პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 10:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა" და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების" დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, არამედ მისი განვითარებისა და შესაძლებლობების 20%-ია ოკუპირებული. გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა.
პრემიერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო დონეზეც, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დ. ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ ო. ვარჰელთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020 12:57

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტერიალისა და ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითებს, კერძოდ პარტნიორობის მომავალ სამიტის სამზადისს და პარტნიორობის მომავალის ხედვას 2020 წლის შემდგომ პერიოდში.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები,საქართველოს პრიორიტეტებსა და ხედვასთან დაკავშირებით.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს Covid-19- პანდემიის დროს გაწეული ქმედითი დახმარებისთვის.
თავის მხრივ,ევროკომისარმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით.

შეხვედრაზე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. დაგმობილი იქნა საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა Covid-19-ის პანდემიის დროს,მათ შორის შეშფოთება გამოითქვა 11 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

ხაზი გაესვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პროცესში და ასევე ევკოკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციისა და მონიტორინგის პროცესში.

საქართველო და ევროკავშირი მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 მარტი 2018 13:37

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროკომისარს კვლევების, მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში კარლოს მოედაშს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ძალიან პოზიტიურ და აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასა და კომისიას შორის განსაკუთრებით კვლევებისა და ინოვაციების სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარი თბილისში ვიზიტით მოიწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დინამიკურ პროგრესს, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებობს; ასევე იმ შედეგებს, რომლის მიღებაც ქვეყანამ შეძლო ასოცირების შეთანხმების გაფორმების, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ. აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. 
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესია, ქვეყანამ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ევროკავშირის სტანდარტებთან, ნორმებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში იყოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები.ხაზი გაესვა იმას, რომ მეცნიერება და ინოვაციები საქართველოს საშინაო დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ევროკომისარი ოტინგერი: თურქეთი ევროკავშირში ერდოღანის შემდეგ შეიძლება გაწევრიანდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2016 14:50

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება პრეზიდენტ ერდოღანის შემდეგ არის მოსალოდნელი, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა გააკეთა.

საინფორმაციო სააგენტო დოღანის(DHA) ჟურნალისტის აჰმეთ ილდირიმის ინფორმაციით,  გერმანულ გაზეთ Bild-თან საუბრისას, მმართველი პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრმა და ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ ″თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება პრეზიდენტ ერდოღანის შემდეგ არის მოსალოდნელი.″

პრეზიდენტ ერდოღანის რეადმისიის ხელშეკრულების შესაძლო შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ოტინგერმა, - პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს თურქი საზოგადოების მიმართ აკეთებს.

ოტინგერის თქმით, ″მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები უფრო მეტად თურქი ხალხის მიმართ კეთდება. ძალიან ბევრი თურქის სურვილია, რომ ძლიერი ლიდერი ჰყავდეთ. ისიც ამას იყენებს. ერდოღანისათვის პოპულიზმი და ნაციონალიზმი უცხო არ არის. თვითონ ერდოღანი, რუსეთის პრეზიდენტის პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის მსგავსად იქცევა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირშის არაერთ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები გაძლიერდა. ეს კი ვფიქრობ, ძალიან სახიფათოა.″-განაცხადა მან.

ოქტომბერში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედების შესახებ დასმულ კითხვაზე ევროკომისარმა შემდეგი პასუხი გასცა: ″თურქეთს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა ჯერ არ შეუსრულებია. განსაკუთრებით, ანტიტერორისტულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ. ჩვენთვის აჩქარებაზე მეტად უმთავრესია, კანონის უზენაესობა და ყველა პირობის შესრულება. თურქეთს ცვლილებებისათვის კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, ეს ასეა.″

ოტინგერს ასევე ჰკითხეს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრანტების ტალღას ელოდებოდა თუ არა?

″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ განხორციელებული ქმედებების გამო ძალიან ბევრი თურქის ევროკავშირში შესაძლო შემოსვლა ყურადსაღები საკითხია. შესვლის მსურველ პირებს შორის შესაძლოა იყვნენ თანამდებობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების და ჯარისკაცების, ინტელექტუალებისა  და ჟურნალისტების ოჯახები.″ - განაცხადა ოტინგერმა. 

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 19:55

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მისაღებად და აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გასაცნობად 14 ივლისს საქართველოს ეწვევა

ევროკავშირის საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად, 14 ივლისს, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ჩამოვა და ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა 2016” სიტყვით გამოვა. ასევე, იგი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი ჯანელიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან.

ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2007 წლიდან ევროპულ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. კონფერენცია საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, პარტნიორებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ევროკავშირთან დაკავშირებულ გამოწვევებთან მიმართებით მიმდინარე აქტუალური თემები გააანალიზონ და მოსაზრებები გაცვალონ.

კონფერენციის შემდეგ, ევროკომისარი ჰანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან ნილს სკოტთან ერთად, აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს დაათვალიერებს.

15:45 საათზე, ევროკომისარი ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, კენკროვანების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ლურჯა 2015“ ეწვევა. კოოპერატივის დამფუძნებელი და მისი რამოდენიმე წევრი უსინათლოა. ევროკომისარი ჰანი კოოპერატივს საჩუქრად გადასცემს პერსონალურ კომპიუტერებს უსინათლოთათვის შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამით.

16:20 საათზე, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალს ეწვევა. სტუმრები მოინახულებენ აგროსერვისცენტრის ტერიტორიაზე მდებარე ENPARD-ის სადემონსტრაციო სათბურს, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას, ნახავენ აგროსერვის ცენტრში მეცნიერ თანამშრომლების მუშაობისა და ტრენინგის პროცესებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ვიზიტი და მცირე ფერმერებთან გასაუბრება შესაძლებლობას მისცემს ევროკომისარს თავად გაეცნოს ფერმერთა წარმატებულ კოოპერატივებს და მათ როლს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ორივე პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ. 2013 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის დახმარება 250 მილიონი ლარს შეადგენს.

დანართი

• ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა 2016“
ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. წელს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დისკუსიის ძირითადი თემებია: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, მისი მომავალი, გამოცდილება და მთავარი გამოწვევები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების ჩათვლით. კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ფონზე.

• სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ლურჯა-2015“
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ლურჯა-2015“ გაშენებული აქვს მარწყვის პლანტაცია 0,5 ჰა ფართობზე და ჟოლოს პლანტაცია 1 ჰა ფართობზე. ორივე ნაკვეთის მოწყობა განხორციელდა ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა მცენარეთა ნერგების გადაცემას, უახლესი ტექნოლოგიებით წვეთობრივი მორწყვის სიტემისა და სხვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენა-დამონტაჟებას. სრული მსხმოიარობის შემთხვევაში მოსავლიანობა შეადგენს 10 ტონას 1 ჰექტარზე. კოოპერატივის თავმჯდომარე, ალექსი წველიძე უსინათლოა. იგი ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული, პროფესიონალი და წარმატებული ENPARD-ის ბენეფიციარი ფერმერია.

• აჭარის ა/რ აგროსერვის ცენტრი (www.agrosc.ge)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური