მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს - მიხეილ ბატიაშვილი

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 10 მაისი 2019 14:53

 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპის დღეების ფარგლებში კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფელიქს ჰეტი, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე უძღვებოდნენ.

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ყველა დიდი და მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიმავალი გზა განათლებაზე გადის. დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაც სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული. სწორედ სკოლა - სასკოლო საზოგადოება და, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი აყალიბებს მოსწავლეში იმ ორიენტირს, რომელმაც შემდეგ მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საგნის სწავლების პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს. ჩვენმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები და ფასეულობები, უნდა აანალიზებდნენ, რატომ აირჩია ჩვენმა ქვეყანამ გზა ევროპისკენ” - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“, “ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობს გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 150 პედაგოგი თბილისიდან და რეგიონებიდან. მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

ორდღიანი კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები სთავაზობს მათ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები და ვორკშოფები პედაგოგებისთვის.

კონფერენციის მონაწილე პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარმოდგინეს. სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა - გამოვლინდა 10 გამარჯვებული პედაგოგი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის. კურსს ესტონეთის საელჩო დააფინანსებს.
პროექტი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს

ევროპის დღეების ფარგლებში, სემინარი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 მაისი 2019 13:02

„ჩვენს პედაგოგებს, ჩვენი განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზნის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევაში. ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, პარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში და მთავრობის პროგრამაშია ასახული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციაა და მთელი საზოგადოება ამ მიზნის გარშემოა კონსოლიდირებული.“ - მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სემინარის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეებს.
 
„სიმბოლურია, რომ ეს სემინარი ემთხვევა საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვან თარიღს: წელს სრულდება ხუთი წელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან და ათი წელი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში გაწევრიანების შემდეგ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და ეს ის შეფასებაა, რომელსაც ხშირად ვისმენთ ევროპელი პარტნიორების მხრიდან და რაც ასახულია ევროკავშირისა და ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა დეკლარაციაში და გადაწყვეტილებაში. საგანგებოდ საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან ინიცირებულია უპრეცედენტო ფორმატები, მათ შორის, უმაღლესი დონის დიალოგი. აღსანიშნავია ჩვენი ამბიციური გეგმა, რაც ასახულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებულ პროექტში, „საგზაო რუკა ევროპისკენ“, რომეილც ითვალისწი­­­­ნებს ქვეყნის ფუნქციონალურ მომზადებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამის რეალიზაცია უკვე ხდება, რისი დასტურიცაა საქართველოს განათლების ხარისხის ევროპულ ცენტრში გაერთიანება, საქართველოს დიპლომების აღიარება. გადავდგამთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროკავშირის ყველა პროგრამასა და სააგენტოში, რაც თანდათანობით გვაახლოებს საბოლოო მიზანთან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სემინარის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გაიმართა, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და    სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სემინარის მუშაობაში მონაწილობას მიიღებს   150-მდე მასწავლებელი დედაქალაქიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.
 
პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და„აღმოსავლეთ პარტნიორობის  ესტონური ცენტრის“  ფინანსური მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.
 
„ევროპის დღეები 2019“  5 მაისს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 09 მაისი 2016 16:48

ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.

კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ია თიკანაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.

სემინარში მონაწილეობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაცია აპრილის თვეში გამოაცხადა, რომლის შედეგადაც თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 110 პედაგოგი შეირჩა. აღნიშნულმა პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარადგინეს. კონფერენციაზე გამოვლინდა პროექტის 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის.

პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური