მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 10:56

ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. სხდომაზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ქალაქ ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია, რომელიც ზღვისპირა პარკის სამომავლო პერსპექტივებს ითვალისწინებს. 

საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს ელმავლების ლოკალიზაციის იდეა, რაც ელმავლების ადგილობრივ წარმოებას ითვალისწინებს. 

აღინიშნა, რომ ელმავლების შესყიდვასთან დაკავშირებით, სს “საქართველოს რკინგზის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი 28 დეკემბერს დასრულდება. 

ეკონომიკური საბჭოს სხდომას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, თბილისის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.

„საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია - 2025“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 17:11

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია - 2025“-ის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრიამ მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით მოამზადეს.

სამუშაო შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე და მსოფლიო ბანკის უფროსი სპეციალისტი ურბანისტიკის სფეროში და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი აჰმედ ეივეიდა. 

სტრატეგია წარმოადგენს 10–წლიან სტრატეგიულ გეგმას ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის ტურიზმის ფასეულობის და მნიშვნელობის ასამაღლებლად. ის შემუშავდა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მეშვეობით, დარგის მდგრადი მომგებიანობის და ზრდის  უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გასაზრდელად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სტრატეგიის რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას მთლიან შიდა პროდუქტში დღეს არსებული 1.8 მლრდ აშშ დოლარიდან 5.5 მლრდ აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, პრიორიტეტებს შორისაა ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს შეუწყობს ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ტურიზმის სფეროსა და მასთან მიმდებარე სექტორებში. „მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად გვინდა რომ გაორმაგდეს დასაქმებულთა რაოდენობა ტურიზმში და ტურიზმთან მიმდებარე სექტორებში“ - განაცხადა მინისტრმა.

თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილი შეეხო ახალ სამიზნე ბაზრებს, ასევე ჩამოთვალა ტურიზმის სექტორის ძირითადი მიმართულებები. მისი განცხადებით, ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად, როგორიცაა სამთო-სათხილამურო ან საზღვაო ტურიზმი, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, განავითაროს კულტურულ-შემეცნებითი, რეკრეაციული, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო, აგრარული, ე.წ. MICE-ტურიზმი და სხვა მიმართულებები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტრატეგიის არსებობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს მისცემს საშუალებას, უკეთ დაგეგმოს საქმიანობა, რათა საბოლოო ჯამში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.  

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტურიზმის და მოგზაურობის სფეროს, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების  წარმომადგენლები.

„საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავების პროცესი, რომელიც  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა და მოიცავდა დიალოგს ორგანიზაციების და სპეციალისტების ფართო სპექტრთან, რომელთა შორის იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები, ტურისტული და სატრანსპორტო ოპერატორები, ინვესტორები, დაცული ტერიტორიების და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრების მენეჯერები, სასტუმროების მესაკუთრეები, განათლების სპეციალისტები  და საქართველოს საზოგადოების სხვა დაინტერესებული მხარეები.

ჩამოყალიბებული „ხედვა 2025“, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაეთანხმა, შემდეგია: 2025 წლისთვის საქართველო კარგად იქნება ცნობილი როგორც პრემიერ კლასის, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული დანიშნულების ადგილი, გამორჩეული თავისი უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო კლასის სერვისით და სტუმარ–მასპინძლობის უკვდავი ტრადიციით. ინფრასტრუქტურაში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციების, განათლების, მარკეტინგის და უნიკალური ქართული შთაბეჭდილებების შეთავაზების გზით საქართველო ტურიზმის დარგში კონკურენტუნარიანი ქვეყნების პირველ რიგებში იქნება და მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების ყველაზე მაღალი ხარჯვითი პოტენციალის მქონე სეგმენტს.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 11:39

დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრება

 სტრატეგია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (GNTA) მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით მოამზადეს.

2017 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ვარაუდობენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 14:37

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, 2017 წელს ჩვენ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა გვექნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრმა მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ზრდა მიმდინარე წელს არის 3%-იანი, რაც კარგი მაჩვენებელია. 
"ჩვენ ბოლოს 2-2,5 პროცენტზე გვქონდა დაანგარიშებული ზრდა ჩვენი მაჩვენებლებით, თუმცა წლის ბოლოსთვის 2,8-3%-იან ზრდას ველოდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღია. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჟურნალისტები მომავალი წლის პროგნოზითაც დაინტერესდნენ, რაზეც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ასევე 3%-იანი ზრდა არის ჩადებული ბიუჯეტში და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ პროგნოზებშიც ანალოგიური მაჩვენებელია დაფიქსირებული. 
"თუმცა, თუ ეს ტემპი გაგრძელდა, რაც ჩვენ გვაქვს, შესაძლოა, აცდეს 3%-იან ზრდას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის სესიაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 11:36

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელსაც შეხვდა და მას პარიზში ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. 

ნაციონალები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 16:24

ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს.

პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, იმ ფონზე, როცა მთავრობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, კომერციული ბანკებიდან ბოლო სამი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ დამატებით 30 მილიონი ვალი აიღო.

უმცირესობას პრეტენზიები ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებითაც აქვს.

ბატონ ბიძინას შეშფოთების უფლება ნამდვილად აქვს, -დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 14:01

პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით,  ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით,  სასურველია ამ საკითხზე გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული.

"ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია დავამატო გულისტკივილით, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ, სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იყოს მიღებული," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საგურამოში თადეოს გურამიშვილის აღდგენილი მარანი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 11:49

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თადეოზ გურამიშვილის ისტორიული მარნის აღდგენა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ერთერთი კარგი მაგალითია. მისი განცხადებით, აღნიშნული მარანი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ კომპანიაზე გადაცემული იყო საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული მარნის აღდგენა.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რამდენადაც კარგად განხორციელდა ბარნის რესტავრირება და აღდგენა. ამით საქართველოს დაემატა კიდევ ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი, სადაც ქართველ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ეზიარონ ქართულ ხელოვნებას, კულტურას, მეღვინეობას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა. 

აღნიშნული პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობამ" განახორციელა, რომელსაც ქონება საინვესტიციო ვალდებულებით გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. პროექტისთვის კომპანია "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. 

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 08 ნოემბერი 2015 11:06

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა. შემფასებელი მისია შეხვედრებს 9 ნოემბრიდან დაიწყებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან 2 კვირის განმავლობაში იმუშავებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები შეხვედრებს ტრადიციულად ფინანსთა სამინისტოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და ეროვნულ ბანკში გამართავენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს 24-ე ადგილზე ყოფნას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 12:35

ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზე ყოფნას ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, გამოეხმაურა. ქუმსიშვილის თქმით, მსოფლიო ბანკმა შემოიტანა ახალი კატეგორიები და რეიტინგის გადათვლა ამ კატეგორიების მიხედვით მოხდა.

"საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პოზიციები აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და ჩვენ ვართ მე-4 ადგილზე, ხოლო გაუმჯობესებული კრიტერიუმები გვაქვს 5 პოზიციაში,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსოფლიო ბანკის მონაცმებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძეც, აგამოეხმაურა. ტყემალაძის თქმით, მეთოდოლოგია შეიცვალა და დღევანდელი 24-ე გასული წლის მე-15 ადგილს უდრის.

საქართველოში არსებული ბიზნესგარემო მსოფლიო ბანკის სოციალური დაცვისა და შრომის საკითხებში გლობალური ქსელის ხელმძღვანელმა, ენდრიუ მეისონმა, შეაფასა. 

"ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა რეფორმების გასატარებლად, რომლებიც ეკონომიკურ გარემოს ბიზნესისთვის ხელსაყრელს ხდიდა. თუმცა წინ ბევრი გამოწვევაა. უნდა გაგრძელდეს კარგი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისთვის მუშაობა. სამუშაო ძალის არასათანადო უნარები არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის. უნდა უზრუნვევყოთ რომ მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა განათლებისადმი. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება წვლილი შეიტანოს თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში. ხელი უნდა შევიწყოთ ასევე მცირე მეწარმეებს რომ გაზარდოს ნაკუთარი ბიზნესი," - განაცხადა მეისონმა. 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში ამ ცვლილებას რეიტინგის შედგენის ახალი მეთოდოლოგიით ხსნის. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური