საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ თარიღზე მისი ვიზიტი სიმბოლურია. „ჩვენ ერთდროულად მოგვიწია დამოუკიდებლობის და პირველი რესპუბლიკის გამოცხადება. ეს თარიღი სულ ორიოდე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოში და ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა სომხეთის პრეზიდენტი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სომხეთის სტაბილურობა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდის მოვლენებს. სომეხმა ხალხმა გამოავლინა ერთობის და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რის შედეგადაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები გისურვოთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, ახალი სტიმული მივცეთ ორმხრივ ურთიერთობებს ქვეყანასა დ ხალხთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. გიდასტურებთ პირადად ჩემს და ჩემი მთავრობის მზადყოფნას ამისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ჩვენთვის ისტორიული და ადამიანური საფუძველი აქვს. ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებულნი და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა.

ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. გულწრფელად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩვენმა ქვეყანამ საიუბილეო ღონისძიებებში პრეზიდენტის დონეზე მიიღო მონაწილეობა, რაც იმის დასტურია, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამ თარიღს. დარწმუნებული ვარ, რევოლუციის შედეგად, სომხურ-ქართული ურთიერთობები განვითარების დიდ პერსპექტივას შეიძენს. ახალი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ და მეგობრული ფონი შევქმნათ. ჩვენ გვინდა, საქართველო ვიხილოთ ძლიერი და მდგრადი", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

თბილისში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მაისი 2018 11:01

28 მაისს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც  მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართაეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, წელს ამ თარიღს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. "ჩვენი ქვეყნები წელს ზეიმობენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ასი წლის იუბილეს. სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა სწორედ იმ ისტორიულ კედლებში ვიმყოფებით, სადაც ასი წლის წინ, ჩვენმა ერებმა წინსვლისა და კეთილდღეობის გზა აირჩიეს. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 28 მაისს, აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ სწორედ აქ, ამ შენობაში გამოაცხადა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ორი დღით ადრე კი, ამავე შენობაში, დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი, უმნიშვნელოვანესია იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ტრანსანატოლიური გაზსადენის - TANAP-ის პროექტზე გაამახვილა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის გამორჩეული მაგალითია.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს, აგრეთვე, აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.

„მიედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევითა და ჩართულობით შევძლებთ აღვასრულოთ ჩვენზე დაკისრებული უდიდესი მისია და მომავალ თაობებს მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული რეგიონი დავუტოვოთ. როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მშენებლობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ჰეიდარ ალიევის სახელს, რომლის წვლილი უდიდესია ამ საქმეში. ცოტა ხნის წინ, 10 მაისს, მისი დაბადებიდან 95 წელი შესრულდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ განსაკუთრებულად მივულოცო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს. ასევე, აზერბაიჯანელ ხალხს. მინდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუსურვო კიდევ უფრო მეტი წარმატება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს და მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას ვუსურვებ,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 19:09

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება: "მოგესალმებით, არჩევნების დასრულებამდე დარჩა ერთ საათზე ნაკლები. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, სადაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციებს. ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევა იქნება აღკვეთილი და გამოძიებული. აღსანიშნავია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე უცხოეთში გახსნილ 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე. დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“.

არჩევნების მაღალი, დემოკრატიული სტანდარტების პირობებში ჩატარება არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, მშვიდ ვითარებაში დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს", - აცხადებს კ. კალაძე.

 

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური