გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა, მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 13:43

ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხნის - "მეგაპროდაქშენის" გახსნაზე განცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მისივე თქმით, აღნიშნული საწარმო ნამდვილად არის ტექნოლოგიური ცვლილების მომტანი მშენებლობის სფეროში.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს ბაზაზე, რომელთაგანაც თითოეული იყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი.

კვირიკაშვილის თქმით, ორივე საწარმოს ფინანსურ კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა დახმარება. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც აღნიშნული საწარმო აწარმოებს, „იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან მას ხარისხის მაჩვენებლები აქვს ძალიან სახარბიელო იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მშენებლობის პროცესში“.

"ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა. 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში. ხოლო 2018 წელს 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, თითქმის გაორმაგება არის ინფრასტრუქტურის ხარჯების. 1 მლრდ 830 მლნ ლარის ხარჯია ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მარტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას დაემატება კერძო სექტრის მზარდი დინამიკა. ანალიზის შედეგად, რომელიც შეუძლია ყველა თქვენგანმა ნახოს, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს დღეს კერძო სექტორს. ანუ ეს ზრდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემთან შედარებით გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების კუთხით. ჩვენ თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიდის, ასევე დასრულდა იურიდიული პროცესი ანაკლიის პორტის მოსამზადებელი სამუშაოების. ფინანსურ ინსტიტუტებთან თითქმის ბოლომდეა მისული საქმე და დეკემბერში იწყება უკვე ფიზიკური მშენებლობა ანაკლიის პორტის, რაც კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს და ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის დინამიკა და შესაძლებლობები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, ისეთი როგორცაა იტალიური დანადგარები ამ საწარმოში და დამერწმუნეთ, რომ ეს აუცილებლად მოიტანს დიდ უკუგებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 15:34

პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს და ჩეხურმა

 

მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. ჩეხური მხარე მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭებას. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს, როგორც აქტიურ მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტებში.

სხდომის დასასრულს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ხელი მოეწერა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომის ოქმს.

 

 

აბრეშუმის გზის ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 17:22

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფონდის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რასაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოუტანს ჩინეთსა და საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. მინისტრის განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საინვესტიციო გარემო ქვეყანას საშუალებას აძლევს გაზარდოს არსებული პოტენციალი, გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი და აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ტვირთების უმოკლეს დროში ტრანსპორტირებისას შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ როლს შეიძენს აბრეშუმის გზის სატრანსპორტო კორიდორის სწრაფ განვითარებაში.

 მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას და ამ მიმართულებით დამატებითი ბარიერების აღმოფხვრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყელი და გზის“ ინიციატივის განხორციელებისთვის.

 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის ფონდის მნიშვნელობაზე „სარტყელი და გზის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ინფრასტრუქტურული და ენერგოდერეფნების განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის აქტიურად მონაწილე ქვეყანა, დაინტერესებულია ფონდთან თანამშრომლობით, რათა მისი საშუალებით მოხდეს საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებული პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სატრანზიტო პოტენციალისა და „სარტყელისა და გზის“ პროექტში საქართველოს როლის გაზრდა.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაზეც მხარები შეთანხმდნენ, იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონკრეტული პროექტების განვითარების მიმართულებით იმუშავებს. აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობას გიორგი გახარიამ ინფორმაცია მიაწოდა 2017 წლის ნოემბერში საქართველოში დაგეგმილი თბილისის ფორუმის „სარტყელი და გზა“ შესახებ და ფონდის წარმომადგენლები ღონისძიებაზე მიიწვია.

აბრეშუმის გზის ფონდი პროექტის „სარტყელი და გზა“ ხელშეწყობისთვის ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა და მისი კაპიტალი 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. 14 მაისს პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „სარტყელი და გზა“ ჩინური მხრიდან ცნობილი გახდა, რომ ფონდს კიდევ 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაემატება.

ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 17:00

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან შეხვედრისას სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან განახლებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი სამწლიან ეკონომიკურ პროგრამას შეეხო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის მარტში, სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბანკს 285.3 მილიონი დოლარი გამოუყო. საუბარის თემა სწორედ პროგრამის მიზანი იყო, რომელიც სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერას, შედეგად კი, ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას გულისხმობს.

აზრთა გაზიარება მოხდა საქართველოს საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის ზედამხედველობა-რეგულირების გაძლიერების და სრულყოფის გზებსა და მეთოდებზე, საბანკო დაწესებულებების არაპროფილური აქტივების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვა საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის სრულყოფის, მათი კლიენტების უფლებების დაცვის და საფინანსო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო ინფლაციის დონეს და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე მაჩვენებლებს, პერსპექტივებს და პროგნოზებს აღნიშნული მიმართულებით.

ირაკლი კოვზანაძემ და ფრანსუა პეჰშომ ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმასა და ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნებსა და ამოცანებზე, ეკონომიკური რეფორმების გზაზე სსფ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მას შეხვედრები უკვე ჰქონდა საქართველოში ვიზიტად მყოფ სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წარმომადგენლებთან: ელენე გასტონთნ, გორან ლინდსთნ და როს ჰენდერსონთან.

ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 15:41

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 788 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 13%-ით გაიზარდა და 2 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 აპრილში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 6%-ით. საბოლოო ჯამში აპრილში სავაჭრო ბალანსი 11.6 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.  მიმდინარე წლის აპრილში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობების (73%), მაისურების და თბილი სამოსის (71%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (39%), მედიკამენტების (26%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (8%) და მინერალური და მტკნარი წყლების (5%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს - გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (37%), ნავთობის აირებისა და ნახშირწყალბადების (32%) და სატელეფონო აპარატების (52%) იმპორტი. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა - ზრდამ 45% შეადგინა, ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%- ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდის საკითხზე. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 მაისი 2017 15:52

13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ჟონგ შანი.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. 13 მაისიდან მათ სიას საქართველოც დაემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი,  ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.

 

დიდი მადლობა, ევროპის კავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აქტივობებისთვის, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 08 მაისი 2017 15:31

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის კავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აქტივობებისთვის, რომლებსაც ისინი საქართველოში ახორციელებენ, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ კონფერენციაზე, რომელზეც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი პროგრამები გააცნო. 

საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (რომელიც აერთიანებს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ფონდს) ახორციელებს ევროკომისიასთან ერთად შემუშავებულ ორ ახალ პროგრამას. ეს ორი პროგრამა მომზადდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა, ისევე, როგორც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის: "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" ფარგლებში. 

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამები მსგავსია საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროგრამებისა „აწარმოე საქართველოში“ და „სტარტაპ საქართველო“. 

„ეს ის პროდუქტებია, რომლის გაგრძელებასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის არეალის ინსტრუმენტი - ქართულ ლარში გაცემული სესხები, რომელსაც მოყვება საგრანტო კომპონენტი. ეს არის იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პროდუქციის განვითარება. რაც შეეხება ინოვფინს, ესაა ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების დაფინანსებას. სწორად მათთვის დამატებით უზრუნველყოფას წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკი უკვე კომერციულ ბანკებში, რათა კომპანიებმა შეძლონ სესხის აღება, ქვეყანაში ეკონომიკა განვითარება და ახალი სამუშაო ადგილები შექმნა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

კურორტ შოვში თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა იგეგმება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 მაისი 2017 17:22

კურორტ შოვში, ყაზახური ინვესტიციით, თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ კომპანია „ევრაზია ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა ტიმირზან მეირამბეკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. 
ინვესტორის თქმით, შოვამდე მისასვლელი გზის მშენებლობის დასრულებისა და ამბროლაურის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ, რაჭაში ტურისტების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო შოვის საკურორტო ზონაში გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ამჟამად, კომპანიის საკუთრებაშია კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი „პანსიონატი მამისონი", რომლის რეკონსტრუქცია თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის პროექტის ნაწილია. პრემიერ-მინისტრმა ყაზახ ინვესტორს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტის ნაწილში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონებთან წვდომის გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად. 
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 მაისი 2017 14:39

 

საქართველო აზიის განვითარების ბანკთან ყოველწლიური საინვესტიციო ლიმიტის 350 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდაზე მოლაპარაკებებს იწყებს, გარდა ამისა, ბანკი განაგრძობს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას საბიუჯეტო დახმარების ახალი პროგრამის საშუალებით, - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ შეხვედრაზე, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, ADB-ის წლიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აზიის განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა ბანკის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი იჩენს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ. აღინიშნა, რომ ბანკთან თანამშრომლობის პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც მათ აქვთ არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც. 

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკმა 2015 და 2016 წლებში ორჯერ განახორციელა ფასიანი ქაღალდების ემისია ლარში, რითაც ადგილობრივ მეწარმეებს ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. 

აზიის განვითარების ბანკმა 2016 წელს საქართველოს გაუწია საბიუჯეტო დახმარება 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ქვეყანამ ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღო.

აზიის განვითარების ბანკი ასევე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ერთერთი მსხვილი დამფინანსებელია. მისი მხარდაჭერით დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გარდა ამისა, ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ტექნიკური დახმარების სახითაც. 
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის“ (CAREC) ფარგლებში. საქართველო აღნიშნულ პროგრამას შარშან შეუერთდა. მისი ძირითადი მიმართულებაა წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება ტრანსპორტის, რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს, რაც ბანკის საინვესტიციო ლიმიტების გაზრდაში გამოიხატება. 

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 1,62 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. მიმდინარე პროექტების მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 1,05 მილიარდ აშშ დოლარს. ADB-ის გააჩნია ერთერთი ყველაზე შეღავათიანი რესურსი და იგი საქართველოში ყველაზე დიდი პორტფელის მქონე განვითარების პარტნიორია (ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებიდან, დაახლოებით, 30% მიმდინარეობს ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით).

 

 

მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.3% შეადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 28 აპრილი 2017 11:10

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ს, თებერვალში კი 4.4%-ს შეადგენდა. 2017 წლის 1-ლიკვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შეაფასა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. მისი განცხადებით, რაცშეეხებაზრდისგამომწვევფაქტორებს, სექტორულჭრილშიზრდაგვაქვსშემდეგიმიმართულებებით: დამამუშავებელიმრეწველობა,  მშენებლობა - სასტუმროებიდარესტორნები,  უძრავიქონებადავაჭრობა.  ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, ასევეზრდაზედადებითადმოქმედებსსაგარეოფაქტორებისგაუმჯობესება, როგორიცააექსპორტი.

ნ. ჯავახაძე: „მოგეხსენებათ,  2017 წლისამთვეშიჩვენგვქონდაექსპორტის 30% - იანიზრდა. ეკონომიკურ ზრდაზედადებითადმოქმედებსისეთიფაქტორები, როგორიცაა- ფულადიგზავნილები(სამთვეში 22% - იანიზრდა),ზრდაასევეკვლავგრძელდებატურიზმისმიმართულებით,რაცსასიხარულოფაქტორია -კერძოდ, ვიზიტორებისრაოდენობამ 2017 წლისიანვარ-მარტში1 266 125შეადგინა“. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა -„საქართველოსმთავრობაშემდგომშიცგააგრძელებსზრდისხელშემწყობრეფორმებსდაიმედიგვაქვს,რომმომავალიპერიოდისეკონომიკურიზრდაცდადებითიიქნება“.

2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში 20.7%-ით, თებერვალში 14.6%-ით, ხოლო მარტში 16.7%-ით არის გაზრდილი.

 მიმდინარე წლის მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:

-         მშენებლობა

-         დამამუშავებელი მრეწველობა

-         სასტუმროები და რესტორნები

-         ვაჭრობა

-         ოპერაციები უძრავი ქონებით

მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ,2017 წლის იანვარ- მარტში გაიზარდა:

-         ფეროშენადნობების ექსპორტი 201%-ით

-         ღვინის ექსპორტი 62.5%-ით

-         სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 60%-ით

-         სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 17%-ით

საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.

საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-მარტშიგაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:

  • 22%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 290 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
  • 2017 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 28%-ით და 180 მლნ. აშშ დოლარი (39 მლნ. აშშ დოლარით მეტი) შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 435 მლნ. აშშ დოლარსგაუტოლდა (83 მლნ. აშშ დოლარით მეტი). 2017 წლისიანვარ-მარტში 11.4%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და 1 266 125 ვიზიტორი შეადგინა.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რაც პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური