საქართველომ ფინეთს მე-3 პერიოდში 19 ქულა გაუბათილა, მაგრამ მოგებამდე ვეღარ მივიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 12:52

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის 4 გამარჯვებით დაწყების შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2 შეხვედრა წააგო და E ჯგუფში საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა. აღნიშნული ადგილი ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოუტანდა, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს  ეს მისია თამაშების დაწყებამდე შესრულებული ჰქონდა, რადგან ჩვენი ქვეყანა მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ისევე როგორც გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს, კონტინენტის პირველობაზე თამაში საქართველოსაც გარანტირებული აქვს. 

ბოლო 2 მატჩი საქართველომ თბილისში გამართა. ესე არ იყო თავიდან დაგეგმილი, თუმცა ფიბა-ს კოვიდ-პანდემიის გამო ფორმატის შეცვლა მოუხდა და იზოლირებულ გარემოში, ეგრედწოდებული “ბაბლის” სისტემით უკვე მეორე ფანჯარა ჩაატარა. პირველ იზოლირებულ ფანჯარაში, გეხსომებათ, ზუროსის გუნდმა ფინეთში ორივე მატჩი მოიგო (ფინეთი და შვეიცარია დაამარცხა), მეორე “ბაბლს” კი თბილისმა უმასპინძლა და საკუთარ კედლებში საქართველოს არ გაუმართლა. ჩვენმა გუნდმა ვერ შეკრიბა ოპტიმალური შემადგენლობა და პლუს ამას, პირველ მატჩში დაშავდა კონერ ფრენკამპი – ახალი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი, რომელმაც სერბეთთან მატჩი ვერ ჩაამთავრა და, ცხადია, ფინეთთნაც ვერ ითამაშა.

ფრენკამპის ტრავმის შემდეგ ჩვენი გუნდის უკანა ხაზი მთლიანად სუპერლიგის მოთამაშეების იმედად დარჩა. ძირითადი გამთამაშებლის ამპლუა მწვრთნელებმა “ვერას” წევრ გივი ბაქრაძეს უბოძეს, რომელთან ერთადაც სასტარტოს უკანა ხაზში რუსთაველი მერაბ ბოქოლიშვილი დადგა. საქართველოს ნაკრებს თავიდან გაუჭირდა ფინელებთან პაექრობა, რადგან სკანდინავიელებს შორი სროლები წაუვიდათ, დაცვაში კი უფრო მობილურად თამაშობდნენ და სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. 

პირველ პერიოდში ფინელებმა 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს და დამსახურებულად გალიდერდნენ – 30:17. მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ფინელებს პერიმეტრიდან ჩაგდება გაუჭირდათ.

ბოლო წუთებზე ზუროსის გუნდს არაერთხელ ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, მოსაგებ ბრძოლაში ისევ ჩაბმულიყო, თუმცა ხან არ გაუმართლა, ხანაც ტექნიკური ხარვეზი დაუშვა და ფინელებმა გამარჯვება გაინაღდეს – 78:70 (სტატისტიკა). სკანდინავიელთაგან 14-14 ქულით საუკეთესო შედეგი ელიას ვალტონენმა და ერიკ მერფიმ აჩვენეს. 

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულა და 5 მოხსნა დუდა სანაძემ მოაგროვა, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე კი 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. 4-დან 3 სამიანი ჩააგდო და 9 ქულას გაიფორმა მიხეილ ბეიშვილმა, მერაბ ბოქოლიშვილი კი ჩვენს ნაკრებს 6 ქულით შეეწია.

შედეგად, E ჯგუფში 4 მოგება და 2 მარცხი საქართველომ და სერბეთმა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე სერბეთი პირველ ადგილზე გავიდა. სანამ საქართველო 2022 წელს ევრობასკეტს უმასპინძლებდეს, ჩვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში მომავალ აგვისტოში ჩაებმება.

უკრაინას ევრობასკეტ 2017-ის თანამასპინძლობა სურს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 15:50

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა მიმდინარე წლის დეკემბერში გაირკვევა, მანამდე კი პირველი განაცხადი უკვე გაკეთებულია - უკრაინამ მომავალი ევრობასკეტის თანამასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა.

უკრაინას ისედაც უნდა ემასპინძლა რამდენიმე დღის წინ დასრულებული ევროპის ჩემპიონატისთვის, თუმცა მათ ქვეყანაში მიმდინარე არეულობამ ფიბა-ევროპა აიძულა, კონტინენტის პირველობა სხვა ქვეყანაში გადაეტანა. მოხდა ისე, რომ პირველად, ისტორიაში, ევრობასკეტს რამდენიმე ქვეყანამ ერთდროულად უმასპინძლა. მოგეხსენებათ, ტურნირი 4 ქვეყანაში ჩატარდა და ამ სისტემამ, როგორც იტყვიან, გაამართლა.

შესაბამისად, ფიბა-ევროპამ განაცხადების მიღება როგორც ევრობასკეტის ერთპიროვნულ, ისე ჯგუფურ მასპინძლობაზეც გამოაცხადა. ამავდროულად, ისიც ცნობილია, რომ ფიბა-ევროპა უკრაინელებს დაჰპირდა, თუკი მათ ქვეყანაში მშვიდობა ჩამოვარდებოდა, მომავალ - 2017 წლის ევრობასკეტის მასპინძლობის უფლებას მათ დაუბრუნებდა. უკრაინაში ომი დღემდე მძვინვარებს, თუმცა ეს არ ეხება ქვეყნის უმეტეს ნაწილს, სადაც ადამიანები ჩვეულ რიტმში ცხოვრობენ და მშვიდობიან ტერიტორიებზე შეუზღუდავად ტარდება ნებისმიერი სახის ღონისძიება.

ასე და ამგვარად, უკრაინელებმა ჭკუა იხმარეს და ფიბა-ევროპას ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობას სთხოვენ. განაცხადი უკვე გაკეთებულია, ევროკალათბურთის მამები კი გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოიტანენ. თუკი ევრობასკეტი კვლკავ იგივე სისტემით ჩატარდა, როგორც წლეულს, უკრაინა დიდი ალბათობით რომელიმე ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებს. 

საფრანგეთმა ევრობასკეტის ბრინჯაოს მედლები მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 20 სექტემბერი 2015 23:02

ევრობასკეტის მასპინძელი და მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი კალათბურთელთა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

ფრანგებს ნახევარფინაალში ტრაგედია შეამთხვია არაერთი ლიდერის გარეშე მობურთალმა ესპანეთმა. რაკი ოქროსთვის ბრძოლა დასრულდა, ფრანგებს სხვა გზა აღარ დარჩათ - დარჩენილი ბრინჯაოსთვის მოსაგები ძალები საკუთარ თავში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იპოვეს და ასევე საჩემპიონო ამბიციებისს მქონე, თუმცა ნახევარფინალში ლიტვასთან დაცემულ სერბეთს მარცხი აგემეს.

მე-3 ადგილისთვის მატჩი არ დაძაბულა. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ფრანგებმა უპირატესობა მოიხელთეს და შეხვედრის საფინალო წამამდე ისე მივიდნენ, სერბეთი სათოფეე არ გაიკარეს - 81:68. მასპინძელთაგან 20 ქულით საუკეთესო გახლდათ ნანდო დე კოლო, რუდი გობერმა კი 15 ქულასთან ერთად 14 მოსნაც მიითვალა.

საფრანგეთისთვის ეს ბრინჯოს მედალი იყო ისტრიაში მე-6 1937, 1951, 1953, 1959 და  2005 წლების შემდეგ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური