საქართველოს პრემიერმა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროსაბჭოში საზეიმო მიღება გამართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სიმბოლოს - ევროსაბჭოს - გარემოში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„20 წლის წინ, როდესაც საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ვიცოდით რამდენად რთული და გრძელი გზა გველოდა წინ. მაგრამ დღეს ნათელი ხდება, რომ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებების და კულტურის საშუალებით, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. დიდად ვაფასებთ ჩვენს ერთობას და გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მადლობას გიხდით საქართველოს მეგობრობისთვის”, – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ და პრემიერ-მინისტრს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

„დღეს ყველანი შევიკრიბეთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ 20 წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა ბევრ გამოწვევას და ვითარდებოდა ჩვენთან ერთად ბევრი მიმართულებით მუშაობის კვალობაზე. საქართველო ჩვენი ოჯახის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა 1999 წელს – ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე. მას შემდეგ ბევრჯერ გვინახავს, როგორ იღწვის ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას მომავალში ერთად დაწინაურების მიზნით. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ“, – განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

სამაგალითოდ შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან სასიხარულოა, რომ გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველო არის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს ძლიერი ინსტიტუტების და ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფაში, რომელთაც მოსახლეობა ენდობა. თქვენ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიეთ. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს ამ მხრივ”, – აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.

საზეიმო მიღებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერმა სტუმრებს ასევე წარუდგინა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „რუსთავმა”.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:14

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს დელეგაციის ფორმირებისკენ და ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა. შესაბამისი რეზოლუცია 10 აპრილს პლენარულ სესიაზე მიიღეს.

დოკუმენტში ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდ წევრ ქვეყანას ევროსაბჭოს დატოვებას შესთავაზებენ, ან ამის გაკეთება მოსკოვს საკუთარი ნებით მოუწევს, რასაც გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის.“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვა. მოსკოვს არ აქვს უფლება ასამბლეის მმართველ ორგანოში იმუშაოს და ასამბლეის სახელით არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნოს. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში საწევრო შენატანს არ გადაიხდის, ვიდრე მისი დელეგაციის წევრებს ყველა უფლება არ აღუდგება. რუსეთის ყოველწლიურ შენატანი 33 მილიონი ევროა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.

„რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ სრულად გამოიძიოს აფგან მუხთარლის გატაცება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 17:42
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ბორის სილევიჩმა (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) და კერსტინ ლუნდგრენმა (შვედეთი, პარტია 
 
„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებისა და მისი აზერბაიჯანისთვის უკანონო გადაცემის შესახებ მწუხარება
 
გამოხატეს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიძიოს ამ საქმესთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები და საქმის კურსში ამყოფოს თანამომხსენებლები 
 
გამოძიების შედეგებზე, რომელსაც ისინი გულდასმით ადევნებენ თვალს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერის გზავნილები არ იყო ძლიერი“ - გიორგი რუხაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 23 აპრილი 2016 12:20

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა, ევროკავშირის (და არამხოლოდ) მასშტაბით პარლამენტის წევრები იქ არიან იმისათვის, რომ მოისმინონ ქვეყნის ლიდერის მთავარი გზავნილები. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეფექტურად ვერ გამოიყენა ეს დრო და გზავნილები, რომლებიც მან გააგზავნა არ იყო ისეთი ძლიერი, რომ დარჩენილიყო. ეს არ იყო ცუდი გამოსვლა, თუ შევადარებთ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, მაგრამ ეს იყო სუსტი გამოსვლა. მისი გამოსვლა არ იყო ცუდი იქიდან გამომდინარე, რომ საკითხები, რომლებსაც პრემიერი შეეხო, მნიშვნელოვანია, თუმცა მისი გზავნილები არ იყო ისეთი ძლიერი, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო. მას ძთავადაც აკლდა დამაჯერებლობა და როდესაც რეფორმებზე საუბრობდა, ევროპელმა კანონმდებლებმა ვერ დაიჯერეს მისი. როდესაც დამთავრდა სიტყვით გამოსვლა, კითხვა-პასუხის რეჟიმში დასმული კრიტიკული კითხვები ეხებოდა მისი გამოსვლის სწორედ იმ ნაწილს, რომელშიც მან ამ ხელისუფლების როგორც წარმატებაზე ისე ისაუბრა.“ - განაცხადა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო “star fm”-ზე, აქტუალური თემის შეკითხვებს გიორგი რუხაძე პასუხობს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებს ე.წ. სავჩენკოს სიის დამტკიცებისკენ მოუწოდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 აპრილი 2016 09:49

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებს ე.წ. სავჩენკოს სიის დამტკიცებისკენ მოუწოდა. განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.საპარლამენტო ასამბლეა ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო და ფინანსური სანქციები იმ პირებს შეეხება, ვინც უკრაინელი პილოტის გატაცებაში, უკანონო დაპატიმრებასა და გასამართლებაში მიიღო მონაწილეობა.საპარლამენტო ასამბლეა ასევე აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს მოუწოდებს, მძევლები გაათავისუფლონ და ადამიანის უფლებების დარღვევა შეწყვიტონ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური