დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 13:59

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ ჰუმაიუნ რასას შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამძიმარი გამოთქვა 26 ოქტომბერს ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწიძვრისას გარდაცვლილთა გამო, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის ძირითადად მიმართულებებზე.

ავღანეთის მინისტრმა დიდი ინტერესი გამოთქვა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ. აღინიშნა, რომ მათი მეშვეობით საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნეს-გარემო და ქვეყანა გახდა უცხოური კაპიტალისთვის ერთერთი მიმზიდველი ბაზარი მსოფლიოს მაშტაბით.

ასევე საუბარი წარიმართა მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ავღანეთის მინისტრი განსაკუთრებით დაინტერესდა პროგრამით „აწარმოე საქართველოში“. აღინიშნა, რომ 2013-2015 წლებში მეწარმეობის ხელშეწყობის მეშვეობით ადგილობრივმა კერძო სექტორმა 60 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის სატრანზიტო კორიდორსა და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის მუშაობაში ავღანეთის სამთავრობო დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. ავღანეთის მინისტრმა აღნიშნულ მიმართულებას მნიშვნელოვანი უწოდა როგორც საქართველოსთვის, ასევე ავღანეთისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტურიზმის, ინოვაციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა მიმართულებით.  

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 16:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენა ოქროყანაში, ტექნოლოგიური პარკის შენობაში გაიმართა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი წარმატება იყო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა.

"მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, იყო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც 2014 წელის 1 სექტემბრს შევიდა ძალაში. ეს არის დამატებით 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, რომელმაც შექმნა მოთხოვნა. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ სამუშაო ადგილები. კერძო სექტორის მიერ ბოლო წლების განმავლობაში დამატებით შექმნილი 60 000 სამუშაო ადგილი არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის მიმართულებით არის ძალიან მიმზიდველი გარემო", - განუცხადა ქუსიმშვილმა ჟურნალისტებს ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

"სექტემბრის დასაწყისში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩინეთში, ორი პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები დაიწყებენ მოლაპარაკებას უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ჩვენ აღნიშნულს დავიწყებთ ნოემბრის შუა რიცხვებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ ჩინეთის მხრიდან ამ პროცესში ჩაერთვება ჩინეთის კომერციის სამინისტრო, ხოლო საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მინისტრმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან ქვეყანაში მილიარდ 750 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

"წელსაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ციფრები. პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 530 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ძირითადი ამოცანა არის სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდა.

"ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტრადიციული მიმართულებები ისეთი, როგორიცაა ტურიზმი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმატებები. შარშანდელი წელი დავხურეთ 5 500 000 საერთაშორისო ვიზიტორით. ჩვენ წელს ველოდებით 6 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს. ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენი ქვეყნის მიმდინარე ანგარიში ბალანსში, მას შემოაქვს მილიარდ 800 მლნ დოლარის შემოსავალი და ის ქმნის არაერთ სამუშაო ადგილს. ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები იყოს წახალისებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის რეიტინგები, რომელიც საქართველოს აქვს და ასევე ის აღქმა, რომელიც დღესდღეობით ინვესტორებს გააჩნიათ.

"ჩვენ საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში ინვესტიციები იყოს წახალისებული, იყოს რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია და ინვესტორებმა ქვეყანაში იგრძნონ თავი ძალიან კომფორტულად, არა მარტო ქვეყნის გარედან შემოსულმა ინვესტორებმა, არამედ ადგილობრივმა მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა, რომლებსაც სურთ და აკეთებენ ბიზნესს საქართველოში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტრო 3 წლის საქმიანობას შეაჯამებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 10:16

დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამი წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაატარებს.

პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები.

პრეზენტაცია ოქროყანაში, ტექნოლოგიური პარკის შენობაში გაიმართება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სომეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:36

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ, კარენ ჩშმარიტიანს შეხვდნენ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე კარენ ჩშმარიტიანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ძალიან კმაყოფილია ფორუმის მიმდინარეობით, რომელიც, მისი აზრით, ძალიან სწორ დროს და სწორ ადგილას ჩატარდა. როგორც სომხეთის მინისტრმა აღინიშნა, ჩინეთის მთავრობის თანაორგანიზებულობა შედეგის მომტანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შედეგად საქართველოს ბევრი პროექტი დარჩება“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 12:56

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მუშაობას აგრძელებს. დღეს იმართება პანელი სახელწოდებით „საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები“. პანელის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ისინი ფორუმის მონაწილე უცხოელ სტუმრებს გააცნობენ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა, სადაც ვრცლად ისაუბრა ფორუმის და კონკრეტულად ამ პანელის მნიშვნელობაზე:

„დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, გვექნება დისკუსია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, შესაბამისად, ფორუმზე ჩამოსულ ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენ გავუზიარებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო „ბიზნესის კეთების რეიტინგში“ 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა, აღმოსავლეთ ევროპაში კი პირველ ადგილზე. რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის - იმას, რომ თავისუფლად შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, ძალიან მარტვივად შეუძლიათ კომპანიის დარეგისტრირება და საბანკო ანგარიშის გახსნა. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ასე არ ხდება ყველა ქვეყანაში და ჩვენ ამ მიმართუელბით ნამდვილად წარმატებულები ვართ ჩვენს რეგიონში და არამარტო აქ. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არ ხორციელდება კონტროლი სავალუტო გადარიცხვებზე, არ არის შეზღუდვა კაპიტალის შემოტანაზე და გატანაზე, რაც ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  ის სავაჭრო ხელშეკრულებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან, რეალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ  ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს, ადამიანებს ჰქონდეთ მაღალი და დამსახურებული ხელფასები. სწორედ ეს არის ის ბაზარი, სადაც უნდა იქნას გატანილი საქართველოში შექმნილი მომსახურებები და საქონელი. შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ინვესტორებს და დაინტერესებულ პირებს ვაჩვენოთ, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში ფულის ინვესტირება ძალიან მომგებიანია - ამისი მაგალითი შარშანდელი წელია, როცა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების უპრეცედენტო მაღალი შემოდინება გვქონდა. ამ წლის პირველ ორ კვარტალში ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასევე ძალიან მაღალი შემოდინება გვქონდა - 530 მილიონი დოლარი და ჩვენ ველოდებით, რომ აღნიშნული ტრენდი ასევე გაგრძელდება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ კარგი  რეიტინგები აქვს სხვა მიმართულებებითაც - საქართველო თავისუფალია კორუფციისგან, აქ პრაქტიკულად არ არის კრიმინალი და ეს ყველაფერი ის ფონია, რომლის დროსაც ინვესტორს ქვეყანაში შემოსვლა და ახალი ბიზნესის დაწყება სურს.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ შედეგად საქართველოს ბევრი პროექტი დარჩება, მათ შორის ხელი მოეწერება ტყიბულში 100 მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტის განხორციელებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სატრანზიტო პოტენციალზე და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. ეს რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომელშიც ჯამურად რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლიის პორტი თავისთავად განმხოლოებული სუბიექტი არაა - პორტის უკან 600 ჰექტარ ფართობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, რომელიც ასევე დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ, მას, რა თქმა უნდა, დახვეწა სჭირდება, მაგრამ დღეს კანონი ადგილზეა და  იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოში მოხდეს პროდუქციის წარმოება და შემდეგ მისი ევროპაში შეტანა.

„თბილისისაბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართულ ბიზნესსაც ძალიან გამოადგება - ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ბიზნესთან კავშირი. ფორუმები შესაძლებლობაა, სადაც ინტერესთა კონცენტრაცია ხდება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, როდესაც კეთდება ორი მხრიდან დაინტერესებული პირების შეხვედრის ორგანიზება. შესაბამისად, ეს ფორუმი ბიზნესებისთვის ახალი კავშირების  დამყარების და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებაა, რომლებიც ხვალ-ზეგ ჩვენს ეკონომიკაზე აისახება“. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელში "აბრეშუმის გზის აღორძინება-თანამშრომლობის გაღრმავების ახალი გზები"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 17:16

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელში "აბრეშუმის გზის აღორძინება - თანამშრომლობის გაღრმავების ახალი გზები".

დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის პროექტის პოტენციალსა და თანამშრომლობის გზით მისი სრულად გამოყენების შესაძლებლობაზე.

"უაღრესად მოხარული ვარ, რომ თბილისში გხედავთ, და როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, ესაა ადგილი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება, სადაც აბრეშუმის უძველესი გზა არსებობს და ესაა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, აბრეშუმის გზა ააღორძინოს და ამ მიზნით შექმნას ინფრასტრუქტურა. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ გხედავთ და იმედია, ეს შეხვედრები, დისკუსიები დაგვეხმარება ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრაში, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს და ჩვენ გავზრდით აბრეშუმის გზის პოტენციალს. რასაკვირველია, პოტენციალი, რომელიც ამ გზას აქვს, ძალიან დიდია და მხოლოდ თანამშრომლობის გზით შეგვიძლია მისი სრულად გამოყენება. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მოგვცემს, რომ განვიხილოთ არსებული შესაძლებლობი, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და ასევე მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს, რა გვაქვს და რისი გატარებაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორუმი, ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, ვნახოთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ტრანსპორტის, კომუნიკაციების და ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ადამიანებს შორის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 10:33

თბილისის რიტუალების სასახლეში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.

მიღებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის მმართველი შოხრატ ზაკირი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მიზნად ისახავს იდეების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას როგორც აღდგენილი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს, ასევე სხვა სახელმწიფოებს შორის.

„უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, აბრეშუმის გზის ქვეყნების ეკონომიკები მყარი და მზარდია. ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმატებას შეგვიძლია მივაღწიოთ ინდივიდუალურად, ვერასოდეს მივაღწევთ საკუთარი პოტენციალის სრულ გამოყენებას რეგიონალური თანამშრომლობის გარეშე. ერთად მუშაობის შედეგად ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები და ეფექტურად გავუმკლავდეთ გამოწვევებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა" თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყანას, ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სექტორს, რითაც მოხდება საყოველთაოდ მომგებიანი პროექტებისა და ინიციატივების განხილვის, აღორძინებისა და განვითარების, ძველი მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა. სხვა მრავალი ახალი ინიციატივის ფეხდაფეხ, პეკინიდან ბრიუსელამდე გადაჭიმული სარტყელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, როლი სულ უფრო იზრდება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე და აღვადგინოთ ჩვენი, როგორც ევროაზიის კონტინენტზე ვაჭრობისა და მიმოცვლის ხელშემწყობის როლი. ჩინეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი აბრეშუმის გზის პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის აღდგენას. საქართველო მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვანი ხედვის წარმატებით ხორცშესხმაში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ფორუმის მსვლელობისას გაგრძელდება მსჯელობა რეგიონალურ თანამშრომლობაზე ყველა ძირითადი მიმართულებით, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ქვეყნებს შორის ვაჭრობა. გარდა ამისა, ქართული მხარე ასევე მნიშვნელოვან შედეგებს ელის ფართომასშტაბიანი ე.წ. B2B შეხვედრებიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად ტარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

15-16 სექტემბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 09:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩატარდება.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი (ADB). ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის (ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, თურქეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ავღანეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, სომხეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი და ა.შ.) მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის - ვიცე პრემიერები და მინისტრები. ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 15 ოქტომბერს, 10:00 საათზე, რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში მიღებულ იქნება თანამშრომლობის დეკლარაცია. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტი, დოქტორი ჰერნანდო დე სოტო.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება შემდეგ სადისკუსიო თემებზე: "აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად";

"ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა: ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოთხოვნების თანადროული გათვალისწინება";

"ვაჭრობის ხელშეწყობა აბრეშუმის გზის გასწვრივ: ჰარმონიზაციის მიზნით ძირითადი დაბრკოლებების გადალახვა";

"ენერგეტიკის აბრეშუმის გზა: მილსადენები და ელექტროენერგიით ვაჭრობა საზღვრების გარეშე";

"საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება";

ღონისძიების ფარგლებში პარალელურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები - თემატური პრეზენტაციები, კომპანიების პირისპირ შეხვედრები (B2B).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ცნობილ ეკონომისტსა და ინტელექტუალს შეხვდა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 16:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ცნობილ ეკონომისტსა და ინტელექტუალს ჰერნანდო დე სოტოს შეხვდა. 
როგორც "ნიუსდეის" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად თბილისში ცნობილი ეკონომისტი და ინტელექტუალი ჰერნანდო დე სოტო იმყოფება, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილიც ესწრებოდა.
"მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერი ადამიანები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ერთად იკრიბებიან, რადგან დღეს მსოფლიოს მოსახლეობას ერთმანეთთან საკმარისი კავშირი არ აქვთ. ამ ფორუმის ინიციატივა სწორედ რომ საჭიროა. საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან დიდ პროგრესს მიაღწიეთ, თქვენ გააუმჯობესეთ ადმინისტრირება, რაც საქართველოს საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", - განაცხადა ჰერნანდო დე სოტომ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სამინისტროს ინფორმაციით, ჰერნანდო დე სოტო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული მოაზროვნეა. გაზეთმა Handelsblatt-მა იგი ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ დაასახელა, გამოცემებმა Time და Forbes - წამყვან ნოვატორად, ხოლო Prospect and Foreign Policy-მ მსოფლიოს "ტოპ 13 საჯარო ინტელექტუალების" სიაში შეიყვანა.
ჰერნანდო დე სოტო 15 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნის ცერემონიალს გაუძღვება, ხოლო 16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში "საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება," როგორც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი.
"აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ 15-16 ოქტომბერს, გვეყოლება მსოფლიოს 31 ქვეყნიდან 800-ზე მეტი დელეგატი. მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ამ ფორუმიდან ველოდებით. საბოლოო ჯამში, ამ ღონისძიების შედეგად ჩვენ უნდა გვქონდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომლებიც შეიქმნება საქართველოში. ასევე უნდა იყოს გაზრდილი ის ტვირთბრუნვა, რომელიც გაივლის საქართველოზე და უნდა გვქონდეს შესაძლებლობა მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენს მოსახლეობაზე", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი OECD-ის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 15:14

საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) თანამშრომლობას აფართოებს, - ორგანიზაციის დირექტორს გლობალურ ურთიერთობებში მარკოს ბონტურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

OECD საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტი ყველა იმ პრინციპს მოიცავს, რომლებიც მოხსენიებულია ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს და ხელისუფლების მიერ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„პრემიერ-მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. OECD და საქართველო, მრავალი წელია, თანამშრომლობენ. ჩვენ გავეცანით მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტებს და ვიმსჯელეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე - საჯარო მმართველობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ახსენა სხვა სფეროებიც, რომლებიც პრიორიტეტულია და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა - განათლება, ჯანდაცვა და გადასახადები", - განაცხადა OECD-ის დირექტორმა გლობალურ ურთიერთობებში, მარკოს ბონტურმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკას, რომელიც მსოფლიოში მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. OECD-ის ექსპერტები მუშაობენ მთავრობებთან, სწავლობენ მსოფლიოში წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციის ნაკადებს, ანალიზს უკეთებენ მონაცემებს, რათა განსაზღვრონ სამომავლი ტენდენციები, ასევე, ადგენენ საერთაშორისო ნორმებს სხვადასხვა სფეროში. ფაქტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია მთავრობებს, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ხელმძღვანელი ანტონიო სომა, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის პროექტების მენეჯერი დანიელ ქუადბექი, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ეკონომისტი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ფრანჩესკო ალფონსო; ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური