საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მაისი 2020 16:02

26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება ძალზე პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტებები ცენტრის სტატუსსა და ფუნქციონირების დეტალებზე, თუმცა რუსეთის გამუდმებული პროვოკაციები გვაიძულებს კვლავ შევეხოთ ამ საკითხს, რითაც პირველ რიგში გვსურს მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.

ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. 

ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA) და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი. დამატებით, ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების შესაბამისი უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

ამდენად, ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში, ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს მათ არ აქვთ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება.

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთდადერთ  ინსტრუმენტად.
სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით.
იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს, ცენტრის მონახულების შემდეგ და, რაც უფრო შემაშფოთებელია ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მხოლოდ რუსეთის მედიის საშუალებებით და ნათლად ისახება მათი არგუმენტაციისა თუ საფუძველის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.
რაც შეეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად.

რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, მოწოდებით შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ივნისი 2019 10:34

თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში. საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ.

რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანიის ჟურნალისტების მონაწილეობით ცალკეულ მცირე ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ამასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ეუთოს ინფორმირება.

აშშ დეპარტამენტის ანგარიშში თემურ ბასილიას საქმეზე მსჯელობა სასამართლოს პასუხისმგებლობის ნაწილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 აპრილი 2018 17:20

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო მსჯავრდების გადახედვის წინ, საქმეზე გაკეთებული შეფასებები, ერთიანად საგულისხმო უნდა იყოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისთვის.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი: „კიდევ ერთ გადადებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყო პროკურატურის მოთხოვნა, რომ გადაეხედა თემურ ბასილიას, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწის, 2008 წლის საქმისთვის. პროკურატურის მოთხოვნა ეფუძნებოდა გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები თემურ ბასილიას სისხლის სამართლებლივ დევნაში. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაავალა სააპელაციო სასამართლოს დაეწყო ამ საქმის გადახედვა, ივლისში სასამართლომ დაიწყო მისი განხილვა, თუმცა შემდგომში არაერთხელ გადადო სასამართლო სხდომები“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, აშშ დეპარტამენტის ანგარიშში გაჭიანურებული სასამართლო სხდომები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შემაფერხებელ გარემოებადაა დასახელებული. თემურ ბასილიას საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი სხდომა 2017 წლის 25 მაისს დანიშნა, თუმცა პროცესი აღმოჩნდა ხანგრძლივი. 2017-2018 წლებში, საქმეზე არაერთი სხდომა ჩატარდა. საბოლოოდ, სასამართლო საქმეზე მოსმენას 2018 წლის 3 მაისს დაასრულებს და შემაჯამებელ გადაწყვეტილებასაც ამავე დღეს გამოაცხადებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული რ.ხ. რუსთავში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ რ.ხ.-ს მიერ გაყიდული 6 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური