ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 მაისი 2016 14:44

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები - ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ.  დელეგაციის წევრები დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი მოახლოებული არჩევნები და  წინასაარჩევნო გარემო, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება იყო. არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად საუბარი შეეხო ამომრჩეველთა სიასაც.  არასამთავრობო ორგანიზაციებთან აუდიენციის დროს ფარული კადრების გავრცელების საქმესა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებაც გამახვილდა ყურადღება.  

ევროსაბჭოს დელეგაცია ეკა ბესელიას შეხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 მაისი 2016 11:11

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები - ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდრებს აგრძელებს. საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემები საარჩევნო სისტემის რეფორმირება და ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ინიცირებული ცვლილებები იქნება. საუბარი ასევე სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების ე.წ. მესამე ტალღასაც შეეხება. შეხვედრის წინ ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პასუხობს და გიორგი პაპუაშვილს კანონპროექტის განხილვაში ჩართვას სთავაზობს. ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები მიზნად სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას არ ისახავს და ის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით იქნა შემუშავებული.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ძალიან თავდაჯერებული, ზომიერი, ინფორმაციულად გაჯერებული და რაც მთავარია მშვიდი და საქმიანი - ლევან ბერძენიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 აპრილი 2016 14:47

ეს იყო ძალიან თავდაჯერებული, ზომიერი, ინფორმაციულად გაჯერებული და რაც მთავარია მშვიდი და საქმიანი გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო იყო, ვინაიდან პრემიერმა ყველა კითხვას გასცა პასუხი. ამის შესახებ „ნიუსდეი საქართველოსთან“ ინტერვიუში ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გ. კვირიკაშვილი არ მოერიდა არცერთ რთულ საკითხს და არ დაიწყო დროის გაყვანა. „იყო ზუსტად ისეთი როგორიც უნდა იყოს ევროპელი ლიდერის გამოსვლა ევროპის საბჭოში. იგი ასევე პატივისცემით იყო გამსჭვალული ოპოზიციის მიმართ, მათ შორის ისეთი კითხვების მიმართ რომელზეც შეიძლებოდა აგდებული დამოკიდებულების გამოვლენა სხვა რომ ყოფილიყო, მაგრამ სერიოზულად მიუდგა საქმეს და შთაბეჭდილება დატოვა როგორც განათლებულმა, ზომიერმა, გაწონასწორებულმა პიროვნებამ, რასაც აქ ევროპაში დიდ ყურადღებას აქცევენ. საქართველოს ამ ეტაპზე ჰყავს პრემიერ-მინისტრი რომელსაც იოლად ვერ გამოიყვანენ მწყობრიდან თუნდაც ისეთი დადგმული კითხვებით, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი მიუჯდებოდა გვერდით ევროპელ დეპუტატებს და ასმევინებდა კითხვებს პოლიტპატიმრებზე, რომელიც არავის არ უღიარებია. ასევე იყო სრულიად უსაქციელო კითხვა სტალინის ძეგლზე რომელზეც თურმე საქართველოში იზრდება პატივისცემა ამ პიროვნების მიმართ, რაზეც მიიღეს ძალიან სერიოზული პასუხი“, - აღნიშნა მან.
ლევან ბერძენიშვილის აზრით, ოპოზიცია გადაიღალა ამ კითხვებში, ვინაიდან გარკვეული გაგებით „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი კითხვები გადავიდა კანდელაკის კითხვებზე და ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმიანი კითხვები არ დაიმებოდა, იმიტომ რომ კანდელაკის კითხვებმა ამოწურა თავისი თავი. „რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად „მეინსტრიმს“, მათ ეს კითხვები საერთოდ არ დაუსვამთ“, - ხაზი გაუსვა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.
ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

პრემიერ-მინისტრი მოწყვეტილია იმ რეალობას, რა რეალობაც დღეს არის საქართველოში, აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 აპრილი 2016 14:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დაადასტურა რომ ის მოწყვეტილია იმ რეალობას, რა რეალობაც დღეს არის საქართველოში. ამის შესახებ „ნიუსდეი საქართველოსთან“ ინტერვიუში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის გამოსვლა ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოსდა ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. მან ხაზი გაუსვა პოლიციის და პროკურატურის დეპოლიტიკიზაციას, ასევე ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებას. „მაშინ როდესაც, როგორც ევროსაბჭოში ასევე ევროკავშირში და ეუთოში მთავარ პრობლემად საქართველოში სახელდება პოლიტიზირებული პროკურატურა, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო, პროცესები ოპოზიციის წინააღმდეგ და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა ხელისუფლების მხრიდან“, - აღნიშნა ჩ. თაქთაქიშვილმა.
როგორც მან დაამატა, სწორედ ამიტომ ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ დეპუტატების კითხვები სწორედ ამ პრობლემურ საკითხებს შეეხებოდა. რაც შეეხება პრემიერის პასუხებს, ბუნებრივია ის დამაჯერებელი არ იყო და საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები თვითონ გააკეთებენ აქედან გამომდინარე სათანადო დასკვნებს. „გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ დახუჭავს თვალს პრობლემებზე, რომელიც შეძლებს გაატაროს რეფორმები სამართალდამცავ სტრუქტურებში და სასამართლო სისტემაში, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში შეიქმნას პოლიტიკისგან და მთავრობების ჩარევისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა ქართველმა დეპუტატმა.
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ ყველა საკითხი რომელიც შეეხებოდა პოლიტიკურ დევნას, ოპოზიციის წარმომადგენლების ციხეში ყოფნას, რუსთავი 2 ის საკითხს, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რომელიც არის რუსული პროპაგანდის და სტალინისტური მოძრაობის წამოწევა საქართველოში, იქნა გაჟღერებული განხილვის ფარგლებში. „პრობლემური ის არის რომ ამ დეპუტატებისთვის პრემიერ-მინისტრის პასუხები დარწმუნებული ვარ ვერ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ასეთი პასუხიც არის პასუხი და უკვე შესაბამის დასკვნებს ისინი გამოიტანენ“.
საქართველოს პარლამენტის წევრი თვლის, რომ ევროსაბჭოში ასეთი ღონისძიებების და ასეთი განხილვების მოწყობა, ეს არის ტრადიცია, პრაქტიკა. პრემიერ-მინისტრი იქნება თუ პრეზიდენტი სხვა ქვეყნის, რაღაც პერიოდში ასევე ყოფილა აქ ჩამოსული და გამოსულან სიტყვით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პრობლემა არის იმაში რომ აქ გამოთქმული კრიტიკა რამდენად იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ გაზიარებული. „ფაქტია ის, რომ იგი არ არის დღევანდელი ხელისუფლების რეალური წარმომადგენელი და ხელისუფლება იმართება ბიძნა ივანიშვილის მხრიდან და სამწუხაროდ დღევანდელი ამ სასარგებლო დისკუსიის და კითხვა-პასუხის შედეგი ვერ აისახება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ“, - დასძინა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებიც, დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად იზეიმებენ-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 16:10

ევროკავშირტან ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა იქნება ის მნიშვნელოვანი რამ, რომელიც საქართველოს ევროპაში დააბრუნებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
„ევროპაში პირდაპირი გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებისათვის ძალიან მოსახერხებელი და ძალიან საამაყო იქნება, რომ შეეძლებენ ევროპის მაშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობას. „ეს არის ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ. პირდაპირი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად”, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს გზას დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ. ახლა უკვე გვაქვს გამოცდილება რეფორმების წარმატებული განხორციელების, ამოცანების დასახვის, მათი ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების კუთხით. ჩვენ ახლახან შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციისთვის დასახული მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს უქმნის ევროკავშირის მასშტაბით დაუბრკოლებლად გადაადგილების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ”ქვეყნის ასეთ აყვავებას” ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებიც დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად იზეიმებენ.
”საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ერთხელ დაუდასტურებს და დაანახებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დადებითია პროევროპული მიდგომა. ეს მათ გაუჩენს უფრო მეტ მოტივაციას ჩვენთან ერთად იზეიმონ ქვეყნის ეს აყვავება”, - ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერმა.


ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

გიორგი კვირიკაშვილი-საქართველო აპირებს მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 15:05

საქართველოში საჭიროა ისეთი მშვიდობიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგებიც რასაკვირველია, წინასწარ არ უნდა იყოს ცნობილი, - ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”მიუხედავად გარკვეული გარე თუ შიდა პრობლემებისა, ჩვენ მაინც წინ მივიწევთ. 2012 წლამდე ხდებოდა რეჟიმების შეცვლა საქართველოში, მაგრამ არა არჩევნების გზით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, თანასწორ გარემოში, ადგილობრივი და საპრეზიდენტო. წელს კი ამას შეავსებს საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგებიც რასაკვირველია პროგნოზირებადი არ უნდა იყოს”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველო ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელებას რამოდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის მათი იმედი გვქონდა ამ მიმართულებით და მეორე, არჩევნები, რომელიც 2016 წელს გაიმართება, უნდა იყოს გამჭვირვალე,სამართლიანი და თანაბარ გარემოში წარმართული. ”ჩვენ გვსურს, რომ თქვენც აღიაროთ შედეგები, იმის მიუხედავად, როგორი იქნება იგი”, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველო ევროპისაკენ მიისწრაფის, აცხადებს საქართველოს პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 14:32

"საქართველომ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს, გარდა ევროპისკენ სიარულისა, ვინაიდან უკან დასაბრუნებელ გზაზე გადებული ხიდები დამწვარია". ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხო არჩევნების, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეისათვის არსებულ ვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. ასევე ცხინვალის რეგიონში შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების საითხზე. „ევროპის საბჭოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 13:36

სტრასბურგში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის შეხვდა. პირისპირ შეხვედრა დაახლოებით 30 წთ გრძელდებოდა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრემიერმა პედრო აგრამუნტსმადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რათა ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მეტი იცოდნენ იმ მიღწევების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს. მნიშვნელოვანი იქნება იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც შესაძლოა, დაისვას. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, მართლმსაჯულების რეფორმისა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესების, ასევე, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარული მდგომარეობასა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ევროპელ მეგობრებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 22 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში, თედო ჯაფარიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ოფიციალური მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 13:07

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი აღინიშნება ევროპელი მეგობრების გარემოცვაში და ევროპის საბჭოს შენობაში, რომელიც ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.
პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან უცხადებენ საქართველოს, იმ უმძიმესი წლების ჩათვლით, როდესაც უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება.

„გამოვთქვამთ გულწრფელ იმედს, რომ ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა არამარტო გაგრძელდება, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება.
ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორობის, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და კულტურის წყალობით, საქართველო იქცა დინამიკურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან ერთად შესვა იმ ღირებულებებისა და პრინციპების სადღეგრძელო, რომლებიც ყველა ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველოს პრემიერმა ხელმოწერა გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლემენტო ასამბლეის „ოქროს წიგნში“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 12:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს 10 სთ-თვის ევროპის საბჭოს საპარლემენტო ასამბლეაში მოვიდა. ევროსაბჭოში მას დახვდა ევროპის საბჭოს საპარლემენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი.
შემოსვლისთანავე საქართველოს პრემიერმა ხელმოწერა გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლემენტო ასამბლეის „ოქროს წიგნში“, სადაც მოწვეული სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირები, ჩვეულებრისამებრ წიგნში თავის ხელმოწერას აფიქსირებენ.
ამის შემდეგ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროსაბჭოს საპარლემენტო ასამბლეის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე გიორგი კვირიკაშვილი და პედრო აგრამუნტი პრესისათვის განცხადებას გააკეთებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლემენტო ასამბლაში 12 სთ-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 22 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში, თედო ჯაფარიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური