დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 08 ივნისი 2018 12:46

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. 

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო და რიგით მეორე ინვესტორი ქვეყანაა. ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქვეყნების ბიზნეს წრეებს შორის კავშირები ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული კაპიტალის მოცულობა იზრდება. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. 

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ჩინელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 16:32

“ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ჩინური კორპორაცია „China Tianchen Engineering Corporation” საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლიან. შესწავლის ბოლოს, ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, რაც მოგვცემს ახალი საწარმოო მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მემორანდუმი, რომელსაც დღეს, 30 მაისს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და CHINA TIANCHEN ENGINEERING CORPORATION (CNCEC)-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაი ჰეგენმა მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური საწარმოს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მხარეები განაგრძობენ საქართველოში სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ქარხნის პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას. ჩინურმა კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დეტალურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ იგეგმება.

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 მაისი 2018 14:09

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგითაც გათვალისწინებულია საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღება. დელეგაციას უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობს. 

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უზბეკეთში როგორც ექსპორტი, აგრეთვე ის ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია უზბეკურ მხარეს შევთავაზოთ საკუთარი პროდუქციის მესამე ქვეყნებში გადასატანად. უზბეკეთთან ჩვენ გვაქვს პოზიტიური სავაჭრო ბალანსი შარშანდელი წლის მდგომარეობით და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. თუმცა მოცულობები, რომელიც უზბეკეთთან გვაქვს, არ შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია. ამდენად, ჩვენი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი დოვლათი,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული პოტენციალის განვითარება, ასევე პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა თბილისსა და ტაშკენტს შორის.

სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის მიმართულებები ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად განიხილავს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირებას, რაც აღნიშნულ დერეფანში საერთაშორისო ტვირთ და მგზავრთ ნაკადების ზრდაში უნდა აისახოს. 

შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. 

დღესვე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ერთობლივად წარუძღვებიან მთავრობაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომას. 

საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 აპრილი 2018 16:53

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

„შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიმდინარეობა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 12:00

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მიმდინარეობა. აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შესაბამისი პროექტის მხარდაჭერისთვის. GENIE-ს პროექტი 40 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობას გულისხმობს.

მხარეებმა ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან.

შეხვედრას, პროექტის მენეჯმენტის გარდა, ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ლაშხი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სექტორის მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მარიალისა მოტა.

ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა გულისხმობს რეგიონებში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩართვას ციფრულ ეკონომიკაში. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, არსებული თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების ათვისებას მათი მხრიდან და მეორე მხრივ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის ინოვაციური მიდგომების შექმნას. ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ნოვატორული იდეების განხორციელებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას.

პროექტი GENIE მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიას სამუშაო ადგილების ზრდის და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.

დ. ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 19 თებერვალი 2018 12:56

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები და მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. 

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით,  განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით. 

მსოფლიო ბანკის მისია ასევე გეგმავს შეხვედრების გამართვას სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში, სადაც ასევე არის დანერგილი blockchain-ის ტექნოლოგიები. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. 

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 11:01

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჰარტვიგ შეიფერსა და ბანკის დელეგაციის წევრებთან აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები განიხილა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც 25 წელს მოიცავს. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა მაღალი შეფასება მისცა რეფორმების განხორციელების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას და აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.  

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰარტვიგ შეიფერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე რეფორმები. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მომდევნო სამოქმედო პროგრამაზე, რომლითაც განისაზღვრება თანამშრომლობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.  

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. 

ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 09 იანვარი 2018 16:29

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრისას საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე ისაუბრა და ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებები განიხილა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლები 2017 წელს და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს საგარეო ვაჭრობის კუთხით. მაგალითად, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 23 პროცენტით გაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტზე ჩინეთში, რომელმაც 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, 7,6 მლნ ბოთლს გადააჭარბა.  აღინიშნა, რომ 2018 წლიდან ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერს დაგეგმილ იმპორტის გამოფენაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის მონაწილეობაზე, რომლის დროსაც ქართველ ბიზნესმენებს პოტენციურ პარტნიორებთან საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა ექნებათ. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მხარეებმა ტურიზმიც დაასახელეს, სადაც თანამშრომლობა აგრეთვე მზარდი დინამიკით ხასიათდება. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ მაღალი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც შარშან შემოდგომაზე გაიმართა. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მასთან ერთად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პროცესში ჩინური კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდება, რაც პოზიტიურად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ვაფორმებთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017 13:48

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა. 

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ. 

„ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 17:33

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკში მმართველი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკში ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.
აღინიშნა, რომ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური მხარდაჭერა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმისა და მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ბანკის საქმიანობის სტრატეგიაზე მომდევნო წლების განმავლობაში. 
აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან, რაც მათ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. 
აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მეთიუ ფოქსმა აღნიშნა, ბანკი ხელს უწობს საქართველოს ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებას როგორიცაა: ტრანსპორტი, წყალმომარაგება, ენერგეტიკის სფერო. „აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი, რომელსაც პოზიტიური სამომავლო პერსპექტივები გააჩნია,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა. 
ADB-ის აღმასრულებელი დირექტორი მეთიუ ფოქსი ბანკში წარმოადგენს ავსტრალიას, აზერბაიჯანს, საქართველოს, კამბოჯას, ჰონგ-კონგს (ჩინეთი), კირიბატს, მიკრონეზიის ფედერალურ შტატებს, ნაურუს, პალაუს, სოლომონის კუნძულებს და ტუვალუს.
შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი (Yesim Elhan-Kayalar) და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

 

 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური