ჩინეთის ელჩი ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 30 აგვისტო 2019 16:52

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი ლი იანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

ქალბატონმა ლი იანმა მოინახულა ეროვნული საგანძური, ასევე საგანგებოდ დაათვალიერა ჩინური ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის საცავშია დაცული.

მუზეუმის თანამშრომლებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. ჩინეთთან მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების კვალდაკვალ, სულ უფრო ღრმავდება ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობებიც. მუზეუმის დაგეგმილ თითოეულ აქტივიობას, რომელიც მიმართულია ჩინური კოლექციების პოპულარიზაციისკენ, მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

 

ლევან იზორია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მარტი 2019 14:47

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“ გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმები განიხილეს და 2019 წელს დაგეგმილ სწავლებებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლებაზე, ნატოს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის პროექტს გაეცნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 30 მაისი 2016 10:33

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პროექტი მათ ანაკლიაში გააცნეს. ყურადღება გამახვილდა პორტის მნიშვნელობაზე.დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ცაიშის სასათბურე მეურნეობაც დაათვალიერეს, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ამჟამად ის 9 ჰექტარზეა გაშენებული.დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სამეგრელოში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

პრემიერმა მეუღლესთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 20 დეკემბერი 2015 13:53

პრემიერმინისტრმა მეუღლესთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, თითქმის უკვე გასული წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა წამოწყების განხორციელება, საერთაშორისო პარტნიორების უპირობო მხარდაჭერის გარეშე რთული იქნებოდა. 

„თუკი გადავხედავთ ჩვენს წარმატებებს ამ წლის განმავლობაში, დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი წელიწადი გავიდა. იანვარში მე და ჩემმა გუნდმა დავსახეთ მიზნები და პრიორიტეტები, დაწყებული ევროინტეგრაციით და დამთავრებული რეფორმებით, რათა საქართველო გამხდარიყო რეგიონალური და გლობალური მოვლენების მნიშვნელოვანი მონაწილე.

"ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ იმოგზაურონ ევროპაში უვიზოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მიღწევების. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე ვმოგზაურობდეთ და გავაკეთოთ კარგი საქმეები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავალი თაობებისათვის. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას, რომ ჩვენ, ჩვენი მდიდარი კულტურით, ფასეულობით უნდა გავხდეთ ევროპის სტრუქტურების წევრი,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, 2015 წელი ყველაზე მეტად მაინც საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის, როლის ზრდით გამოირჩევა.

„აბრეშუმის გზის აღორძინებამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მათი გამოყენება. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რათა მათ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები, გაცვალონ იდეები და გააფართოონ პარტნიორობა. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველი მინისტერიალის მასპინძლობის შესაძლებლობა,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 12:10

მიღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.   გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პირველმა ლედიმ   დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  უმასპინძლეს. 

პრეზიდენტმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მიმდინარე წელს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. მიღებას  მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და განვლილი წელი შეაჯამა.  

არასაპარლამენტო ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 12:55

არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. შეხვედრის ორგანიზება თავად პარტიების ლიდერებმა მოითხოვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე გეგმავენ მსჯელობას. პარტიების ლიდერები და ელჩები უკვე შეიკრიბნენ დახურულ კარს მიღმა.  

შეხვედრის მთავარი თემა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.

შეხვედრაზე ოპოზიცია სწორედ 2016 წლის არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს.

"ივანიშვილი მოვიდა არჩევნების გზით, მაგრამ თუ არ გაატარა მან საარჩევნო რეფორმა და ისე დატოვა ყველაფერი, როგორც დღეს არის, შესაძლოა, წასვლა მოუწიოს არასაარჩევნო მეთოდებით,“ - განაცხადალეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

მარგველაშვილის შეხვედრა ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 14:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაერო - ს განვითარების პროგრამის - UNDP-ის ინიციატივით გაიმართა.

„პირველ რიგში, ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის და გაერო-ს განვითარების პროგრამას, ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდეს საინტერესო დისკუსია. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში შევდივართ, რადგან ახლოვდება საარჩევნო წელიწადი. წელი, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიის განვითარების შემდეგი ნაბიჯები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ღია ვარ და მივესალმები დისკუსიას და კონსულტაციებს თქვენთან ჩვენი პარტნიორობის მომავალზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას მისასალმებელ სიტყვაში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს და ამ მიმართულებით კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებას. პრეზიდენტმა დიპლომატებთან შეხვედრისას განიხილა ქვეყანაში მედიისა და სასამართლოს მდგომარეობის საკითხი. საუბარი ასევე შეეხო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ელჩებმა ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვის პროცესში, საქართველოს პრეზიდენტის პოზიტიურ როლს გაუსვეს ხაზი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო და პროცესი დიალოგის რეჟიმში გადაიყვანა.

საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 11:11

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ავლაბრის სასახლეში მიმდინარეობს და გაერო - ს განვითარების პროგრამის ინიციატივით იმართება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო ურთერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს შეეხება.

მარგველაშვილი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 09:58

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე დიპლომატებმა ქვეყანაში არსებული დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგის ხელშეწყობაში დიპლომატიური მისიების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მალე გამოსწორდება და გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული.
"მედია ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. მედიაპლურალიზმი ნიშნავს იმას, რომ არსებობს თავისუფალი სივრცე აზრის გამოხატვისათვის, კონკურენციისა და განსხვავებული ხედვებისათვის. 
მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფნის პერიოდში ჩემი დაკვირვებით მედია თავისუფალი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს საქართველოში არჩევნების წელი მოდის", - განაცხადა პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.
პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ კომენტარი სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმაც გააკეთა.
"მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და წვლილი შევიტანოთ იმ პროცესებში, რომელსაც მშვიდობა და სტაბილურობა მოაქვს. მივესალმებით, საზოგადოების გაერთიანებისათვის პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სიტუაციის დასარეგულირებლად მიღებულ მნიშვნელოვან ზომებს.
როდესაც საქართველო დგას ევროპის და ნატოს გზაზე, მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ და აცნობიერებდნენ კანონის უზენაესობას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს და არსებულ სიტუაციას რაციონალურად შეხედოს", - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ პროცესებში მედია გადამწყვეტ როლს ასრულებს, თავისუფალი მედია არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. მედიის პატივისცემა კი, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელია. 
"ეს რა თქმა უნდა არ ეხება ცალკეულ შემთხვევებს, რადგან ნებისმიერი სასამართლო პროცესი არის რთული და რის შესახებაც კომენტარების გაკეთება დიპლომატების კომპეტენციაში ნაკლებად შედის. ქართველ პოლიტიკოსებს ამ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ, თუმცა ჩვენ ყველა უნდა დავეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არავინ უნდა მოახდინოს სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება", - აღნიშნა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

„კრწანისს“მთავრობის წევრები და დიპ. კორპუსის წარმომადგენლები ეწვევიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 10:31

დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვევიან.

სტუმრები სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“-ის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ და წვრთნების მიმდინარეობას დაკვირდებიან. დაგეგმილია სასწავლო კლასების და ობიექტების მონახულება.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ დასკვნით ფაზაზეა გადასული. სწავლება 15 ოქტომბერს დაიწყო და კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებას ისახავს მიზნად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური