ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 მაისი 2020 10:31

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს - საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროებში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.
 
ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს. 
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ყველას დაანახა, რომ საქართველოს მაღალი დონის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ეს სისტემა საფრანგეთთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება. 
 
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ წინადადებას საინტერესო უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
 
პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირმა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში საუბარი შეეხო ასევე, ევროპისათვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ტრანსპორტირების, საკაბელო სისტემების (კავშირგაბმულობის) და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
 
საქართველოს პრეზიდენტმა კრიზისის შემდგომ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და მიესალმება საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.  
 
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე და ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტის გადაჭრის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

​​საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელთან დაკავშირებით მილოცვები გაცვალეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 11:46

გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული მილოცვები გაცვალეს.
,,მსურს სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც  უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ჩვენ ვაძლიერებთ  ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
,,საფრანგეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ. ეს ქმედება, საქართველოს მიერ მისი დამოუკიდებლობის აღდგენის ბუნებრივი გაგრძელება იყო; დამოუკიდებლობის, რომლის დაცვა დღეს, როგორც წარსულში, იმ კონკრეტული ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.
მოხარული ვარ, რომ საფრანგეთი და საქართველო ავითარებენ დღეს საერთო ღორებულებებზე დაფუძნებულ მყარ და ხარისხიან ურთიერთობებს, და ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლები ყველა სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყნებს.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობასა და, ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირთან მისი პარტნიორობის მხარდაჭერას მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.
 

ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტში დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი პირველად მიიღებენ მონაწილეობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 17:18

ბრიუსელში, ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების, ლიდერების დონეზე, სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

ნატო-ს შტაბ-ბინა ხვალ ახალ შენობაში გადავა.

ნატო-ს გენერალური მდივნის ,იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ეს ისტორიული მომენტი იქნება: ახალი სახლი თანამედროვე ალიანსისთვის“. 
სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრები ერთობლივი თავდაცვის საჭიროებებისთვის მშპ-ის 2%-იანი მაჩვენებლის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ხვალინდელი სამიტი აჩვენებს ნატო-ს უნარს შეიცვალოს ამ ცვალებად სამყაროში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უკვე მოახდინეს ალიანსში მონტენეგროს მიღების პროტოკოლის რატიფიცირება და უკვე ივნისის დასაწყისში მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება. 

ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი მთავარ ამოცანად ევროკავშირის გაძლიერებას მიიჩნევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 12:19

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი მთავარ ამოცანად ევროკავშირის გაძლიერებას მიიჩნევენ. აღნიშნულის შესახებ მხარეებმა ელისეს სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

„ბერლინში ჩემი ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გავმართე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და მას განვუცხადე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ევროკავშირი უფრო უნდა იცავდეს თავისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ნაკლებად ბიუროკრატიული იყოს და უფრო მარტივ პროცედურულ მექანიზმებს ფლობდეს. ასევე მიზანი მაქვს ევროზონის უფრო მეტ ინტეგრაციას მივაღწიოთ და გავატაროთ პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „საჭიროა უფრო ამბიციური გეგმის შემუშავება ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკის რეფორმებთან დაკავშირებით“. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „ევროკავშირის საბჭოს როლი გადამწყვეტია ისეთ საკითხებში როგორიც არის: კლიმატი, საერთშორისო ვაჭრობა, საგარეო პოლიტიკა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხები“. 

„ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის პროექტს, შესძლებლობას ვიმუშავო ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მე დონალდ ტუსკის და მისი ლიდერობის დიდი იმედი მაქვს, რათა უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირის გარდაქმნის კუთხით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. 

თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „ევროპას სჭირდება ემანუელ მაკრონის ენერგია, წარმოსახვა და გამბედაობა“.

„როდესაც მე ვამბობ ევროპა, ვგულისხმობ არა ევროკავშირის ინსტიტუტებს, არამედ მილიონობით ევროპელს, რომელიც თქვენს გამარჯვებას იმედის ნიშნად აღიქვამს. მაგრამ ეს ასევე ევროკავშირისთვისაც არის იმედის ნიშანი“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. 

„დღევანდელ მოლაპარაკებებზე ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მომავლის საკითხი, მაგრამ არ გვისაუბრია „ბრექსითის“ პროცესზე“, - დასძინა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ. 

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი - პირველადი მონაცემი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 07 მაისი 2017 23:59

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პირველადი მონაცემებით და ეგზიტპოლების შედეგად, საფრანგეთის პრეზიდენტი 39 წლის ემანუელ მაკრონი გახდა. 4,1 მილიონი ბიულეტენების დათვლის შედეგად მაკრონმა ხმების 60, ხოლო ლე პენმა 39 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, მათი მონაცემებით მაკრონს 65,5, ხოლო ლე პენს 34,5 პროცენტი აქვს.

 

მარინ ლე პენმა დამარცხება ფაქტობრივად უკვე აღიარა. მან მოკლე გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ მიღებული შედეგი უპრეცედენტოა მისი პარტიის ისტორიაში და იგი იწყებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.

უცხოური მედიის ინფორმაციის თანახმად,. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მოკლე სატელეფონო საუბარი უკვე გაიმართა.

მაკრონს გამარჯვება უკვე მოქმედმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმაც მიულოცა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური