თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 მაისი 2020 14:46

თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

 

უმძიმესი ფოტო თურქეთის მოვლენებიდან - დაჭრილი დედა დროშის ქვეშ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 20:34

ეს ფოტო პარასკევს თურქეთში განვითარებული მოვლენების დროსაა გადაღებული, მასზე აღბეჭდილია დედა, რომელიც სამხედრო დაწესებულებასთან დაჭრილი დროშის ქვეშ წევს და თავზე შვილები ადგანან.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებით განათდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 27 მაისი 2016 16:53

ქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საზეიმოდ  აღინიშნა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  გაიმართა საზეიმო ღონისძიებები  -  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება, ქართველ მუსიკოსთა კონცერტები, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ქართული კულტურისა და ისტორიის, საქართველოს ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენები.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობით  ცალკეული  ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათა  და  ეროვნული სიმბოლიკებით მოირთო ქალაქის ღირშესანიშნაობები. 

26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებში განათდა:  ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის „ერჟებიტის“ ხიდი, სლოვაკეთის ქ. კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა, ლიუბლიანის ციხესიმაგრე,  საუდის არაბეთში რიადის ყველაზე მაღალი შენობა „Kingdom Tower“, ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო.  ქ. სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ბოსფორის ხიდი. კვიპროსსა და ინდონეზიაში განათდა დედაქალაქის ტურისტული ცენტრები. ლიტვაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ასევე საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინა ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში გაშვებულ იქნა საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატული ფრანები.

საბერძნეთში გაშვებულ იქნა საქართველოს დროშის ფერებით მოხატული საჰაერო ბურთები.   კანადაში მერიის წინ აღიმართა საქართველოს დროშა.  ყაზახეთში დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ  ბანერებზე გამოსახულ იქნა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები.  დუბლინის ცენტრში გამოიფინა საქართველოს დროშები.

ბელგიაში, დედაქალაქის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ შეიმოსა ქართულ ეროვნულ სამოსში. მოლდოვაში, ქალაქის ცენტრში „Led billboard”- ზე მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა საქართველოს დროშა, გერბი და დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი წარწერა. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკვე აღიმართა  საქართველოს დროშა.

"დროშას აღმართავენ მაშინ, როდესაც სულს სწყურია თავისუფლება!"-საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 17:15

დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი დღეს 100 სტუდენტს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს 9 რეგიონში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს და დროშები სასახლეში ჩამოიტანეს. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს, მადლობა გადაუხადა მათ, დროშის დღე მიულოცა და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი. ორიგინალი, რომელიც დღეიდან საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იქნება დაბრძანებული.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ჩვენ ბუნებრივია პირველ რიგში პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა მრავალი საუკუნეების განმავლობაში, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მარადიული ხსოვნა მათ ნათელ სახელებს! ჩვენი დროშა ისტორიული სიმბოლოკის და ისტორიული გმირობის მატარებელია, მაგრამ არამხოლოდ წარსულისკენაა მიმართული, არამედ მიმართულია მომავლისკენ, რადგანაც როდესაც ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმ გამარჯვებებზე, რომელსაც ჩვენ მომავალში მოვიმკით. ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმ წარმატებებზე, რომლებიც ჩვენ მრავალსაუკუნოვან ერს უწერია. ჩვენ უბრალოდ აბსტრაქტულად კი არ ვცემთ პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს, ან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის ინსტრუმენტები ჩვენი მთავარი მიზნების განსახორციელებლად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად. დროშას აღმართავენ მაშინ, როდესაც სულს სწყურია თავისუფლება! დღეს, როდესაც ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხისგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა ვართ და მეტიც, მზად ვართ დავიცვათ ეს თავისუფლება. ამიტომ დღეს ამ დროშის ირგვლივ გაერთიანებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ. გილოცავთ იმ მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩვენ ერთი წარსული გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და გვაქვს ამ ქვეყნის დიდი მომავალი, ამიტომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის შიგნითაა და ქვეყნის გარეთ. გილოცავთ დროშის დღეს და გისურვებთ ბედნიერებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა რეგიონებიდან დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 16:08

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა რეგიონებიდან დაიწყო. 9 რეგიონში სტუდენტები დილიან იკრიბებოდნენ. ისინი დაღუპული გიმრების საფლავებთან, მემორიალებთან და ადმინისტრაციულ შენობებთან შეიკრიბნენ და სახელმწიფო დროშა აღმართეს.

სპეციალურად ამ დღისათვის  სახელმწიფო დროშის ორიგინალი დამზადდა, რომელიც სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღიმართა.

ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. 

"მოგესალმებით ახალგაზრდებო, რომლებმაც დღეს საქართველოს 9 წერტილში, აღმართეთ ეროვნული დროშა"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 15:30

პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები მიიღო და მათ სიტყვით მიმართა.
"მოგესალმებით ახალგაზრდებო, რომლებმაც დღეს საქართველოს 9 წერტილში, აღმართეთ ეროვნული დროშა და მობრძანდით აქ, ამ დღის აღსანიშნავად. მივესალმები იუნკერებს, რომლებიც ამ დროშის ჭეშმარიტი მცველები არიან. მივესალმები მთელ ქართულ საზოგადოებას და ყველა ქართველს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ეს დღე განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ ჩვენ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი, რომელიც საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იქნება დაბრძანებული", - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, დღეს, როდესაც ვზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, პირველ რიგში პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა.
"ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა მრავალი საუკუნეების განმავლობაში, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მარადიული ხსოვნა მათ ნათელ სახელებს", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 10:18

დღეს, 14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება. სპეციალურად ამ დღისათვის დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელიც სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღიმართება,  შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური