საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 11 ივნისი 2019 11:20

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნორვეგიასთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა ნორვეგიის პრემიერთან ერნა სოლბერგთან შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ერნა სოლბერგი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლო პერიოდში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის, რუსიფიკაციისა და მასობრივი პასპორტიზაციის საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნორვეგიის პრემიერმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კანდიდატების მხარდჭერის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის პოსტზე და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის თვალსაზრისით ნორვეგიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და შავ ზღვაში თევზის რეწვის სფეროს რეგულირებაში. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასაც.
,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შევხედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას"- აღნიშნა ერნა სოლბერგმა. 
ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნისბგადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. 
მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის  პროფესიული განათლების მიმართულებით. 
,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად"- განაცხადა ერნა სოლბერგმა.

ევროკავშირი ბუქარესტის შეხვედრის დროს შავი ზღვისთვის ერთობლივ საზღვაო დღის წესრიგს შეიმუშავებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მაისი 2019 15:30

21 მაისს შავი ზღვის შვიდი ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და უკრაინის მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იკრიბებიან შავი ზღვისთვის ერთობლივი საზღვაო დღის წესრიგის დასამტკიცებლად.

ამით შავი ზღვის რეგიონი უერთდება ევროკავშირის მოსაზღვრე დანარჩენი ზღვების აუზებს საყოველთაო-საზღვაო ინიციატივის შესამუშავებლად უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ქვეყნებს ექნებათ სამი მიზანი: ჯანმრთელი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემები, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი ლურჯი ეკონომიკა და ინვესტირება ლურჯ ეკონომიკაში.

მინისტრების შეხვედრა იქნება ევროკომისიის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროცესის შედეგი. რეგიონის ლურჯი ეკონომიკის მხარდაჭერამ ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ 2015-2018 წლებში 13 მილიონ ევროს გადააჭარბა. დამტკიცების შემდეგ ქვეყნებს სთხოვენ შეადგინონ იმ პროექტების სია, რომელთა კვალიფიცირება შესაძლებელია სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების მისაღებად.

მრავალი სხვა საკითხების გარდა, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდეს მეთევზეობას და აკვაკულტურის კვლევას, ზღვის ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას, ტურიზმს, ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ეკოლოგიის საკითხებზე, (მცირემასშტაბიანი) მეთევზეობის სექტორის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, ინოვაციური საზღვაო ტექნოლოგიების და მონიტორინგის საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოღებას თევზსაჭერი გემებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის მთავარი დირექტორატის (DG MARE) Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://twitter.com/EU_MARE

იხილეთ მეტი:

 

შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (ინგლისური)

შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (რუსული)

ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის შესახებ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე - რას გულისხმობს ინიციატივა?

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 11 მაისი 2019 11:44

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე - რას გულისხმობს ინიციატივა/აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 საიუბილეო დღე - საუკეთესო შესაძლებლობა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს დღე საქართველოსთვის.

პირველი, რაც მეგობრებთან ან კოლეგებთან ევროკავშირზე საუბრისას გვახსენდება, უვიზო რეჟიმის შემოღებაა. მაგრამ, ეს ხომ ყველაფერი არ არის! ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაკუთრებით გაღრმავდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ. სავიზო რეჟიმის გამარტივება, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ არის ასევე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად სამართლის უზენაესობა, მმართველობის გაუმჯობესება დაეკონომიკური განვითარება.

ვიკიპედიის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან. „აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ხელი შეუწყოს ვაჭრობის, ეკონომიკური სტრატეგიის, სამოგზაურო ხელშეკრულებების და სხვა საკითხების მოგვარებას ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის“. მაგრამ რა არის ეს შეთანხმება რეალურად? რა სარგებელს იღებენ მისგან ჩვეულებრივი მოქალაქეები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პროექტმა „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ შეაგროვა ფაქტები და სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც განმარტავს, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველო ევროკავშირთან და რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთობა მოქალაქეების ცხოვრებაზე.

 

  1. 1.            რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა? ნიშნავს თუ არა ეს ევროკავშირის წევრობას?

აღმოსავლეთ პარტნიორობა აერთიანებს ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს - აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას. პარტნიორები ბოლო ათი წელია, თანამშრომლობენ  ამ ქვეყნებში დემოკრატიის, კეთილდღეობის და სტაბილურობის საერთო სივრცის შესაქმნელად. რეალობაში ეს ნიშნავს, უფრო  ძლიერ ეკონომიკას და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ნდობის მაღალ მაჩვენებელს, სუფთა გარემოს და უსაფრთხო და უწყვეტ ენერგომომარაგებას, ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, თუმცა ის აახლოებს ქვეყნებს ევროკავშირთან მათი  სურვილის შესაბამისად.

 

2.       რატომ არის დაინტერესებული ევროკავშირი ამ პარტნიორობით? რატომ უნდა დახარჯოს ევროკავშირმა გადასახადის გადამხდელთა ფული სხვა ქვეყნების დასახმარებლად?

ევროკავშირს ნათელი ინტერესი აქვს: სტაბილური, დაცული და წარმატებული მეზობლები ევროკავშირის სტაბილურობის, დაცულობის და კეთილდღეობის წინაპირობაა - ჩვენუნდამოვახდინოთსტაბილურობისექსპორტიარასტაბილურობისიმპორტისთავიდანასაცილებლად“ - ამბობსიოჰანესჰანი, ევროკომისარიევროკავსირისსამეზობლოპოლიტიკისსაკითხებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარებით, საქართველოს და ევროკავშირს წვდომა აქვთ ახალ ბაზრებსა და მომხმარებლებზე, რასაც  განსაკუთრებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები; ასეთი შეთანხმების ერთ-ერთი მაგალითია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“. პარტნიორობა ასევე ხელს უწყობს ახალ ბაზრებზე წვდომას ტურიზმის განვითარებისთვის და გვთავაზობს შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის. ევროკავშირის და საქართველოს ახალგაზრდებისთვის დღეს უფრო მარტივია გამოცდილების  გაზიარება, მოგზაურობა და ურთიერთობა.

 

3.       დავუშვათ, ევროკავშირი გამოყოფს თანხებს, მაგრამ ამოწმებს ვინმე, სად და როგორ იხარჯება ეს ფული?

ევროკავშირის ფინანსების ხარჯვა ყოველთვის გადის მკაცრ, უწყვეტ შემოწმებას. კონტროლის და აუდიტის არსებული პროცედურები მაქსიმალურად აფასებს დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას და შედეგებს. გარდა ამისა, წარმოებს მკაცრი ფინანსური აუდიტი თანხების სათანადო ხარჯვის კონტროლის მიზნით. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარების დროს ფულის გაცემა  ხდება მხოლოდ მაშინ, თუ შესრულებულია ყველა პირობა, მათ შორის ანგარიშგებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არ გამოყოფს დაფინანსებას მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ყველა საჭირო პირობა დაკმაყოფილებულია.

ევროკავშირის და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის საქართველოსთვის, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამიტომ ძალიან ბევრი კეთდება კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის და ეფექტური საჯარო ადმინისტრაციის მხარდასაჭერად.

 

ევროპული ფინანსების დანიშნულების მიხედვით ხარჯვა აძლიერებს თითოეული პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკას და საზოგადოებას და რეალური სარგებელი მოაქვს ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

 

4.      რა კონკრეტულ სარგებელს იღებს საქართველო?

ევროკავშირი საქართველოს  უმთავრესი პარტნიორია.ამ პარტნიორობის საფუძველია ასოცირების შეთანხმება და შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს.

ეს ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში იზრდება და მისი წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 27%-ზე მეტია. ევროკავშირი ეხმარება კერძო სექტორს. კერძოდ, 63,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ, მიკროსაწარმომ და ფერმერმა მიიღო სესხი; 1600-მა ფერმერულმა კოოპერატივმა მიიღო ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ხოლო 250,000-ზე მეტ ფერმერს ჩაუტარდა სხავადასხვა ტრენინგი .

 

ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა მთავრობის იურიდიული დახმარების სამსახური 20 ოფისით მთელ ქვეყანაში, რომელმაც დღემდე უფასო დახმარება 330,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია. ევროკავშირის დახმარებით ტრენინგი გაიარა 5,000-ზე მეტმა მოსამართლემ და იურისტმა, პოლიციის გამომძიებელმა, სახალხო დამცველმა და ადვოკატმა. ევროკავშირმა ხელი შეუწყო 44 სამთავრობო სათემო ცენტრის შექმნას პატარა ქალაქებში და სოფლებში, რის შედეგად ძნელად მისადგომ ტერიტორიებზე მცხოვრებ 90,000-ზე მეტ მოქალაქეს შეუძლია ადგილზე ისარგებლოს საჯარო და საბანკო სამსახურებით, ინტერნეტით და ბიბლიოთეკით.

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სამოგზაურო, სასწავლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს: 2017 წლის მარტში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ევროკავშირში იმოგზაურა 300,000-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოდან, ხოლო 6,000-მდე სტუდენტს და მასწავლებელს მიეცა ევროკავშირში სწავლის და სწავლების საშუალება გაცვლითი პროგრამის „ერაზმუს +“ საშუალებით.

 

5.       რას ნიშნავს ეს ჩემთვის

ყველა ეს შესაძლებლობა შენთვისაც ხელმისაწვდომია! ეს კარგად ჩანს კონკრეტული ადამიანების მაგალითებზე. ირინე გლოველი - მას შემდეგ რაც პროგრამის „ქალები ბიზნესში“ საშუალებით ევროკავშირი ირინეს საინჟინრო კომპანიას დაეხმარა, კომპანიის მოგება 7.5%-ით გაიზარდა. ნათია, საკუთარი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი: ევროკავშირის პროგრამამ ნათიას და მის ბავშვებს დროებითი თავშესაფარი და ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა, ხელი შეუწყო ახალი უნარების ათვისებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში.

ბექა ბერიაშვილმა მიიღო სტიპენდია პროგრამისგან „ერაზმუს+“ და შედეგად შეისწავლა მარკეტინგი რუმინეთში. ახლა ის თბილისში, კერძო კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს. აქდამსაქმებლებიბევრადუფრომეტადაფასებენუცხოეთშიმიღებულგანათლებასადგილობრივთანშედარებით“, ამბობს ბექა.

 

ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული სესხით თბილისის მოქალაქეები ქალაქში მგზავრობისათვის 150 ახალ ეკოლოგიურ ავტობუსს იყენებენ.  ეს ავტობუსები ამცირებს ტრანსპორტის ნაკადს, მავნე გამონაბოლქვს და აუმჯობესებს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს.

 

6.       საინტერესოა, როგორ შემიძლია სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენება? როგორ მოვიძიო ჩემთვის სასარგებლო ინფორმაცია?

EU Neighbours ვებგვერდი აქვეყნებს ინფორმაციას ევროკავშირში არსებული ყველა ახალი შესაძლებლობის შესახებ. ეს საკითხები მრავალფეროვანია, მაგ.: ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავეთა სასწავლო მივლინება ფინეთში, სტაჟირება ევროპარლამენტში, ენერგოეფექტურობის ინიციატივების და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება, ასევე სემინარი მცირე ბიზნესისთვის ექსპორტის საკითხებზე. თქვენ შეძლებთ ყველა ამ შესაძლებლობის მოძიებას ევროკავშირის სამეზობლოს ვებგვერდის სპეციალურ ნაწილში.

თუ გაქვთ მცირე ბიზნესი, ან მეწარმე ხართ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ  ტრენინგის და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა ინიციატივის EU4Business ვებგვერდზე, ხოლო გაცვლით და საგანმანათლებლო პროგრამებში დაინტერესებული ახალგაზრდები გაეცანით პროგრამის„ერაზმუს +“ ეროვნულ ოფისს საქართველოში.

გარდა ამისა, თვალი მიადევნეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია სამსახურის და დაფინანსების, მოგზაურობის და სწავლის შესახებ.

 

7.       10  წელი თანამშრომლობიდან: რა იქნება შემდეგ?

გასული ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების საქმიანობამ შედეგი გამოიღო  - განვითარდა ვაჭრობა, მობილობა და ეკონომიკა, გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი.

მაგრამ პარტნიორობა ამით არ ამოიწურება; ევროკავშირს და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს მომავალი წლისთვის დასახული აქვთ 20 ძირითადი მიზანი, რომელთა მისაღწევად გრძელდება ენერგიული თანამშრომლობა შემდეგ სფეროებში: კარგი მმართველობა, ეკონომიკის განვითარება, ენერგეტიკა, გარემო და ტრანსპორტი, ძლიერი საზოგადოება,  გენდერული თანასწორობა, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ეს მიზნები ცნობილია, როგორც „20 შედეგი 2020 წლისთვის“.

https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/cards/aghmosavlet-partniorobis-10-clis-iubile-ras-nishnavs-initsiativa

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ქართულ მედიას საკუთარ მიღწევებს უზიარებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 მარტი 2019 10:40

2019 წლის 27 მარტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა რეგიონულმა პროექტებმა მოაწყვეს არაოფიციალური შეხვედრა წამყვან მედია-საშუალებებთან საქართველოში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო იმ რეალური  შედეგების და შესაძლებლობების განხილვა, რომლითაც ევროკავშირი რეგიონული პროგრამების საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველჰყოფს, ასევე ჟურნალისტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება. ღონისძიება მიეძღვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ სახის მედია-ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამამ ქუთაისში ახლად დანერგილი ნარჩენების მართვის ნოვატორული პრაქტიკა წარმოადგინა. ეს გარემოსდაცვითი პროგრამა საქართველოს, მოლდოვის და სომხეთის ადგილობრივი ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერების და აქტივისტების ერთობლივი ძალისხმევით, მიზნად ისახავს მდინარეებში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებას. ქართველი კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელიც ევროკავშირის პროექტის მიერ მომზადებულ საპოპულარიზაციო ვიდეორგოლში იყო გადაღებული, ღონისძიებაზე ინიციატივის მხარდასაჭერად მოვიდა: „სიხარულით დავთანხმდი ამ ვიდეოში გადაღებას, რადგან ვფიქრობ, რომ პროექტი საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებს - ახორციელებს პლასტმასის ნარჩენების დახარისხებას და გადამუშავებას.პლასტმასი სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, ის ტოქსიკურია ნიადაგისა და წყლისთვის. დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ყურადღების მიმართვა ამ პრობლემისკენ, ყველასთვის ჩვენება, რომ მდინარეში ან წყალში გადაგდებული პლასტმასის ბოთლი ან პოლიეთილენის პარკი აზიანებს გარემოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, აღნიშნა ანატოლი ბოისამ მიმართვაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამამ წარმოადგინა საკუთარი ინიციატივები ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე:„ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების სწავლების გზით“, „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ და „გაიცანი მეზობელი“. ეს პროექტები ხელს უწყობს კულტურულ გაცვლებს ახალგაზრდებს შორის ღონისძიებების, ტრენინგების, სასკოლო საქმიანობის, ვიდეო-ისტორიების და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების საშუალებით. ერთ-ერთი პროექტის ბენეფიციარმა, ლუკა დოლიძემ, ჟურნალისტებს საკუთარი ისტორია გაუზიარა: „მე ვარ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. მიუხედავად ამისა, ამ პროექტის ფარგლებში, ტურიზმის ბიზნეს-ტრენინგებში მივიღე მონაწილეობა. 3–თვიანი ტრენინგების და პრაქტიკული ტურების შემდეგ გავხდი ექსტრემალური და ეკოტურიზმის გიდი. ტრენინგის პერიოდში ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობით პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე. ვცხოვრობ მანგლისში. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურისტული მარშრუტებიდან/ღონისძიებებიდან. ჩემი ინიციატივით, ჩვენი სახლი საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთე. ახლა შემიძლია ტურისტებს ვუმასპინძლო და გავუწიო მათ გიდობა ჩემი ქვეყნის გასაოცარ ადგილებში. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ნუ შეუშინდებიან ახალ ინიციატივებს და ნუ გაუშვებენ ხელიდან სწავლის შესაძლებლობას“.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ინიციატივამ მერები ეკონომიკური ზრდისთვის წარმოადგინა საქართველოს გორის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ევროკავშირის დაფინანსება აგრობიზნესის და ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონებში.

ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამამ ჰორიზონტი 2020 წარმოადგინა საკუთარი საქმიანობა საქართველოში და მისი გრანტის მიმღები - პროექტი CURE („ეუბიოზის აღდგენის თერაპიის“ შექმნა ასთმისთვის), რომლის მიზანია ასთმით დაავადებული ადამიანების მკურნალობის კვლევა. სიახლე ამ მკურნალობის ამ სტრატეგიაში ემყარება რესპირატორული მიკრობიომის აღდგენას მასში ბაქტერიოფაგების შეყვანით - ეს კომპონენტი ასთმით დაავადებულ პაციენტებს არა აქვთ. აღნიშნულ პროექტში სულ ჩართულია 10 სამეცნიერო ჯგუფი შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, ბრიტანეთი, შვეიცარია, ბელგია, პოლონეთი და საქართველო.  საქართველოს მხრიდან კვლევას ახორციელებს გიორგი ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი.

Erasmus+“ პროგრამები ქართველ ახალგაზრდებს ევროკავშირში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს; აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარებმა მობილობის პროგრამებიდან მიღებული გამოცდილების  შესახებ ისაუბრეს. „ჩემს ცხოვრებაში მომხდარ რადიკალურ და გადამწყვეტ ცვლილებებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საზღვარგარეთ სწავლას შევძლებდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰელსინკის უნივერსიტეტში, ფინეთში“, თქვა მარიამ ბიწაძემ, პროგრამის „Erasmus +“ სტუდენტმა თბილისიდან. 

„ჩემი აზრით, ამ ვიზიტის დროს მოხდა ნამდვილი კულტურული გაცვლა, რომელიც ჩემთვის, უსინათლო ადამიანისთვის, უმნიშვნელოვანესია. „Erasmus+“ პროგრამის ორივე სემესტრის განმავლობაში შესაძლებლობა მომეცა გამეუმჯობესებინა ჩემს თანატოლებთან გუნდური მუშაობის უნარები. „Erasmus+“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ ასევე მომცა იშვიათი შესაძლებლობა დამოუკიდებლად, მარტო მეცხოვრა საერთო საცხოვრებელში, ჩემი საკუთარი ან მასპინძელი ოჯახის  გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული უნარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის.როგორც რუმინეთში, ისე გერმანიაში შესაბამისი დახმარებით ვიყავი უზრუნველყოფილი“… თქვა ესმა გუმბერიძემ, რომელმაც ორჯერ მიიღო მონაწილეობა „Erasmus+“ მოკლევადიანი მობილობის საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში. 

ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაზღვრულია მასშტაბური ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით.

ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო იღებს რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელების ვალდებულებას შემდეგ სფეროებში: დემოკრატიული მმართველობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ღია და კარგი მმართველობა და ეკონომიკური განვითარება. აღნიშნულის შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ორიენტირებულია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის რეალურ და თვალნათლივ გაუმჯობესებაზე.

ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზა-ლიბერალიზაციამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, რის შედეგად საქართველოს 300,000-მდე მოქალაქემ იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით უზრუნველჰყოფს ქართველ ფერმერებს. ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა 1600-ზე მეტი ფერმერული კოოპერატივი. შედეგები უჩვენებს შემოსავლების 20%-ზე მეტით ზრდას და დასაქმების მაჩვენებლების გაორმაგებას.

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომლის წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 25%-ს აღემატება.

საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით ბუნებრივი გაზის შენახვის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:14

6 მარტს ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (GNERC) და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან (GOGC) თანამშრომლობით დაიწყეს ქვეყნის სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავება ბუნებრივი გაზის შენახვისათვის.
აღნიშნულის მთავარი მიზანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ბუნებრივი გაზის უწყვეტი მოწოდების უზრუნველყოფა ნებისმიერი დროებითი დარღვევის შემთხვევაში და საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ველოტრანსპორტის განვითარება - ევროკავშირის მხარდაჭერილი ინიციატივა თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 10:29

თბილისში, ავტომობილების ბუმის ფონზე, ველოტრანსპორტის განვითარება პირველ ნაბიჯებს დგამს. ველოაქტივისტი ლიკა მერაბიშვილი ევროკავშირის დახმარებით ცდილობს, ველოსიპედით სიარულს პოპულარიზაცია გაუწიოს.

როგორც ცნობილია, ველოსიპედით სიარული სახსრებისთვის, ძვლების სიმაგრისთვის, გულის, ტვინისა და სისხლძარღვების მუშაობისთვის სასარგებლოა; ის ასევე ავითარებს კუნთებს და ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. ამასთან, ლიკა მერაბიშვილის თანახმად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Safe Drive-ის (“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”) პროექტის კოორდინატორია, ეს ჯანსაღი, “მწვანე”, ნაკლებხარჯიანი ტრანსპორტია.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ ირჩევს ტრანსპორტად ველოსიპედს. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ისინი ამჯობინებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომობილებით იარონ. ასე ხდება თბილისშიც, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა ძლიერ გადატვირთულია;

ლიკა მერაბიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია Safe Drive-ის (“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”) პროექტის კოორდინატორი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ ამ რეალობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, ქალაქში მოეწყოს ინფრასტრუქტურა ველოსიპედისტებისათვის, რათა ველოსიპედით სიარული უსაფრთხო გახდეს.

“იმისთვის, რომ ქალაქი ავტომობილებისგან განიტვირთოს, საჭიროა საზოგადოებრივი და ველოტრანსპორტის განვითარება”, გვეუნება იგი. სწორედ ამის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად ლიკა მერაბიშვილის პროექტი, რომელიც მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის” ფარგლებში განახორციელა.

ათობით ველოსიპედისტი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ერთად  გადაადგილდება და მანქანების გაკვირვებულ მძღოლებს გზის დათმობას აიძულებს — თბილისში ასეთ სცენას არცთუ ხშირად გადააწყდებით. ლიკას პროექტის ფარგლებში, ორი ასეთი ველომარში მოეწყო, რომელიც ველოტრანსპორტის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს “ველოკლუბის” წევრებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სხვებმა. 

პროექტის განხორციელების პერიოდში, როგორც მერაბიშვილი იხსენებს, დაახლოებით იმ დროს დაემთხვა, როდესაც თბილისის მერიამ საბურთალოზე ველობილიკები მოაწყო, რასაც იგი წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. თუმცა, მისი თქმით, ასეთი უფრო მეტი ბილიკი უნდა გაკეთდეს. მისი პროექტი პოპულარიზაციასთან ერთად, ამ საკითხის ადვოკატირებასაც ითვალისწინებდა, მათ შორის, თბილისის მერიასთან.

“არის კიდევ ერთი, ძველი ბილიკი მტკვრის სანაპიროზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება ევროსტანდარტებს… ასევე, მერიის თანამშრომლებთან შეხვედრისას წარმოვადგინეთ გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოეწყოს ველობილი უნივერსიტეტის ქუჩაზე "მაღლივ” კორპუსთან”, ამბობს მერაბიშვილი.

ლიკა ამბობს, რომ ეს პროცესი კომპლექსური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობას დაისახავს მიზნად.

ავტორი: ლუკა პერტაია

Article published by Netgazeti.ge in Georgian.

 

ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ ხარისხს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 10:27

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავმჯდომარეობდა, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიში განიხილეს და  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალი ხარისხი დადებითად შეაფასეს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის, ასევე დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის საერთო მიზნის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განიხილა საქართველოს „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ", რომლის მიზანიცაა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ  მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის უზრუნველსაყოფად ითანამშრომლონ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ოთხ ძირითად სფეროში - ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანი მმართველობა; ტრანსპორტი, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები; გაზრდილი მობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტები.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მთლიანობაში კონკურენტულ გარემოში, ასევე აღნიშნა მცირე ხარვეზები და ხაზი გაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით, 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასოცირების საბჭო მიესალმა კონსტიტუციის ახალი ვერსიის ძალაში შესვლას 2018 წლის დეკემბერში, რითაც დასრულდა საქართველოს გადასვლა სრულ საპარლამენტო სისტემაზე. ასოცირების საბჭომ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანამშრომლობისა და ღია დიალოგისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, პლურალისტული დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი რეფორმების ჩატარებაში, ასევე აღნიშნა ზოგიერთი სფერო, სადაც აუცილებელია შემდგომი წინსვლა და მოუწოდა საქართველოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის განხორციელებისკენ და მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელებისკენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, სხვა ასპექტებთან ერთად, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვის და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომების მეშვეობით. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის განხორციელებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა სარგებლობს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით. საბჭო ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის მიმდინარე ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრისკენ და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ბრძოლა შენგენის ზონის ზოგიერთ ქვეყანაში საფუძვლის გარეშე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ უკანონო მიგრაციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.

ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და მოუწოდა მას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და გენდერული თანასწორობის დამკვიდრების გაგრძელებისკენ, მათ შორის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაფართოების გზით. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა  ერთგულება ზოგადსაკაცობრიო ადამიანის უფლებათა დაცვისადმი, რელიგიური მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობებისა და სხვათა მიუხედავად. ასოცირების საბჭომ მაღალი შეფასება მისცა  საქართველოს მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს და მოუწოდა საქართველოს შრომის ინსპექციის ეფექტიანი სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პირობების შემდგომი გაუმჯობესება.

მხარეები მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით. 2018 წელს ევროკავშირი კვლავაც წარმოადგენდა საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს - 2018 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 2,76 მილიარდი ევრო. ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე კონკრეტული პროდუქტების იდენტიფიცირება, რის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება დახმარება. მხარეები მიესალმნენ სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვეს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას.

ასოცირების საბჭო მიესალმა 2018 წლის დეკემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების პირველი ნაკადის გამოყოფას და მოუწოდა საქართველოს დარჩენილი შეთანხმებული სტრატეგიული ზომების განხორციელებისკენ, რათა შესაძლებელი იყოს მეორე ნაკადის გამოყოფა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის და ტრანსპორტისა სფეროებში, ასევე ქვეყნის, როგორც რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან სატრანსპორტო დღის წესრიგზე და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შემდგომ გაფართოებაზე. ასოცირების საბჭო მიესალმა 2019 წლის 29 იანვარს გამართულ ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის სატრანსპორტო დიალოგის პირველ რაუნდს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი სატრანსპორტო ქსელების და ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისკენ.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში  ევროპის პარტნიორის, საკვანძო როლი და აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობა ევროპის ბაზრებისთვის კასპიის ზღვის რეგიონის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდების საქმეში, კერძოდ სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის და შავი ზღვის მეშვეობით. ევროკავშირმა აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს დახმარება საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საჯარო შენობებისთვის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის კუთხით. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო სექტორის აღდგენის მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავს სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების გზით უკეთესი საექსპორტო შესაძლებლობების შეთავაზებას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა თბილისში პირველი ევროპული სკოლის წარმატებით ამოქმედებას, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირის ურთიერთობებში აღმოსავლეთის პარტნიორებთან, ასევე აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა განათლების სფეროს რეფორმის კუთხით.

ევროკავშირმა აღნიშნა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობა  და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საკუთარი, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის, როლის განმტკიცებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას. ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის თემები, რომელიც გაიმართა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ევროკავშირმა მადლობა მოახსენა საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას შეაქვს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის თაოსნობით განხორციელებულ კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს შესაბამისი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის არაღიარების და ჩართულობის  პოლიტიკის მეშვეობით.

ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ ამ ერთგულების თვალსაჩინო მაგალითია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სასიცოცხლო მნიშვნელობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც მომდინარეობს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი "ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები" არსებითად მნიშვნელოვანია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ამ მხრივ, საბჭომ ხაზი გაუსვა გალის "ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის" უპირობო განახლების აუცილებლობას.

ასოცირების საბჭომ გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის ფედერაციას და საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების მიმდინარე განხორციელების გამო, ასევე რეგიონში რუსეთის მხრიდან სხვა უკანონო ქმედებების გამო, რომლებითაც ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მათ შორისაა - მზარდი მილიტარიზაცია, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ადმინისტრაციული ხაზების გაყოლებაზე, „გადასასვლელი პუნქტების" დახურვა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა. ასოცირების საბჭომ გამოხატა შეშფოთება საქართველოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაციის გაუარესების გამო და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქართველთა დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. ამ მხრივ, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიღწეული უნდა იყოს სამართლიანობა.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანასთან და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად ყველა დაბრკოლების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების საშუალება, მისიის მანდატის შესაბამისად. საბჭომ ხაზი გაუსვა  იძულებით გადაადგილებული ყველა პირის და ლტოლვილის შინ ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა გამყოფი ხაზებს მიღმა მყოფ ადამიანთა შორის კონტაქტების მზარდი მხარდაჭერის და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის  მნიშვნელობას. ამ მხრივ, ასოცირების საბჭომ გამოხატა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მხარდაჭერა.

ევროკავშირმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივ განზომილებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიმდინარე წელს პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების წარმატების უზრუნველყოფისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ერაზმუს+ ელექტრონული ბარათები - პასუხები ყველაზე აქტუალურ შეკითხვებზე

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019 17:43

ქართველ სტუნდენტებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ერაზმუს+ მობილობის პროგრამების მეშვეობით საზღვარგარეთ სწავლობს ან უკვე მიიღო განათლება. თუმცა, ბევრია ისეთიც, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია პროგრამებისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ახალგაზრდებს ერაზმუს+ სთავაზობს.  არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ არასრული ინფორმაციის გამო უჭირთ ერაზმუსის + მობილობის პროგრამების შერჩევა. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროექტის EU Neighbours East ინიციატივით, შეიქმნა  ელექტრონული ბარათები, რომელიც მარტივი გზით პასუხობს ყველა აქტუალურ კითხვას. პასუხები ძალიან მარტივი სახით არის წარმოდგენილი - ისე, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის ინფორმირებული, შეუძლია გაიგოს, როგორ მუშაობს ერაზმუს+

 

ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019 12:06

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ყოველწლიურად მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რაც საქართველოს მოდერნიზაციას, განვითარებას და ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. სხვა მიმართულებებთან ერთად, ევროკავშირის დახმარება მოიცავს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.
                              
2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB)  შორის ხელი მოეწერა პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) საფინანსო შეთანხმებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საზღვრისპირა და რეგიონული კავშირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მობილობის გაძლიერების ხელშეწყობას, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
 
საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის 250 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფა სესხის სახით, რომელიც მოხმარდება საქართველოში საავტომობილო გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

ევროკავშირის ელჩი ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ განვითარების პროექტებს ბორჯომში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 თებერვალი 2019 16:48

გაულ კვირას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბორჯომსა და ბაკურიანში გაემგზავრა ევროკავშირის მიერ სასოფლო განვითარების მხარდაჭერის შედეგების განსახილველად. ვიზიტის განმავლობაში ელჩი შეხვდა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს და ესტუმრა სასოფლო განვითარების ინიციატივას ბაკურიანში.
 
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია ადგილობრივი განვითარების იმ ჯგუფთაგან, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; მათი ჩამოყალიბების  მიზანი იყო დივერსიფიცირებული ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის წახალისება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე.
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს პარტნიორობის პლატფორმას ადგილობრივი კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც შეაქვთ წვლილი მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში და მხარს უჭერენ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას.
შეხვედრის შემდეგ ელჩი ჰარცელი ესტუმრა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასოფლო განვითარების ინიციატივას: თხილამურების გაქირავების პუნქტს ბაკურიანში.
News in English

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური