დიმიტრი ქუმსიშვილმა "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 17:56

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა.

ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილმა "საქართველოს ფოსტის" რამდენიმე თანამშრომელი წარმატებული სამსახურებრივი საქმიანობისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტიზაციის მეშვეობით "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს იმ სერვისსა და მომსახურებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა ფოსტის ყველა თანამშრომელს მივულოცო ფოსტის საერთაშორისო დღე. 140 წელია, რაც ფოსტის დღეს აღნიშნავს მსოფლიო. მინდა აღვნიშნო, რომ "საქართველოს ფოსტა" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი საქართველოში. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩაბმულია საფოსტო საქმიანობაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს "საქართველოს ფოსტის" ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულია 1 825 ადამიანი. მათგან კონკრეტულად საფოსტო მომსახურებებზე მუშაობს 1 191 ადამიანი, ფოსტალიონთა რაოდენობა კი 409-ს შეადგენს.

შპს "საქართველოს ფოსტის" მხოლოდ საფოსტო მომსახურებებიდან შემოსავალი 2013 წელს შეადგენდა 10 მლნ-ზე მეტ ლარს, ხოლო 2014 წელს 13 მლნ-ს მიაღწია, რაც 28%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის მიერ ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანი 5 მლნ ლარს აღემატება.

"საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელის, ლევან ჩიკვაიძის ინფორმაციით, დღეს, "საქართველოს ფოსტა" მომხმარებლებს სთავაზობს საფოსტო მომსახურებების მთელ სპექტრს, მათ შორის მომსახურების ისეთ ახალ სახეობებს როგორიც არის "ავია" და "გზავნილი მომავალში." მისივე თქმით, კომპანია კვლავაც აქტიურად უზრუნველყოფს საფოსტო მომსახურების მაღალი ტემპებით განვითარებას და ახალი, თანამედროვე და მოსახერხებელი სერვისების შეთავაზებას საქართველოს მოსახლეობისათვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი: "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში ივანიშვილის ფაქტორი გამორიცხულია“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 15:59

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია იყოს დივერსიფიკაცია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში.

„გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეტალებზე კომენტარებს ენერგეტიკის სამინისტრო გააკეთებს. ჩემი მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია იყოს დივერსიფიკაცია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს ურთიერთობა უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის წილებს "გაზპრომში“, ქუმსიშვილმა თქვა, რომ „ეს გამორიცხულია“.

დიმიტრი ქუმსიშვილი "სიდ ფორუმ ფონდის" წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 14:30
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი 7 ოქტომბერს ,,სიდ ფორუმ უკრაინის ფონდის" დამფუძნებელს, დიმიტრი პოდოლიევს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით "სიდ ფორუმ ფონდის" მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საკითხი განიხილეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "სიდ ფორუმ ფონდის" პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. მის ძირითად კომპონენტებში შედის ინოვაციური ჰაბის (iHab) ფორმირება საქართველოში. მათივე ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ე.წ. ,,ქართული სილიკონის ველის" ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია. "საქართველოს მხრიდან პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს, რომლისთვისაც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა პრიორიტეტია. იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 13:15
18 დეკემბერს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ხარკოვი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. "მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. ავიაბილეთის საფასური ორი გზა 146 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ", - აცხადებენ სამინისტროში.

დიმიტრი ქუმსიშვილი - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 11:55

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.“

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საგზაო შემთხვევების შემცირება ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აიღო.

„კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ის განუყოფელი ნაწილი, რომელმაც უნდა მოახერხოს როგორც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ასევე სწორი ეკონონიკური განვითარება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საგზაო შემთხვევები იზრდება, მაშინ როცა ევროპასთან ასოცირების ნაწილში გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რათა აღნიშნული რაოდენობა შემცირდეს. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული და ყველა ის მიგნება, რომელიც სტრატეგიაშია ჩამოყალიბებული, დეტალურად განიხილება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა რთველში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 10:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, მთავრობის მეთაურთან და სხვა მინისტრებთან ერთად, რთველში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის წევრებმა ყურძენი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, კომპანია „ხარებას" ვენახებში დაკრიფეს. დიმიტრი ქუმსიშვილს რთველში ქალიშვილი ახლდა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს განვითარებისთვის მეღვინეობა-მევენახეობა სტრატეგიული დარგია. ამდენად, მას ქვეყნის მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მისი განცხადებით, ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის დასაწყისთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებებზე, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით მიაღწია. კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე, რომელმაც ბევრ ქართულ პროდუქტს, მათ შორის, ღვინოს გაუადვილა ევროკავშირის ბაზარზე შესვლა. გარდა ამისა, მინისტმა ასევე ისაუბრა მოლაპარაკებებზე ჩინეთთან, რომელიც დამატებით მილიარდნახევრიანი ბაზარი იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის.

 

დღეს ბიოტექნოლოგიების მიმართულებით პირველ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 09:58

დღეს ბიოტექნოლოგიების მიმართულებით პირველ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის უნივერსიტეტი. ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ამერიკის მეცნიერებათა ფონდიდან და ტენესის უნივერსიტეტიდან.

კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოში თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიებზე, მოცემული ინოვაციების დანერგვა, საქართველოს პოტენციალის გაზიარება ბიოტექნოლოგიების მიმართულებით და საერთო კვლევებისა და პროექტების ინიცირება.

დიმიტრი ქუმსიშვილი უნგრეთის ელჩს შანდორ საბოს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 16:55

2 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილისაქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა დასამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათ შორის, ტურიზმის, ინვესტიციების, მეწარმეობისა დაუძრავი ქონების სფეროებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დადებით ტენდენციებზე, რომელიც წარმოიშვა საქართველოსა დაუნგრეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების ამოქმედების შემდეგ. როგორც ითქვა, 2014 წელსუნგრეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 42 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველირვა თვის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 პროცენტითმოიმატა.

ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე 2013-2014 წლებში კონკურენცია უმნიშვნელოდ გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 16:30

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ რიგით მეორე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის საანგარიშო პერიოდი 2010 - 2015 წლებს მოიცავს. ორგანიზაციის პირველი კვლევა 2012 წელს გამოქვეყნდა. მასში მოცემული იყო ამ დარგში 2012 წლამდე არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები. ახალმა  კვლევამ შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:

ბაზრის მახასიათებლებთან მიმართებაში - საქართველოში მოხმარებული ნავთობპროდუქტები მთლიანად იმპორტირებულია და 2014 წელს იგი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჯგუფს წარმოადგენდა. 2014 წელს ქვეყანაში შემოტანილ იქნა 1.415 მლრდ ლარის ღირებულების 903.2 ათასი ტონა საავტომობილო საწვავი;

2012 წლამდე ნავთობპროდუქტების ბაზარზე მკვეთრად გამოკვეთილი ოლიგოპოლიური სტრუქტურა ჩამოყალიბდა, სადაც ხუთი კომპანია დომინირებდა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტში, ისე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში. ამასვე ადასტურებენ კონკურენციის საზომი სტატისტიკური ინდიკატორებიც;

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2013-2014 წლებში ამ ბაზარზე კონკურენცია მცირედით გაიზარდა, თუმცა ბაზრის სტრუქტურა კვლავ შორს არის სასურველისგან. 2013 წელს მსხვილი საწარმოების წილი მთლიან ბრუნვაში, წინა წელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა და 93% შეადგინა;

2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 1000 პუნქტით შემცირდა ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსიც1, რაც ასევე წინსვლაა.  თუმცა, საწვავის იმპორტიორ კომპანიათა რიცხვის შემცირებამ და ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდა მცირე მასშტაბის იყო, რაც აჩენს იმის რისკს, რომ მომავალში ამ ბაზარზე ოლიგოპოლია კვლავ შენარჩუნდება.

ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით კვლევამ შემდეგი ინფორმაცია წარმოაჩინა - 2014 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღებისა და, კონკურენციის სააგენტოს ახალი სახით ჩამოყალიბების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობები კონკურენციის დაცვის მხრივ გაიზარდა. 2015 წლის ივლისში სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა დაასრულა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის რვა კომპანია ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. რამდენიმე კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა;

საწვავის ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმი ფაქტიურად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სტანდარტები, რომლებსაც საქართველოს ბაზარზე გაყიდული ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთანავე, ხარისხობრივი ნორმების დარღვევისთვის არ არის განსაზღვრული ადეკვატური სანქცია;

2010-2015 წლებში სულ 489 ნიმუშის (ბენზინის და დიზელის) შემოწმება განხორციელდა, საიდანაც 38% (187 ნიმუში) არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს.

რაც შეეხება ფასებს. ნავთობპროდუქტებზე ქართული ბაზრის ხუთი ძირითადი მოთამაშის ფასების ცვლილება ბოლო სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ერთდროულად ხდებოდა, რაც კარტელური შეთანხმების არსებობის საფუძველს აჩენს.

მთლიანობაში, საწვავის ადგილობრივი ფასები ნავთობის მსოფლიო ფასების საერთო ტენდენციას მიყვებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მსოფლიო ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის დაგვიანებით აისახებოდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალში საცემია ფასების კლების დროს;

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად კი გამოჩნდა, რომ გამოკითხულთა 26% საწვავს სხვადასხვა კომპანიებისგან იძენს, 20% „ვისოლის“ საწვავს ანიჭებს უპირატესობას, 17% „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებში იძენს საწვავს, გამოკითხულთა 16% - „რომპეტროლის“, ხოლო 14% - „სოკარის“ მიერ მიწოდებული საწვავის მომხმარებელია. ხუთ დიდ კომპანიას შორის შედარებით ნაკლებად პოპულარული „ლუკოილია“, გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ საწვავს ამ კომპანიის ავტოგასამართ სადგურებში იძენს;გამოკითხულთა 50%-ის თქმით, საწვავის არჩევისას პრიორიტეტული მათთვის საწვავის ხარისხია, ხოლო 41%-ის განცხადებით, მათი არჩევანი საწვავის ფასზეა დამოკიდებული.

დიმიტრი ქუმსიშვილი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის Ad Black Sea-ს გახსნას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 13:10

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის “Ad Black Sea”-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი 24-27 სექტემბერს ბათუმში იმართება. ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და უკრაინის სარეკლამო კოალიციის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა და ბათუმის მერია.

მისასალმებელ სიტყვაში, დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს და მათ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო ფესტივალები გაზრდის საქართველოს ცნობადობას.

ფესტივალის გახსნას ასევე დაესწრნენ აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები.  

ფესტივალის გახსნაზე ორგანიზატორების მიერ იმედი გამოითქვა, რომ Ad Black Sea მალე დაიკავებს თავის ადგილს ევროპის საფესტივალო რუკაზე და ძალიან მალე შეძლებს, რეგიონული მნიშვნელობის ფორუმად გარდაიქმნას, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოს რეკლამის ინდუსტრიის განვითარებაზე. 

ბათუმის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩავიდნენ.  

4 დღის განმავლობაში, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები, რაც შესანიშნავი საშუალებაა ადგილობრივი და დარგობრივი სპეციალისტებისათვის, ბიზნესმენებისათვის, მეწარმეებისათვის განავითარონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ რჩევები და ინსპირაცია მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტებისაგან. ფესტივალის მონაწილეებს შეეძლებათ შეხვდენენ, მოისმინონ და გაიცნონ სარეკლამო სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები ევროპიდან და ამერიკიდან, გაუზიარონ მათ თავისი ხედვები, ნახონ სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ნამუშევრები, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.

ფესტივალის მიმართულებებია: საგანმანათლებლო პროგრამა და კონკურსი, რომელიც შედგება სამი კატეგორიისგან (საუკეთესო ვიდეო კონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი; საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი; საუკეთესო იდეა). 

გვერდი 6/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური