საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 აგვისტო 2019 17:51

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

მორიგი შეხვედრა ერგნეთში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 12:08

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. 

ოფიციალური თბილისი მოლაპარაკებების ამ რაუნდზე, დაკავებული გიორგი გიუნაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გიუნაშვილი 8 ივნისს დააპატიმრეს და ის ამ დრომდე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

შეხვედრაზე ოფიციალური თბილისი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ  პრობლემებზეც ისაუბრებს. მათ შორისაა  ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამეურნეო მიწებზე წვდომის შეზღუდვის საკითხიც.

 
 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 მაისი 2016 17:40

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი თემა, რომელსაც ქართული მხარე დააყენებს, საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებში მოსახლეობის გახშირებული  დაკავების ფაქტებია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაკავების 32 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, განხილვის საგანი იქნება სოფელ ხეითში ადგილობრივის საფლავის დარბევის შემთხვევა, რომლის ამსახველი კადრებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მოლაპარაკების მონაწილეები, ასევე, სხვა ინციდენტებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს განიხილავენ. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბანერების დამონტაჟებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების განხილვა.

შეხვედრა ერგენთში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 11:20

ერგნეთში დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები ბოლო პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, უკანონო დაკავებებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავების მონახულების საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების განხილვა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 11:55

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში 61-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა კომენტარი. უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ბოლო შეხვედრიდან დღემდე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ხუთი ადამიანი დააკავეს და ამ დროისთვის ხუთივე მათგანი გათავისუფლებულია. ცხინვალის მილიციის იზოლატორში, ბერაიას ინფორმაციით, ორი პირი რჩება, რომლებიც აპრილსა და ნოემბერში დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ერთწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მეორე დაკავებული დვანის მცხოვრებელი ქრისტესიაშვილია, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის მეორედ არის დაკავებული, ჯერჯერობით მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ცხინვალში არ მიუღიათ. ასევე ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მავთულხლართებისა და ღობეების უკანონოდ აღმართვის საკითხს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს გააპროტესტებს.რაც შეეხება ოსური ჯგუფის ხელმძღვანელს, დავით სანაკოევს, რომელმაც ხოხ გაგლოითი წინა შეხვედრაზე შეცვალა, ამ შეხვედრის მოლაპარაკების დაწყების წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური