ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: მიუხედავად პანდემიისა, პროგრესი სახეზეა 2020 წელს, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 12:45

სტრასბურგი, 31.03.2021 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად, ევროპის სახელმწიფოები აგრძელებენ პროგრესს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა.

თუმცა, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა და პატიმრობის არასათანადო პირობები, ასევე სახელმწიფოთაშორისი საქმეები და უფლებებისა და თავისუფლებების არამართლზომიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული საქმეების მზარდი რაოდენობა.  

„დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ვალდებულებას, აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის რთულ გარემოებებში,“ აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

„ასევე ძალიან პოზიტიურია ის გარემობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობა პროცესში თანდათან იმატებს, რაც ზრდის მის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.“

„მიუხედავად ამისა, ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ აღუსრულებელია წლების განმავლობაში და მაღალი რეზონანსის მქონე საქმეების მცირე რაოდენობა არ სრულდება სათანადო სისწრაფით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დროულად და სრულფასოვნად. ეს არ არის კეთილი თხოვნა - ეს არის სავალდებულო მოთხოვნა.“

ანგარიში აჩვენებს, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა 2020 წელს 983 საქმე დახურა. ამ 983 საქმიდან 187 (19%) „წამყვანი“ საქმე იყო, რომელიც ახალ სტრუქტურულ ან სისტემურ პრობლემას ავლენდა, ხოლო 796 (81%) განმეორებით საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 

2020 წლის ბოლოს 5,233 საქმე ჯერ კიდევ არ იყო სრულად აღსრულებული შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის 1,258 (24%) წამყვანი და 3,975 (76%) განმეორებითი. 634 წამყვანი საქმე 5 წელიწადზე მეტი იყო აღსრულების პროცესში, თუმცა 2016 წლიდან ასეთ საქმეთა რაოდენობა მცირდება.

ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივანთათვის მიკუთვნებული "სამართლიანი დაკმაყოფილების“ გადახდა დროულად განხორციელდა 581 შემთხვევაში. თუმცა, 2020 წლის დასასრულის მდგომარეობით, მინისტრთა კომიტეტი თანხის გადახდის დადასტურებას ელოდა 1,574 საქმეში, რომელთა ორ მესამედზე მეტის შემთხვევაში კომიტეტი დადასტურებას ელოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2020 წელს მინისტრთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისაგან მიიღო რეკორდული რაოდენობის - 176 ფორმალური კომუნიკაცია 28 სახელმწიფოსთან მიმართებით. კომიტეტმა ასევე მიიღო პირველი ხუთი კომუნიკაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისაგან.

დამატებითი ინფორმაცია

ქართული წიგნი ევროპული ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 19 მარტი 2021 15:49
12 მარტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ნომინანტების პირველადი სია გამოაქვეყნა. კონკურსის მიზანი იმ ორმოცამდე ქვეყნის ლიტერატურულ თარგმანთა პოპულარიზებაა, რომლებშიც EBRD ფუნქციონირებს. ლონგლისტში 10 ნაწარმოები შევიდა, რომლიდან ერთ-ერთიც საქართველოდანაა.
20,000 ევროს ოდენობის პრემია გადაეცემა საუკეთესო რომანს, რომლის ორიგინალიც ერთ-ერთი იმ ქვეყნის ენაზეა დაწერილი, სადაც ბანკი საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს. კონკურსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან  საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიებს შორის, რომლებიც ავტორის და მთარგმნელის ღვაწლს თანაბრად აფასებს.

"ეს ათი წიგნი 1930-იანი წლების ვარშავიდან და 1950-იანი წლების ჩეხოსლოვაკიიდან თანამედროვე უკრაინამდე; უსამართლო სასამართლოს კაფკასეული ამბიდან ადამიანების უკანონო ტრანსპორტირებისა და ადამიანებით ვაჭრობის აბსურდულ ტრაგიკომედიამდე; ოსმალეთის იმპერიის კვდომის პერიოდიდან ბალკანეთის ალტერნატიულ ისტორიამდე გვამოგზაურებს“, — აღნიშნა კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, ტობი ლიხტიგმა, — „ერთობლივად კი ეს წიგნები გვიხატავს ევრაზიის რეგიონის სურათს, რომელიც დაღარულია ომის ჭრილობებით და დევნით, სისასტიკით და დაუდევრობით და რომლის სიმდიდრეც სიცოცხლისუნარიანი და თვითმყოფადი ადამიანებია. და სიყვარული. ყოველი წიგნი განსაკუთრებულია, ყოველი თარგმანი — ბრწყინვალედ შესრულებული“.
საქართველოდან პრემიის ლონგლისტში ნანა ექვთიმიშვილის ნაწარმოები, „მსხლების მინდორი“ მოხვდა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალისტები (სამი ავტორი და მათი მთარგმნელები) 2021 წლის 3 მაისს გამოცხადდებიან. ოდნავ მოგვიანებით, მაისშივე, ყველა მათგანს დაჯილდოების ცერემონიაზე  მიიწვევენ, სადაც კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდება.

ახალი ამბები მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 მარტი 2021 11:39

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დანიელსონი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით.

„პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში, რათა მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, რაც დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესებშია, რათა ქვეყანამ შეძლოს მის პროევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება კრისტიან დანიელსონს, ის ამჟამად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია შვედეთში, მანამდე კი შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად მუშაობდა. 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

ევროკავშირის საბჭოს პრეს-რელიზი

GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 20 მაისი 2020 10:12

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები)  იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

ბოლო პერიოდში GM Pharma-ს  პროდუქციაზე მოთხოვნილების მნიშვნელოვანი მატების გამო, განსაკუთრებით საზღვარგარეთ კომპანიის ზრდის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების ფარმაცევტული წარმოების ევროპის სხვადასხვა კომპანიაში დაწყების აუცილებლობა დადგა.  ამიტომ  GM Pharma-ს და ესპანურ კომპანია Cinfa-ს შორის გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც Cinfa კონტრაქტულ წარმოებაში GM Pharma-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. აღნიშნული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად Cinfa-მ მის საკუთრებაში მყოფ ევროკავშირის  GMP-სერტიფიცირებულ ქარხანაში GM Pharma-სთვის დაიწყო პრეპარატის - მონსერა - წარმოება.

მონსერა ესპანეთში წარმოებული  პროდუქტია, რომელიც წარმატებით გამოიყენება კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. ცნობილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებები ხასიათდება გართულებების (ინფარქტი, ინსულტი) და სიკვდილობის  მაღალი მაჩვენებლებით, ამიტომ აღნიშნული კატეგორიის პაციენტთა მკურნალობისთვის თანამდროვე და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

GM Pharma-ს პრეპარატთა ჩამონათვალში არის თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტები, რომლებიც რეკომენდებულია უკანასკნელი წლების  საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.  სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი - მონსერა -  დაემატა  GM Pharma-ს პორტფელს. უახლოეს მომავალში აღნიშნული პრეპარატი GM Pharma-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ დაინერგება საექსპორტო ბაზრებსა და საქართველოში, სულ ექვს ქვეყანაში.  

სინფა ჯგუფი წარმოადგენს მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის წლიურმა ბრუნვამ 2019 წელს ნახევარი მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს 5 ფარმაცევტული ქარხანა და ჰყავს 2000 თანამშრომელი.

GM Pharma-ს სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), წარმოების მოცულობის ხუთჯერადი გაზრდა, ყოველ წელს ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის დამატება (ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის ჩათვლით) და 2025 წლამდე ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

“ევროპული საქართველოს” წევრი გ. კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერის გამოსვლას უარყოფითად აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აპრილი 2019 13:36

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცის წევრი “ევროპული საქართველოდან” გიორგი კანდელაკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის ლიდერმა მთავარი მოთხოვნა არ გააჟღერა.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პრემიერმა კი ისაუბრა ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ არ უთხოვია მთავარი, რომ ჩვენი ოკუპაციის და დევნილთა საკითხი მოხვდეს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების მოთხოვნებში და რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე. ანუ გამოდის რომ ამას საქართველო არ ითხოვს და თუ არ ითხოვს რატომ მიიღებს? რაც შეეხება კითხვა-პასუხს, უბრალოდ ნახეთ ჩანაწერი (იმედია, პრემიერის პრეს-სამსახური თავად დადებს და არ დამალავს) და თავად შეაფასეთ. პრემიერ-მინისტრის პასუხების შემხედვარე ხმების მოსყიდვაზე, სასამართლოზე და სხვა მწვავე კითხვებზე მთელ დარბაზში უხერხული მომენტები ხშირად იყო”, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

როგორც ცნობილია, 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობდა. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

 

 

ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 18 მარტი 2019 10:36

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

მარნეულში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 10:33

მარნეულში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის განახლებული აფთიაქი გაიხსნა. საზეიმო ლენტი მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ გაჭრეს. გახსნის ცერემონიას რაიონის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები და ექიმები დაესწრნენ.
PSP -ს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.

„PSP ლიდერი კომპანიაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენთან ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. გარდა მედიკამენტებისა ყოველი თვის 1-7 რიცხვებში მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს. ყოველ თვეში, საბავშვო პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტზე ყველას ვისაც საბავშვო პრდუქცია აინეტრესებს PSP -ში განსაკუთრებულად დაბალი ფასები, უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები დახვდებათ ბავშის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტებზე.

1994 წლიდან პსპ მომხმარებლისთვის მედიკამენტების და მომსახურების ხარისხის გარანტია. პსპ-ს მომწოდებელი მსოფლიოს 100-ზე მეტი მწარმებელი კომპანიაა, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით - GMP აწარმოებენ მედიკამენტებს; გარანტირებული ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად პსპ-ში მათი დასაწყობება, შენახვა და გაცემა საერთაშორისო სატნდარტის GDP-ს მიხედვით ხორცილედება და შესაბამისად მომხმარებელს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები მიეწოდება.
ჩვენ უკვე 10 წელია ვატარებთ წამახალისებელ გათამაშებას, რომელშიც მომხმარებელი ძალიან მარტივად ერთვება: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელს გათამაშების თითო ბილეთი გადაეცემა. საიუბილეო წელთან დავაშირებით, პრიზებიც საიუბილეოა: გარემონტებული ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 25000 ლარი და უპრეცედენტო სუპერპრიზი - 10 წლის განმავლობაში ყოველთვიური 1000 ლარიანი ხელფასი. ვცდილობთ პსპ-ში სტუმრობა მომხმარებლისთვის ჯანმრთლობასა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად სასარგებლოც იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.

ქსელის განვითარება PSP -ს 2018 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა; ამასთან აქტიურად მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი. უკვე 100-ზე მეტი PSP აფთიაქი განახლებული კონცეფციით ემსახურება მომხმარებელს.

 

ევროპული მედია: თურქეთს შესაძლოა ხანგრძლივი ომი ელოდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 12:10

დასავლური მედია, თურქეთის მიერ ″ევფრატის ფარი″ სახელწოდებით დაწყებულ ოპერაციას ეჭვითა და მღელვარებით შეხვდა.

ამერიკული პრესა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თურქეთის, ISIS-ის საბაბით სირიაში შეჭრა ქურთების წინააღმდეგ ომში გადაიზარდა, რამაც აშშ რთულ სიტუაციაში ჩააგდო. გერმანული პრესის მტკიცებით, თურქეთს ძალიან ხანგრძლივი ბრძოალა ელის სადაც ძალიან ბევრ მსხვერპლს გაიღებს.

ბრიტანული გაზეთი The Times-ი, ოპერაციაში მონაწილე  თავისუფალი სირიის არმიის ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურის ალა მუჰამედის სიტყვებს უთმობს ადგილს.

მისი თქმით, ″როდესაც სირიის ქალაქ ჯერაბლუსის ცენტრში შემოვედით ISIS-ის ჯარები იქ აღარ იყვნენ. ჯერაბლუსის მოქალაქემ გვითხრა, რომ ISIS-მ ქალაქი 5 დღის წინ დატოვა.″

ამერიკული გაზეთის Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და მის მიერ მხარდაჭერილ თავისუფალ სირიის არმიას და სირიელ ქურთულ ძალებს შორის დაძაბულობა მძაფრდება, ეს რომ კონფლიქტში გადაიზარდოს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეში ჩაგდებს და ISIS-ის განადგურებას გაართულებს.

Washington Post-ი, ″თურქეთმა სირიაში ისეთი პრობლემა შექმნა, რომ აქედან გამოსვლა მარტივი არ იქნება″ სათაურით გამოეხმაურა და დასძინა, რომ აშშ სირიაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი ყველა ძალის მოკავშირეა. გაზეთი ასევე წერს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად სახალხო დაცვის ბლოკის (YPG) წინააღმდეგ ომს თუ დაიწყებს, აშშ-ს მიერ ISIS-ის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას დიდ ზიანს მიაყენებს.

გერმანული გაზეთი Die Welt-ის მტკიცებით, ოპერაცია ″ევფრატის ფარმა″, სირიის ომი როგორც ახლო აღმოსავლეთისთვის ასევე ევროპისთვის უფრო არაპროგნოზირებადი და სახიფათო გახადა. გაზეთის ინფორმაციით, თურქეთი, სირიაში ოპერაციებს აშშ-სთან, ნატო-სთან და რუსეთთან შეუთანხმებლად ახორციელებს. რითაც ერდოღანი ქურთების დამარცხებას, ISIS-ის განადგურებას და თურქეთის პოზიციების გამყარებას ცდილობს.

″მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ერდოღანის ქმედებები ყოვლისმომცველ სტრატეგიას არ ეფუძნება. როგორც ჩანს, ერდოღანი მხოლოდ რთული ვითარებიდან გაქცევას ცდილობს.″-წერს გაზეთი.

წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/592211/Bati_basininda_Cerablus_yorumlari__Turkiye_yi_uzun_bir_savas_bekliyor_olabilir.html#

მოწმეთა დაკითხვა სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (Georgia v. Russia (II))

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 18 ივნისი 2016 14:44

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა დელეგაციამ, რომელთა შორის იყვნენ მირიანა ლაზაროვა-ტრაიკოვსკა („ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“), ნონა წოწორია (საქართველო), ვინსენტ დე გაეტანო (მალტა), ჰელენ კელერი (შვეიცარია), დმიტრი დედოვი (რუსეთის ფედერაცია), ჯონ ფრიდრიკ კიორბო (დანია) და იონკო გროზევი (ბულგარეთი), ჩვენება ჩამოართვა მოწმეთა ჯგუფს საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საჩივარი no. 38263/08). მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობდა სტრასბურგში 2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე. სასამართლომ მოისმინა 33 მოწმის ჩვენება: 16 მათგანი გამოძახებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ, 11 - რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, ხოლო 6 მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო მოწვეული. საჩივარი სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის (სახელმწიფოთაშორისი საჩივრები) საფუძველზე შემოვიდა. იგი ეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შემდგომ პერიოდს. საჩივარი ეყრდნობა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებს, პირველი ოქმის 1-ელ და მე-2 მუხლებს (საკუთრების დაცვა და განათლების უფლება) და მეოთხე ოქმის მე-2 მუხლს (გადაადგილების თავისუფლება). 2011 წლის 22 სექტემბრის სასამართლო მოსმენის შემდეგ, 2011 წლის 13 დეკემბერს პალატამ საჩივარი დასაშვებად ცნო, საქმის არსებითი მხარის წინასწარი შეფასების გარეშე. 2012 წლის 3 აპრილს პალატამ საჩივარი განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაგრძობს საქმის განხილვას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაფუძნდა სტრასბურგში 1959 წელს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ და იგი განიხილავს 1950 წელს მიღებული ადამაინის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ნაგულვები დარღვევების შესახებ საჩივრებს.

საჯარო ლექცია ევროპული კვლევების საბჭოს ფარგლებში არსებულ დაფინანსებაზე

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 11:31

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია/პრეზენტაცია გაიმართა თემაზე - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით (ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe).

ჰელსინკის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ნეირომეცნიერებების ლაბორატორიის დირექტორმა, პროფესორმა მარტ საარმა, რომელიც ასევე, არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქართველ მეცნიერებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ევროპული კვლევების ფონდის მუშაობაზე და ის რეკომანდაციები მისცა მეცნიერებს, რაც მათ გრანტების მოპოვებაში დაეხმარებათ.

როგორც ცნობილია, დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ბრიუსელს შორის საქართველოს ჩართულობის თაობაზე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს პროგრამაში “ჰორიზონტი 2020”, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიარდი ევროა და ეს თანხა 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებს, ინოვაციებსა თუ საუკეთესო იდეებს. პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს მოწინავე მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს. “ჰორიზონტი 2020”-ის წევრობა ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ როგორც ევროპული კვლევების ფონდით ისე, მსოფლიოში ცნობილი სხვა მაღალბიუჯეტიანია ფონდების დაფინანსებით.

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური