ელჩების კონფერენციის ფარგლებში 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 დეკემბერი 2018 16:04

„ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტი განიხილეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონფერენციის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა ეს არის საგარეო პოლიტიკის პირველი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ეროვნული დონის დოკუმენტი იქნება და ის შემუშავდება უწყებათაშორისი საბჭოს მიერ. მისივე თქმით დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდება და გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები რაც სტრატეგიის ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა.

„ჩვენი მიზანია სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში რაც შეიძლება ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა, როგორც ჩვენი დიპლომატიური მისიების, ისე მთავრობის, პარლამენტისა და საექსპერტო წრეების მხრიდან. ჩვენ ვუზრუნველყავით ის, რომ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყოს სამოქალაქო საზოგადოება, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გვქონდა მათთან შეხვედრა, რა დროსაც მათი მხრიდან მოვისმენით ძალიან ღირებული წინადადებები და ბუნებრივია შევეცდებით, რომ მაქისმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა ის პოზიცია და რეკომენდაცია, რაც იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრულია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა შორის უმთავრესად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, დემოკრატიული კონსოლიდაცია და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, ასევე დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა.

აღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზებად განსაზღვრულია მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის გააქტიურება. ამ კუთხით უმთავრეს პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება; ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სტრატეგულ პარტნიორობაზე ორიენტაცია; ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკის გატარება; ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება მსოფლიოს სხვა რეგიონებთან.

საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციისთვის, კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა კულტურული დიპლომატია, ისევე როგორც სტრატეგიული კომუნიკაციები, რომელსაც უმნიშვნელოვანესი და არსებითი როლი აქვს საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში, მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდირებაში და სხვა.

მინისტრის ინფორმაციით ყველა ამ მიმართულებაზე და სტრატეგიის მიზნების განხორციელებისთვის შემუშავებული იქნება ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.

„ელჩების კონფერენცია 2018“ 2018 წლის 18-21 დეკემბერს გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა.

ელჩების კონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 17:27

ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე. გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც გავლენას ახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებს, ევროპის ქვეყნებში არსებულ ევროსკეპტიციზმს და „ბრექსიტის“ საკითხს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ და ამ კონტექსტში სამომავლო ამოცანებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიაში ნატალი საბანაძემ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაზე და ამ კონტექსტში ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობებზე.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ სხვადასხვა სფეროში და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პერსპექტივებზე.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა „ბრექსიტის“ მნიშვნელობას და მის შესაძლო შედეგები მიმოიხილა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება , რასაც ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის. ელჩმა ასევე შეაფასა პოლონეთის როლი ევროკავშირში მიმდინარე პროცესებში.

შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით ასევე მიმართა საფრანგეთში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა თეონა გიუაშვილმა. მან მოკლედ მიმოიხილა საფრანგეთში არსებული პოლიტიკური პროცესები და საფრანგეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

„ელჩების კონფერენცია 2018“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018 16:40

2018 წლის 18-21 დეკემბერს თბილისში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა "ელჩების კონფერენცია 2018" - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

კონფერენციაზე შეაფასებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას, წარმოადგენენ ახალ ინიციატივებს და განიხილავენ 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს.

კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით. განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციებს და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ადამიანური რესურსების მართვის, პროფესიული განვითარების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კრიზისული სიტუაციების მართვის და სხვა მიმართულებით. 

„ელჩების კონფერენციის“ მონაწილეები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

„ელჩების კონფერენცია 2018“  21 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით დასრულდება.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური