თბილისი-ჩისინაუ-კიევი-ბაქო-ერევანი-მინსკი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში გადებული „კულტურული ხიდი“

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 28 მაისი 2017 20:13

მივიღე რა მიწვევა ორგანიზატორებისაგან მონაწილეობა მიმეღო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის  ფარგლებში, მივხვდი, რომ წინ ძალიან საინტერესო სამუშაო მელოდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სამეზობლო პროექტის ქვეყნების - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსის და მოლდოვას 3-3 გამოცდილი ჟურნალისტი, რომლებიც კონკურსის საფუძველზე იქნენ შერჩეული.რაც შეეხებათ „ტრენერებს“, პროგრამაში მონაწილეობისათვის მოწვეულნი იყვნენ ისეთი დონის პროფესიონალები, როგორებიც არიან: მაია ჯაგი, კატერინა ბოტანოვა და ანასტასია ნურჟინსკა.

კოლეგებთან და „ტრენერებთან“ გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყველაზე „მძიმე წონას“  ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, კულტურის თემაზე ორიენტირებული მაია ჯაგი წარმოადგენდა. ამ სფეროში მოღვაწეობის მისი 30 წლიანი გამოცდილება სწორედ ამაზე მიუთითებდა. თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე მაია ჯაგი 100-მდე კულტურის სფეროს ცნობილ წარმომადგენელს შეხვდა და მათ შორის „ნობელის პრემიის“ 12 ლაურეატს ჩამოართვა ინტერვიუ. მის მიერ მომზადებული მასალები რეგულარულად ქვეყნდება „გარდიანში“, „ეკონომისტში“, „ფაინენშელ ტაიმსში“, „ვიკენდ არტში“ და მსოფლიოს სხვა წამყვან გამოცემებში.

ჩვენთვის, ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებისათვის უაღრესად საინტერესოდ იყო შეხამებული და შერწყმული კულტურული მიმომხილველის, კრიტიკოსის  კატერინა ბოტანოვას და  ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ექსპერტის ანასტასია ნურჟინსკას მიერ მომზადებული აუდიო და ვიდეო მასალები. უკრაინელი „ტრენერები“ თვალსაჩინოდ გვიხატავდნენ „კულტურული ჟურნალისტების“ მიერ მომზადებულ მასალებს და მიგვითითებდნენ იმ პრობლემებზე, რომელებიც შესაძლებელი იყო მოგვარებულიყო მათი დახმარებით.

საერთაშორისო სემინარის პირველი ეტაპი თბილისში, კულტურულ და „კრეატიულ“ ცენტრში „ფაბრიკა“ ჩატარდა. ორი, დატვირთული დღის განმავლობაში ჯურნალისტებმა მოისმინეს და განიხილეს სხვადასხვა თემები და მათ შორის - კულტურული ჟურნალისტიკის როლის მნიშვნელობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, კულტურის განსაზღვრა ხელოვნების ინდუსტრიაში, კულტურის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, კულტურული ჟურნალისტიკის ტენდენციები და სხვა.    

თბილისის სემინარის მეორე დღეს მონაწილეებმა მოისმინეს კატერინა ბოტანოვას ლექცია - მიმდინარე მოვლენები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტური კრიტიკის მოწინავე მაგალითები და მაია ჯაგის მიერ მომზადებული აუდიო და ვიდეო მიმოხილვა თემაზე კრიტიკის როლი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ჟურნალისტიკაში.
 

როგორც სემინარზე აღინიშნა, კარგი იქნებოდა თუკი მედიასაშუალებები უფრო აქტიურად გააშუქებდნენ, რა ხდება კულტურის სფეროში, მეტ ინფორმაციას იძლეოდნენ არა მარტო „კრეატიული ევროპის“, არამედ საერთოდ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების კუთხით. 

ასევე მნიშვნელოვანია იმაზეც მუშაობა, რომ საზოგადოებამდე მიიტანონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რა შეუძლია გააკეთოს შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიას ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ სფეროში, რათა ისინი კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ და გავიდნენ საერთაშორისო დონეზე.

თბილისის შემდეგ მომდევნო სემინარი უკვე მოლდოვის დედაქალაქ ჩისინაუში ჩატარდა. აქაც, როგორც თბილისში თემები დიდი ინტერესით და საგულდაგულოდ იყო შერჩეული. მაგ: როგორ უნდა ჩავწეროთ ინტერვიუ კულტურის სფეროში მოღვაწე პირთან, როგორ უნდა ვწეროთ კულტურასა და კონფლიქტზე, ისე, რომ არ დავაზარალოთ კონფლიქტში მონაწილე მხარეების ინტერესები, ასევე ჟურნალისტების როლი კულტურის განვითარების საქმეში. ლექციების პარალელურად ჟურნალისტებისათვის ეწყობოდა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლის დროსაც ვორკშოპის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეეფასებინათ კოლეგების ნამუშევრები და გამოეთქვათ თავისი მოსაზრებები. და ბოლოს ისევე როგორც თბილისში ორგანიზატორების მიერ აქაც მომზადებული იყო საინტერესო კულტურული პროგრამა, რომელიც დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს ნამდვილად ყველასათვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის მესამე, დამამთავრებელი ეტაპი უკვე უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგა. საინტერესო დისკუსიების და პრაქტიკული სამუშაოების პარალელურად, ამჯერად უაღრესად საინტერესო პირებთან შეხვედრაც გველოდა. მათ შორის იყო იური რიბაჩუკი - უკრაინის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე. როგორც მან თვითონ გაგვიცხადა, იგი არა მარტო სახელმწიფო მოხელე იყო, არამედ ჩვენი კოლეგაც აღმოჩნდა. 2006-2016 წლებში იგი რედაქტორად მუშაობდა უკრაინულ გამოცემაში „კულტურა და საზოგადოება“. ასევე მაქსიმ სავანევსკი - ექსპერტი ონლაინ-კომუნიკაციების სფეროში. 2007 წლამდე მაქსიმიც ჯურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა. მან დაარსა ონლაინ - გამოცემა „Watcher“.

თითოეულმა მათგანმა ბევრი ისაუბრა მედიის როლზე კულტურული ჟურნალიზმის სფეროში და აღნიშნეს, რომ ეს მეტად რთული და საპატიო თემაა. გარდა ამისა, ექსპერტებმა თვალსაჩინო მაგალითებზე დაყრდნობით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებს და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ „ვორკშოპში“ მონაწილეობა მათთვისაც დიდი პატივი იყო.

რაც შეეხება ჟურნალისტების მოსაზრებას ასეთი სახის ტრენინგების ჩატარების თაობაზე, შეფასდა როგორც აუცილებელი და პროფესიულად მეტად საჭირო. თითოეული ჩვენთაგანისათვის იქ მიღებული გამოცდილება პროფესიული კარიერის მანძილზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. „როდესაც დავბრუნდები სახლში, უკვე მე თვითონ ჩავატარებ ასეთი სახის „ვორკშოპს’“ ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგებისათვის და გავუზიარებ მათ ჩემს გამოცდილებას, განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა გულჩაჰან მირმამედოვამ.

და ბოლოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილე ჟურნალისტს ტრენინგის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა და იმ იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რომ მომავალში უკვე პირადად გავაგრძელებდით თანამშრომლობას ერთმანეთთან და მიღებულ გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებდით საკუთარ ქვეყნებში კულტურის სფეროში მომუშავე კოლეგებს.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის პროექტი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და „ბრიტანეთის საბჭოს“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

მოგვასმენინეთ თქვენი რეპორტაჟები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:32

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღია მედია ჰაბის პროექტმა გამოაცხადა კონკურსი საინფორმაციო პროდუქციის მხარდასაჭერად. ეს პროექტი საშუალებას მისცემს სატელევიზიო და ონლაინ-ვიდეო ჟურნალისტებს ევროპულ სამეზობლოში შექმნან ევროკავშირთან დაკავშირებული რეპორტაჟები. კონკურსი ღიაა მედია-პროფესიონალებისთვის საქართველოდან და მოლდოვადან, და ის რამდენიმე თვეში სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 5 მაისი.
წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და პრაქტიკულ რეკომენდაციებს აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის, ვიდეო-ახალი ამბების, გადაცემების და ონლაინ პორტფოლიოს შესაქმნელად, ასევე ინფორმაციის შინაარსის გავრცელებისთვის. თხრობა ორიენტირებული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე: უვიზო მიმოსვლა და ქვეყანაში ხელმეორედ შესვლის წესები, მიგრანტები და ლტოლვილები, მოსახლეობის გადაადგილება, განსახლება და/ან სახელმწიფო საზღვრები, და უნდა ასახავდეს ამ საკითხების ზეგავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე თვითმხილველთა ჩვენებების შეკრების და განვითარებული მოვლენების აღწერის საშუალებით.
ამ პროგრამის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპული სამეზობლოს მოქმედებების და ზეგავლენის შესახებ, ასევე საშინაო და ადგილობრივი ინტერესების განმტკიცება ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში.

წყარო: http://www.euneighbours.eu

საქართველო: ფერმერი ქალები საკუთარ პრობლემებსა და გამოცდილებზე საუბრობენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:11

28 მარტს თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარების პროგრამამ (ENPARD) მოაწყო შეხვედრა ფერმერი ქალებისთვის. დისკუსია სათაურით „ფერმერი ქალების ხმა“ TED საუბრის სახით წარიმართა; მასში მონაწილეობდნენ ფერმერი ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებმაც ისაუბრეს პირად ფერმერულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე იმ ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლის ფერმერი ქალების წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას.

განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას პროგრამის ENPARD ფარგლებში, რომელიც დაეხმარა სოფლად მცხოვრებ ქალებს და კოოპერატივის წევრებს გაეღრმავებინათ განათლება სოფლის მეურნეობის საკითხებში, კერძოდ, ეკონომიკის და ინოვაციების კუთხით.

დისკუსია ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საკვების რეგიონული უსაფრთხოების გაუმჯობესება ეროვნული სტრატეგიების საშუალებით და მცირე ფერმერული წარმოება სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საკვების უსაფრთხოების სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში, რომელიც მოქალაქეებისთვის საკმარისი რაოდენობის მაღალი ხარისხის საკვების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში.

წყარო: http://www.euneighbours.eu 

მიხეილ ჯანელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის პირობები გაითვალისწინოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 17:26

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის პირობები გაითვალისწინოს. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი მიმდინარეობს ძალიან თავისუფლად. 
"მაქსიმალურად ხდება ჩვენი მოქალაქეების შესვლა და სარგებლობა უვიზო რეჟიმით. არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც დოკუმენტები არ არის წესრიგში, თუმცა ეს არის ცალკეული შემთხვევები. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის პირობები, რასაც ჰქვია ევროკავშირში უვიზოდ შესვლის მიზნობრიობა, უკან დაბრუნების შესაბამისი ბილეთი, ასევე ევროკავშირში ყოფნის პერიოდში მათი ყოფნის უზრუნველყოფის თანხა. ასევე უნდა შეძლონ წარმოდგენა დოკუმენტაციის, რომელიც ადასტურებს მათი ყოფნის პერიოდში სასტუმროს თუ მიმღები მხარის თანხმობას", - განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს რეგიონი ევროკავშირის ინიციატივის „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 20:29

საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს კრეატიული პოტენციალისა და ტურისტული კუთხით მიმზიდველობის ამაღლებაში დაეხმარებიან. ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების“ ფინალისტები ადგილობრივი კრეატიული ინდუსტრიების განვითარებისთვის მოქმედების კონკრეტულ გეგმას მიიღებენ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სხვა ფინალისტების მსგავსად, პროექტში „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ (რომლის ინიციატორიცაა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა“) მონაწილეობის მსურველთა 84 განაცხადს შორის შეირჩა. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პატარა და საშუალო რეგიონებსა და ქალაქებში კრეატიული და კულტურული პოტენციალის ამაღლება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონთან ერთად პროექტში მონაწილეოობას მიიღებენ აზერბაიჯანის შამქირის რეგიონი და ქალაქები: სისიანი (სომხეთი), სვეტლოგორსკი (ბელარუსი), ორხეი (მოლდოვა), კოსოვი (უკრაინა). შერჩეული ქალაქები და რეგიონები ისარგებლებენ ისეთი უპირატესობებით, როგორებიცაა: მათი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების ანალიზის ჩატარება, სექტორის განვითარების ინდივიდუალური გეგმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პოპულარიზაცია და პრომოუშენი და აგრეთვე საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობა.

პროექტ „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების“ მიზანია მოსახლეობის, ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და მეწარმეების ცნობიერების ამაღლება, თუ რა მნიშვნელობა აქვს კულტურასა და შემოქმედებით ინდუსტრიებს პატარა თუ საშუალო რეგიონებისა და ქალაქების სოციალური და ეკონომიკური განვითარების საქმეში.

მცხეთა-მთიანეთი: საქართველოს რეგიონი; ფართობი 6 786 კვ/კმ. შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან; მოსახლეობის საერთო რაოდენობა 94 370 კაცი.

მცხეთა — რეგიონის მთავარი ქალაქი (დაარსებულია ჩვ.წ-აღმდე V საუკუნეში). მინიჭებულია აქვს ქალაქ-მუზეუმის სტატუსი. მის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე კულტურული ძეგლისა და ისტორიული მნიშვნელობის გამო, 1994 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. მის უმსხვილეს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: ჯვრის მონასტერი (VI ს.) და სვეტიცხოვლის ტაძარი (XI ს.).
რეგიონის მეორე ქალაქის დუშეთი, რომელიც პროექტ COMUS-ის პარტნიორია საქართველოში.

მცხეთა-მთიანეთის მთავარი მაგისტრალი საქართველოს სამხედრო გზა რეგიონის რამდენიმე რაიონზე გადის და კვეთს კავკასიონის ქედს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია საქართველოში ქვეითი ტურიზმისა და ალპინიზმის კუთხით. რეგიონის პოპულარობას განაპირობებს როგორც უძველესი არქიტექტურული ძეგლები, ისე სხვადასხვა კურორტები (რომელთა შორის ყველაზე ცნობილია გუდაური) და რთულად დასაპყრობი მთები.
რეგიონში მუშაობს კულტურის მრავალი საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაცია. მაგალითად, გამოყენებითი ხელოვნების სკოლა და გალერეა, ფოტოსა და კინემატოგრაფის სკოლა-სტუდია, ოცამდე ფოლკლორული ანსამბლი და სხვ.
რეგიონის ხელისუფლებამ 30-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ მას აღნიშნული ინიციატივის რეალიზაციის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთი ჯერჯერობით ერთადერთი რეგიონია საქართველოში, რომელიც 2030 წლამდე მდგრადი განვითარების სფეროში გაეროს პროგრამის რეალიზაციის წარმატებულ მაგალითად ქცევას ცდილობს.

ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, თბილისში გალა-კონცერტი გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 10:27

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, თბილისში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება. 

ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. 

გალა-კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება.

ხაზს ვუსვამთ განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას, - ევროკავშირის წარმომადგენლობა "რუსთავი 2-ის" საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 12:18
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2-ის" საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: "ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს", - ნათქვამია ვროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ისტორიული დოკუმენტი - საქართველოს მოქალაქეები 29 მარტიდან ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 17:22
ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. რეგულაციას ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მალტის საპარლამენტო მდივანი კრის აგიუსმა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა.

სპორტის სამინისტრო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის საპილოტე პროგრამაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:58

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენელს და უცხოელ ექსპერტს მაიკლ ლექის უმასპინძლა.

მათ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების  საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების - ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების მიმდინარეობა განიხილეს. აღნიშნულ რეფორმაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2016 წელს ჩაერთო.

რეფორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინაციით ხორციელდება.

აკაკი ლოდიამ და მაიკლ ლექიმ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის ეტაპების მიმდინარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამინისტროში ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზნებისთვის მენეჯერული ანგარიშვალდებულების გაზრდაზე, გადანაწილებულ უფლებამოსილებებზე  და დელეგირებაზე,  რაც გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების კიდევ უფრო ეკონომიურად, ეფექტურად და პროდუქტიულად ხარჯვას, აამაღლებს მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების ხარისხს.

მხარეებმა განიხილეს რეფორმის მიმდინარე მიღწევები. აკაკი ლოდიამ, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

აკაკი ლოდია (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე): „ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა უცხოელი ექსპერტი ბატონი მაიკლ ლექი. შეხვედრაზე განვიხილეთ ფინანსური მართვისა და კონტროლის დანეგვის მიმდინარეობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.  აღნიშნული რეფორმა გულისხმობს ფინანსური მართვისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპებისა და სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას,  რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ასიგნებებისა და შემოსულობების კიდევ უფრო პროდუქტიულ და ეფექტურ ხარჯვას. უნდა აღინიშნოს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთია იმ ოთხი სამინისტროდან, რომელშიც უკვე წელს დაიწყება რეფორმის მეორე ეტაპი - მენეჯერული კონტროლი".

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები -სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა , ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და ვაჭრობის სტიმულირება საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 14:57

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საკომუნიკაციო პროექტის CSP East
Project -  ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან
მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
რამდენიმე წარმატებული პროექტის შესახებ ვიდეო მასალის მომზადება, რათა
საზოგადოებას მიეცეს საშუალება ნათლად დაინახოს მიმდინარე პროექტების
ეფექტურობა და შედეგები.

 ვიდეო რგოლები  შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე ;

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური