საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 აპრილი 2019 13:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.  საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 9-10 აპრილს შედგება.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. ასევე, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.

საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

 ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 აპრილი 2019 14:00

8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს.

სესია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ მიუხედევად პრობლემებისა, დღეისათვის ევროპა ისევ ასრულებს მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული სახლის დემოკრატიული მიღწევები და ერთად ბევრი უნდა უნდა ვიმუშაოთ, რათა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ეს მიღწევები“, - აღნიშნა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 12 აპრილამდე გაგრძელდება, სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მამუკა ბახტაძის გამოსვლა 10 აპრილს არის დაგეგმილი, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა კი 11 აპრილს გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. „როგორც ცნობილია, წელს ევროპის საბჭო აღნიშნავს დაარსების 70 წლის, ხოლო საქართველო - ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. ამ ორგანიზაციამ ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

 ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018 13:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა. 

მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ღონისძიების თბილისში ჩატარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უძველესი ცივილიზაციისა და კულტურული მრავალფეროვნების მქონე ქვეყანაა და ამავე დროს, განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით.

„საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი სისტემის თვალსაზრისით ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე კი ჩვენი ერთგული მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთან თანამშრომლობაც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 1999 წლიდან დღემდე, თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა და მოიცვა  ყველა მიმართულება, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის სფერო. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს მხრიდან  ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სპორტის სფეროს  სპორტული მნიშვნელობის გარდა, სხვა დატვირთვაც მიენიჭა და დღის წესრიგში დადგა ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ძალადობის, რასიზმის, დისკრიმინაციის, დოპინგის, გარიგებული თამაშებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.

„სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან საქართველოს ინიციატივით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შემუშავდა სპორტის სამყაროსთვის უპრეცედენტო დოკუმენტი - საერთაშორისო დეკლარაცია - თბილისის დეკლარაცია  ადამიანის უფლებებსა და სპორტზე. ამასთან, შემუშავდა საერთაშორისო რეზოლუციები სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. დღეს, 21-ე საუკუნეში სპორტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პირდაპირ თუ ირიბად, სპორტის სფერო უფრო და უფრო უახლოვდება საზოგადოების ცნობიერებასა და ყოველდღიურობას. მას, როგორც უნივერსალურ საშუალებას, ენიჭება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობაც. არაერთი კვლევის შედეგი კი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი ხდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური კორპორაციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად ზრდიან თავიანთ კონტრიბუციებს სპორტის სფეროში და მათ შორისაა საქართველო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენცია, ისევე, როგორც შემდგომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრები, გამოიღებს ნაყოფიერ შედეგს და ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა სამომავლოდ აისახება თითოეული სახელწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე. ამდენად მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონფერენციის საქართველოში ჩატარება საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, თავისი წვლილი შეიტანოს  საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებაში.  ნება მომეცით, აქვე აღვნიშნო  კონფერენციის თარიღის სიმბოლური მნიშვნელობა, - საქართველო წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100  წლის იუბილეს  აღნიშნავს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპის საბჭოს, ევროპულ კომისიას და ევროკავშირის თითოეულ ინსტიტუტს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ერთიანი ევროპული საზოგადოების კეთილდღეობისათვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ეწვივნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები (სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი - 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

მამუკა ბახტაძემ და კრისტიან ურსემ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ივლისი 2018 14:55

2018-07-27

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა სრულად უჭერს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას. 

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომლითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტების განხორციელებას. 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომლის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა შემოდგომაზე თბილისში იგეგმება. 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების მიზნით სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:02

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

„არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

„საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

 

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 ნოემბერი 2017 18:28

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროპის საბჭომ წარმოადგინეს 2015-2017 წლებში განხორციელებული რვა ერთობლივი პროექტის შედეგები, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% ევროკავშირმა დააფინანსა, ხოლო 10% - ევროპის საბჭომ. პროექტები ევროპის საბჭომ განახორციელა.

ქვეყნის სპეციფიკაზე მორგებულმა პროექტებმა ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერებას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლებას; ინტერნეტის თავისუფლების დაცვას; ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.

“მსგავსი პროექტები და ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში გასატარებელი რეფორმებისათვის, განსაკუთრებით, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის,” - აღნიშნა დავით ზანკალიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ განაცხადა: "დღეს ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სამწლიან მჭიდრო თანამშრომლობას და შედეგები ძალიან პოზიტიურია. „პარტნიორობამ კარგი მმართველობისთვის“ საშუალება მისცა ევროპის საბჭოს და ევროკავშირს, ეთანამშრომლა რიგ ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამინისტროებსა და საჯარო დაწესებულებებთან, მედიასა და იურისტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შედეგად, გაფართოვდა ქართველ პარტნიორთა შესაძლებლობები, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა, ბევრ სფეროში გაძლიერდა დემოკრატია და კანონის უზენაესობა.” ბატონმა ურსემ ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და სხვა მხარეებთან.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსმა,  ვინსენტ რეიმ დასძინა: „ეს პროექტები და თანამშრომლობა ეფუძნება ჩვენს საერთო მიზანს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამის ევროპულ ფასეულობათა დამკვიდრებას. ჩვენ უკვე დავდეთ ხელშესახები შედეგები რვა სფეროში - დაწყებული ციხეებში გაუმჯობესებული ჯანდაცვით და დამთავრებული სამართლის სფეროს სპეციალისტების ტრენინგებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, მედიის სფეროს რეგულაციაზე პასუხისმგებელი პირების ტრენინგების ჩათვლით.“

პროექტების შედეგების მიხედვით:

  • 1300-ზე მეტმა იურისტმა (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი) გაიღრმავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დებულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა;
  • განახლდა ელექტრონული საგამოცდო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ელექტრონულად ჩატარებას და შედეგების ავტომატურ შეფასებას;
  • 100-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოლონ კულტურულ და გენდერულ სტერეოტიპებს და როგორი პასუხისმგებლობით გააშუქონ წინასაარჩევნო კამპანია, ასევე რეგიონული მაუწყებლობების მისიასა და როლზე;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს გაეწიათ საექსპერტო დახმარება სტრატეგიების შემუშავებაში, კერძოდ, ციხეებში ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისა და პენიტენციურ სისტემაში კრიზისების მართვის კუთხით;
  • სამართლებრივი მხარდაჭერა გაეწია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2017 წლის სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებს;
  • ჩატარდა ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამი სესია;
  • მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რაც 2018 წელსაც გაგრძელდება, როდესაც დასრულდება ეროვნული მექანიზმის შემუშავების რისკების შეფასება.

2014 წლის აპრილში, ევროკავშირი და ევროპის საბჭო შეთანხმდნენ მიზანმიმართულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებთან, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მათი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. 8 ადგილობრივი პროექტის გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობს 14 რეგიონულ პროექტში.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://partnership-governance-eu.coe.int

სტრასბურგში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:32

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს შენობაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 

დამსწრეებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორბიორნ იაგლანდმა მიმართეს.

„ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ევროპული კონვენციის ხელმოწერიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად გამოიფინა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისა და მაღალი რანგის შეხვედრების გამართვის პარალელურად, ქართველი დეპუტატები კულტურულ ღონისძიებებსაც მასპინძლობენ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 15:54

2017 წლის 11 იანვარს ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების ინსტრუმენტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრნენ იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, საერთო სასამართლოების, პროკურატურის, სახალხო დამცველის ოფისის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები.
წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ქვეყანაში არსებული აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლისთვის და გვთავაზობს წინასწარი პატიმრობის შესაფასებლად საჭირო რჩევებსა და მეთოდოლოგიებს; გამოავლენს მის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას.
„ევროპის საბჭო გამოხატავს სრულ მზადყოფნას რათა დაეხმაროს საქართველოს წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემების ხასიათისა და სიღრმის განისაზღვრაში. სწორედ ამ მიზნით მომზადდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების
ინსტრუმენტი. ეს არის პირველი მცდელობა, რომ მოხდეს სისტემური მიდგომა არსებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის, რათა შეიქმნას ობიექტური და ყოვლისმომცველი სურათი წინასწარი პატიმრობის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში“, განაცხადა კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია წინასწარი პატიმრობის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენების ევროპული კონცეფციის შესახებ. ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები პატიმრობასა და წინასწარ პატიმრობასთან მიმართებაში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) პრეცედენტული სამართლის შესახებ.
პრეზენტაცია ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში.

სახალხო დამცველის შეხვედრები ევროპის საბჭოში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:35

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის და ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის და ევროსაბჭოს სხვა წარმომადგენლებთან. 

საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა; ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ სხვა გამოწვევებზე.

შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე წელს 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილ კომუნიკაციაზე, რომელიც უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილებების აღსრულებას. აღსანიშნავია, რომ ეს კომუნიკაცია სახალხო დამცველმა პირველად წარადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე.

კომუნიკაცია კონკრეტულად ეხება ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების (ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ; მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ) აღსრულების მდგომარეობასა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების კუთხით საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ სისტემურ/სტრუქტურულ  ხარვეზებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს უალტერნატივო პირობას იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ კეთილსინდისიერად შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი.

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.

"ჰუალინგ. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" "საქართველო-ევროპის საბჭოს" წევრი გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 11:28

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ "ჰუალინგ. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" (თიზ) "საქართველო-ევროპის საბჭოს" წევრი გახდა.

ქუთაისის თიზ-ი არის გადასახადებისგან თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც კომპანიები 100% -ით თავისუფლდებიან: დღგ-ს, მოგების, დივიდენდის, ქონების და იმპორტ/ექსპორტის გადასახადებისგან. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას გააჩნია ძალიან ხელსაყრელი ადგილმდებარეობა. ის მდებარეობს ფოთის პორტიდან 90 კმ-ში, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან -19 კმ-ში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური