საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან ისაუბრებს ქვეყნის რეფორმებზე და წარმატებებზე, აცხადებს მანანა კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 16:11

საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამის შესახებ „ნიუს დეისთან“ საუბარში, სტრასბურგში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
„ეს არის იმ დემოკრატიული რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველო ახორციელებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ხდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესიაზე და ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ექნება კიდევ ერთხელ ისაუბროს ქვეყნის რეფორმებზე და წარმატებებზე სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან“, - აღნიშნა მ. კობახიძემ.
მისივე თქმით, იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც თუნდაც ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხება, პრემიერს შესაძლებლობა აქვს კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ევროპული ქვეყნების პარლამენტარები, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ ოჯახთან უფრო მეტად დაახლოებას. „საქართველო ნამდვილად იმსახურებს დადებით დასკვნას ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამომავლოდ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. ევროპული ოჯახი ჩვენთვის არის ბუნებრივი გარემო, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა წლებია მიისწრაფის და სწორედ ამის შემადგენელი ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც“, - ხაზი გაუსვა მან.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბერნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან, ევროკომისარ ჟან-კლოდ იუნკერთან და სხვა ევროპის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ელიტის ხელმძღვანელებთან „ცხადია ხელს შეუწყობს იმასაც, რომ საქართველოს მხრიდანაც მეტი პოზიტივი წარმოჩნდეს და შესაბამისად უფრო მეტი იყოს დადებითი, თვალსაჩინო გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში“.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველო და უკრაინა სრულად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც აუცილებელია უვიზო მიმოსვლის საკითხის დადებითად გადასაწყვეტად-ევროკომისიის პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 14:03

სტრასბუგში გრეძელდება ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები. დღევანდელი დილის სხდომა გაიხსნა ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის გამოსვლით, რომელმაც ისაუბრა ევროპაში არსებულ დღევანდელ ვითარებაზე და ყურადღება გაამახვილა ლტოლვილებისა და კონფლიქტების თემაზე. იგი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კითხვები საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა და სომხეთის დეპუტატმა სამველ ზურაბიანმა დაუსვეს.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა პასუხად განაცხადა, საქართველო და უკრაინა სრულად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც ამისათვის არის აუცილებელი. „ეს ორივე ქვეყანა დღეისათვის უკვე მზად არის და იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს. უახლოეს მომავალში ევროკომისია გააგრძელებს ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.
როგორც ცნობილია, ევროპელ დეპუტატებს ხუთშაბათის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი დღეს ჩამოვა სტრასბურგში.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 22-მდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში, თედო ჯაფარიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.


ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ ვიცე-პრეზიდენტად ესპანეთის წარმომადგენელი ანტონიო გუტიერესი დასახელდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 აპრილი 2016 15:37

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები, საკომიტეტო სხდომებში მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურ რეჟიმში ისინი შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ ჯგუფებთან.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ, როგორც ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტმა, დღეს მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა.
დღესვე, ასამბლეის სხდომაზე, ევროპის საბჭოს ასამბლეის ახალ ვიცე-პრეზიდენტად ესპანეთის წარმომადგენელი ანტონიო გუტიერეს ლიმონესი დასახელდა. როგორც ცნობილია ყოველი სესიის დასაწყისში საპარლამენტო ასამბლეა ახალ ვიზე-პრეზიდენტს ირჩევს, რომელიც მომავალი სესიის დაწყებამდე რჩება ამ თანამდებობაზე.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 18-22 აპრილამდე გაიმართება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

სტრასბურგში გაიხსნა ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 აპრილი 2016 14:22

დღეს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ. დეპუტატებს სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე. გარდა ამისა პ. აგრამუნტი შეეხო დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაში თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების გამოსვლა. „ყველასთვის საინტერესო იქნება მოვუსმინოთ მათ და გავიგოთ თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ხედვა მიმდინარე საკითხებზე. ასევე საყურადღებო იქნება მოვისმინოთ ინფორმაცია მათ ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ“, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მიმდინარე სესიაზე მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ტერორიზმთან ბრძოლა და ლტოლვილების კრიზისი. ასევე განიხილავენ ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მომზადებულ მოხსენებას.
სესიას რაღა თქმა უნდა ქართული დელეგაციაც ესწრება, რომელსაც ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. ქართველი კანონდემდებლები საქართველოს ევროიტნეგრაციასა და ვიზალიბერალიზაციაზე აპირებენ საუბარს.
ევროპელ დეპუტატებს ხუთშბათის სხდომაზე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ხვალ ჩამოვა სტრასბურგში.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც იანვარში, ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე იყო, მიმდინარე სესიას არც ახლა ესწრება რუსეთის დელეგაცია.
ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თავის მუშაობას 22 აპრილს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 09:48

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, 13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა მიმდინარე წლის მაისში გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისა და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენისთვის (2016-2019 წწ), რომლის პრეზენტაციაც ტორბიორნ იაგლანდის თბილისში სტუმრობის დროს, 2016 წლის 9 მაისს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებზე, რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მსგავსი განზრახვები, ისევე როგორც, სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულებები" და მათი იმპლემენტაციის პროცესი, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ქმედებას. 
სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტების თემაზე გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული მოხსენების პრაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნების აუცილებლობას.მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას. გენერალურმა მდივანმა, ტორბიონ იაგლანდმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში ქართულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შედგება, წარმატებული იქნება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან სპეციალური თანამშრომლობის გეგმა დამტკიცდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 17:19

ევროპელი დემოკრტების ლიდერის პაატა დავითაიას ინფორმაციით ,ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთან სპეციალური თანამშრომლობისა და მოქმედების გეგმა დაამტკიცა. პაატა დავითაიას თქმით, კომიტეტმა ასევე მიიღო გეგმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, რაც არჩევნების პროცესის აქტიურ დაკვირვებასა და პარტიებთან თანამშრომლობას გულისხმობს.

საკრებულოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს 30-ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 მარტი 2016 15:47

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებებისკონგრესის 30- პლენარული სესია დაესწრნენ.
სესიაზე ერთ-ერთ მთავარ  საკითხად ის დოკუმენტი განიხილეს, რომლის თანახმად,
საქართველო 2017 წელს “ადგილობრივითვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიასუნდა შეუერთდეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება პოსტმონიტორინგის პროცესსა დარეგიონების დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის შედეგად მიღწეულ პროგრესს, ასევე კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებას შეეხო. 
როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესისპრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა განაცხადა,  კონგრესი მუშაობას საქართველოსთან ერთად კვლავაც განაგრძობს და  ქვეყანას არსებული რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება.

 

საქართველო: მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ეროვნული უმცირესობები კვლავაც მარგინალიზებულები არიან, ხოლო რელიგიათაშორისი დაძაბულობა იზრდება - ნათქვამია ევროპის საბჭოს ახალ ანგარიშში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 იანვარი 2016 13:18

სტრასბურგი, 2016 წლის 15 იანვარი - ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეროვნული უმცირესობების დაცვის საქმეში: დამტკიცდა ახალი კანონმდებლობა და პოლიტიკა, რამაც უნდა უზრუნველყოს თანასწორობა და ინტეგრაცია, ასევე დისკრიმინაციასთან ბრძოლა; გრძელდება მედიისა და კულტურული აქტივობების მხარდაჭერა უმცირესობათა ენებზე; ხორციელდება უმცირესობათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა. მიუხედავად ამისა, ეროვნული უმცირესობები კვლავაც მარგინალიზებულნი რჩებიან. ისევ არსებობს ენობრივი ბარიერები, ხოლო უმცირესობათა ენებზე სკოლებში მიმდინარე სწავლების ხარისხი დაბალია. სიძულვილის ენა და რელიგიათაშორისი დაძაბულობა იზრდება.
ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომლებიც დღეს, ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკითხებზე მომუშავე ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტმა საკუთარ ახალ ანგარიშში  გამოაქვეყნა, რასაც თან ერთვის საქართველოს მთავრობის კომენტარები.
2009 წლის მონიტორინგის პირველი ციკლიდან მოყოლებული, ევროპის საბჭოს კომიტეტისათვის აღსანიშნავია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ მიმართული დეტალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და 2014 წელს დამტკიცებული ნათლად ჩამოყალიბებული ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა; კანონში სახელმწიფო ენის შესახებ მოცემულია გარანტიები ეროვნული უმცირესობების ენების გამოყენებისათვის, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რასობრივი ნიშნით შეუწყნარებლობა, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებაში, არსებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.
კომიტეტის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ენებზე (სომხური, აზერბაიჯანული და რუსული) განათლების მიღება შესაძლებელია დაახლოებით 300 სკოლაში, ამ სკოლებში სწავლების საერთო ხარისხი საშუალოზე დაბალია, რადგან ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული შესაბამისი სტანდარტები, ხოლო  მაღალხარისხოვანი საგანმანათლებლო მასალები, განსაკუთრებით, ბილინგვური სწავლების მიმართულებით, კვლავაც მწირია.
მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა ქართული ენის ცოდნის დონე ეროვნული უმცირესობების თემებში, ენობრივი ბარიერები კვლავაც რჩება, რაც ხელს უშლის მნიშვნელოვანი უფლებების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ხანდაზმულ წარმომადგენლებში. ეს თავის მხრივ ზრდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების იდენტობისა და კულტურის მარგინალიზაციის ზოგად შეგრძნებას. სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მიუთითეს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებ ცნობიერების დაბალ დონეზე; მათი ეფექტიანი გამოყენებისთვის საჭირო თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის ნაკლებობასა და უმცირესობათა ენებზე მაუწყებლობის დაბალ ხარისხზე. მიუხედავად სხვადასხვა დონეებზე გაწეული ერთობლივი ძალისხმევისა, ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობა საჯარო სფეროში, განსაკუთრებით ცენტრალურ დონეზე, არაპროპორციულად დაბალი რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის კარგი თანამშრომლობა და დიალოგია, განსხვავებული რწმენის საფუძველზე წარმოშობილი დაძაბულობა და კონფლიქტები რიგ რეგიონებში გაცილებით გახშირდა“, ნათქვამია ანგარიში. „აღინიშნება სიძულვილის ენის ზრდა რელიგიური და ეროვნული უმცირესობების მიმართ, რაზეც ხშირად ადეკვატური რეაგირება არ ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.“ დასრულებული გამოძიებების ძალიან მცირე რაოდენობა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებზე  სისხლის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც არსებული ინფორმაცია დომინანტი რელიგიის სასარგებლოდ გამოჩენილი მიკერძოებულობის შესახებ, ძირს უთხრის პოლიციის მიმართ ნდობას და სულ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებში.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სკოლებში მართმადიდებლური რელიგიის ღვთისმსახურების დანერგვამ, რომელსაც ხშირად თან ახლავს შეუწყნარებელი დამოკიდებულება მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, შეიძლება გამოიწვიოს იმ მოსწავლეების გაუცხოება და დამცირება, რომლებიც სხვადასხვა აღმსარებლობის ეროვნულ უმცირესობათა  ჯგუფებს მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც სკოლას განსაზღვრავს ნეიტრალურ სივრცედ, სადაც აკრძალულია რელიგიური ინდოქტრინაცია და იძულებითი ასიმილაცია.
რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მრჩეველთა კომიტეტი კვლავ მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, კონსტრუქციული მიდგომით უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების უფლებების, როგორც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების  განუყოფელი ნაწილის დაცვა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  
ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა  2005 წლის დეკემბერში. კონვენცია საქართველოში  ძალაში შევიდა  2006 წლის აპრილში.

ევროპის საბჭოს რეკომენდაცია საქართველოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 14:11

საქართველომ სასამართლო სისტემის გაძლიერება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა განაგრძოს. ასეთია ევროპის საბჭოს ბოლო რეკომენდაცია, რომლის შესახებაც ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი საქართველოში ვიზიტის შემდეგ თავის ანგარიშში წერს. კომისარი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად მოტივირებული ზომების გატარებას ოპოზიციის წევრების მიმართ, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ წინასწარი დაკავების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით. აქვე წერია, რომ საჭიროა მტკიცე ნაბიჯების გადადგმა, რათა გაიზარდოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ასევე მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და მაგალითად მოყვანილია გიგი უგულავას საქმე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა, რაც მოქალაქეების მიერ მათ სახლებთან აქციების გამართვით, შეურაცხყოფითა და მუქარით გამოიხატებოდა. ანგარიშში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი მოხვდა. კომისარი მუიჟნიეკსი წერს, რომ ამ პროცესმა უამრავი კრიტიკული შენიშვნა გამოიწვია. მასთან მოსაუბრეთა უმეტესობა კი ნეგატიურად აფასებდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

პროგრამა HEREIN-ის ვორქშოპი კულტურის სამინისტროში

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 18:28

29 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა ვორქშოფი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზის გამართული მუშაობის შესახებ. ღონისძიება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, პროგრამა HEREIN-ის ფარგლებში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
HEREIN „ევროპის მემკვიდრეობის ქსელი“ ევროპის საბჭოს პროგრამას წარმოადგენს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ მონაცემთა ბაზისა და საინფორმაციო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოდფად შეიქმნა. ამ დროისთვის, პროგრამაში უკვე ჩართულია 42 ქვეყანა.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ HEREIN-ის ეროვნული კოორდნატორები ლატვიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და საქართველოდან, ასევე წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურიდან - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური