ირაკლი კობახიძე პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 მაისი 2017 10:32

ვარშავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ თანამემამულეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ და დიასპორის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პოლონეთში მცხოვრები ქართველები საკონსტიტუციო ცვლილებებით-მათ შორის, ორმაგ მოქალაქეობასთან და მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს პოლონეთში საქართველოს კულტურის ცენტრის დაარსებაში დახმარება სთხოვეს.

„განვიხილეთ ქვეყნის განვითარების ჩვენი ხედვა. ვისაუბრეთ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ასევე, საუბარი გვქონდა საგარეო პრიორიტეტებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე.თითოეული საკითხი საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ. იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები,მათ შორის, კითხვები ეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ამჟამად აქტუალური საკითხია. ასევე, კითხვები დაისვა დიასპორის ინტერესებთან დაკავშირებით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 17-20 მაისს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

 

სიტყვა დიასპორა შეიცავს ტკივილსაც, სევდასაც, მაგრამ დიდი სულიერი ძალის მატარებელია, -გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 მაისი 2016 17:39

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო პროფესიული დიასპორის ფორუმში „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, რომელიც თბილისში დიასპორის დღეს მიეძღვნა.

გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ფორუმს პრემიერმინისტრთან ერთად დაესწრო და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის სიძლიერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამინების მიმართ, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ განაგრძობენ ცხოვრებას და მოღვაწეობას.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ გახსნას შესაძლებლობები ჩვენი თანამემამულეებისათვის, რათა ისინი დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაერთონ მის განვითარებაში.

„ჩვენ გვჯერა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ, არიან ისეთები, რომლებიც  ქართულ თვითმყოფადობას და საქართველოს დღევანდელ დღეს შექმნიან.

სიტყვა დიასპორა შეიცავს გარკვეულ ტკივილს, სევდას, მაგრამ ამავე დროს, დიდი შესაძლებლობების, დიდი პოტენციის და დიდი სულიერი ძალის მატარებელია .

ნაწილობრივ ვიცი ის სირთულეები, რომლებიც თქვენ წინაშე დგას, ნაწილობრივ მაქვს შესაძლებლობა ხანდახან ამ სირთულეების მოგვარების და გითხრათ, რომ ისევე როგორც  ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების სამსახურში, ასევე თქვენ სამსახურშიც ვარ და მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“, - განაცხადა პრეზიდენტმა დიასპორის ფორუმზე.

პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 მაისი 2016 11:37

დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორა იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელიც იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისათვის,"- ამი შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რონისძიებაზე "გაუზიარე გამოცდილება საქართველოს" სიტყვიტ გამოსვლისას ისაუბრა. 

პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა საქართველოში ბიზნესი წამოიწყონ:

"ასევე ჩვენ დღეს გავხსენით არაერთი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა ბიზნესი წამოიწყონ საქართველოში. არაერთი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომელიც იქმნება ქვეყანაში და ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, გამოიყენონ მაქსიმალურად იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც ბევრ ჩვენს თანამემამულეს აქვს უცხოეთში,  უკეთესობისაკენ შეცვალონ,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 12:04

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოში, ქართველთა ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართული სიმღერები და ლექსები თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრებმა ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებმა შეასრულეს. ღონისძიებაზე მისული სტუმრები დალოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს პატრიარქს თბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.
საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ: ლაზური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი „ათძალი“, ანსამბლი „ჰერულა“ კახის რაიონიდან, ფერეიდნელი, ჰერელი და თურქეთელი ქართველი პოეტები და შემსრულებლები.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 14:17

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კიდევ ერთხელ ეხმაურება Youtube- ში გავრცელებულ ვიდორგოლთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს.
საუბარია ვიდეორგოლზე წარწერით: “სომხური საქორწილო ცეკვა, გევორქიანის ცეკვის აკადემია, აშშ”. ვიდეოზე აკადემიის სოლისტები, ვართან და სირანუშ გევორქიანები ქართულ “დაისს” ასრულებენ.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აღნიშნული ვიდეო 22 იანვარს, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი წუხილს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ვიდეო აპარატის ფეისბუქის გვერდზე ანსამბლის ხელმძღვანელის ვართან გევორქიანის განმარტებამდე განთავსდა.
„რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, Youtube-ის ვიდეორგოლი გავრცელდა შემდეგი სათაურით: “სომხური საქორწილო ცეკვა, გევორქიანის ცეკვის აკადემია, აშშ”. ვიდეოზე აკადემიის სოლისტები, ვართან და სირანუშ გევორქიანები ქართულ “დაისს” ასრულებენ. ვიდეომ ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის – ქართულ დიასპორაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, აღნიშნული ვიდეო 22 იანვარს, ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გააზიარა.
მოგვიანებით ანსამბლის ხელმძღვანელმა, ვართან გევორქიანმა შექმნილ ვითარებას ვრცელი წერილით უპასუხა. წერილს საქართველოში მშვიდობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თუმასიანი ავრცელებს. ბატონი გევორქიანი შექმნილ სიტუაციას გაუგებრობას უწოდებს და განმარტავს, რომ ვიდეოს ატვირთვა მათი თანხმობის და ინფორმირების გარეშე მოხდა, და რომ YouTube-ზე “MENQ meroncov” ექაუნთის მიერ ატვირთულ ვიდეოსთან არანაირი ფაქტობრივი ან იურიდიული კავშირი არ გააჩნიათ. ბატონი გევორქიანი დასძენს, რომ მას და მის ანსამბლს არ ჰქონია ქართული კულტურის ნაწილის სომხურად წარმოჩინების სურვილი და ბოდიშს უხდის ქართველ ხალხს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი წუხილს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ვიდეო აპარატის ფეისბუქის გვერდზე ბატონი გევორქიანის განმარტებამდე დაიდო და სრულიად იზიარებს ბატონი გევორქიანის სულისკვეთებას ყოველი ერის კულტურული თვითმყოფადობის დაცვის თაობაზე“, – აღნიშნულია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაძლოა,დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 15:32

მმართველ უმრავლესობაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებას არ გამორიცხავენ.ამ თემაზე მსჯელობა იყო , მათ შორის - პრემიერ-მინისტრთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფლებამოსილებები საგარეო უწყების საქმიანობის ერთგვარი გამეორებაა და საკონსულო სამსახურის დუბლიკატს წარმოადგენს".
ამასთან, უმრავლესობის წევრები არც იმას მალავენ, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის მიერ დაფიქსირებული უარყოფითი პოზიცია არ მოეწონათ. 

თსუ-ში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 10:24

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაციას“ უმასპინძლებს.

კონფერენცია თსუ-ს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ინტელექტუალური მიგრაციის ინსტიტუტისა და კროსკულტურული უნივერსუმის ორგანიზებით  იმართება. ღონისძიებას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, თსუ-ის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მიგრაციის საკითხებში თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. მეოცე და ოცდამეერთე საკუნეების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაციული პროცესები წარმოადგენს. მიგრაცია, როგორც ინდივიდუალური და კოლექტიური აქტი, მრავალ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. მათ შორის უმთავრესი საზღვრებისა და იდენტობის ტრანსლაციის პრობლემებია. მიგრაციული, გლობალიზაციური და ინტერკულტურული პროცესების გაძლიერებამ, ევროპის პოლიტიკური სივრცის გაფართოებამ და სახელმწიფოს კლასიკური მოდელის - „ეროვნული სახელმწიფოს“ (Nationalstaat) - ფარგლებიდან გასვლამ, აგრეთვე პოსტსაბჭოთა სივრცის უახლესმა ტერიტორიულმა კონფლიქტებმა აქტუალური გახადა ეროვნული იდენტობისა და კულტურის პრობლემები.         

 კონფერენცია დიასპორის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ტარდება.

სერვისების განვითარების სააგენტომ ქართული დიასპორის დღეებში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 17:43

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (სსგს) ქართული დიასპორის დღეებში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანს საზოგადოებისა და დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესში, მიგრაციისა და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში წარმოადგენდა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ღონისძიებაზე სსგს საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც მოსულ სტუმრებს სააგენტოს ძირითად სერვისებზე, მათ შორის დისტანციურ სერვისებზე და პროექტზე - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ შეეძლოთ ინფორმაციის მიღება.

გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 11:20

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა  ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით მიმართა და ქართველი ემიგრანტების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ პროცესებზე,  ქვეყნის საგარეო კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველი ემიგრანტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიზნესში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების, როგორც გამოცდილ მეწარმეთა უნარების გამოყენება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

"უმნიშვნელოვანესი საკითხია აქტიური ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენს დიასპორასთან და მათ მოთხოვნებსა და ინტერესებზე აქტიური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.

ამ დიალოგში, უნდა არსებობდეს  ინფორმაცია საჭიროებების და  ინტერესების შესახებ და ამ მოთხოვნებს სახელმწიფო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა პასუხობდეს.

ემიგრანტების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,  გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც შესაძლებელია თქვენი ჩართვა და ეს, პირველ რიგში,  სახელმწიფო მმართველობაა.

თქვენ ხართ ნაწილი იმ საზოგადოების, ისეთი სახელმწიფო მოწყობის, რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს გენშტაბის უფროსი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

დისკუსიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და დელეგაციის წევრებმა ქართული დაისპორის წარმომადგენლებისათვის მიღება გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრა ნიუ-იორკში მცხოვრებ დიასპორასთან.

შეხვედრა ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 14:10

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს, ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი.
სახელმწიფო მინისტრმა ზვიად ჭუმბურიძეს აპარატის საქმიანობა გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის აქტიური ჩართვის ხელშეწყობის გზებზე.
შეხვედრისას განხილულ იქნა 13 ოქტომბერს დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საბჭოს გენერალური მდივნის მონაწილეობისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები. გელა დუმბაძემ და ზვიად ჭუმბურიძემ იმსჯელეს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ბიზნეს საბჭოს მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილ ბიზნეს ფორუმებში საზღვარგარეთ არსებულ დიასპორული ბიზნეს და კომერციული წარმომადგენლობების აქტიურ ჩართულობაზე, საზღვარგარეთ ქართული კომპანიების ხელშეწყობისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობებზე ქართულ დიასპორებთან მიმართებით, დიასპორების აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობის გათვალისწინებით.
გელა დუმბაძე და ზვიად ჭუმბურიძე ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური