - ავსტრია, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო. გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე tkt.ge/georgiavsaustria შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია. მატჩის ბილეთების გაყიდვა დინამო არენასა და ფილარმონიის სალაროებში, მოგვიანებით, 29 აგვისტოდან დაიწყება. 5 სექტემბერს, 20:00 სთ. დინამო არენაზე ერთმანეთს საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 17:05
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 5 სექტემბერს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ავსტრიას თბილისში დაუპირისპირდება. დინამო არენაზე მატჩი 20:00 საათზე შედგება. მატჩისთვის მოსამზადებელ შეკრებას ქართველი ფეხბურთელები 29 აგვისტოს დაიწყებენ. მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩისთვის გაფართოებული, 28 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს, წინა შეხვედრების მსგავსად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობის დასახელების პარალელურად სასტუმრო „ჰუალინგში,“ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა. „ბოლო ამხანაგური თამაშების შემდეგ აქტიურად ვაკვირდებოდი ჩვენს კონკურენტებს,რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დავუპირისპირდებით. ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში მოვიაზრებთ. დავესწარი „დინამო თბილისის“ შეხვედრებს ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას სერიოზულად ვიწყებთ, ნაკრების შეკრება 29 აგვისტოს დაიწყება და ყველაფერს გავაკეთებთ,რათა ავსტრიის ნაკრებთან დადებით შედეგს მივაღწიოთ. ნაკრები ოჯახივითაა, თუ ბავშვი კარგად არ იქცევა - შენიშვნა უნდა მისცე. ესპანეთთან მატჩამდე გაკეთებულ ჩემს განცხადებას ფეხბურთელებთან დაკავშირებით სწორედ ასე ვაფასებ, ამ განცხადებას ფსიქოლოგიური გავლენა უნდა მოეხდინა, დადებითი ეფექტი უნდა ჰქონოდა და ვთვლი, რომ ასეც მოხდა ესპანეთთან. თუ ფეხბურთელები დისციპლინით და თავდადებით ითამაშებენ, ჩვენს ნაკრებს ექნება შანსი, კარგი ფეხბურთი აჩვენოს. ნაკრების 11-მა ფეხბურთელმა შეიცვალა საკუთარი კლუბი და ეს დიდი ციფრია, ზოგს ტრავმა აწუხებს. მიხარია,რომ ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო, კლუბი შეიცვალა გიორგი ქვილითაიამ და მინდა მას ავსტრიაში წარმატება ვუსურვო. დაველოდებით ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვნახავ რამდენად მზად იქნებიან ისინი 5 სექტემბრის თამაშისთვის. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ის ჩვენი კაპიტანია, დიდი პროფესიონალი და იმედი მაქვს ნაკრებს მალე დაუბრუნდება. ფეხბურთში არის მომენტები, როდესაც გუნდები საკუთარი ლიდერების გარეშე თამაშობენ. მომავალ მატჩში ჯაბას პოზიციაზე შეიძლება კაშია იყოს. ეს მისი პოზიცია არ არის, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში საკმაოდ კარგად ითამაშა. იგივე პოზიციაზეა მურთაზ დაუშვილი და გიორგი აბურჯანიაც“. დღეს პრესკონფერენციაზე, ეროვნული ნაკრების კაპიტნის არყოფნის საკითხს შეეხო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი. „ჯაბა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან ივნისში გამართული სამი ამხანაგური მატჩი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა და მას დღემდე არ ჩაუტარებია ვარჯიში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა ფეხბურთელთან. გუშინ მწვრთნელთან ერთად ვესაუბრეთ ჯაბას და გვითხრა, რომ თავს კვლავ ცუდად გრძნობს. მას ისევ აქვს იგივე ჯანმრთელობის პრობლემები, როს გამოც წინა თამაშები გამოტოვა. ჯაბამ თავად განაცხადა,რომ ამ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მალე შემოუერთდება ნაკრებს“ . - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი) მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი) ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი) თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 01 ივლისი 2016 10:17

ამ წუთებში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.  გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  მაია მიმინოშვილის განცხადებით,  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. 
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორი

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 19:25

მინერალური წყალი ბორჯომი“ უკვე მეექვსე  წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორია. დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ქალაქ ბორჯომში გაიმართა და მას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა. თავდაპირველად სტუმრები ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ და მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლის წარმოების პროცესს გაეცნენ, რის შემდეგაც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები: ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, ანატოლი ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი, ნიკა მეტრეველი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შარაბიძე, ბესიკ ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, გიორგი გოგობერიშვილი და ასევე მწვრთნელები კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ესწრებოდნენ.მემორანდუმის თანახმად, „ბორჯომი“ 2016 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების პარტნიორი იქნება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

„ეს არის სახელმწიფოს, ფედერაციის და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი სპორტსმენების წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ბორჯომს და მის ხელმძღვანელებს. მათ არა მარტო კალათბურთისთვის, არმედ ზოგადად ქართული სპორტისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აქვთ გაკეთებული. გვჯერა, რომ ქართველი კლათბურთელები მომავალში არაერთი გამარჯვებით გაგვახარებენ. წარმატებას ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს.“

 

ზაზა კიკვაძე, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი:

„ბორჯომის“ ბრენდი საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია და  გარკვეულწილად ვალდებულებადაც კი ვთვლით თავს, რომ  გვერდში დავუდგეთ გუნდს, რომელიც ჩვენი ბრენდის მსგავსად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას მთელს მსოფლიოში. მიხარია, რომ დღეს ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში, პირადად ვმასპინძლობ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ჩვენს საამაყო კალათბურთელებს. მინდა, წარმატება ვუსურვო მათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.იმედი მაქვს,ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველანი ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს.“

მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

,,საერთაშორისო ასპარეზზე "ბორჯომის" მინერალური წყალი ყოველთვის საქართველოს სახელთან ასოცირდება, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ ეს ცნობილი კომპანია კვლავ ჩვენი გენერალური პარტნიორი იქნება. იმედი გვაქვს, კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ნაკრები ქართულ ბრენდთან ერთად კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს მთელ ევროპაში'.

ევრობასკეტ 2017-ის შესარჩვი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის, რის შემდეგაც 3 სექტემბერს სლოვაკეთში ითამაშებს, ხოლო 7-ში მონტენეგროს უმასპინძლებს.

შესარჩევი ეტაპის მეორე წრეში ქართველები 10 სექტემბერს ალბანეთში ითამაშებენ, 14-ში სლოვაკეთს უმასპინძლებენ, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩს 17 სექტემბერს მონტენეგროში გამართავენ. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირი გზით მოიპოვებს ევრობასკეტ 2017-ის საგზურს, ხოლო შესარჩევი ეტაპის 7 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

 

ეროვნული ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 მაისი 2016 12:47

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი ეროვნული გუნდი 24 მაისს შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება და ლინცთან ახლოს დაბინავდება. 27 მაისს საქართველოს ნაკრები ქალაქ ველსში სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს, 7 ივნისს კი მადრიდში ესპანეთს შეხვდება. სამივე მეტოქე ევრო-2016-ის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.
ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში სამ ახალწვეულს უხმო: ჩეხური „ტეპლიცეს“ მცველი, აშშ-ში დაბადებული ქართველი ზურაბ ცისკარიძე პირველად მოირგებს ისტორიული სამშობლოს ეროვნული გუნდის მაისურს. პირველად გამოიძახეს თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველებიც: ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი.
ვაისი ტრავმის გამო ვერ დაიხმარს რუსული „კრილია სოვეტოვის“ მეკარეს გიორგი ლორიას, რაც შეეხებათ ესპანური „ხიმნასტიკის“ ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას და გერმანული „დუისბურგის“ შემტევ გიორგი ჭანტურიას, მათ კლუბებს უმნიშვნელოვანესი მატჩები უწევთ და ფედერაციასთან შეთანხმებით, სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ შეუერთდებიან ნაკრებს.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია).

16-წლამდე ფეხბურთელებმა ბანნიკოვის თასი მოიგეს!

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 11:57

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ვიქტორ ბანნიკოვის თასის მფლობელია! გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა ფინალურ მატჩში ისრაელი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ჯერ თეიმურაზ გაბუნიამ გაიტანა, მერე კი, როცა მეტოქე დაწინაურდა, ანზორ მექვაბიშვილმა შეძლო წონასწორობის აღდგენა. 69-ე წუთზე ისრაელი კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა წითელი ბარათი ააფრიალა, თუმცა საქართველოს ნაკრების ზეწოლას მაინც გაუძლო.

გურამ ასპინძელაშვილმა ფინალში ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ბულისკერია, ბასარია, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე (შუბითიძე 79), გაბუნია (კაკაურიძე 41), ივანიაძე (გაბიტაშვილი 41), გელაშვილი, მექვაბიშვილი.

თასის გარდა საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვა: დემეტრე ბულისკერია ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა, ხოლო ივა გელაშვილი - საუკეთესო მცველი. საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა: ისრაელამდე ჯერ ჩეხეთთან 0:0 ითამაშა, ლატვიას და მოლდოვას კი, შესაბამისად, 1:0 და 4:0 მოუგო.

მოდი "დინამოზე," დღეს შენი ნაკრები თამაშობს!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 29 მარტი 2016 16:47

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო შეხვედრას ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. სეხვედრა დღეს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოსა და ყაზახეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზაცია „დინამო არენას“ სალაროებში მიმდინარეობს და მატჩის დაწყებამდე გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური