თავდაცვის მინისტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 12:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო. უმცროსი სერჟანტი გუშინ საღამოს ავღანეთის რესპუბლიკაში ბატალიონის ოცეულის ფარგლებში ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი. გვყავს, ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ორი მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მესამე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ბაგრამის ჰოსპიტალში ყველაფერი კეთდება, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ამ მძიმე წუთებში ვდგავართ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდით და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, ტერორისტული აქტის შედეგად ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო, სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ. ელჩმა თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს.

აშშ-ის ელჩი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის პანაშვიდსა და გამოსვენებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 15:55

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ მეუღლესთან ერთად ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდსა და გამოსვენებას დაესწრო.

"ჩემს მეუღლე ფრანჩესკასთან ერთად ვიმყოფები დღეს აქ, ამერიკელი ხალხის სახელით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება. საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და გმირი შვილი. ვასილი იმ მიზნით იყო ავღანეთში, რა მიზნითაც ჩვენ ვართ ავღანეთში. ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენთვის საერთოა. ამ სამწუხარო დროს, ვასილის ოჯახს, ქართველ ხალხს ვუსამძიმრებ და მინდა დავარწმუნო, რომ ამერიკა ამ მწუხარების დროს თქვენთან ერთად არის", - განაცხადა ელჩმა.

ავღანეთში დაღუპული სამხედრო რუსთავის ეკლესიაში გადაასვენეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 17:57

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, პირველი კლასის რიგითს, ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე ხვალ, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ. 
ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დღეს გადაასვენეს. IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურისთვის პატივის მისაგებად ეკლესიაში ახლობლები, მეგობრები, სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში მიდიან.
გმირულად დაღუპულ სამხედროს დღეს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა - ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა.
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 13:03

ავღანეთში პატრულირების დროს გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პატივი მიაგეს. პირველი კლასის რიგითის,  ვასილ ყულჯანიშვილის საქართველოში გაცილების ცერემონიას ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე; ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მეთაური, კაპიტანი გიორგი ჯალაღონია;  საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლი და 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

ქართველ სამხედროებთან ერთად ცერემონიას ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯეიმს რეინი, ტაქტიკური დაჯგუფება სოლიდის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარი მილერი, ავღანეთში პოლონეთის კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი ადამ ლუზინშიკი, ავღანეთში პოლონეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მარეკ ჟარნოლანში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა  მეკავშირე ჯგუფი და ავღანეთში ჩეხეთის ქვედანაყოფის მეთაური, კაპიტანი მარეკ ჯერაბეკიც დაესწრნენ.

პირველი კლასის რიგითი ვასილ  ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური