უკანონო სათვალთვალო მოწყობილობა "დინამო არენასთან" - შსს ოფიციალურ განმარტებას აკეთებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 20 მარტი 2018 14:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში გუშინ, 21:06 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ „დინამო არენას“ ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ უცხო ნივთი შენიშნა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.

ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება. პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ 29 სექტემბერს, დინამო არენაზე გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 14:37

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, „ვითიბი“ ბანკთან და ლუდი „აისთან“ ერთად, წარმოგიდგენთ საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი   ესტუმრებიან.

29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

მატჩთან დაკავშირებით 19 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენცია გამართა.

„მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძარმა ძალიან დააზარალა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. ჩვენთან, ფეხბურთის ფედერაციაში, გაჩნდა იდეა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის - საქართველოსა და ირლანდიის თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მიგვემართა ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის, ამასთან, გადავწყვიტეთ, დაგვეგეგმა საქველმოქმედო მატჩი, რომელიც გარდა იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარულებისათვის დიდი ზეიმი იქნებოდა, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენაში. სწორედ, აქედან დაიბადა იდეა, რომ საქართველოში, ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაში ეხილათ.

ამ ეტაპზე გარდა ფეხბურთელებისა, ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთ-ერთ გუნდს გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი ეყოლება, რომელიც 2004 წელს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება გუნდების სრულ შემადგენლობასა და მეორე მთავარ მწვრთნელს, მოგვიანებით გახდება ცნობილი,“- განაცხადა დავით მუჯირმა.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 ზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები. 

ფეხბურთი: 2017-2018 წლების ევროსეზონი ევროპალიგით დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:51

ქართულმა კლუბებმა 2017-2018 წლების ევროსეზონი გუშინ, 29 ივნისს დაიწყეს. სამწუხაროდ, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სამივე ქართული კლუბი დამარცხდა.
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის ჩიხურამ ავსტრიის პირველობის მეოთხეადგილოსან ალტახის რაინდორფთან 0:1 წააგო. სტუმრებმა ერთადერთი გოლი თამაშის დასაწყისშივე გაიტანეს - ჩიხურას მცველები შეცდნენ და ავსტრიელთა კამერუნელ თავდამსხმელს ლუის ნგვატ-მაჰოპს დინო ჰამზიჩის კარის ახლო მანძილიდან დალაშქვრა არ გაუჭირდა.
ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა ბათუმის დინამომ პოლონეთის ვიცე-ჩემპიონს ბიალისტოკის იაგიელონიას ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. პოლონელებმა ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გაიტანეს - სილიან შერიდანმა გამოიჩინა თავი. მას ჯერ კიდევ მე-16 წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ ანატოლი ტიმოფეევმა მისი პენალტი მოიგერია. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მირზა ფარტენაძის მიერ იაცეკ გორალსკის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო დაინიშნა.
საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო სლოვაკეთში ტრენჩინთან განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გურულის გოლით ტორპედო იგებდა, მასპინძლებმა საშინაო შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება მოახერხეს. ტრენჩინის მეხუთე გოლი ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ შეაგდო.

საპასუხო მატჩები 6 ივლისს გაიმართება.

29 ივნისი, 2017. ევროპალიგა - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა
ჩიხურა (საჩხერე) 0:1 რაინდორფი (ალტახი, ავსტრია)
გოლი
: 0:1 ლუის ნგვატ-მაჰოპი (4)
ჩიხურა: დინო ჰამზიჩი, გიორგი განუგრავა, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, ზაზა ჭელიძე (პაპუნა ფონიავა 67), შოთა კაშია (კაპ), თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა 83), ნიკა გელაშვილი (ბესიკ დეკანოიძე 71)
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
რაინდორფი: მარტინ კობრასი, ლუკას გალვაო, ფილიპ ნეტცერი (კაპ), ემანუელ საკიჩი, ქრისტიან გებაუერი (მუმი ნგამალეუ 64), პატრიკ სალომონი, სიმონ პაისინგერი, შტეფან ნუცი (კრისტიან დობრასი 83), ბენედიკტ ზეხი, ჰანს აიგნერი (ადრიან გრბიჩი 74), ლუის ნგვატ-მაჰოპი
მწვრთნელი: კლაუს შმიდტი
გაფრთხილება: შოთა კაშია, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან კაკუბავა, ლუკას გალვაო
მსაჯები: ერეზ პაპირი; დავიდ ელიას ბიტონი, ლიოზ ედი (ისრაელი)

29 ივნისი, 2017. ევროპალიგა - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი
დინამო (ბათუმი) 0:1 იაგიელონია (ბიალისტოკი, პოლონეთი)
გოლი
: 0:1 სილიან შერიდანი (49)
მე-16 წუთზე ანატოლი ფიმოფეევმა სილიან შერიდანის პენალტი მოიგერია
დინამო: ანატოლი ტიმოფეევი, მირზა ფარტენაძე, ბორის მახარაძე, გიორგი ქავთარაძე (მიხეილ გორელიშვილი 78), თემურ შონია (კაპ), ვალერი თევდორაძე (არჩილ ტვილდიანი 65), ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი (ოთარ მარცვალაძე 82), თორნიკე თარხნიშვილი, იაროსლავ კვასოვი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი (უკრაინა)
იაგიელონია: მარიან კელემენი, იაცეკ გორალსკი, ტარას რომანჩუკი (კაპ), დმიტრო ხომჩენოვსკი, ლუკაშ ბურლიგა, არვიდას ნოვიკოვასი (ლუკაშ სეკულსკი 75), ფიოდორ ჩერნიხი (პრჟემისლავ მისტკოვსკი 83), გუტიერი ტომელინი, ივან რუნიე, სილიან შერიდანი, პიოტრ ტომასიკი (გილერმე სიტია 50)
მწვრთნელი: ირენეუშ მამროტი
გაფრთხილება: ელგუჯა გრიგალაშვილი, იაცეკ გორალსკი, ვალერი თევდორაძე, ტარას რომანჩუკი, სილიან შერიდანი, არჩილ ტვილდიანი, ლუკაშ სეკულსკი
მსაჯები: ერიკ ლამბრეხტსი; ჯო დე ვეირდტი, კარელ დე როკერი (ბელგია)

29 ივნისი, 2017. ევროპალიგა - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისლოვაკეთი, ტრენჩინი, მესტსკი
ტრენჩინი (სლოვაკეთი) 5:1 ტორპედო (ქუთაისი)
გოლები
: 0:1 გიორგი გურული (10), 1:1 ანტონიო მანსე (36), 2:1ანტონიო მანსე (40), 3:1 ჰამზა ჩატაკოვიჩი (75), 4:1 იაკუბ პაური (81), 5:1 გიორგი ბერიძე (87)
ტრენჩინი: ადრიან ჩოვანი, ლუკაშ სკოვაისა, აბდულ ზუბაირუ, მარტინ შულეკი, გიორგი ბერიძე, ჯეიმს ლოურენსი, იაკუბ პაური (აშრაფ ელ მაჰდიუი 84), დესლი უბინკი, ჰილარი გონგი (მილან კვოცერა 65), პეტერ კლეშჩიკი (კაპ), ანტონიო მანსე (ჰამზა ჩატაკოვიჩი 73)
მწვრთნელი: მარტინ შეველა
ტორპედო: როინ კვასხვაძე (კაპ), ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლეგ მამასახლისი (შოთა ბაბუნაშვილი 46), თორნიკე კაპანაძე, გიორგი კუხიანიძე (დავით ხურციძე 82), გიორგი გურული, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში (მათე კვირკვია 67)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: მერაბ გიგაური, ანტონიო მანსე, მარტინ შულეკი
მსაჯები: ტიმ მარშალი; პოლ რობინსონი, გეორგიოს არგიროპულოსი (ჩრდილოეთი ირლანდია)

"დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების კონსტრუქციები გაიტანეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 10:44

წუხელ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.  ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა. აღნიშნულ ფაქტს გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა, ისინი  გარევაჭრობის დაკანონება ითხოვენ.

რობი იულიამსის კონცერტის გამო თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 მაისი 2016 14:32

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 27 მაისს, 15:00 საათიდან, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, ავტომანქანით გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:

მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);

წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

გადაიკეტება დავით აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;

ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;

სატრანსპორტო მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;

მძღოლები ასევე ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

სრულად დაიკეტება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.

ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

გადაკეტილ ქუჩებზე მოძრაობა აღდგება კონცერტის დასრულების შემდეგ.

რობი უილიამსი "დინამო არენაზე" იმღერებს

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 10:36

ლეგანდარული მომღერალი რობი უილიამსი თბილისში 27 მაისს, "დინამო არენაზე" იმღერებს.  კონცერტის შესახებ ინფორმაციას მუსიკალური ბენდი Groovesonix "ტვიტერზე" ავრცელებს. 
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  რობი უილიამსს მუსიკალურ დახმარებას ბენდი Groovesonix გაუწევს. 

საქართველო - ყაზახეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 მარტიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 მარტი 2016 17:38

საქართველო - ყაზახეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ბილეთების გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში 28 მარტიდან დაიწყება. ბილეთის ფასი - 5 ლარია. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. შშმ პირებს მატჩზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ. მათ ტურნიკეტებთან შშმპ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინონ.

აქვე შეგახენებთ, რომ საქართველო - ყაზახეთის დაპირსპირება „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვეტერანები-პოლიტიკოსები 10:9

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 11:15

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, დინამო არენაზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებისა და პოლიტიკოსების მატჩი გაიმართა. ამხანაგური მატჩი ვეტერანი ფეხბურთელების გამარჯვებით 10:9 დასრულდა. ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ხუთი გოლის ავტორი გახდა. პოლიტიკოსთა გუნდიდან სამი გოლი გაიტანა დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემ. საქართველოს პარლამენტის წევრი მოედანზე 10 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. ვეტერანთა გუნდს გელა კეტაშვილმა უკაპიტნა, მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ კი სამკლაური საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გადაიბარა. პოლიტიკოსთა გუნდის კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე იყო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა. ჩატარებული მატჩების მიხედვით, საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა პოლიტიკოსთა შემადგენლობიდან ვეტერან ფეხბურთელებს ორი გოლი გაუტანა. 

მეორე ტაიმში პოლიტიკოსების გუნდში ითამაშეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა. მათ გარდა, პოლიტიკოსების გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ზურაბ ზვიადაურმა, დავით ლორთქიფანიძემ, თემურ ჩხაიძემ და დიმიტრი ხუნდაძემ იასპარეზეს. მთავარობის წევრებისა და პარლამენტარების გარდა, პოლიტიკოსების შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს წევრებმა, მანუჩარ მაჩაიძემ და მურთაზ შელიამაც ითამაშეს. 

ვეტერანები 10:9 პოლიტიკოსები 

გოლები : გიორგი დემეტრაძე (5), დავით ლორთქიფანიძე (3), მიხეილ აშვეთია (3) ლევან კობიაშვილი (2), ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიორგი რევაზიშვილი, კახა კაჭარავა, გია გურული, ანზორ ჩუბინიძე, ზაზა სოფრომაძე 

გაფრთხილება : დავით ლორთქიფანიძე მთავარი 

მსაჯი : გიორგი ვადაჭკორია 

მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრეს. 

‘’დღევანდელმა მატჩი და 10 დეკემბრის მარათონი წარმატებით ჩატარდა. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს წელი ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილის აღნიშვნის გარეშე არ დასრულებულიყო. მარათონში და დღევანდელ მატჩში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი. ჩვენი მიზანია სტადიონებზე ხალხი დავაბრუნოთ, ასეთი ღონისძიებებით კი ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.‘’- თქვა ლევან კობიაშვილმა. 

‘’დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის იუბილეს აღვნიშნავთ და სასიხარულოა ის თანადგომა და მხარდაჭერა, რომელიც პოლიტიკოსებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შევინარჩუნოთ, რადგან ფეხბურთის შემდგომი განვითარების ერთიანობა აუცილებელია. ის ატმოსფერო და იმედი, რაც 25 წლის წინ დინამოს სტადიონზე სუფევდა უნდა შევძლოთ და დავუბრუნოთ მაყურებელს. ეს თანადგომა და ერთიანობა ვფიქრობ ამის წინაპირობაა.’’ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. 

ვეტერანებისა და პოლიტიკოსების ამხანაგური მატჩი ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ვეტერანებისა და პოლიტიკოსების მატჩს წინ 12 საათიანი საფეხბურთო მარათონი უძღვოდა, რომელიც 10 დეკემბერს ჩატარდა. საფეხბურთო მარათონმა, რომელიც სახელმწიფო კანცელარიასთან მდებარე მინი სტადიონზე ჩატარდა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გააერთიანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო და 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა.

ვეტერანი ფეხბურთელები VS პოლიტიკოსები, ხვალ "დინამო არენაზე"

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 12 დეკემბერი 2015 19:13

თბილისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. 13 დეკემბერს, 14 საათზე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდი საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ , კვირას ჩატარდება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. 

ვეტერან ფეხბურთელთა გუნდის ძირითადი შემადგენლობა თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ იმ მოთამაშეებით დაკომპლექტდება,რომლებმაც 1990 წლის 30 მარტს ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. კვირას, „დინამო არენაზე“ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სადებიუტო მატჩის მონაწილე ფეხბურთელებიც ითამაშებენ. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, სფფ-ს ორგანიზებით პირველი ღონისძიება მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ჩატარდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთმანეთს 12 საათის განმავლობაში საფეხბურთო მარათონში ეჯიბრებოდნენ. 

"ფეხბურთი გვაერთიანებს" - სფფ-ის 25 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 16:15

წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსებიდან 25 წლის იუბილეს ფებურთის კვირეულით აღნიშნავს. ფეხბურთი გვაერთიანებს -  მთავარი სლოგანია. სფფ პირველი ქართული ორგანიზაცია იყო, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო და 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩამპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა.
ფეხბურთი ყოველთვის იყო განსხვავებული ასაკის, სქესის, რელიგიური კუთვნილებისა და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა. სწორედ ამიტომ, წელს პირველად, ფეხბურთის ფედერაცია ყველა იმ ადამიანს გააერთიანებს და საფეხბურთო მოედანზე მოიწვევს, ვისაც ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვარს. ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა: 

• საფეხბურთო მარათონი - 10 დეკემბერს, მსოფლიო ფეხბურთის დღეს, სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მინი მოედანზე, ჩატარდება უპრეცედენტო საფეხბურთო მარათონი (დილის 9-დან საღამოს 9-მდე). 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლები სიმბოლურად 25 მატჩს ჩაატარებენ. საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და რიგითი გულშემატკივრები სლოგანით „ფეხბურთი გვაერთიანებს“ ითამაშებენ. მარათონის მსვლელობისას გულშემატკივრებისთვის მოეწყობა სახალისო კონკურსები, გასართობი მუსიკალური ნომრები, შოუ „ფრისთაილ“ ფეხბურთელების მონაწილეობით. მარათონის წამყვანი თემაა ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

• ამხანაგური მატჩი „ვეტერანი ფეხბურთელები VS პოლიტიკოსები“ - 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდი საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური