პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომლებიც „მეტრომანის“ ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 12:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშულთან ეფექტიანი ბრძოლა. ამჯერად, სამინისტრომ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1986 წელს დაბადებული რ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ხ., 1988 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1992 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1960 წელს დაბადებული დ.ს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია "მეტრო სერვის +"-ს ქონებრივ ზიანს აყენებდა.

აღსანიშნავია, რომ "მეტრო სერვის +" მოქალაქეებს სთავაზობს სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობისთვის განკუთვნილ "მეტრომანის" ბარათებს და ახდენს მათ მიერ გადახდილი თანხების შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადარიცხვას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და "მეტრომანის" ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს - ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს დანაშაულებრივი ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. კერძოდ, ჯგუფის ორგანიზატორები - დ.ს. და რ.ა. დანაშაულის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ და ჯგუფის წევრებს შორის თანხებს ანაწილებდნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიენტებს იზიდავდნენ და მათგან თანხებს იღებდნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბარათებზე თანხის ვირტუალურად ასახვას ახდენდა.

აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019 12:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - მამუკა ჭელიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“.

დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე "ჰეროინი", 980 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2200 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს.

 



ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური