ნათია თურნავა: „მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება თბილისში არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის მაღალი შეფასება“
„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველო, თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობის შეფასებისას ჟურნალისტებთან განუცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საამაყოა, რომ საქართველო მასპინძლობს პანდემიის დაწყების მომენტიდან პირველად გამართულ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას. „ჯამში ეს არის 24 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სწორედ საქართველო არის ის უსაფრთხო, მწვანე და ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა, სადაც შეუძლიათ სხვათაშორის, პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად ფიზიკურად მიიღონ სხდომაში მონაწილეობა“ - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას შეფასებით, ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან ორ გზავნილს შეიცავს: საქართველო განიხილება როგორც ტურისტულად უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია ამ დარგში და შეიძლება უფრო მეტი, მაღალი და ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურად. „მეორე გზავნილი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება, საკმაოდ წარმატებულად, ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები ჩატარდეს საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენ კვლავაც ვართ მწვანე ქვეყანა და ეს არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.
აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.
ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 12 ახალი ევროპული მიმართულებით შესრულდება
„დადებითი ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება“
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი , 2018 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4.9 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, ასევე საფინანსო სფეროში, ვაჭრობაში, ტრანსპორტის სექტორში, უძრავ ქონებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. ამასთან, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 071 ერთეულს გაუტოლდა. სექტემბერში, საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად, გაზრდილია 10.4 პროცენტით.
„ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელს განაპირობებს როგორც გაზრდილი საგარეო მოთხოვნა, მიუხედავად რეგიონში არსებული შედარებით უარყოფითი ვითარებისა, ასევე გაუმჯობესებული შიდა მოთხოვნა როგორც ინვესტიციების, ისე მოხმარების მხრივ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
რაც შეეხება აგვისტოს თვესთან შედარებით სექტემბერში ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მაჩვენებელს, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თვის დონეზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მერყეობით ხასიათდება: „ქვეყანაში პერიოდულად განხორციელებულ ცვლილებებს, მათ შორის რეგულაციების კუთხით, ასევე ერთჯერად ფაქტორებს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს, რაც ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება და რყევებს იწვევს“.
ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. „ის ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება, ამას მოწმობს როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ასევე სარეიტინგო კომპანიების შეფასებები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ევროვიზიის სამუშო ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ევროვიზიის სამუშო ჯგუფი საქართველოშია. ევროპის მაუწყელებთა კავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოში საბავშვო ევროვიზია 2017-ი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისში პირველი შეხვედრები გამართა. შეხვედრა შედგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებთან. განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, ტექნიკური საკითხები და სავარაუდო ლოკაციები, სადაც ნოემბერში, პირველად საქართველოში საბავშვო ევროვიზია უნდა გაიმართოს.
ჯონ ოლაფენდი-ევროპის მაუწყებელთა კავშირის სუპერვაიზერი ,,კონკურსის სამჯერ მოგების შემდეგ დადგა დრო, რომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თქვენთან ჩატარდეს და საქართველომ საბავშვო ევროვიზიას პირველად უმასმინძლოს. საქართველოში პირველად ვარ და მომდევნო თვეებში თბილისში ხშირად მომიწევს ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაუვიწყარი შოუ მოვაწყოთ. ქართულმა მხარემ უკვე ბევრი დეტალი გათვალა და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.“
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.
,,ევროვიზია სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო დანარჩენ მსოფლიოს გავაცნოთ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამუშო ჯფუფი უკვე თბილისშია. ჩვენ აქტიურად გავდივართ ყველა დეტალს, რათა ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს,-‘’განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ იყო. 2016 წელს საქართველო ევროფესტივალის გამარჯვებული მესამედ გახდა და წევრ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროვიზია საქართველოში პროექტ ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება.
კონკურსს ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნის მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებს თვალყურს. კონკურსის ფარგლებში საქართველოს სტმრები ათეულობით ქვეყნიდან ეწვევა. მათ შორის ჟურნალისტების საკმაოდ დიდი კორპუსი, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.
ეკონომიკის სამინისტრო ბახმაროს განვითარებაზე მუშაობს
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ბახმაროში იმყოფებოდნენ, სადაც ზამთრის პირობებში, არსებული დასაგეგმარებელი ტერიტორია დაათვალიერეს და საექსპერტო შეფასებები გააკეთეს.წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტრასების, გაუკვალავ თოვლში სრიალის და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების ანალიზის მიზნით, შვეულმფრენით შემოგარენი მთების, ხეობებისა და ფერდობების დაზვერვა-შეფასება განახორციელა.სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბახმაროს განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ბახმაროში ჰელისკის განვითარებაზე მომუშავე შვეიცარიელმა ინვესტორმა და მისმა ადგილობრივმა პარტნიორებმა.გასულ წელს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი გამოცხადდა.კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ,,არტსტუდიო-პროექტმა” უკვე დაასრულა და სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მესამე ეტაპის სამუშოებზე, რაც ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით არის გაზრდილი
ჩინეთის „ქართული ღვინის სახლებში“ 10 კონტეინერი ქართული ღვინო განთავსდება
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გაფორმდა. პროდუქცია ჩინეთში ქართული ღვინის სახლებისთვისაა განკუთვნილი.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, კომპანია „თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ჩინური კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორი შიაოჯუნ იი.
„ქართული ღვინის სახლი“ ქართული მხრიდან "თბილინვესტ ჯგუფის”, ჩინური მხრიდან კი კომპანია „სუოლუნის“ ერთობლივი პროექტია. პირველი „ქართული ღვინის სახლი“ 2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. ქართულმა ღვინომ პოპულარობა მალე მოიხვეჭა და დღეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს. ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალური საბაჟო საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება რეალურია. „მხარეები შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება ბოლო, დარჩენილ რამდენიმე ღია საკითხზე კი მხარეები მოლაპარაკებას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვაგრძობთ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია, განსაკუთრებით კი ქართული ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ლუდი და ბოსტნეულის დიდი ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და, უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევა ამ მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში უკვე აისახა,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ივლისის ბოლოს ჩინეთში განხორციელდა საქართველოს წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის დროსაც ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში. კერძოდ, „სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” არსებობს, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში იყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.
დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტი ბაქოში
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილისამუშაო ვიზიტით აზერბიჯანში იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მარაბდა - კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „მრგვალ მაგიდაში“ მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც საქართველოს-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა.
შესავალ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და განაცხადა, რომ ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე მიესალმა გერმანული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს ბაზრით.
მრგვალ მაგიდაზე მხარეებმა ისაუბრეს ზოგად პლატფორმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოში მეტი გერმანული ინვესტიცია შემოვიდეს. ბოლო სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა შემოსული, რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, ორ ქვეყანას შორის ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულზე გაცილებით დიდია. მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება მეტი გერმანული ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ბაზარზე, რაც შეუწყობს ქვეყანაში როგორც ცოდნის შემოსვლას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მრგვალ მაგიადას ორი ქვეყნის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.