პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 ივნისი 2020 14:17

დღეს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით. "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას:

"გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას", - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

სტრასბურგში ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 12:24

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკის მთავარი სამიზნე რუსეთის დელეგაცია წარმოადგენდა, რომელსაც ყირიმის ანექსიის გამო შეწყვეტილი უფლებამოსილება შარშან ზაფხულის სესიაზე დიდი ძალისხმევის შედეგად აღუდგინეს.

რუსეთის დელეგაციის საკითხი ორჯერ დადგა დღის წესრიგში - როგორც არსებით, ასევე პროცედურულ საფუძველზე. ამ მხრივ ლატვიელი და ლიეტუველი დელეგატები აქტიურობდნენ, რომელთაც სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის საქართველომაც.

არსებით საკითხში ფიგურირებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სიტუაცია და, ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ბალანსი საერთაშორისო და შიდა სამართალს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, აქ  საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებში ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.

საბოლოოდ, ამ საკითხზე მსჯელობა გადაიდო.

საპასუხოდ, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი პიოტრ ტოლსტოი იმუქრება, რომ თუ საბოლოოდ მათ უფლებამოსილებას მაინც შეუჩერებენ, მისი ქვეყანა ევროსაბჭოს საერთოდ დატოვებს. სხვათაშორის, თავის დროზე ამ მუქარამ გაჭრა, გარკვეულწილად იმის გამო, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური კონტრიბუტორია, ნაწილობრივ კი აქ თავისი როლი ლობისტურმა სამუშაომაც შეასრულა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათ უმრავლესობას კრიტიკა გენდერული ბალანსის დარღვევისთვის დაატყდათ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ ქვეყნების სიაში შვედეთიც მოხვდა, ამ მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. სხვა ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო და შვეიცარია.

კიდევ ორი ქვეყნის - მოლდოვისა და ესპანეთის - საკითხი პოლიტიკური ბალანსის დარღვევისთვის დააყენეს.

 

მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 აპრილი 2019 13:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისა და თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ საიუბილეო თარიღი ახლოვდება ევროპის საბჭოსთვისაც, რომელსაც 70 წელი უსრულდება.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ქვეყანა ამ კურსის ერთგულია.

ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლაზე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

“ევროპული საქართველოს” წევრი გ. კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერის გამოსვლას უარყოფითად აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აპრილი 2019 13:36

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცის წევრი “ევროპული საქართველოდან” გიორგი კანდელაკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის ლიდერმა მთავარი მოთხოვნა არ გააჟღერა.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პრემიერმა კი ისაუბრა ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ არ უთხოვია მთავარი, რომ ჩვენი ოკუპაციის და დევნილთა საკითხი მოხვდეს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების მოთხოვნებში და რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე. ანუ გამოდის რომ ამას საქართველო არ ითხოვს და თუ არ ითხოვს რატომ მიიღებს? რაც შეეხება კითხვა-პასუხს, უბრალოდ ნახეთ ჩანაწერი (იმედია, პრემიერის პრეს-სამსახური თავად დადებს და არ დამალავს) და თავად შეაფასეთ. პრემიერ-მინისტრის პასუხების შემხედვარე ხმების მოსყიდვაზე, სასამართლოზე და სხვა მწვავე კითხვებზე მთელ დარბაზში უხერხული მომენტები ხშირად იყო”, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

როგორც ცნობილია, 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობდა. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

 

 

თუ რუსეთი არ გადაიხდის დაგროვილ ვალს, ივლისის თვიდან ამოქმედდება ე.წ. სარეზერვო გეგმა - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 აპრილი 2019 15:49

9 აპრილს სტრასბურგში მუშაობა გააგრძელა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ.

დღის წესრიგის თანახმად, ასამბლეაზე დებატების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპის საბჭოს ფინანსური კრიზისია, რომელიც შეიქმნა რუსეთის საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე არ დასწრების გამო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიზე, დრევანდელ სხდომაზე მოისმინეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტურბიორნ იაგლანდის მოხსენება და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის დუნია მიატოვიჩის გამოსვლა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა ტურბიორნ იაგლანდმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ, თუკი რუსეთის დელეგაცია ივნისამდე არ დაბრუნდება საპარლამენტო ასამბლეაზე და არ გადაიხდის დაგროვილ ვალს, ივლისის თვიდან ამოქმედდება ე.წ. სარეზერვო გეგმა. „სამწუხაროდ დღეისათვის ძალიან მძიმე ფინანსური სიტუაციაა შექმნილი და თუ რუსეთის დელეგაცია არ დაიწყებს თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, მაშინ რუსეთს შეიძლება ჩამოერთვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული წარმომადგენლობითი უფლება“, - დასძინა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

როგორც ცნობილია 2017 წლიდან რუსეთმა შეწყვიტა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევროს გადახდა. დღევანდელი მონაცემებით, დავალიანება დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს. მთლიანობაში რუსეთის წილი საწევრო შენატანებში წლიური ბრუნვის  11 პროცენტს (დაახლოებით 30 მილიონი ევრო) შეადგენს.

მომდევნო დღეებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიზე ასევე განიხილავენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე დააფიქსირებ თავის პოზიციას ევროკავშირის ახლადშექმნილი მექანიზმის დემოკრატიის, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც დღეისათვის საქართველოს წინაშე დგას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 14:31

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ. ამის შესახებ ნათქვამია ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კერძოდ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებები გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში შესაფასებლად იქამდე, ვიდრე მას პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის მნიშვნელოვანი როლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მომდევნო რამდენიმე დღეში ვენეციის კომისიისთვის შეფასების თხოვნით მიმართვის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა ექნება შეიმუშავოს მოსაზრება ივნისში დაგეგმილ პლენარულ სესიაზე, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია საბოლოო მოსმენით კანონში შესატან ცვლილებების დამტკიცების დროს", - აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შეცვლის საკითხზეც.
„როგორც ამ დრომდე განვაცხადეთ, 2007 წლის შემდეგ მმართველმა უმრავლესობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, რაც პოლიტიკური დაძაბულობის მუდმივი მიზეზი გახდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წავიდეს ახლა დათმობაზე, იმისათვის რომ თავიდან აიცილონ ის, რომ ეს პრობლემა 2020 წლის არჩევნების დროსაც აღარ წარმოიშვას“, - ხაზს უსვამენ თანამომხსენებლები.
მათ ასევე მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავონ ნებისმიერი იმ ქმედებისგან, რაც ნეგატიურად აისახება მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. „2012 წლის არჩევნებით საქართველო რეგიონში სამაგალითო გახდა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც უნდა შენარჩუნდეს“, - მიაჩნიათ მათ.
საქართველოში ვიზიტისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უმცირესობების თემაზე რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდნენ. მათ მოუწოდეს მთავრობას გააგრძელოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გააძლიეროს საზოგადოებაში უმცირესობებისთვის ტოლერანტული გარემო.
თანამომხსენებლები საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ ეწვევიან, რათა შეაფასონ და დააკვირდნენ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში იმყოფებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 მაისი 2016 14:13

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები - ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი დღეს საქართველოს ესტუმრენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ავრცელებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტის მიზანს საქართველოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი და სიტუაციური ანალიზი წარმოადგენს.
თბილისში ვიზიტის დროს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს, სახალხო დამცველსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდებიან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართულ დელეგაციასთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში 5 მაისამდე გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური