უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 15:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ეკატერინე მაჭავარიანმა უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

პრეზენტაციაზე ეკატერინე მაჭავარიანმა უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის, ასევე, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკასა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მარტში იგეგმება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპოლში, სადაც ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერება ხელი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლში წარადგენს მეკავშირე ოფიცერს და შეიქმნება ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხი, რომლითაც მოხდება ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან. მისივე თქმით, საქართველო წარმატებით ასრულებს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ხელშეკრულებას, რაც ასევე აღნიშნულია საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეფასებებში.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია საზოგადოებისთვის უვიზო მიმოსვლის წესების კიდევ ერთხელ შეხსენება, მათი შემდგომი დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ქვეყნებთან 2013 წლიდან ახორციელებს ეფექტიან თანამშრომლობას საპოლიციო სფეროში. საქართველოს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში ჰყავს წარგზავნილი და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანასთან თანამშრომლობს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

„SPUTNIK.მნენია": ევროკავშირის მოსახლეობა რუსეთს ევროპის ნაწილად არ მიიჩნევს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018 16:13

საფრანგეთის (65%), დიდი ბრიტანეთის (52%) მოსახლეობის ნახევარზემეტი და გერმანიის მოსახლეობის 46% რუსეთს ევროპის ნაწილად არ მიიჩნევსპოლონეთის მოსახლეობა კი საწინააღმდეგო  აზრს ემხრობა — რესპონდენტების მხოლოდ 20% ეთანხმება მოსაზრებასრომ რუსეთი არ არის ევროპაგამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას" ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის კომპანია Ifop-მა ჩაატარა.

გერმანელების რიცხვირომლებიც რუსეთს ევროპის ნაწილად აღიარებენ — 49%-იასაფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ამმოსაზრების მომხრეთა რიცხვი ნაკლებია — 29% და 35 %. პოლონეთში კი ვითარება კარდინალურად განსხვავებულია —გამოკითხულთა 77%-მა რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდადასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლეს ბრიტანელების 13%-მაფრანგების 6%-მაგერმანელების 5%-მა და პოლონელების 3%-მა.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27სექტემბერსმასში 3228 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობარომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყოშერჩევა მოსახლეობას სქესის,ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენსმაქსიმალური ცდომილება ქვეყანაში 3,1%- შეადგენს სანდოობის 95%-იანიალბათობით.

ცნობა პროექტ Sputnik.მნენიას შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობაპროექტი პარტნიორებიარიან ცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. Sputnik.მნენიას ფარგლებში რეგულარულად ტარდებაგამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.

„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისთვის საქართველოში ინტერნეტ-მედიისლიდერია. *სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს„Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისოსაინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზეანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობასმობილურ დანართებსა დაგვერდებს სოციალურ ქსელებშიმისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურარაბულ,ესპანურ და ჩინურ ენებზე.

მ. ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 თებერვალი 2018 16:22

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა ამ მიმართულებით საინფორმაციო ცენტრის როლი და ძალისხმევა.
„საინფორმაციო ცენტრმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საგარეო პრიორიტეტების და განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების კომუნიკაციაში. ცენტრი წლების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას და ანტიდასავლურ პროპაგანდას უპირისპირებს ცოდნის და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. დღეს, ჩვენ ნადვილად გვაქვს საზოგადოების მხრიდან ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა მინისტრმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, რაზეც კონცენტრირდება საინფორმაციო ცენტრის სამომავლო საქმიანობა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე  საზოგადოებასთან კომუნიკაცია. უმთავრეს პრიორიტეტად დასახელდა ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართულებით აქტიური ქმედებების გატარება.
„ჩვენი მიზანია მივაწოდოთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია გვთავაზობს. საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო რთული ხდება ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებული ანტი-დასავლური პროპაგანდის გამო. როგორც ვხედავთ ანტი-დასავლური პროპაგანდა გააქტიურებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, რომ უნდობლობა, რომელსაც ანტი-დასავლური პროპაგანდა თესავს საქართველოს მოსახლეობაში გავაქარწყლოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ამ პროცესისადმი“ -  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
მისივე ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების წესების დარღვევისა და თავშესაფრის მოპოვების პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენციას. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებით გააქტიურდება მუშაობა საქართველოს რეგიონებში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა ჩატარებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და 2018 წლის პრიორიტეტებზე. 
ღონისძიების დასასრულს ცენტრის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო - „საინფორმაციო ცენტრის ვერცხლის ფარი“ გადაეცათ ექსპერტებს: ირაკლი მენაღარიშვილს, მიხეილ მირზიაშვილს, გიორგი გოგუაძეს, გოგიტა ღვედაშვილს, ლევან მახაშვილს, თორნიკე შარაშენიძეს და ლევან დოლიძეს.

გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 იანვარი 2018 14:45

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი მიიღო.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს: რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, ლიტვის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განიხილებოდა ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია როგორც საქართველო-ლიტვის ორმხრივ ურთიერთობებთან, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებთან.
შეხვედრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირისა და ნატოს ფორმატებში საქართველო - ლიტვის თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
"ჩვენს ქვეყნებს ყველა მიმართულებით აქვთ მზარდი და დადებითი დინამიკა და საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ეს შესაძლებლობები", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე.

 

 

ევროკავშირის განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ახალი მხარდაჭერის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 27 იანვარი 2018 17:18

ევროკავშირმა გააკეთა განცხადება საქართველოში  სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროექტის დაწყების შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) მესამე ფაზის ფარგლებში; პროგრამას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს. შეთანხმებას ხუთწლიანი პროექტის განხორციელების თაობაზე 24 იანვარს საქართველოს დედაქალაქ თბილისში მოეწერა ხელი.
12 მილიონი ევროთი დაფინანსებული პროექტის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს განხორციელდება ფერმერების და სასოფლო მეწარმეების დახმარებით შემდეგ სფეროებში: ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, ფერმერების, სოფლად მცხოვრები ოჯახების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და სოფლად სხვა მცირე და საშუალო საწარმოების გაუმჯობესებული მომსახურება და სხვა მხარდაჭერა. დახმარება ასევე მოიცავს ინდივიდუალურ საინვესტიციო გრანტებს მცირე ფერმერებისთვის, სასოფლო მეწარმეებისთვის, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მათი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
პროექტი მიზნად ისახავს ასევე ქვეყნის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოტენციალის გაუმჯობესებას, რაც განხორციელდება ეფექტური პოლიტიკის დასახვით და სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დანერგვით, ნათქვამია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) პრესრელიზში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სასოფლო განვითარებას საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)საშუალებით. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრას სოფლად. „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ პირველი ფაზა საქართველოში სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. მეორე ფაზის მიზანია შექმნას სოფლის მოსახლეობისთვის სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა.

კონფერენცია თემაზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და საცხოვრისის მართვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 13:25

26 იანვარს, 11 საათზე, სასტუმრო იოტაში, (ლერმონტოვის ქ. #10) კონფერენცია „საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება“ გაიმართება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების კუთხით.

დაგეგმილ ღონისძიებაზე არასამთავრობო სექტორი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განიხილავს ისეთ თემებს როგორიცაა:  საცხოვრისის მართვა, შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის შესაძლებლობები; ენერგოეფექტური სანაცია, რაც ჯამში  ენერგისაა და გაზის მომხმარებას 40%-მდე შეამცირებს.  ასევე საცხოვრისის დაპროექტება-მშენებლობა, ეკოლოგიური ფაქტორებზე პროექტის დადებითი ზეგავლენა და სხვ.

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, გაძლიერდეს ისეთი ინსტიტუციები  როგორიცაა საბინაო სექტორში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება. მსგავსი ფორმატის ღონისძიება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, რომელიც საცხოვრისის სექტორს სამოქალაქო საზოგადოების მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის კუთხით განიხილავს. ევროკავშირის პროექტი ერთდროულად 5 სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება და მასში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორია თანაბრადაა ჩართული.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველო“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი. პროექტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება გაიმართება პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.

აღნიშნული პროექტი გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში  2015 წლის იანვრიდან ხორციელდება.  პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია - ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2017 წლის 31 იანვარს სრულდება.  თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. 

ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან დაახლოების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 08 იანვარი 2018 11:27

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და კავკასიის რეგიონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ,  საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან დაახლოების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრაში  მიიღეს მონაწილეობა.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ასევე, განხილულ იყო ენერგო აუდიტების, საჯარო სექტორში ენერგოეფექტურობის, ენერგეტიკული სერვისების, ენერგო დაზოგვის მიზნების და მისი კალკულაციის საკითხები. 

 

სამხრეთ კავკასია და კრიზისი საქართველოში: ევროკავშირი ნიშნავს ახალ სპეციალურ წარმომადგენელს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 17 ნოემბერი 2017 10:17

2017 წლის 13 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ბ-ნი კლაარი მხარს დაუჭერს რეგიონულ თანამშრომლობას და იმუშავებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და საქართველოს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაზე.
კერძოდ, სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს და შეასრულებს თანათავმჯდომარის ფუნქციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლებიც საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შედეგებს ეხება. ტოივო კლაარი შეცვლის ელჩს ჰერბერტ ზალბერს (ეროვნებით გერმანელი), რომელსაც ეს პოსტი 2014 წლის 8 ივლისის შემდეგ ეკავა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკას და ინტერესებს კონკრეტულ რეგიონებში და ქვეყნებში, და ჩართულია ევროკავშირისთვის პრობლემურ საკითხებში. ის აქტიურ როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობის და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში.

ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული მოდის პოპულარობას მთელ მსოფლიოში

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 10 ნოემბერი 2017 18:08

ევროკავშირი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ამ ქვეყნების კომპანიებს ახალ პერსპექტივებს სთავაზობს. თბილისში მდებარე მოდის სახლი „მატერია“ ერთ-ერთი მათგანია, აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული სტატიაში.
მოდის სახლი, რომელიც თავის მომხმარებლებს მაღალი კლასის ტანსაცმლის ხაზს და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს სთავაზობს, საკუთარ ტანსაცმელს ასევე საქართველოს სხვადასხვა საჯარო უწყებებზე ყიდის, რომელთა შორის არის არმია, პოლიცია, ფოსტა და მრავალი სხვა.
ის მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან ფორმების საწარმოებლად როგორც ეროვნული გუნდის იუნიორი მოთამაშეებისთვის, ისე რაგბის არაერთი სხვა კლუბისთვის, რომელთა შორის არის გორის „ჯიქი“, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული.
კომპანიამ უზრუნველყოფილი დაფინანსება მიიღო საკუთარი აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის და დანერგა ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სათანადო პრაქტიკა ახალი ტანსაცმლის ფაბრიკისთვის, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ეს დაეხმარება მოდის სახლს სრულად ისარგებლოს ექსპორტის პერსპექტივებით. კომპანია იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business)-ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზით ისარგებლა.

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 ნოემბერი 2017 18:28

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროპის საბჭომ წარმოადგინეს 2015-2017 წლებში განხორციელებული რვა ერთობლივი პროექტის შედეგები, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% ევროკავშირმა დააფინანსა, ხოლო 10% - ევროპის საბჭომ. პროექტები ევროპის საბჭომ განახორციელა.

ქვეყნის სპეციფიკაზე მორგებულმა პროექტებმა ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერებას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლებას; ინტერნეტის თავისუფლების დაცვას; ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.

“მსგავსი პროექტები და ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში გასატარებელი რეფორმებისათვის, განსაკუთრებით, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის,” - აღნიშნა დავით ზანკალიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ განაცხადა: "დღეს ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სამწლიან მჭიდრო თანამშრომლობას და შედეგები ძალიან პოზიტიურია. „პარტნიორობამ კარგი მმართველობისთვის“ საშუალება მისცა ევროპის საბჭოს და ევროკავშირს, ეთანამშრომლა რიგ ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამინისტროებსა და საჯარო დაწესებულებებთან, მედიასა და იურისტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შედეგად, გაფართოვდა ქართველ პარტნიორთა შესაძლებლობები, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა, ბევრ სფეროში გაძლიერდა დემოკრატია და კანონის უზენაესობა.” ბატონმა ურსემ ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და სხვა მხარეებთან.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსმა,  ვინსენტ რეიმ დასძინა: „ეს პროექტები და თანამშრომლობა ეფუძნება ჩვენს საერთო მიზანს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამის ევროპულ ფასეულობათა დამკვიდრებას. ჩვენ უკვე დავდეთ ხელშესახები შედეგები რვა სფეროში - დაწყებული ციხეებში გაუმჯობესებული ჯანდაცვით და დამთავრებული სამართლის სფეროს სპეციალისტების ტრენინგებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, მედიის სფეროს რეგულაციაზე პასუხისმგებელი პირების ტრენინგების ჩათვლით.“

პროექტების შედეგების მიხედვით:

  • 1300-ზე მეტმა იურისტმა (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი) გაიღრმავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დებულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა;
  • განახლდა ელექტრონული საგამოცდო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ელექტრონულად ჩატარებას და შედეგების ავტომატურ შეფასებას;
  • 100-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოლონ კულტურულ და გენდერულ სტერეოტიპებს და როგორი პასუხისმგებლობით გააშუქონ წინასაარჩევნო კამპანია, ასევე რეგიონული მაუწყებლობების მისიასა და როლზე;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს გაეწიათ საექსპერტო დახმარება სტრატეგიების შემუშავებაში, კერძოდ, ციხეებში ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისა და პენიტენციურ სისტემაში კრიზისების მართვის კუთხით;
  • სამართლებრივი მხარდაჭერა გაეწია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2017 წლის სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებს;
  • ჩატარდა ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამი სესია;
  • მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რაც 2018 წელსაც გაგრძელდება, როდესაც დასრულდება ეროვნული მექანიზმის შემუშავების რისკების შეფასება.

2014 წლის აპრილში, ევროკავშირი და ევროპის საბჭო შეთანხმდნენ მიზანმიმართულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებთან, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მათი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. 8 ადგილობრივი პროექტის გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობს 14 რეგიონულ პროექტში.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://partnership-governance-eu.coe.int

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური