ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020 12:50

საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ  შვიდ თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“, – აცხადებს ბანკი.

ამასთან, უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

„იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი,  შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და  ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. კარანტინის რეჟიმშია 5550 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 16:57

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 14 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4831 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0023 -ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9326 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9432 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0106 -ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2975 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2737 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0238 -ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6787 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6790 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0003-ით გამყარდა.

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017 15:58

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია: საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების სწრაფმა ზრდამ შეუწყო ხელი

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში. სსფ-მა დადებითად შეაფასა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა.

სსფ-ს მისიის დონეზე, საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მილიონი ესდეერის (42.3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით. ამით მიმდინარე პროგრამის ჩამორიცხვები 60 მილიონ ესდეერს (84.6 მილიონ დოლარს) გაუტოლდება.

ამ წუთებში პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებებს აკეთებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 17:32

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც  ეროვნული ბანკში განაცხადეს, ინტერნეტ სივრცეში - http://ubani.ge/ გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

„შეგახსენებთ რომ - 1. ეროვნული ბანკის, ან რომელიმე სხვა უწყების მიერ, არ ხდება ფასიანი ქაღალდის სერტიფიცირება, ან რამე სხვა ფორმით მისი ხარისხის შეფასება;

2. ეროვნული ბანკი ახდენს მხოლოდ პროსპექტის ფორმის შესაბამისობაში მოყვანას კანონის მოთხოვნასთან და არ არის პასუხისმგებელი მის შინაარსზე; ამასვე მიუთითებს კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: 
"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის, ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ"

3. ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება ემიტენტისათვის რაიმე რისკის დაზღვევა, ან ნომინალის განსაზღვრა;

4. ზემოაღნიშნულ განცხადებაში მითითებული ფასიანი ქაღალდი, ემისიის პროსპექტის თანახმად, წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ ვალდებულებას.
"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ემიტენტი ვალდებულია პოტენციურ ინვესტორს წარუდგინოს დამტკიცებული ემისიის საბოლოო პროსპექტი და არა სხვა დოკუმენტი. გარდა ამისა, "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების შესახებ რეკლამის გავრცელებისას დაუშვებელია ემისიის პროსპექტში აღნიშნულის გარდა რაიმე სხვა ინფორმაციის გავრცელება;
ხარვეზების გამოსწორებისა და ინვესტორთა ინფორმირების მიზნით, ეროვნული ბანკი იმოქმედებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

დამატებითი ინფრმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3193;

https://www.nbg.gov.ge//index.php?m=340&newsid=3166

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 17:12

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი კურსის მიხედვით, 25 მაისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4076 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4144 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0068-ით გამყარდა.

 

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.6927 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით 0.0228 - ით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.1215 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.1322 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0107-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6753 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6770 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის კურსი ლირასთან მიმართებით 0.0017- ით გამყარდა.

ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 16:52

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა აჭარის რეგიონში არსებული 47 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება და "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნების დარღვევის გამო 13 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 280 400 ლარის ოდენობით, ხოლო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია.

 ეროვნულ ბანკი მომხმარებლებს მოუწოდებს, ალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ. ითუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, დარეკეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მიაწოდეთ ინფორმაცია, ელექტრონულ ფოსტაზე - JLIB_HTML_CLOAKING .

 

 

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.0 პროცენტამდე ზრდის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 02 მაისი 2017 13:51
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 2 მაისს  რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზარდა. 

გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთან, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება. 

მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა, ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, გაუმჯობესდა საგარეო მოთხოვნა და შედეგად, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები სწრაფად იზრდება. ასევე, წინა წელთან შედარებით, მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 

მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი, 7 პროცენტი, ძალაში 2017 წლის 4 მაისიდან შედის.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:58
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს. არსებული პროგნოზის მიხედვით, როგორც გაცხადებული იყო, მოსალოდნელია, რომ 2017 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენით დროებით გაიზრდება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე გავლენას ძირითადად მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორები ახდენს, როგორებიცაა საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მატება, აქციზის გადასახადი და წინა პერიოდში აშშ დოლარის გამყარება. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება როგორც საბაზო, ასევე ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ინფლაცია. სფი ინფლაციის მაჩვენებელი მასზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად შემცირდება და მოსალოდნელია 2018 წელს იგი მიზნობრივ დონეს ჩამოსცდეს. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა ინფლაციის პროგნოზზე ორივე მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. ერთი მხრივ, ინფლაციის ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული, რაც, შესაძლოა, დამატებით ზეწოლას ქმნიდეს ინფლაციის მოლოდინებზე. თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო სექტორის მაჩვენებლების გაუმჯობესების შედეგად შემცირებულია ზეწოლა ლარის კურსზე, რამაც, შესაძლოა, ინფლაციის მოლოდინები შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს წლის პირველ ნახევარში პოლიტიკის განაკვეთის 7%-მდე ზრდას, ამ ეტაპზე, ტენდენციების უკეთ გამოკვეთამდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა თავი შეიკავა პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან. წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, თუმცა, ეკონომიკის პოტენციური დონიდან გადახრა ჯერ კიდევ უარყოფითია. ამდენად, შიდა მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება. ამასთან, ამ უკანასკნელის ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკის დაკრედიტების არსებული ტემპი. პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა საგარეო სექტორშიც. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად 2017 წლის დასაწყისში საქონლის ექსპორტს ზრდის ტენდენცია აქვს. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ, თუმცა, ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 2014 წლის დონეს. ამასთანავე, აღსანიშნავია იმპორტის ზრდაც. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 2 მაისს გაიმართება.

ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების კალკულატორი შექმნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 16:12

სესხების გალარების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სუბსიდირებული სესხის ლარით კონვერტაციის ეფექტის განმსაზღვრელი სპეციალური კალკულატორი შექმნა.

კალკულატორის მიზანია, გალარების მსურველებს და სესხის აღებით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს ლარისა და დოლარის სესხების პირობების შედარებაში. კალკულატორი გალარების მსურველებს აქციაში მონაწილეობის კონკრეტული სარგებლის დათვლაშიც გაუწევს დახმარებას. 

იმისათვის, რომ მსესხებელმა მიიღოს გადაწყვეტილება გაალაროს თუ არა სესხი, არსებული დოლარის სესხის პირობები უნდა შეადაროს ბანკის მიერ შემოთავაზებულ ლარის სესხის პირობებს. უცხოური ვალუტის სესხს გააჩნია სავალუტო რისკი, რომელიც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაშიც აღნიშნული კალკულატორი დახმარებას გაუწევს მომხმარებელს. 

სესსხების გალარების კალკულატორი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.  

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 25 მარტამდე გრძელდება. პროგრამა ნებაყოფლობითია როგორც ბანკებისთვის, ისე მათი კლიენტებისათვის.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ქუთაისში გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2017 16:33

საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვას იწყებს. 
 პირველი შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. კობა გვენეტაძე მათ კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.იმერეთში ვიზიტის დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. 
კობა გვენეტაძე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური