ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროექტების შუალედურ შედეგებს წარადგენენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:54

სტრასბურგი/თბილისი, 24 ოქტომბერი 2016 – პარასკევს, 28 ოქტომბერს ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას წარუდგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედურ შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში არსებულ რვა პროექტს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს" (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს ევროპის საბჭო. საქართველოში განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან ბ-ნი კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბ-ნი იანოშ ჰერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი თეა მაისურაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქ-ნი ინგა კუბეცია - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ქ-ნი ევა კონეჩნა - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატში. ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ შესვენების განმავლობაში.

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტის ბოლრუმში, მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #13, თბილისი 0108, საქართველო. პროექტების პრეზენტაციის ნაწილი მედიისთვის ღია იქნება 10:00-დან 10:30 საათამდე. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონფერენციაზე დასასწრებად, სავალდებულოა მედიის წარმომადგენლებმა გაიარონ წინასწარი აკრედიტაცია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომელთან ქ-ნ ქეთევან სახელაშვილთან (JLIB_HTML_CLOAKING ან ტელ: +995 322913870/71/72/73)

ზოგადი ინფორმაცია:

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://eap-pcf-eu.coe.int

დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 16:47

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საქმიან სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო პერიოდზე, მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ: საქართველოს პარლამენტის ფრაქციების წარმომადგენლებთან; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან; შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.

პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 13:28

ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით, - ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა.
საუბრის ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პედრო აგრამუნტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რაც საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ღრმა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს.
ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, ჩაატაროს საუკეთესო, დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზანს ემსახურება მათ შორის ის ნაბიჯიც, რომ ხელისუფლება, არჩევნებზე დასაკვირვებლად, სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ კომპლექსურ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობამ, 2012 წლიდან დღემდე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით განახორციელა და აღნიშნა, რომ ამაზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს.
შეხვედრისას საუბარი, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხო. ამ კონტექსტში მხარეებმა ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 ივნისი 2016 10:21

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ დებუტატებს საპარლამენტო იმუნინეტის თემაზე და საქართველოში ამ მხრივ განხორციელებულ ცვლილებებზე სიტყვით მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში იმუნიტეტი იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მასზე პოლიტიკური ზემოქმედების შესაძლებლობის შემცირებას ემსახურება.

„ჩვენი სახელმწიფოების კონსტიტუციური პრაქტიკისა და მარეგულირებელი ნორმების ანალიზის საფუძველზე, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭირო სტანდარტის კიდევ უფრო დასახვეწად აუცილებელია მოხდეს აზრთა გაცვლა“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

„დოკუმენტში საუბარია, რომ 2014 წლის აპრილში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება პარლამენტის ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენდა და მისი იმუნიტეტის შესუსტებაზე ორიენტირდებოდა. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ზემოთქმული შესწორებები ერთადერთ მიზანს - კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურებოდა“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, სადეპუტატო იმუნიტეტის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო.

„მეტი კონკრეტიზაციისთვის გეტყვით, რომ 2004 წლის აპრილში, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა სადეპუტატო იმუნიტეტის ის კომპონენტი, რაც პარლამენტის წევრის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, პარლამენტის წინასწარი თანხმობის ვალდებულებას ეხებოდა. მაშინ ანალოგიური ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაშიც განხორციელდა. თუმცა, მოგვიანებით, 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, კონსტიტუციურ დებულებებთან წინააღმდეგობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩანაწერი კვლავ აღადგინა. აღნიშნული ჩანაწერი საპარლამენტო იმუნიტეტის იმგვარ ფარგლებს ადგენდა, როგორიც კონსტიტუციაში უკვე აღარ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო კოლიზიას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, მოყვანილი რეტროსპექტივა მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების რეალურ მოტივაციას 2014 წლის შესწორებების განხორციელებისას.

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, საქართველო აღარ არის ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები ნებისმიერი მოქალაქის და მით უმეტეს, დეპუტატის დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

„ჩვენ დღეს ვაშენებთ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელშიც დაცული და გარანტირებულია ადამიანის უფლებები.

მინდა შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის მხოლოდ პრივილეგია და არც ერთგვარი ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. პირიქით, ჩვენ ჩვენი სტატუსი გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, რომ ვიყოთ განსაკუთრებით კანონმორჩილი, სამაგალითო მოქალაქეები!“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თბილისში რეგიონული კონფერენცია თემაზე „სიძულვილის ენა მედიაში“ ჩატარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 23:58

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ რეგიონულმა კონფერენციამ თემაზე „სიძულვილის ენა მედიაში“ წარმატებით ჩაიარა და იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი სახის ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოსთან“ საუბარში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების ოფიცერმა მამუკა ანდღულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის თემები, რომლებიც განიხილეს ძალიან აქტუალურია და განსაკუთრებით აქტუალურია კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებში მომუშავე ჟურნალისტებისათვის. „ასეთი სახის კონფერენციებზე ხდება აზრთა გაზიარება, საკუთარ მაგალითებზე დასკვნების გაკეთება. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მედიის სფეროში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“, - აღნიშნა მამუკა ანდღულაძემ.
20-21 ივნისს თბილისში სასტუმრო „რედისონ ივერიაში“ ევროპის საბჭოს თბილისის ოფისმა გამართა რეგიონული კონფერენცია თემაზე „სიძულვილის ენა მედიაში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და მოლდოვას (აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამა) მედია სექტორის წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ექსპერტები.
რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში წამყვანმა ევროპელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე საუკეთესო ევროპული გამოცდილება, თუ როგორ მოხდეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ დაპირისპირება. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ბოლო კვლევების ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც მათ შორის მედიაში რასიზმის თუ შეუწყნარებლობის გამოხატულებას შეეხება. აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის მედიის წარმომადგენლებმა ექსპერტებსა და კოლეგებს გააცნეს როგორც თავის ქვეყანაში ასევე რეგიონში მედია-სექტორში მიმდინარე მოველენები და პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია სიულვილის ენასთან.
კონფერენციის დასარულს, კოფერენციაში მონაწილეებმა მიმოიხილეს მედია ორგანიზაციებისათვის არსებულ საკანომდებლო და ეთიკის ნორმები.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალიზმის გაძლიერება რეგიონალური თვითრეგულაციის ორგანოს ქსელის მხარდაჭერის გზის“ ფარგლებში.
პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის თვითრეგულაციის ორგანოებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის ინფორმაციისა და გამოცდილების რეგულარული გაზიარების უზრუნველყოფა, რათა გაუმჯობესდეს მათი ხილვადობა, მნიშვნელობა და ეფექტურობა.
პროექტი ასევე მიზნად ისახავს ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული ტრანსასაზრვრო სასარჩელო მექანიზმის გაუმჯობესებას და რეგიონალური თვითრეგულაციის ქსელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას.


ავთანდილ ოთინაშვილი

საერთაშორისო კონფერენცია დამოუკიდებელი, კვალიფიციური და ეთიკური ადვოკატის პროფესიისათვის

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 21:51

2016 წლის 20-21 ივნისს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ. კონფერენციას დაესწრება ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოსთან (CCBE) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
კონფერენციას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: ზაზა ხატიაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, შტეფენ შთორქი - ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, და ირაკლი ბურდული - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი.
კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ადვოკატების საერთო გამოწვევებზე და მიმოიხილავენ ადვოკატთა საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყანაში. კონფერენციის დასასრულს შედგება ადვოკატთა მიერ შემუშავებული ერთობლივი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდება, როგორც რეკომენდაციების კრებული ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებებისათვის. ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მონაწილე ქვეყნებში.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვედა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 მაისი 2016 14:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დანიელ მიტოვს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს უმაღლეს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილების გამო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მიუთითებს და რუსეთის ფედერაციას პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების, ისე საკუთრებისა და ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების კუთხით.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა აქტუალურად იყოს წამოწეული - განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არცერთ საერთაშოისო ორგანიზაციას ეძლევა ადგილზე შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა. მისი მიზანია გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ევროსაბჭოს დელეგაციის მიერ აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროპის საბჭოს საქართველოსთვის დამტკიცებული წინა სამოქმედო გეგმა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას, მედიის მდგომარეობას და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.

დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 მაისი 2016 10:33

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების -ბორის სილევიჩის და კერსტინ ლუნდგრენის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. 

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით უახლოეს მომავალში ისარგებლოს. საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე, მის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები და ქვეყანაში არსებული მედიაგარემო მიმოხილეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

კვირიკაშვილი ევროსაბჭოს კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 მაისი 2016 11:18

პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევის საკითხებს. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსთვის ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დადგენილება, პირდაპირ აკისრებს იმ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ფაქტიურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის ფედერაციას ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, ქართულ ენაზე, როგორც განათლების მიღების კუთხით, ასევე საკუთრების უფლებები, ასევე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლება და ა.შ. რაც ვფიქრობთ, რომ ასევე ძალიან  მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, კიდევ ერთხელ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხით,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ევროსაბჭოს დელეგაცია არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 მაისი 2016 16:47

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები - ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი მოახლოებული არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იყო. საუბარი შეეხო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლასა და ამომრჩეველთა სიების საკითხს. დღესვე დელეგაციის წევრები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური