დავით უსუფაშვილი ევროპის ლიბერალი პოლიტიკური ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 16:20

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ბრიუსელში იმყოფება, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით, ევროპის ლიბერალი პოლიტიკური ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე ევროკავშირის 25 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, მთავრობების ხელმძღვანელები, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების ლიდერები და ევროკომისიის წევრები ევროპული პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

დავით უსუფაშვილი შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას გააცნობს და ევროკავშირის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს.

„ევროპა იძულებულია, გაითვალისწინოს ნეგატიური განწყობები მიგრაციასთან დაკავშირებით“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:18

„ვფიქრობ, რომ ჩვენი დიპლომატიის სტრატეგიული შეცდომა იყო, რომ ჩვენი დღის წესრიგი არ ან ვერ შევქმენით და არ მოხდა ჩვენი დისტანცირება თურქეთისა და უკრაინის დღის წესრიგისგან. გარდა ამისა, მიზეზებია ის პრობლემები, რაც ევროპაშია ზოგადად, რისკები, რაც გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარეობს. ევროპა საკმაოდ დაბნეულია, იზოლაციონისტური განწყობების საკმაოდ გაძლიერდა. ევროპა იძულებულია, რომ გაითვალისწინოს ეს ნეგატიური განწყობები ზოგადად მიგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ კი ახლა ვართ ცუდ დროს, ცუდ ადგილზე და ცუდ კამპანიაში. აი, ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით...“- განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში“. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 09 მაისი 2016 16:48

ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.

კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ია თიკანაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.

სემინარში მონაწილეობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაცია აპრილის თვეში გამოაცხადა, რომლის შედეგადაც თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 110 პედაგოგი შეირჩა. აღნიშნულმა პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარადგინეს. კონფერენციაზე გამოვლინდა პროექტის 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის.

პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.

საქართველო ევროპისაკენ მიისწრაფის, აცხადებს საქართველოს პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 14:32

"საქართველომ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს, გარდა ევროპისკენ სიარულისა, ვინაიდან უკან დასაბრუნებელ გზაზე გადებული ხიდები დამწვარია". ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხო არჩევნების, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეისათვის არსებულ ვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. ასევე ცხინვალის რეგიონში შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების საითხზე. „ევროპის საბჭოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

" ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირსა და ნატოში შესვლის შესახებ არ უნდა იქნეს არავითარ შემთხვევაში გადახედილი“ - ნიკოლოზ ჯანჯღავა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 27 მარტი 2016 15:52

"რუსეთის პოლიტიკოსების რეაქცის განხილვა ბრიუსელის ტერაქტზე, მე მგონი, ზედმეტია, რადგან ეს არის ავადმყოფური რეაქცია, როცა შენ გიხარია, რომ სხვა ქვეყანაში ხდება ტერორისტული აქტები... ჩვენ არა მარტო არ უნდა შევაჩეროთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა დასავლეთან, ეს იქნება სპეცსამსახურები, სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობა. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ საერთო ბრძოლაში თანამონაწილეები, რადგან ევროპული ცივილიზაცია ჩვენი ცივილიზაციაცაა. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირსა და ნატოში შესვლის შესახებ არ უნდა იქნეს არავითარ შემთხვევაში გადახედილი“ - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ „სტარეფემზე“, „ აქტუალური თემის შეკითხვებს ნიკოლოზ ჯანჯღავა პასუხობს.

ევროპა ამბობს, რომ ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 21:18

პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე და ისტორიული დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დღეს, ევროინტეგრაციის გზაზე, გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში.

„წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ამის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელია ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა, დღეს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა საქართველოს განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების გზაზე, ევროპელი კოლეგების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერია. პასუხად ევროპა ამბობს, რომ ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენ თანამედროვეთა და მრავალი თაობის ოცნება ახდა. მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით - შედეგი მიღწეულია. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება. ევროპელებთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება, ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გაცვლითი პროგრამები, ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობა - სულ მალე ეს ყველაფერი სრულიად ახალ, უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას შეიძენს. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ნახევარი წლის განმავლობაში 90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლას. შეგეძლებათ ევროპაში იმოგზაუროთ ოჯახთან ერთად, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და საქართველოს შორის შთამბეჭდავი თანამშრომლობის ამ მაგალითის უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა, ქვეყნის ყველა საჯარო სტრუქტურის პროფესიონალიზმი, ასევე, უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ევროპელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან წლების განმავლობაში იღებს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ეს მიზანი რეალობად ქცეულიყო.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ვისაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასოდეს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ევროპა - მისი ფასეულობები და ცხოვრების წესი - არა უბრალოდ რაციონალური არჩევანია, არამედ ჩვენი ისტორიული სახლი.

ამ სიტყვაში - ევროპა, განსახიერებულია ყველაფერი, რისკენაც მივისწრაფვით: თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და თანასწორობა, მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისათვის, განვითარების პირობები ყველასთვის. რაც მთავარია - ესაა ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების სივრცე. და ესაა გზა საქართველოს ერთიანობისკენ! მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენ ქვეყანას მიმზიდველს აფხაზი და ოსი ძმებისთვის. დადგება დღე, როცა ისინიც სრულად ისარგებლებენ სიკეთეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ გამარჯვებას!", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს.

 

საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი უქმდება, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 18:28

"დღეს არის 18 დეკემებრი, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ დღეს ცნობილი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი უქმდება. უვიზო მიმოსვლა სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს და არა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც საზღვრებს აგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გილოცავთ ყველას. ტექნიკურად, კიდევ დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, ვიდრე თითოეული ქართველი ღირსეულად თავაწეული იმოგზაურებს ევროპაში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლების, ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანის, რომლებმაც იშრომეს ამ მიმართულებით", -  ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საშემოდგომო სესიაზე  ევროკომისიის დასკვნას ვიზალიბერალიზაციის საკითხტან დაკავშირებით.

ევროპის ქალაქებში ტერორიზმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 12:04

ტერორიზმის წინააღმდეგ ევროპის ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. 

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში 12 ათასამდე ადამიანი  ისლამის ტერორიზმთან ასოცირებას აპროტესტებდა. მასშტაბური მანიფესტაცია მოეწყო რომშიც. 

იტალიის დედაქალაქში ათასობით მუსლიმი ტერორიზმის დასაგმობად გამოვიდა. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქმედებები გააკრიტიკეს შვედეთშიც, სტოკჰოლმის მოედანზე შეკრებილმა მანიფესტანტებმა პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მსოფლიო ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 12:15

მსოფლიო ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

გადაწყვეტილება ამის შესახებ ლიდერებმა ანტალიაში, დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად გამართულ მოლაპარაკებაზე მიიღეს.

შეხვედრას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დეივიდ კამერონი, ასევე იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლორან ფაბიუსი ესწრებოდნენ.

ლიდერების შეთანხმების თანახმად, უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 2016 წლის ივლისამდე გაგრძელდება.

"ევროპა საქართველოს უნდა მიუდგეს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს"-ტონი ბლერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 10:43

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპამ მნიშვნელოვან პარტნიორად უნდა განიხილოს.
როგორც ბლერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებები. ყოფილმა პრემიერმა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველომ გააგრძელოს არჩეული გზით სიარული. განსაკუთრებით კი, იმ კუთხით, რომელიც ევროპასთან მოლაპარაკებებს შეეხება. ჩემი აზრით, ეს პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ძალიან კარგია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წინ მიიწევს. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მნიშვნელოვანი სიგნალი თქვენთვის. ამასთანავე, გარკვეული წახალისებაც.
ყველამ იცის, რომ თქვენ ხართ მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილში, თქვენზე ძალიან ბევრი ზეწოლაა, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ჩემი აზრით, ევროპა უნდა მიუდგეს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს და მის მომავალს“, – განაცხადა ტონი ბლერმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური