ლევან იზორიამ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე საფრანგეთის პარლამენტში ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 დეკემბერი 2018 15:44
შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე რეგიონში ნატოს ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრებზე განიხილა. ეროვნულ ასამბლეაში, ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან ჟაკ ბრიდესთან და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტთან კრისტიან კამბონთან პოლიტიკური დიალოგი ლევან იზორიამ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერების თვალსაზრისით გამართა.
 
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გვექნება მნიშვნელოვანი დიალოგი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ერთობლივად უსაფრთხოება და რა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ნატოს ჩართულობა იყოს უფრო მაღალი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ.

ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 09:25

გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ავთანდილ ოთინაშვილი

დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა საქართველო-ბრიტანეთის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 15:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანს შეხვდა, რომელიც საქართველოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომის ფარგლებში ეწვია.

დავით ზალკალიანმა ბრიტანეთის ხელისუფლებას და პირადად, სერ ალან დანკანს, მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. 

ალან დანკანმა კმაყოფილებით აღნიშნა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკა და ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელების მზადყოფნას. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ Brexit-ის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და ოპტიმიზმით უყურებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში წარმოიქმნება. 

მინისტრებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, რაც ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. 

სერ ალან დანკანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა და რომ დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით ეს მნიშნელოვანი პროცესია. "უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების პირველმა ტურმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც თქვენი ქვეყნის დამსახურება და დიდი მიღწევაა" - განაცხადა დანკანმა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვეს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას. „გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას. შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია ბოლო დღეებში განახლებული  ქმედებები იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს რუსეთის არალეგალურ ყოფნას. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. მოვუწოდებ რუსეთს, მოახდინოს მავთულხლართების დემონტაჟი“ - განაცხადა სერ ალან დანკანმა. 

შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრებმა საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დიალოგის შემადგენელ 4 სეგმენტზე: პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. 

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. 

პლენარული სხდომის გახსნის შემდგომ, დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის კიბერ-უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, UNESCO-ს მონაწილეობით, მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი აღინიშნება. საქართველოს ინიციატივა, რომელსაც მხარი გაერთიანებულმა სამეფომ დაუჭირა, ხაზს უსვამს ქალთა როლის მნიშვნელობას მშვიდობის კულტურასა და კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვაში.

კონფლიქტების პრევენციის გზების ძიებაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 11:16

28-29 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ქართული და სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის მორიგი დიალოგი შედგა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენციის საკითხებს მიეძღვნა. მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის ასპექტები კონფლიქტების თავიდან აცილების კუთხით იმ პირობებში, როდესაც კავკასიის რეგიონში ორი ურთიერთსაპირისპირო და კონკურენტი ეკონომიკური კავშირები ამოქმედდა – ერთის მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ხოლო მეორეს მხრივ კი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით. პირველი კავშირის წევრი სომხეთია, ხოლო მეორე ხელშეკრულების – საქართველო.
2014 წლიდან, ისედაც არასტაბილურ და გაყინული კონფლიქტებით გაჯერებულ რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და ეკონომიკური გავლენების ახალმა გადანაწილებამ, ორი კონკურენტი ეკონომიკური სისტემების წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემების წყება შეიძლება წარმოქმნას, რომლებიც შემდგომში შესაძლოა კონფლიქტებად ტრანსფორმირდეს. სწორედ ამ სცენარის პრევენციაში სამოქალაქო სექტორის როლზე მსჯელობდნენ პროექტის მონაწილეები. ამ პროცესში ქართული და სომხური სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავდა პოლიტიკის 5 დოკუმენტი, რომელიც ეხება ორი კონკურენტი ეკონომიკური გაერთიანების პირობებში კონფლიქტების თავიდან აცილების ინსტრუმენტებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ქართული და სომხური მხარეების მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები იქნა განხილული და 2 ქვეყნის მთავრობების მიმართ რეკომენდაციები იქნა შემუშავებული.
რეკომენდაციებს შორის არის საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და უთანხმოებების პრევენციის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა; სამოქალაქო სექტორისა და მედიის ერთობლივი მუშაობა ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებისა და ადვოკატირების ეფექტური არხის შესაქმნელად; სამოქალაქო დიალოგში აზერბაიჯანული მხარის ჩართვა; საერთაშორისო დონორთა მეტი ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ძალაუფლებების და გავლენების გადანაწილეობის ახალ გარემოში კონფლიქტების პრევენციის მიზნით; სამოქალაქო სექტორის და სამშვიდობო ჟურნალისტიკის მეტი ხელშეწყობა, მათ შორის დიალოგის გაფართოების, მათი უნარ–ჩვევების და ცოდნის გაზრდის კუთხით.

აღინიშნა, რომ კავკასიაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის თანაარსებობა და კონკურენცია შეიცავს როგორც გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებსაც, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ორივე მხარის ეკონომიკურ და ბიზნეს სტრუქტურებს.
პროექტი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე მოეწყო სამოქალაქო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების შეხვედრა
პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საერთაშორისო ქსელი - გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისათვის (Global Partnership for Prevention of Armed Conflicts www.gppac.net) და GPPAC -ს წევრი საქართველოში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი. სომხეთში პროექტის პარტნიორია ჰელსინკის სომხეთის კომიტეტი. მომავალ წელს იგეგემება პროექტის გეოგრაფიული არეალის გაფართოება.

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორამალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 03 ივლისი 2017 09:00

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მშვიდობის გავითარების ცენტრთან ერთად მეორე წელია ახორციელებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორამალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში შერჩეული არიან 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ექვსი ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი და ფოთი). პროგრამის მონაწილეები ისმენენ ეთნიკურად აფხაზი, ქართველი და ოსი ადამიანების აუდიო  ინტერვიუებს. ახალგაზრდები უშუალოდ თვითმხილველების ინტერვიუებზე დაყრდნობით ეცნობიან კონფლიქტის შესახებ მათ აღქმებსა და შეფასებებს. შემდეგ კი მცირე ჯგუფებში განიხილავენ მოსმენილს. 

პროგრამის მონაწილეებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სადისკუსიო პლატფორმის მონაწილეებს შეხვდა.

მინისტრმა ახალგაზრდებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია გააცნო და მათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, ჩვენი პროექტებისა და ინიციატივების მიმართ ინტერესი მაღალია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი - ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანით - მშვიდობიანი გაერთიანებით და ჩვენი საზოგადოებების შერიგებით, რომლებიც გამყოფი ხაზებით, მავთულხლართებითა და კონფლიქტით არიან დღეს დაშორებულნი. ახალგაზრდების არა მხოლოდ ინფორმირება, არამედ სამშვიდობო პროცესში მათი ჩართულობა არის ჩვენი საზოგადოებების შერიგების ერთ-ერთი წინაპირობა. სწორედ ახალგაზრდების ჩართულობა გამყოფი ხაზების ორივე მხრიდან არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, მათ შორის ასეთი შეხვედრებითაც, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესებში" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის სამშვიდობო მიმართვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 იანვარი 2017 15:06

გთავაზობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი, რიგით მეცხრე გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის მიმართვას, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გაავრცელა.
ნიუ იორკი 2017 წლის 1 იანვარი - "ჩემს პირველ სამუშაო დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის რანგში ერთი საკითხი განსაკუთრებულად მიმძიმებს გულს.
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ კონფლიქტის ქარცეცხლში მყოფ მილიონობით ადამიანს, რომელთაც ომებმა, რასაც ბოლო არ უჩანს, უდიდესი ტანჯვა მიაყენეს?
სამოქალაქო პირები სასიკვდილო ძალას ეწირებიან. ქალებს, ბავშვებსა და კაცებს ხოცავენ და ასახიჩრებენ, დევნიან საკუთარი სახლებიდან სარჩო-საბადებლის გარეშე. საავადმყოფოები და ჰუმანიტარული ავტოკოლონებიც თავდასხმის სამიზნეებია.
ამ ომებში არავინ იგებს; ყველა წაგებულია. ტრილიონობით დოლარი იხარჯება საზოგადოებებისა და ეკონომიკის გასანადგურებლად, უნდობლობისა და შიში დასათესად, რომელიც შეიძლება რამდენიმე თაობა გაგრძელდეს. მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციაა და გლობალური ტერორიზმის ახალი საფრთხე ყველა ჩვენგანს ემუქრება.
ამ ახალი წლის დღეს, მე გთხოვთ ყველას, შემომიერთდეთ ერთი საერთო საახალწლო გადაწყვეტილების მიღებაში:
მოდით გადავწყვიტოთ, რომ მშვიდობა უპირველესია.
მოდით, 2017 წელს ყველამ - მოქალაქეებმა, მთავრობებმა, ლიდერებმა - ვეცადოთ დავძლიოთ ჩვენი განსხვავებები.
მშვიდობა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და ჩვენი მეგზური ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სოლიდარობისა და თანაგრძნობიდან - დიალოგისა და პოლიტიკური განსხვავებულობის პატივისცემამდე... ბრძოლის ველზე ცეცხლის შეწყვეტიდან - მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური კომპრომისების მიღწევამდე.
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვესწრაფვით კაცობრიობისთვის - ღირსება და იმედი, პროგრესი და კეთილდღეობა - დამოკიდებულია მშვიდობაზე.
მაგრამ მშვიდობა ჩვენზეა დამოკიდებული.
მოგიწოდებთ ყველას, შემომიერთდეთ მშვიდობის მისაღწევად დღეს და ამიერიდან ყოველ დღე.
მოდით, 2017 წელი იყოს მშვიდობის წელი.
გმადლობთ".

საჯარო დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:28

მნიშვნელოვანია რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, შექმნან ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირების ახალი მარშრუტები; ქართველი ბიზნესმენების ჩართულობა აუცილებელია ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელსაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებსა და მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის პროცესში, რათა მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

„წარმატებით დასრულდა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პირველი ეტაპი და დღეს მიმდინარეობს სახელისუფლებლო ინსტიტუტებს შორის 2017-2020 წლებისთვის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების ახალი დღის წესრიგის შეთანხმების პროცესი. ახალი დღის წესრიგი საკმაოდ ამომწურავი და ძალიან ამბიციურია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ინსტიტუტები, რეგულაციები და სტანდარტები ევროპულ ნორმებთან დაახლოების პროცესშია. ეს, პირველ რიგში, სასარგებლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ევროპული წესრიგის საქართველოში დამყარების მიზნით - რათა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული რეგულაციები დასავლელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგები გახდეს და გაუმჯობესდეს არსებული სტანდარტები, დამყარდეს კანონის უზენაესობის სტანდარტი ქვეყანაში, რაც საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად აქცევს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის თვალსაზრისით," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. მისივე თქმით, შექმნილია ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განიხილება კანონმდებლობასა და რეგულაციებში დაგეგმილი ყველა ცვლილება. 
„ადგილობრივი ბიზნესასოციაციების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ უკვე შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკური პროფილის მინისტრები და დიდი ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წევრები არიან წარმოდგენილნი. საბჭოში განხილული იქნება კანონმდებლობასა და რეგულაციებში მოსალოდნელი ყველა ცვლილება. ასე რომ, მიმაჩნია, მრავალპლატფორმიანი დიალოგის ფორმატი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივებს გარდამავალ პროცესს," - განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, ხორციელდება მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი, რომლის მიზანია - კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მაქსიმალური ჩართულობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.
საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ხელსაყრელი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა და კერძო სექტორის მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ასევე გაიმართება რეგიონებში.

დაი ბინგუოს სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 17:09

ჩინეთის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი დაი ბინგუო სიტყვით გამოდის ვაშინგტონში ჩინეთ-აშშ-ის „ტვინის ცენტრების“ დიალოგის კონფერენციაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხზე.

„ჩინელ ხალხს აშშ-ს მოქმედებები ვერ დააშინებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავის ათივე ავიამზიდს გააგზავნის“ - განაცხადა ჩინეთის ყოფილმა სახელმწიფო მრჩეველმა დაი ბინგუომ ვაშინგტონში, კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ჩინეთ-აშშ-ის „ტვინის ცენტრების“ დიალოგის კონფერენციაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხზე გამოსვლისას.
როგორც დაი ბინგუომ აღნიშნა, ნანშას კუნძულები ჩინეთის ნაწილია. მეორეს მხრივ, ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკების მაგიდასთან გადაჭრას უშუალოდ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მეშვეობით. ის ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა უნდა მოხდეს. ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი ასევე აცხადებს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით იურიდიული ძალა არ გააჩნია. სასამართლომ ე.წ. „პრემიით“ საკუთარი ნებით გაიფართოვა უფლებამოსილება, რომელიც გაეროს საზღვაო კონვენციასთან (UNCLOS) წინააღმდეგობაში მოდის და, შესაბამისად, მას ძალა არ გააჩნია“ - აცხადებს დაი ბინგუო.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები საარბიტრაჟო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიმართ ობიექტურ და სამართლიან პოზიციას დაიკავებს და UNCLOS-ის მხარდაჭერისთვის არასახელმწიფოებრივი პოზიციიდან ჩინეთს არ გააკრიტიკებს
„არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხი განხილული იყოს როგორც სტრატეგიული საკითხი, ასევე არასწორია ჩინეთის მომავალი მოქმედების პროგნოზირება დასავლეთის ისტორიაზე და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაზე დაყრდნობით. უსაფუძვლო სპეკულაციაა ამტკიცო, რომ ჩინეთს სურს სამხრეთ ჩინეთის ზღვა აზიურ კარიბის ზღვად აქციოს და აქ მონროს კონვენციის მსგავსი დოკუმენტი აამოქმედოს, რაღა აშშ აზიიდან განდევნოს. ასევე უსაფუძვლოა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჩინეთი ცდილობს შეერთებულ შტატებს აზიაში და მთელ მსოფლიოზე ბატონობისთვის კონკურენცია გაუწიოს“ - აცხადებს დაი ბინგუო.
„ჩინეთისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხი არის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, განვითარების და საზღვაო უფლებების და ინტერესების დაცვის საკითხი. საუბარია მომავალში ტერიტორიების დაკარგვის ტრაგიკული მაგალითების გამეორების დაუშვებლობაზე, ჩინეთის პოზიცია ამ საკითხში სავსებით ნათელია. ამის უკან არანაირი სხვა ინტერესები არ დგას. ჩვენ არც სურვილი გვაქვს და არც საშუალება, რომ ვინმესთან სტრატეგიულ პაექრობაში შევიდეთ. ჩვენ არც აზიის მმართველობა გვსურს და არც მსოფლიოსი. ჩინეთს არასოდეს უთქვამს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა მხოლოდ მას ეკუთვნის. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გაგვაჩნია - გვსურს კარგად ავაწყოთ საკუთარი საქმე, რათა 1 მილიარდ 400 მილიონ ჩინელს ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ“. - დასძინა მან.
გასული წლიდან დაწყებული, აშშ -მა გაააქტიურა სადაზვერვო და „თავისუფალი ნაოსნობის“ მხარდამჭერი ოპერაციები, რაც ჩინეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ზოგიერთმა პირმა აშშ-ში აშკარად კონფრონტაციული რიტორიკა აირჩია. თქვენ როგორ იგრძნობდით თავს, ჩინელები რომ ყოფილიყავით? არ ჩათვლიდით, რომ აშშ-ის ასეთი სახე მსოფლიოში კონტრპროდუქტიულია? რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, ვინაიდან აშშ-მ და ჩინეთმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ“ - აცხადებს დაი ბინგუო.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ჩინეთში, არ შეგვეშინდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ თავის 10-ვე ავიამზიდს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გააგზავნის. გარდა ამისა, აშშ-ის მიერ ამ საქმეში ჩარევის შედეგად ზოგიერთ ქვეყანას შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ვაშინგტონი მათ მხარეს არის და ისინი ამ ქვეყნების დაპირისპიირებიდან სარგებელს მიღებენ. ამის შედეგად კი ჩვენ ამ ქვეყნების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს ვხედავთ, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში გაურკვევლობას და დაძაბულობას ზრდის. საბოლოო ჯამში ეს შეერთებული შტატების ინტერესებშიც არ შედის, ვინაიდან ამერიკა შეიძლება მისი სურვილის გარეშე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეს და ამისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწიოს“ - აღნიშნავს ჩინეთის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი.
აშშ-ის და ჩინეთის „ტვინის ცენტრების“ დიალოგის ერთდღიანი კონფერენცია კარნეგის ფონდის და ჟეზმინის უნივერსიტეტთან არსებული ფინანსური კვლევების ჩონგიანგის ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენცია სამხრეთ ჩინეთის ზღვის ეროვნულ ინსტიტუტთან და ვუდრო ვილსონის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრთან შეთანხმებით გაიმართა.

"აბაშიძე-კარასინის დიალოგი გაგრძელდება"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 13:09

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა უნდა გაიმართოს, პლენარული სხდომის დაწებამდე მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტობის კანდიდატმა და განაცხადა, რომ ჟენევის ფორმატი კვლავ აქტიურად გაგრძელდება. თუმცა, ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ არ მოხდება კარასინი-აბაშიძის ფორმატის გადახედვა.

"ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის ფორმატში. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საერთაშორისო ჩართულობით შევძლოთ იმ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე პროგრესის მიღწევა, რასაც ქვია საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტი. რაც შეეხება პოლიტიკურ და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ჰუმანიტარულ და სავაჭრო თემებს, რა თქმა უნდა, აბაშიძე-კარასინის დიალოგი გაგრძელდება," - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

პრეზიდენტთან დიალოგზე უარის თქმა სამწუხარო ტენდენცია გახდა-კვერენჩხილაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:42

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტთან დიალოგზე უარის თქმა სამწუხარო ტენდენცია გახდა. გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით საპარლამენტო უმრავლეოსობა დიალოგს და კონსულტაციებს თვითიზოლაციით გაურბის.

"მე შემიძლია მაგალითისთვის გავიხსენო იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან გამართული კონსულტაციები, ასევე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე თუნდაც უკანასკნელ დღეებში გამართული კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე შემიძლია გავიხსენოთ ის, რომ სამჯერ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ და სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები დღემდე პასუხგაუცემელია. ჩამოყალიბდა სამწუხარო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა, რეალურად, თვითიზოლაციაშია და გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამ შეხვედრამდე, რომელზედაც იყო საუბარი, ფრაქციის თავმჯდომარის საპარლამენტო გამოსვლისას, ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად მე მქონდა კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, წერილების დონეზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის ლიდერთან, ცალკეული ფრაქციების ხელმძღვანელებთან, თუმცა სამწუხაროდ, ამ კომუნიკაციას შედეგი არ მოყოლია", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ მმართველი გუნდის წევრის გია ვოლსკის განცხადებაზე საპასუხოდ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით პრეზიდენტმა კონსულტაციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია დააფიქსირა, რაც კონსულტაციების გამართვას აზრს უკარგავს:

„შექმნილ ვითარებაში ჩამოყალიბებული პოზიციით გამოდის, ცოტა რთულია საუბარი იმაზე, რომ კონსულტაციები გაიმართოს, რადგან კიდევ უფრო მეტად შეიძლება დავძაბოთ ვითარება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური