მ. ბახტაძე ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ტ. კლაარს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 14:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე, ასევე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.

განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, განიხილეს სამი მიმართულება - განათლება, ჯანდაცვა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. აღინიშნა, რომ ამ სფეროებში ცალკეული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას.

​სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 13:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტამდე ინფორმაციის მიღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან. საუბრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ბატონი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ქეთევან მახარაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშების განყოფილების უფროსი ბატონი ანდრეა ხმიელინსკი ბიგაზი და ოპერაციათა განყოფილების უფროსის მოადგილე, ქალბატონი მაურა ო’ სალივანი.

რუსმა სამხედროებმა უკრაინულ კატერებზე იერიში მიიტანეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 10:06

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინულ კატერებზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ბორის ბაბინი ავრცელებს.

„ქერჩის სრუტის გამოსასვლელში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხომალდის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს. ბორტზე არის დაჭრილი. აგრესორი სახელმწიფოს სამხედროებმა კატერები დაიკავეს“, – წერს ბაბინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, გამთენიისას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქერჩის სრუტისკენ მიემართება. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხომალდების მარშრუტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო და გემები ოდესიდან მარიუპოლში მიემართებოდნენ. კიევში ამბობენ, რომ რუსეთმა გაერო-ს წესდება დაარღვია და უკრაინულ ხომალდს შეეჯახა.

მომხდარის გამო, უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო სამხედროების საგანგებო თათბირი მოიწვია. ქერჩის სრუტესთან დაძაბულობის ესკალაციის გამო, უკრაინის უშიშროების საბჭოს სამხედრო კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართება.

პარალელურად, უკრაინის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს და ევროკავშირის ლიდერებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ხომალდების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს აგრესიად განვიხილავთ, რაც აზოვის ზღვის აკვატორიაში და ქერჩის სრუტესთან სიტუაციის ესკალაციას ისახავს მიზნად“ – ნათქვამია პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი დააკავა. მათ რუსეთის უსაფრთხოების ფედერლური სამსახურის სპეცრაზმელები აკონტროლებენ. დაჭრილია ორი უკრაინელი მეზღვაური.

წყარო: https://1tv.ge/news/ukrainis-prezidentis-warmomadgenlis-cnobit-rusma-samkhedroebma-ukrainul-katerebze-ierishi-miitanes/

https://1tv.ge/news/ukrainuli-media-rusetis-ef-es-bes-specrazmma-sami-ukrainuli-gemi-daakava-daichra-ori-mezghvauri/

ევროკავშირის ელჩი საქართველოში „ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს“ შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 18:55

2018 წლის 9 ნოემბერს 68 ახლადარჩეული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრა თბილისში გაიმართა. ელჩი კარლ ჰარცელი მათ ევროკავშირის საქმიანობასა და აქტივობებზე ესაუბრა და მან თითოეულ მათგანს გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“ ასევე ისაუბრეს ჩატარებულ აქტივობებზე, განიხილეს ახალგაზრდების წახალისების გზები და წარადგინეს სამომავლო აქტივობების გეგმები. „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“, რომელთაც საქართველოსა თუ საზღვარგარეთ უკვე მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოხალისეობრივი გამოცდილება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა და შევეცდები ჩემი მოხალისეობრივი ჩართულობით პოპულარიზაცია გავუწიო ევროკავშირის ღირებულებების ფართოდ გაშუქებას საქართველოს რეგიონებში“. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში  აღნიშნული პროექტის მონაწილემ თათია თურაზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროექტი ფართოდ უხსნის კარებს ქართველ ახალგაზრდებს, რათა მათ გააგრძელონ სწავლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

პროექტის კიდევ ერთი მონაწილე ირაკლი გაბიძაშვილი თვლის, რომ ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და მას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. „ჩვენი მთავარი მიზანია რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის შესახებ. რაც მთავარია გვსურს ახალგაზრდებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია ევროკავშირს და რომელსაც მთლიანად აფინანსებენ ევროკავშირის დონორი ორგანიზაციები“, დასძინა მან.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში სერტიფიკატებით დააჯილდოვა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ მათი აქტიური როლის აღსანიშნავად.

როგორც ცნობილია, 12-16 ნოემბერს “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ესტუმრებიან „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ისინი პრეზენტაციებს ჩაატარებებენ ევროკავშირისა და საერთო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და თავიანთ თანატოლებს გააცნობენ ინფორმაციას ევროკავშირის შესაძლებლობებზე ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში. ისინი ასევე დაგეგმავენ საერთო აქტივობებს მომავლისთვის.

 „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). ინიციატივა ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარებას.

ავთანდილ ოთინაშვილი

​ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 10:54

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 13-26 ოქტომბრის პერიოდში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში, კერძოდ ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. 6 შეხვედრას 250-მდე ადამიანი დაესწრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივი თვითთმართველობებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სოფლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

13 ოქტომბერს, ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავად გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო „ევრო სოფელი“, რომლის ფარგლებშიც შედგა სხვადასხვა აქტივობა ღია ცის ქვეშ. უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მონაწილეობდა. საინფორმაციო ცენტრის კუთხეში უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო, რომელშიც 2500-მდე სტუმარი ჩაერთო.

ღონისძიებების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. საუბარი დაეთმო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

ილიას ჩილოღლუ ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 11:54

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ European Youth Parliament Georgia - EYP Georgia-ს ღონიძიებას დაესწრო და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. ღონიძიების ფარგლებში, ის ევროკავშირის ახალ ელჩს - კარლ ჰარცელს შეხვდა და იბსუს გარშემო არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ამ საკითხის გარშემო, კვლავ იგეგმება ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა.

სერგი კაპანაძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018 13:36

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგი კაპანაძეევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხზე, ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევები. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დაინიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 12:06

სექტემბრის დასაწყისში კარლ ჰარცელი დაინიშნა ევროკავშირის ელჩად საქართველოში.
ქვეყანაში ევროკავშირის პირველი დიპლომატის რანგში ელჩი ჰარცელი ზედამხედველობას უწევს ორმხრივ ურთიერთობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმიანობას, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს და თანამშრომლობას.
ის წარმოადგენს ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს და  ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში უშუალო დაქვემდებარებაში მუშაობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გასატარებლად.

შეუერთდით „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას - განაცხადების მიღება დაწყებულია!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 18:29

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ (YEAs)  იწვევს 18-25 წლის ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განაცხადების შესატანად იმისათვის, რომ შეუერთდნენ საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობას.  განაცხადები მიიღება 2018 წლის 12 სექტემბრამდე. სულ შერჩეული იქნება ინიციატივის 100 ახალი მონაწილე.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც  სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას და არიან ევროკავშირის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის მოქალაქეები. ისინი იცნობენ ევროკავშირის საქმიანობას საკუთარ ქვეყანაში და დაინტერესებულები არიან საკუთარ ქვეყანასა და ევროკაშირს შორის პარტნიორობის იდეის პოპულარიზაციით.

"ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" ინიციატივაში მონაწილეობამ ჩემთვის უფრო მკაფიო გახადა მისი, როგორც ღია პლატფორმის მნიშვნელობა იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ყველაფერი ერთად საერთო ევროპულ მომავალს ჰქმნის", - ამბობს ნინო გოზალიშვილი.

წარმატებული კანდიდატები, რომლებიც გაივლიან შერჩევას,  ჩაერთვებიან სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში, რომლებიც ორიენტირებულია დიალოგის განვითარებაზე  სხვა ქვეყნების ახალგაზრდობასთან; ისინი ასევე იქნებიან საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობის წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ისინი გაუზიარებენ სხვებს გამოცდილებას და ცოდნას ევროკავშირის პროგრამების და ინიციატივების შესახებ, განიხილავენ ახალგაზრდების განათლების და დასაქმების საკითხებს, განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს საკუთარი ქვეყნების და მთელი რეგიონის მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის წამყვანი ძალა, რომელიც დღესდღეობით 3300 აქტიურ წევრს აერთიანებს.

 „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის მიზანია გაზარდოს სოციალურად აქტიური ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ინფორმირებულები არიან ევროკავშირის პროექტების და ინიციატივების შესახებ საკუთარ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდების თანამშრომლობას. ქსელმა საქმიანობა დაიწყო 2016 წლის ივნისში პროექტის „EU NEIGHBOURS east“  ფარგლებში.

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ წარმოადგენს ევროკავშირის პროექტის „ღია სამეზობლო - პარტნიორული კავშირების გაძლიერება კომუნიკაციის გზით: ადამიანებს შორის ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით“ („EU NEIGHBOURS east“) ნაწილს.

დამატებითიინფორმაცია:

https://www.euneighbours.eu/en/east/eu-in-action/youth/learn-more-get-involved

https://www.facebook.com/groups/1762832023967493/

შემოიტანეგანაცხადიდაგახდიახალგაზრდაევროპელიელჩი:

https://docs.google.com/forms/d/1_VkQcLOGEIwOcYs0WD02zB2Okq6z7ZK8iTGV0u4FS-I/viewform?edit_requested=true

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 12:49

საპროექტო იდეების გენერირება, ახალგაზრდული პროექტების წერა და გუნდური მუშაობა იყო წამყვანი თემები ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკისა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით კახეთში ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ კახეთის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ-ისტორიულ და რეკრეაციულ ადგილები, გაიგეს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მოჩითვისა და ქართულ სუფრის შექმნის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბანაკს ადგილობრივი, კახელი ახალგაზრდები მასპინძლობდნენ.
“მნიშვნელოვანია ახალქალაქში ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და რეგიონთაშორისი კონტაქტების განვითარება მოხდეს, ეს აქტივობები კი ბანაკის მონაწილეების სამომავლო განვითარების და ინტეგრაციის წინაპირობაა. გუნდური თამაშის საშუალებით ახალგაზრდები შეძლებენ გააუმჯობესონ კომუნიკაცია და შეინარჩუნონ კონტაქტები არა მხოლოდ ბანაკში ყოფნისას, არამედ მათთვის არაჩვეულ გარემოშიც”- აღნიშნა ფსიქოლოგმა მარიამ დავითაშვილმა.
ბანაკის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტები რეგიონული განვითარების და ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა. კახეთის რეგიონი კი ახალქალაქის LAG-ის მიერ სპეციალურად შეირჩა, როგორც ტურისტული სერვისების სწრაფმზარდი და მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონი. ახალგაზრდები კახეთის წარმატებულ სასტუმრო კომპლექსებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს ეწვივნენ. საინტერესო ლექციები გაიმართა ტურიზმის განვითარების შესახებ. “ჩვენი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია, მსგავსი ლექციები კი გვეხმარება უკეთ გავეცნოთ სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებს”- განაცხადა ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარემ, ანუშ გილოიანმა.
ეს არის ახალქალაქის LAG-ის მიერ ინიცირებული პირველი ახალგაზრდული ბანაკი, მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური