ყველა გზა ჩინეთში მიდის!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 27 აგვისტო 2016 00:28

29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაცია. მათ შორის: სააგენტო „ნისუდეი საქართველოს“ დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი, ტელეკომპანია „სტარვიზია“ - გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი, მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, „ჯიბი თაიმსის“ დირექტორი - მიხეილ ტარახჩოვი, „ბიზნესთაიმ ჯორჯიას“ დირექტორი - ლევან ჭითანავა , ,„რუსთავი 2“ -პროდიუსერი მაკა ფანქველაშვილი, „იმედის“ პროდიუსერი - შორენა ცხოვრებაშვილი, „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი და ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი - აკაკი გვიმრაძე, ტელეკომპანია„მაესტროს“ წამყვანი და ჟურნალისტი - ნანუკა იროდანიშვილი.
აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ და ჩვენთან ერთად იმყოფებოდა საელჩოს მდივანი თამუნა მუჯირი, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია დელეგაციის წევრებს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩინეთის საელჩოს, ბატონ ელჩს ძი იანჩის ასეთი შთამბეჭდავი მედიატურის ორგანიზებისათვის.

დელეგაციის წევრები პეკინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორმა გუეი ცონგიუომ (Gui Congyou) მიიღო, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ (დალიანის ეკონომიკური ფორუმი), განამტკიცა და ასევე დასაბამი მისცა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.“ ჩინეთს საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მომავალ წელს გახდება 25 წელი, რაც ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ“, - დასძინა მან. 
როგორც ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება ურთიერთობები ეკონომიკის და განათლების სფეროებში. „მიმდინარე წელს გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელთანაც ასეთი სახის ხელშეკრულება გაფორმდება“, - ამბობს გუეი ცონგიუო.
მისივე თქმით, ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით და ამის ნათელი მაგალითია საერთაშორისო კორპორაცია „ხუალინგ ჯგუფი“, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობს. მხარეებს შორის თავისუალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებისთანავე საქართველოსთვის უფრო ფართოდ გაიღება ჩინეთის უზარ-მაზარი ეკონომიკური ბაზრის კარები“, - განაცხადა გუეი ცონგიუომ. ასევე საინტერესო იქნებოდა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებაც, რაც ჩინელი დიპლომატის აზრით, ხელს შეუწყობს ჩინთისა და საქართველოს მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების პროცესს. „ჩინელ ტურისტებს უყვართ მოგზაურობა და სავიზო პროცესის გამარტივების შემთხვევაში, ისინი სიამოვნებით ჩამოვლენ საქართველოშიც, მიაჩნია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს.
რაც შეეხება განათლებას, ჩინელი დიპლომატის აზრით, ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს ამ სფეროს შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ყოველ წელს ჩინეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მათთვის სასურველ სპეციალობაზე ისწავლონ ჩინეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. „ამჟამად ჩინეთში 100-მდე ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას, საქართველოში კი 5 ჩინელი სტუდენტი სწავლობს. მომავალში ჩვენ შევეცდებით გავზარდოთ ქართველი სტუდენტების რიცხვი ჩინეთში, რათა უფრო მეტ ქართველ წარმატებულ სტუდენტს მივცეთ საშუალება ჩინეთში გააგრძელოს სწავლა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თავის მხრივ დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ჩინელ დიპლომატს მიღებისა და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ამის შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის ფარგლებშიც საუბარი წარიმართა ისეთ საინტერესო თემების გარშემო, როგორიც არის ჩინეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობები. მედიის წარმომადგენლები ასევე შეეხნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას.
პეკინში მედიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ჩინეთის საერთაშორისო სამოგზაურო სააგენტო „დიაოიუთაი“-ს გენერალურ დირექტორს მა თიენშუს, (Ma Tianshu), შანხაიში - შანხაის ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილეს ფუ ძიხონგს (Fu Jihong) და პროვინცია შან სი-ს (ქალაქი სი’ანი, ჩინეთის უძველესი დედაქალაქი) ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის ხელმძღვანელს ჭანგ ბაოვენს. (Zhang Baowen) შეხვდნენ.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციისთვის მომზადებული იყო კულტურული ტურები, ხოლო ჩინური უაღრესად გემრიელი სამზარეულოს გაცნობის მიზნით, შერჩეული იყო თითქმის ყველა მხარის სამზარეულო, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ ჟურნალისტებზე.
კულტურული პროგრამის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა პეკინში დაათვალიერეს ეროვნული მუზეუმი, მოინახულეს ზაფხულის სასახლე, გაისეირნეს ნავებით, ასევე მოინახულეს „აკრძალული ქალაქი“(ჩინელი იმპერატორების მთავარი სასახლე კომპლექსი, დაწყებული მინის და დამთავრებული ცინის დინასტიით), ჩინეთის დიდი კედელი, ესტუმრნენ გამომცემლობა „People’s Daily“-ს რედაქციას და შანხაიში ჩქაროსნული მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც შანხაის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა, დღის მეორე ნახევარში კი შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერეს.
ასევე, მოინახულეს კომპანია "ხუავეის" ოფისი, სადაც "ხუავეის" წარმომადგენელმა ქართველ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რომლის განხორციელებასაც კომპანია ახლო მომავალში გეგმავს. ამის შემდეგ დაათვალიერეს შანხაის სანაპირო, „იუ იუენის“ პარკი, შოპინგისა და გართობის უბანი (Xintaindi), შემდეგ კი ქალაქ სი’ანში გაემგზავრნენ, სადაც ქართველი ჟურნალისტები ასევე შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. სი’ანი რადიკალურად განსხვავდება შანხაისაგან, აქ ყველაფერს სიძველის, გარკვეულწილად ხელუხლებლობის და ნამდვილი ჩინურის იერსახე აქვს. აქ ნაკლებად შეხვდებით ინგლისურ წარწერებს, ისევე, როგორც ინგლისურად მოსაუბრე მოსახლეობას. ამის მიუხედავად სი’ანი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული მიმართულებაა, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ეს არის ლეგენდებით მოსილი მხარე, რომელიც აბრეშუმის გზაზე მიმავალი ქარავნებისათვის მთავარი დანიშნულების წერტილი იყო. სწორედ სი’ანშია აღმართული ნულოვანი კილომეტრის აღმნიშვნელი მონუმენტი, როგორც საწყისი წერტილი დიდი აბრეშუმის გზისა. ამის შესახებ ინფორმაციის მიღება აბრეშუმის გზის მუზეუმში შეიძლება, რომელიც სწორედ ამ მონაკვეთშია განლაგებული.
გარდა ამისა დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სი’ანის მუზეუმი. მოინახულეს იმპერატორ ცინ ში ხუანგის ე.წ. „ტერაკოტების არმია“ და აბრეშუმის გზის საწყისი, ქალაქის ისტორიული გალავანი და ზარების კოშკი. ბოლოს კი ქალაქ ლანჭოუდან ურუმჩუში გადავიდნენ, საიდანაც თბილისში ჩამოფრინდნენ. 

დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა, ჩინეთი საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად მიიჩნევს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

  ავთანდილ ოთინაშვილი,

თბილისი-პეკინი-თბილისი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური