ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი EBRD-ს პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 17:01

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის, რომელიც ბანკის დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

აღსანიშნავია, რომ EBRD-ს პრეზიდენტის რანგში ეს მისი მეოთხე ვიზიტია ქვეყანაში.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში და მაღალი შეფასება მისცა ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.

თავის მხრივ, EBRD-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან ბანკის წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას და აღნიშნა, რომ EBRD კვლავ გააგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმატორია. 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის საქმიანობა, EBRD-ს მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლო პროექტები ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტებთან დაახლოების გზით.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ს განსაკუთრებულ წვლილს ინვესტორთა საბჭოს მუშაობაში, რომლის მიზანია, ქვეყანაში საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები. ასევე, 2017 წელს პირველად, გამოვიდა EBRD-ს ლარით დენომინირებული ევრობონდები.

განხილულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. 

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ნაყოფიერი იქნება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. 

ამ დროისთვის, ბანკის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს, დაახლოებით, 3.2 მილიარდ ევროს.

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის საბჭოს ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხის აქტუალობა და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაც ორგანიზაციში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღება.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. 

მდგრადი მედია: დამოუკიდებლობის მთავარი პირობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მაისი 2018 09:29

3 მაისს მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს . ეს დღე იმ ფაქტს გვახსენებს, რომ თავისუფალი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია, გვახსენებს მედია პლურალიზმის მნიშვნელობას, ობიექტური, ხარისხიანი, ეთიკური ჟურნალისტიკის როლს მოქალაქეთა ინფორმირების, მათი ინტერესების დაცვის და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში.

ჩვენ ბევრი რამ გვსმენია დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა დამოუკიდებლობის რეალური არსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ვიცით, რას ნიშნავს დამოუკიდებელი აზრი, ვიცით იმ ჟურნალისტების შესახებ, რომლებიც პრობლემებს იკვლევენ და ხშირად უშუალო საფრთხის პირისპირ დგანან; მაგრამ გაცილებით ნაკლებად ვიცნობთ მედია-მენეჯერების საქმიანობას, რომლებიც ოფისებში მუშაობენ და უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის ეთერში გასვლას ან გამოქვეყნებას ასევე, არაფერი ვიცით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელფასების და მომწოდებელთა ანაზღაურების გაცემა.

ეს ის საკითხია, რომლის შესახებ ევროკავშირი კარგად არის ინფორმირებული. „საფრთხეები, რომლებიც თავისუფალ ჟურნალისტიკას ემუქრება, კომპლექსურია“, აღნიშნა ევროპული სამეზობლოს კომისარმა იოჰანეს ჰანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენციაზე გასული წლის სექტემბერში: „პირადი ინტერესები და კონცენტრირებული მედია-მფლობელობა ხშირად ართულებს დამოუკიდებელი მედიის არსებობას“, აღნიშნა ასევე ევროკომისარმა და ხაზი გაუსვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია „გზების ძიება მედიის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად“.

„კონტენტსა და ჟურნალისტიკას უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ადგილობრივ მედიას მდგრადობის მისაღწევად მეტი დახმარება სჭირდება“, ამტკიცებს ვესელინ ვაჩკოვი, ჩეხეთის უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ყოველდღიური გაზეთის, Lidové noviny, დირექტორი. ვაჩკოვი მუშაობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღია მედია ჰაბის პროექტში და უძღვებოდა მედია მენეჯმენტის სემინარების და მასტერ-კლასების სერიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად საორგანიზაციო და ფინანსური მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესებაზე და ბეჭდვითი და ონლაინ მედიიდან შემოსავლების მაქსიმალურ ზრდაზე იყო ორიენტირებული.

ვაჩკოვი ამბობს, რომ მედია საშუალებები, რომლებთანაც ის საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მუშაობდა, იცნობენ ჟურნალისტურ ეთიკას და ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ იყვნენ დაბალანსებული და შექმნან მაღალი ხარისხის მასალა, რომელიც „ევროპულ სტანდარტებსაც კი“ დააკმაყოფილებს.

„მაგრამ თუ სახელმწიფოს, ადგილობრივი მეწარმის ან ოლიგარქის ან თუნდაც ევროკავშირის დაფინანსებაზე ხართ დამოკიდებული, მალე მიხვდებით, რომ არ ხართ ბოლომდე თავისუფალი“.

დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის თვალსაზრისით ფინანსური ზეწოლა შეიძლება გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე პოლიტიკური ზეწოლა, ამბობს არტურ კორგენჩა, კიშინიოვში მდებარე წამყვანი მოლდოვური ტელეარხის PRO TV ახალი ამბების დირექტორი. „ფინანსური დამოუკიდებლობა სარედაქციო დამოუკიდებლობის სინონიმია - მოლდოვის ხელისუფლებას ეს გააზრებული აქვს და ცდილობს დამოუკიდებელი მედიის არსებობას სირთულეები შეუქმნას“, აღნიშნა მან.

გასულ წელს ხელისუფლებამ შემოიღო ახალი წესები, რომლებიც ავალდებულებს სატელევიზიო არხებს ლოკალურ პროგრამირებას დღეში მინიმუმ რვა საათი დაუთმონ, მათგან ექვსი - პრაიმ-თაიმის დროს. „გარდა იმისა, რომ ეს უმძიმესი ფინანსური ტვირთია არხების უმრავლესობისთვის, კიშინიოვის PRO TV-ს ჩათვლით“, ეს ნიშნავდა, რომ სატელევიზიო არხებს არ შეეძლოთ პრაიმ-თაიმის დროს გადაეცათ მაღალრეიტინგული უცხოური პროგრამები, მაგალითად, ფეხბურთი ან ჰოლივუდის ფილმები - „სწორედ ის პროგრამები, რომლებიც იზიდავს რეკლამასდა აქედან გამომდინარე - ფულს“, აღნიშნა კორგენჩამ.

PRO TV-მ მოახერხა თავის გადარჩენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) დახმარებით, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ ორგანიზაციებზე გასცემს გრანტებს. ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსება დაეხმარა სატელევიზიო არხს PRO TV 4 ახალი შოუს მომზადებაში, გასართობი შოუების და ყოველკვირეული პოლიტიკური თოქ-შოუს ‘In PROfunzime’ ჩათვლით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამა გახდა მოლდოვაში.

„ევროპის დემოკრატიის ფონდის საშუალებით შევძელით ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის კვოტის დაკმაყოფილება“ და ამასთანავე უფრო მდგრადი საფუძვლის შექმნა მომავლისათვის, ამბობს კორგენჩა. „ეს შოუები პოპულარულია და მათ მაღალი რეიტინგი აქვს, ამიტომ გვჯერა, რომ ამ პროგრამების საშუალებით მომავალში რეკლამებს მოვიზიდავთ, რთული გარემოებების არსებობის მიუხედავად“.

გარდა ამისა, ევროპის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერა დაეხმარა PRO TV-ს აღნიშნული პროგრამებისთვის გადამღები ჯგუფების ჩამოყალიბებასა და საკუთარი რესურსების შექმნაში. „ამ ჯგუფებს ახლა უკვე აქვთ გამოცდილება იმისათვის, რომ განაგრძონ შოუების წარმოება და მომავალში ახალი სატელევიზიო პროექტები განახორციელონ“, ამბობს კორგენჩა.

მაგრამ ფინანსური ზეწოლა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის არ არის. ფაქტობრივად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიის წინაშე მდგარი პრობლემების უმეტესობა იმ პრობლემების მსგავსია, რომლებმაც უკანასკნელ წლებში მთლიანად მოიცვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მედია სივრცე, ამბობს ვესელინ ვაჩკოვი. აღნიშნულ პრობლემებს შორის ვაჩკოვი ასახელებს ბეჭდური მედიის ტირაჟის შემცირებას, რაც კომპლექსურად გამოიწვია ეკონომიკურმა კრიზისმა, ბეჭდურიდან ციფრულ მედიაზე გადასვლამ და ონლაინ შემოსავლების მიღების სირთულეებმა, ასევე ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების საჭიროებამ და სარეკლამო შემოსავლების შეზღუდვამ.

ვაჩკოვის ტრენინგი მედია მენეჯმენტში, რომელიც ონლაინ კურსის სახითაც არსებობს, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულ პრობლემებსაც მოიცავს. „ჩვენ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, ამბობს ვაჩკოვი. „მონაწილეები ნამდვილად კმაყოფილები არიან მხარდაჭერით, რომელიც მათ უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება“.

წარმატებული მედია ბიზნესის წარმართვა პატარა ბაზარზე თავისთავად გამოწვევაა, ამბობს ლიუდმილა ჩეკინა, ბელარუსის წამყვანი ონლაინ ახალი ამბების პორტალის TUT.BYაღმასრულებელი დირექტორი. პორტალს 50-ზე მეტი სარედაქციო თანამშრომელი ჰყავს, ხოლო მისი მკითხველების რიცხვი ბელარუსის ინტერნეტ-მომხმარებლების საერთო რაოდენობის 42.9%-ს შეადგენს.

„წარმატებული ფინანსური მოდელის დახმარებით დამოუკიდებელ მედია-საშუალებას თავის გადარჩენა შეუძლია“, ამბობს ლიუდმილა ჩეკინა. „გარდა ამისა, გაზრდილი შემოსავალი რეკლამის მსხვილი კორპორატიული დამკვეთებისგან დამოუკიდებლობის საშუალებასაც იძლევა“.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2000 წლის სტარტაპიდან მთავარ ციფრულ მედია-მოთამაშედ იქცა, მისი დამოუკიდებლობა ბრენდის რეკლამის ბაზარზე ბელარუსში და ონლაინ კონკურენციის ზრდა, მათ შორის საერთაშორისო კონკურენციის, იმას ნიშნავდა, რომ ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად TUT.BY საჭიროებდა საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურის შემქნას და საოპერაციო პროცესის გაუმჯობესებას.

ამისათვის, მან მიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განხორციელებულ მცირე ბიზნესის სარეკომენდაციო პროგრამას, რომელმაც TUT.BY საერთაშორისო ბიზნეს-კონსულტანტების ჯგუფთან დააკავშირა. „პროექტი დაეხმარა კომპანიას ეფექტიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, გაუწია რეკომენდაციები ვიდეო სექტორის განვითარებისა და ბიუჯეტის ფორმირებისთვის, ასევე მისცა რამდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რამაც კომპანიის სტრუქტურა შეცვალა“, აღნიშნა ჩეკინამ.

ამის შედეგად შემოსავლები 20%-ით გაიზარდა. „რენტაბელობის ზრდამ, რა თქმა უნდა, თანდათან გაზარდა სარედაქციო ბიუჯეტი და დასაქმებული ჟურნალისტების რაოდენობა. ჩვენი რენტაბელობა საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში გვეხმარება“.

ლუდმილა ჩეკინას სჯერა მომავლის, თუმცა აცნობიერებს დივერსიფიკაციის აუცილებლობას ზრდისათვის: "პატარა ქვეყნებში სარეკლამო მოდელის საფუძველზე მომუშავე მედიისთვის მთავარ პრობლემას შეზღუდული ბაზარი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომშინაარსობრივი პროექტების განვითარება, რომლებიც იძლევა ფართო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას და სხვა ბაზრების წამყვან მომსახურების კომპანიებთან თანამშრომლობას, წარმოადგენს ყველაზე პერსპექტიულ და ეფექტურ სტრატეგიას. "

მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე არის იმის შეხსენება, რომ ინფორმაციის უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელ მედიას ბიზნესის მდგრადი მოდელი სჭირდება.

„მედიის წარმართვა მხოლოდ სტატიების წერა არ არის“, ახსენებს ვესელინ ვაჩკოვი მონაწილეებს მედია მენეჯმენტის სემინარებზე. „მდგრადობა გამოწვევა უფროა, ვიდრე ხარისხი. და რაც უფრო წარმატებულია მედია ეკონომიკურად, მით უფრო მეტია ჩვენი, როგორც ჟურნალისტების, თავისუფლების ხარისხი“.

***

ავტორი: კოსტა ს. პავლოვიჩი (ბი-ბი-სის ყოფილი ჟურნალისტი, თანამშრომლობს Radio France Internationale-თან, გაზეთის Cyprus Mail მთავარი რედაქტორი)

ღია მედია ჰაბი

ღია მედია ჰაბი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მხარს უჭერს მედია პროფესიონალებს ევროკავშირის სამეზობლოს მთელ სივრცეში. პროექტის მედია მენეჯმენტის საქმიანობიდან სამეზობლოს რეგიონში სულ 753 ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის არის 244 ინდივიდუალური მედია მენეჯერი; შერჩეული დამოუკიდებელი მედია-საშუალებებისთვის სამუშაო ადგილებზე მენეჯმენტის განმეორებითი კონსულტაციები ტარდება. მედია ჰაბის ოთხი ონლაინ კურსი, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და არსებობს ასევე რუსულ ენაზე, 350 მომხმარებელმა გაიარა, მათგან 148 მომხმარებელმა - მედია მენეჯმენტის კურსი. www.openmediahub.comwww.openmediahub.com/e-learning

ევროპის დემოკრატიის ფონდი

ევროპის დემოკრატიის ფონდი წარმოადგენს გრანტების გამცემ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიული ცვლილებების განმახორციელებლებს ევროპულ სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ. ის არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ინსტიტუტების ერთობლივი ინიციატივა და იღებს ევროკავშირის დაფინანსებას საკუთარი საოპერაციო ხარჯების დასაფარად. ევროპის დემოკრატიის ფონდი ეხმარება დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოძრაობებს და ცალკეულ აქტივისტებს პლურალისტური მრავალპარტიული სისტემის ხელშემწყობ საქმიანობაში, ამ ორგანიზაციების ზომის და ოფიციალური სტატუსის მიუხედავად; ფონდი ასევე ეხმარება დამოუკიდებელ მედიას და ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ევროპის დემოკრატიის ფონდის მუშაობის ძირითადი სფეროა ევროკავშირის სამეზობლოში. www.democracyendowment.eu

ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი აღნიშნავს 15 წლის საქმიანობას საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 აპრილი 2018 13:07

02.04.2018 2003 წლიდან დღემდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე ბიზნესის საკონსულტაციო გუნდმა განახორციელა 1,150-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად. პროექტების დაახლოებით ნახევარი განხორციელდა დედაქალაქის გარეთ, პროექტების 1/5 განხორციელელდა იმ კომპანიებთან, რომელთაც ქალი მეწარმეები მართავენ.

ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი აკავშირებს ადგილობრივ კონსულტანტებთან და საერთაშორისო მრჩევლებთან მცირე და საშუალო მეწარმეებს ისეთი ინდუსტრიებიდან, როგორიცაა  კვების პროდუქტების წარმოება, საცალო და საბითუმო დისტრიბუცია, სამშენებლო და საინჟინრო საქმიანობა და სხვა.

 მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდის სერვისებით, აქვთ წვდომა ცოდნასა და ნოუ ჰაუსთან, რაც  ხელი უწყობს მათი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ახალი ბიზნეს გარემოსთან ადაპტაციას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ საწარმოებს, რომელთაც სურთ დანერგონ სურსათის და ჰიგიენის ახალი სტანდარტები, გააუმჯობესონ ექსპორტის პოტენციალი და სრულად ისარგებლონ იმ სარგებელით, რაც თან ერთვის თავისუფალ ვაჭრობას მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ბლოკთან-ევროკავშირთან.

"ცოდნასთან და ექსპერტიზასთან წვდომა არის წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენ არაერთ საწარმოსთან ვთანამშრომლობთ და მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, მოვიდნენ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, დანერგონ ეფექტური და ინოვაციური სისტემები, გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, " ამბობს სევერიან ღვინეფაძე, ევრობანკის მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისა და განვითარების გუნდის ხელმძღვანელი.

ამჟამად ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების პროგრამას საგრანტო დაფინანსებით მხარს უჭერს ევროკავშირი  EU4Business ინიციატივის ფარგლებში,გარდამავალი ქვეყნების ფონდი**, შვედეთი და ევრობანკის  აქციონერთა სპეციალური ფონდი.

"ვულოცავთ ჩვენს პარტნიორს ევრობანკს მცირე ბიზნესის კონსულტაციების სფეროში 15 წლიანი წარმატებული საქმიანობის დაბადების დღეს. ამ გუნდის საქმიანობის დახმარებით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, გაეზარდათ კონკურენტუნარიონობა, დაემყარებინათ უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ევროპელ პარტნიორებთან, განევითარებინათ და გაეთანამედროვებინათ საკუთარი საწარმოები. ევრობანკი არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა საქმიანობას, რაც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”, განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის  თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა.

"ჩემმა კომპანიამ ისარგებლა კონსულტაციებით მცირე ბიზნესისათვის მარკეტინგის მიმართულებით. ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, შევქმენით ახალი ვებ-გვერდი, რომელიც მეხმარება ახალი კლიენტების მოძიებაში უცხოეთიდან, მაგალითად, გავაფორმე სამწლიანი კონტრაქტი ჩემი ღვინის აზერბაიჯანში გატანის თაობაზე, 50,000 ბოთლი წელიწადში, ამბობს მანანა ახვლედიანი კომპანია Madam Wine-ის მფლობელი. 

*პროგრამის დაწყებიდან, მას აფინანსებენ ევროკავშირი, ევროკავშირის, EBRD -ის გარდამავალი ქვეყნების ფონდის,  EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის, კანადაში, შვედეთის და ტაივანი-EBRD-ის თანამშრომლობის ფონდი. l

**გარდამავალი ქვეყნების ფონდის დონორები არიან კანადა, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაიპეი ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო.

ევროპისრეკონსტრუქციისადაგანვითარებისბანკისშესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაარსდა 1991 წელს ევროპის ისტორიის განსაკუთრებული მოვლენის, მის აღმოსავლეთ ნაწილში კომუნიზმის დაშლასთან დაკავშირებული გამოწვევის, საპასუხოდ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ყველაზე დიდი ინვესტორია თავის რეგიონში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, აქვს 30-მილიარდიანი საკუთარი კაპიტალი და AAA რეიტინგი სამი ძირითადი სარეიტინგო სააგენტოდან (S&P, Moody’s and Fitch), ბანკის ინვესტიციები ასევე იზიდავს მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს იმ ქვეყნებში, სადაც ის ახორციელებს საქმიანობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძირითადად კერძო საწარმოებში ახორციელებს ინვესტირებას, როგორც წესი, კომერციულ პარტნიორებთან ერთად. იგი აფინანსებს პროექტებს ფინანსურ და ეკონომიკის სექტორში, ახორციელებს ინვესტიციებს როგორც ახალ, ასევე არსებულ კომპანიებში. იგი ასევე მუშაობს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებებთან პრივატიზაციის მხარდაჭერის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რესტრუქტურიზაციისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქციონერია 66 ქვეყანა ხუთ კონტინენტზე,მათ შორის ჩინეთი და ორი სამთავრობათაშორისო დაწესებულება (ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკი). ის აწარმოებს მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს მთავრობებთან, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეუწყოს თავისი მიზნების განხორციელებას. ბანკი ასევე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს საქმიანობას 38 ქვეყანაში-ცენტრალური აზიიდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე და აქვს 40 ადგილობრივი ოფისი.

ფეხბურთი: საქართველო U17 1:0 ლატვია U17

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 11:29

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწყის მატჩში ლატვიას 1:0 მოუგო. გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.
ერთადერთი გოლი ქართველთა მე-7 ნომერმა ხვიჩა კვარაცხელიამ 21-ე წუთზე გაიტანა. ლატვიელი მცველები შეტევის მოგერიებისას შეცდნენ, კვარაცხელიამ კი ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით დალაშქრა ივანს დუბოდელოვსის კარი.
ნემსაძის გუნდს რამდენიმე წუთში უპირატესობის გაორმაგების შანსი მიეცა, თუმცა ცოტნე ჩოთალიშვილის უძლიერესი დარტყმა დუბოდელოვსმა საოცარი ნახტომით მოიგერია. ქართველთა ეს იერიში კუთხურს მოჰყვა.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა: უპირატესობას, მეტწილად, ნემსაძის გუნდი ფლობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბალტიისპირელები გაცილებით უხეშად თამაშობდნენ, ვიდრე შესვენებამდე.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც ასევე თბილისში, თუმცა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, იტალიამ 3:0 დაამარცხა მონტენეგრო.
მეორე ტურის მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება: იტალია პეტრიაშვილზე ლატვიას გაეჯიბრება, საქართველოს ნაკრები კი მიხეილ მესხზე ამჯერად მონტენეგროს უმასპინძლებს.

24 ოქტომბერი, 2017ევრო 2018 - საკვალიფიკაციო ჯგუფითბილისი, მიხეილ მესხი, 300
1:0 ლატვია
გოლი1:0 ხვიჩა კვარაცხელია (21)
საქართველოლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ირაკლი აზაროვი, კვიჩა კვარაცხელია (ლუკა-სებასტიან შვარცი 71), ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი (ელგუჯა ჯანგველაძე 82), ზურაბ დავითაშვილი (კაპ), გიორგი აბზიანიძე (გიორგი შალიკაშვილი 54), ანზორ მექვაბიშვილი
მწვრთნელიგიორგი ნემსაძე
ლატვია: ი.დუბოდელოვსი, ლ.ტრუსკოვსკისი (კაპ), კ.დ.ლიბეკსი, რ.ოზოლინშსი, რ.ვარსლავანსი, კ.ვილერსი, რ.მარგრინსი, ა.კრიუკოვიჩსი (მ.კალნინშსი 55), მ.სიდოროვსი (რ.ვიუმსონსი 26), დ.ფედოროვიჩსი, გ.კირკილსი
მწვრთნელი: იგორს სტეპანოვსი
გაფრთხილებარ.მარგრინსი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი, ირაკლი აზაროვი, რ.ვიუმსონსი, ცოტნე ჩოთალიშვილი
გაძევება: ცოტნე ჩოთალიშვილი (71)
მსაჯები: რ.ჰასანოვი (აზერბაიჯანი); ი.აბასოვი (აზერბაიჯანი), კ.დე როკერი (ბელგია)

ხელბურთელ გოგონათა ნაკრები ფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 13 მარტი 2016 12:37

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ხელბურთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირზე ქალთა თასი 2016, 12 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელგია 18:14 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალური მატჩი 13 მარტს 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს გოგონათა ნაკრები ფარერის კუნძულები გუნდს შეხვდება, მე-3 ადგილისათვის 16:00 საათზე ბელგია და ლატვია ითამაშებენ.
საქართველო-ბელგიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მეკარე მარიამ ჩაჩუა დასახელდა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ყველაზე მეტი - 6 გოლი კი ანა ყველაშვილმა გაიტანა.

საქართველო - ბელგია 18-14

საქ: ჩაჩუა - ყველაშვილი 6, ჩოგოვაძე 3, კუნელაშვილი 3, ჩოხელი 2, ღვალაძე 2, ვენეცკი 1, ქიტესაშვილი 1, გადელია, (ჯავახია, ვარდიშვილი, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე)

ბელ: სმეტი, შულგა - ჰააზენი 4, ლამოტი 3, დეუსი 3, ტილკინი 2, გისენსი 1, დე ბლენდე 1, ადელი, ანტონისენი, კარუზო, პუტცაისი, პეეტერსი, მარტინი

შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 17:00

ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის საკითხებს და ხაზი გაესვა მიღწეულ შედეგებს. ყურადღება გამახვილდა "ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF)" ფორმატის მნიშვნელობაზე, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების გატარების ხელშეწყობას და ამ ქვეყნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

"ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, რომლებიც კარგად მიმდინარეობს. იგულისხმება მინისტრთა კაბინეტთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა. ამდენად, ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მიღწეული შედეგებით დავგეგმოთ სამომავლო საქმიანობა. ახლო მომავალში დამთავრდება მუშაობა სტრასბურგში საბჭოს ახალ სამოქმედო გეგმაზე საქართველოსთვის, რაც ჩვენს ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს. თანამშრომლობის მხრივ ჩვენ ისევ იმ მიმართულებებს განვავითარებთ, რაც ევროპის საბჭოს ძირითადი ღირებულებებია. მაგალითად, კანონის უზენაესობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა," - განაცხადა კრისტიან ურსემ შეხვედრის დამთავრების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური