ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მარტი 2019 13:46

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია პარიზში იმყოფება, სადაც  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თურქეთიდან და მალტიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და ჩატარდება ხმის მიცემის პროცედურა.

პარლამენტის დეპუტატმა ე. ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 თებერვალი 2019 14:03

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს პარლამენტში გააკეთა.

„რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... "ქართული ოცნება" ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 10:44

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით. პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! ვერ შეძლებ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა, რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!! შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები, რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე, როგორც ყოველთვის მჯერა, რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება, რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე...სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს. ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს: შინაარსში ასახსნელი არაფერია, რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში, იქ, სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!! ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი, მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად. ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა. სწორედ იმიტომ, რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო, გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი, ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე, მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!! ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც, როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწამვლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე, ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად – არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წლებში ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს. არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული. და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერასოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას, როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა. მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი. ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო – რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამ ქვეყანაში! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც! დანარჩენი ის იყო, რაც ყველამ ნახეთ. დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა –ნაწამები და ნაგვემი ციხე – თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ. "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა. ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება, რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები. არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები, როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს. მართალია დღეს ჩვენს "გუნდში" აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა. სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება –ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა. მახსოვს ლევან გოგიჩაიშვილის ემოციური კითხვა, როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს, "რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო". ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად, ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი....და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება! გამოგვივიდა? და ახლა ბოლოს "ქართულ ოცნებას" მივმართავ: გამოგვივიდა? შევძელით ეს? დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში". შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი. არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში. ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი "გუნდით“. ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე. მე-7 წლისთავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! სახელი დავარქვათ ყველაფერს! მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით. ამ დროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს. აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში. მე ამას ვერ შევეგუებოდი! მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში. ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადგმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! ჩემი პასუხი? არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით! ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა – გალაკტიონის ენით რომ გადმოვცე – მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია! ამიტომაც, ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუქში".

ეკა ბესელიამ სტრასბურგში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 15:55

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება. ქართველმა პარლამენტარმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში. 

სხდომაზე განხილული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე მომზადებული მე-10 ანგარიში.

როგორც ეკა ბესელიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია დაფიქსირდა და ასევე, მკვეთრად შემცირდა საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა.

„ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიერ დამკვიდრებული სტანდარტების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომაც, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, რომლის პროექტის ფარგლებში, ბატონ მანჩინის ხელმძღვანელობით, 2014-16 წლებში ახალ ცვლილებებზე იმუშავა და ის საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ეხებოდა.

„2016 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჩემი ინიციატივა და დღეს რეგლამენტში გვაქვს ახალი თავი, რომელიც ეხება საპარლამენტო კონტროლს თუ როგორ სრულდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს ძლიერი მექანიზმია და მას წარმატებით ვიყენებთ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არჩეული ვარ მეორე ვადით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ და ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელია - მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა?

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 14:07

პოლიტიკოსებს, რომლებიც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, რა ლეგიტიმაცია აქვთ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს? - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ეკა ბესელიას თქმით, ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არაკონსტიტუციურია.

"იმ პოლიტიკურ პარტიებს მინდა ვუპასუხო, ვინც მთავრობის გადადგომის მოთხოვნებს აყენებს, მათ რა ლეგიტიმაცია აქვთ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს? რომელ არჩევნებში მიიღეს მოსახლეობის ის მხარდაჭერა, რომელმაც უნდა გადაძალოს ამომრჩევლის ის ხმები, რომელიც ბოლო არჩევნებში მმართველმა პარტიამ მიიღო? მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა? მათი მოთხოვნები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამიტომ პოლიტიკოსებმა მოთხოვნის გაჟღერებამდე კონსტიტუციას უნდა ჩახედონ და იქ წაიკითხავენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომელსაც ეკრძალება ეს უფლება თუ მისი უფლებამოსილების განხორციელებამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზაზა სარალიძის აღელვებული და ემოციური კამათი პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიასთან (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 29 მაისი 2018 23:49

ზაზა სარალიძის აღელვებული და ემოციური კამათი პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიასთან

ეკა ბესელია კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰვანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 15:34

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰვანს შეხვდა.

კიმ ინ ჰვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს 2018 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ლტოლვილების პრობლემების თაობაზე მასშტაბური, საერთაშორისო ფორუმის გამართვის თაობაზე კორეის პარლამენტის თავმჯდომარის წინადადება გადასცა და ფორუმის ორგანიზებაში დახმარებისთვის მიმართა.

ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულს აღნიშნული შემოთავაზებისთვის. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ არჩევანი საქართველოზე შეჩერდა. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კონსულტაციების გავლის შემდეგ ქართული მხარის გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში ეცნობება კორეის საელჩოს. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრეს ორმხრივ ფორმატებში განხორციელებულ ვიზიტებზე და მათ მნიშვნელობაზე. 

კიმ ინ ჰვანმა აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მას ძალიან საინტერესო წინადადებით მიმართა. 

ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან საინტერესო წინადადებით. კიმ ინ ჰვანმა გაგვაცნო კორეის პარლამენტის თხოვნა. მათ ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე და ლტოლვილების პრობლემებზე ყოველწლიურად აქვთ საკმაოდ მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი. შემოთავაზებულია წინადადება, რომ 2018 წელს საქართველო იყოს მასპინძელი ასეთი საერთაშორისო ფორუმის, სადაც 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს თავისი საპარლამენტო ძალიან მაღალი წარმომადგენლობით. ეს არის კორეის პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა, რომელიც ელჩმა გადმოგვცა და მთხოვეს, რომ ამ კონფერენციის ორგანიზებაში დავეხმაროთ. ასეთი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება როგორც ევროპის, ასევე სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში და ამას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიმართ გაჩნდა ინტერესი, რომ 2018 წელს იყოს ასეთი მასშტაბური ფორუმის მასპინძელი ქვეყანა. ამ საკითხზე ჩვენ გვექნება კონსულტაციები და შემდეგ, ბუნებრივია, ვაცნობებთ საელჩოს გადაწყვეტილებასაც და სხვა საკითხებსაც, რომელიც ფორუმის ორგანიზებას უკავშირდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე გენდერული კვოტირების საკითხზე იმსჯელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:52

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე იმსჯელა, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

კანონპროექტის მიღების მიზანია, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შემოტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება. კანონპროექტის ავტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force).

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭოსწევრმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კანონპროექტი შემოსულია 37 ათასი ადამიანის ხელმოწერით, პროცედურები გავლილია და კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილება მიმართულია შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. 
„დიდი ხანია გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა მონაწილეობის გააქტიურებაზე სამუშაოები ტარდება და ასეთი კანონპროექტები სხვადასხვა ფორმით პარლამენტში იხილებოდა.

ეს შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში დაიგეგმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ კანონპროექტის განხილვისას წამყვან კომიტეტად განისაზღვრა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ სამუშაო პროცესი, პირველ რიგში, ჩვენს კოლეგებთან დავიწყოთ. თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ იდეას მხარს უჭერს. შემოთავაზებული ცვლილება არ ეხება ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზეც პარტიებმა პოლიტიკური ნება გამოიჩინონ და მეტი ქალი კანდიდატი წარმოადგინონ საარჩევნო სიებში“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი და ენძელა მაჭავარიანი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES Georgia), ქალთა პოლიტიკური გაძლიერების რესურსების ცენტრი, გენდერული თანასწორობის ქსელი, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი და „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“.

ეკა ბესელიას ცეკვა პარლამენტის შენობაში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 02 ივნისი 2017 23:56

ეკა ბესელიას ცეკვა პარლამენტის შენობაში

ჩემთვის ეს არის საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა,- ეკა ბესელია "რუსთავი 2-ის" საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 11:45
“ამ საჩივრის ასლი მეც მქონდა, იმიტომ რომ მის დაწერაშიც ვიღებდი მონაწილეობას, ქიბარ ხალვაში მიმართავდა მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს. ხალვაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით საკუთრების ჩამორთმევის თაობაზე გამოძიებას ითხოვდა. ეს იყო 2007 წელს, ახლა 2017 წელია, მე ათი წლის წინ მაქვს ნანახი ეს პროცედურები და მახსოვს, როგორ ხდებოდა მსგავსი უკანონობა. იქამდეც ხდებოდა ეს უკანონობები ამ ტელევიზიის მიმართ და საკუთრებასთან დაკავშირებული სრულიად დაუშვებელი ფორმების გამოყენება. ამიტომ ჩემთვის ეს არის საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა, რომლის პოლიტიკურ, საკმაოდ მძიმე სცენარში გადაყვანას ცდილობდა და ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა,” სააკაშვილი და მისი გუნდი,” - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმესთან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.
გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური