საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 აგვისტო 2019 17:51

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

"პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019 10:28

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
 ,,როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან.

ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური გემოვნება; ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

მინდა ყველას - შიგნით და გარეთ - მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ იმ ძალებსაც, რომლებსაც, ასევე, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს.
ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.


ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს. ასევე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.
აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ივმართავ ჩვენს მოქალაქეებსრომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. დაბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს. და ეს ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას", - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:56

315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებასთნ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პრემიერმინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება გადატრიალების უფლებას არავის მისცემს.

„ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ დესტაბილიზაციას.

"არსახსენებლებს" ვეძახი წინა მთავრობის წარმომადგენლებს და სააკაშვილს, რომელიც არის სახე იმ ნიღბიანი ჯალათის, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. პირდაპირ ხდება მოწოდება, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაამხონ, ასე უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა გავაკეთოთო. მე მათ ვპირდები და გპირდებით თქვენ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას.

"ჩვენ ვართ დღეს იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ. ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული. ჩვენ მათ, ვინც ხალხს დაურღვევს მშვიდობას და სტაბილურობას, რა თქმა უნდა, გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნას-მეჭიაური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:58

უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ სტატიას სათაურით, “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს“, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი თამაზ მეჭიაური აფასებს.
დეპუტატი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ზრახვები მართლაც ამოძრავებს და ის საკუთარი გეგმების განსახორციელებლად არაფერზე იტყვის უარს.
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საქართველოში დაძაბული ატმოსფერო შექმნას და სხვადასხვა თემებით სპეკულირებს.
“სააკაშვილი თავისი ზრახვების განხორციელებისთვის არაფერზე დაიხევს უკან. უკრაინაში მრავლად არიან საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც აქედან წაღებული დიდძალი ფინანსური რესურსი აქვთ. სააკაშვილს საქართველოშიც ჰყავს თანამზრახველები და ის ყველანაირად შეეცდება დესტაბილიზაცია შექმნას."
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ უკრაინაში “გვიან მაგრამ, მაინც მიხვდნენ თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი რეალურად“.
 სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. ამ სათაურით სტატიას უკრაინული “ვიკილიქსი” აქვეყნებს. გვარამიას ჩვენ გმირად გავხდით, ხოლო ახალგაზრდა დედის მკვლელობა ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“. უკრაინული „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, ამ ტიპის დავალება მისცა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს. ამ შეხვედრაზე ბოკერია ეუბნება სააკაშვილს, რომ შესაძლოა, ამ ამბავს „მსხვერპლი მოჰყვეს, რაზეც სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს „უკეთესიც იქნება“, „რომ „დაბრიდონ“ ქალი, და, მით უმეტეს, ბავშვიანი ქალი, ეს ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ეს ქალი კოლექტივიდან უნდა შევარჩიოთ. ეს იქნება პინგვინის ბანდის თავდასხმა და იქნება უკვე რეალური თავდასხმა მედიასაშუალებებზე. ეს ააფორიაქებს მსოფლიოს და კამერით უნდა იყოს გადაღებული. და შენი ნიღბიანი პირები ჩუმად უნდა გაქრნენ“, – ეუბნება სააკაშვილი ბოკერიას. გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთავარია, ამის შესახებ წინასწარ ვერავინ შეიტყოს. „თუ ვინმე გაიგებს, ყველაფერი დაინგრევა. მე ამ ბიჭებს პირდაპირ არ ვეკონტაქტები. მათთან გაგუშა მუშაობს. ოპერატორი იქნება „რუსთავი-2“-დან და ის ყველაფერს დააფიქსირებს და შემდეგ თურქეთში გადავლენ“, – ამბობს ბოკერია. ამაზე სააკაშვილი ბოკერიას პასუხობს, რომ მან გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილისგან მადლობა უნდა გადასცეს და სთხოვოს, რომ მან ელჩები მიიწვიოს, შეხვდეს მათ სიტყვის თავისუფლების საკითხზე და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთოს. „ამ ფონზე, „რუსთავზე“ თავდასხმა, მსხვერპლი, ყველაფერი სწორად იქნება გაკეთებული. მოდი, ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“, – ამბობს სააკაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური