დავით ზალკალიანმა თურქმენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019 10:09

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის 28–ე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
 
დავით ზალკალიანმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით, თურქმენ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
 
მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.
 
„ჩვენ ერთად გადავლახეთ ის გამოწვევები, რაც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან და, ამ პროცესში, არაერთხელ დავხმარებივართ  ერთმანეთს, რაც არასდროს მიეცემა დავიწყებას.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა  სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოც და თურქმენეთიც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე მდებარეობენ და სწორედ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება არის ის მთავარი მიზანი, რომლის მისაღწევად ჩვენ ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ. საქართველო მხარს უჭერს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც კასპიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს და მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა პერსპექტიულ წამოწყებას. „ -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკა და თურქმენეთიდან ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის სიხშირის პოზიტიური დინამიკა.
 
დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა: „მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ინტენსივობა შეიძინა პოლიტიკურმა თანამშრომლობამ და გახშირდა მაღალი დონის ვიზიტები, რომლებმაც ხელშესახები შედეგები მოიტანეს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.“-განაცხადა ზალკალიანმა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
 
„ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის არცერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქმენეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია მრავალმხრივ ასპარეზზე, ისევე როგორც საქართველო ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება თურქმენეთთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო არენაზე“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

პრემიერ-მინისტრის მილოცვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018 17:03

საქართველოს მთავრობის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა ამერიკელს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე!
ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა დაფუძნებულია უნივერსალურ ღირებულებებზე, როგორებიცაა - თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება.

დამოუკიდებლობა გახლავთ ის ღირებულება, რომლისთვისაც ძალიან ბევრჯერ მოუწია ქართველ ხალხს ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი ფასი!

მინდა, კიდევ ერთხელ, გულითადად მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ყველა გულშემატკივარს ეს უმნიშვნელოვანესი დღე.

მამუკა ბახტაძე 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს'' - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 მაისი 2018 14:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებლობის არდგენის დღეს გამოეხმაურა და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ხვალისთვის არის დაგეგმილი:

„1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები - „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.“

ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას, ეს უდიდესი დღესასწაული და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ამჯერად შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ყველას გვჯერა და გვწამს.

26 მაისს აღვნიშნავთ მთელი ქვეყნისა და შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა, მოგეხსენებათ დაგეგმილი.

საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები და ჩვენ მთელი მსოფლოს მასშტაბით, მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს.

უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩამობრძანდება დღეს საღამოს საქართველოში, 6 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და ასევე, 10-ობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ.

გაერო-მ ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა საფოსტო მარკა, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში გაიმართა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ფიცის დადების ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილას გაიმართება: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. რა თქმა უნდა, იქნება სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაცია ყველა ამ წერტილიდან.

ასე რომ, მეგობრებო, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გველის. დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო. ევროპაში საქართველო მიიჩნევა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით და ვფიქრობთ, ძალიან ღირსეულად ვხვდებით ამ თარიღს.

ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და ჩვენი უმთავრესი საქმე გახლავთ - მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით SPUTNIK-ი ვიდეოპროექტს წარმოგიდგენთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მაისი 2018 13:23

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ" საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუსიკალურ-პოეტური ვიდეოპროექტი წარმოადგინა, რომელშიც მონაწილეობენ ფოლკ-ჯგუფი Bani, პიანისტი ლუკა ოქროსი და მომღერალი მეგი გოგიტიძე. პროექტის ფარგლებში ცნობილმა ქართველმა ზელოვანებმა ქართული პოეზიის კლასიკოსების ლექსები ქართულ ენაზე წაიკითხეს და ამ ფორმით მიულოცეს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე.
ჯგუფი Bani-ის წევრმა ბესო კვიციანმა მურმან ლებანიძის „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი" წაიკითხა, რომელიც სამშობლოსადმი სიყვარულითაა გაჟღენთილი. პიანისტმა ლუკა ოქროსმა მუხრან მაჭავარიანის „ვითარცა მტკვარი" შეარჩია, რომელიც მის მიერ შექმნილ მუსიკაზე წაიკითხა. პროექტი ლეგენდარული ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას ლექსით „რამ შემქმნა ადამიანად" სრულდება, რომელსაც მუსიკალურ-ვოკალური ინტერპრეტაციით მეგი გოგოტიძე ასრულებს. მომღერალმა XIX საუკუნის პოეზია და სიმღერა "საქართველო" გააერთიანა, რომელიც მეგიმ XXI საუკუნეში დაწერა.
რესურს „Sputnik საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „Sputnik-ის მუსიკალურ-პოეტურმა პროექტმა ახალგაზრდა არტისტები შეკრიბა, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ადიდებენ საქართველოს, მის კულტურასა და ისტორიას. ყველა ვიდეო ერთ საერთო ალბომშია გაერთიანებული, რომელიც სამშობლოსადმი, ოჯახისადმი, ქართული ტრადიციებისა და ხელოვნებისადმი სიყვარულზე მოგითხრობთ".
საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ზეიმობენ. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელიწადი იარსება. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა
„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

26 მაისი მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 მარტი 2018 14:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ 26 მაისი უნდა იყოს ისეთივე საყოველთაო, საზეიმო დღე, როგორც სხვა დღესასწაულები.

"წელს 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც შემოგვიერთდა და მე მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში.

საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს და მინდა, ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი - დღეიდან მოყოლებული, ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ ტრადიციულ, საყოველთაო დღესასწაულებს. 26 მაისი უნდა იყოს, სწორედ, ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები.

26 მაისს, 17:10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ, შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ის უდიდესი დღესასწაული, რომელიც ჩვენი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება.

დაახლოებით, ორი ასეული ღონისძიებაა დაგეგმილი. განრიგსა და სხვა კონკრეტულ ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით მოსახლეობას"- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა ერთად აღნიშნეს აშშ-ის 241-ე დამოუკიდებლობის დღე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 18:51
ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, სასტუმრო “ჰოტელ აივანში“ ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა ერთად აღნიშნეს აშშ-ის 241-ე დამოუკიდებლობის დღე.
საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, ქ.თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ დამიან უამპლერმა  (Damian Wampler)
ამერიკის მეგობართა კლუბის ხემძღვანელმა მიულოცა ამერიკელ ხალხს მათთვის მნიშვნელოვანი დღე და განაცხადა რომ აშშ-ი მაგალითია ყველასთვის, ვისაც სურს თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვროს. დღეს ჩვენ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ავღნიშნავთ იმ პრინციპების იუბილეს, რომლებზეც დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატები და რომლებიც მეტად დაფასებულია ამ ქვეყანაში - ეს არის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.
მან ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებზე. ქართულ ამერიკული  მეგობრობის მიერ განვლილ გზაზე,  ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერაზე და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მსოფლიოს ყველ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზის ყველაზე განსაკუთრებული და მტკიცე მხარდამჭერია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე, რომელმაც მის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაღებული სისხლის ფასად დაამტკიცა, ქართულ ამერიკული მეგობრობის სიმტკიცე.
 
სიტყვის დასასრულს ილია ზუკაკიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანას შორის 25 წლის უკან დაწყებულ მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ვეღარაფერი და ვერავინ შეაჩრერებს. ყველა მკაფიოდ დაინახავს და კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდება, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
 
დამოუკიდებლობის დღის საპატიო სტუმრები იყვნენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ქვეითები და ქართველი სამხედროსაქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, რუსეთ-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში. სადღესასწაულო წვეულებაზე  აშშ-ის და საქართველოსა ჰიმნები შეასრულა ქართველმა მომღერალმა ანი ტუღუში-ქურასბედიანი, შეასრულა აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.  4 ივლისის წვეულება დასრულდა საზეიმო ფეირვერკით.
 
აშშ-ის დამოუკიდებლობის საზეიმო მიღებას დაესწრნენ, საქართველოს პარლამენრის და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, სამხედრო ატაშეები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ბიზნესის და მედიის სფეროდან ამერიკის მეგობართა კლუბის პარტნიორები, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები ამერიკელები.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური მხარდამჭერები და სპონსორები იყვნენ: აშშ-ის საელჩო, ქ.თბილისის მერია,  ფარმაცეტული კომპანია "ავერსი", საქართველოს ფოსტა, ავიო კომპანია ჯორჯიან ეარლაინსი (აირზენა), ოპტიკურ კომპანია "რონიკო"ამერიკულ კომპანია "KVJ" ამირან შალიკაშვილის პანტონიმის სახელმწიფო თეატრი, ნატალი ჯგუფი, კომპანია "ისი პარი" თელავის ღვინის მარანი,  კოკა კოლას ბოთლერს ჯორჯია, ყავა პელე და ინგლისურენოვანი გაზეთი "მესინჯერი".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 09:47

გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენი პარტნიორობის 25 წლისთავისა და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად. ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 12:14

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დონალდ ტრამპს მისალოც წერილს უგზავნის.

„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ამერიკელმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მრავალი გამოწვევა გაიარა. აშშ ყოველთვის იყო როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.

ვითვალისწინებ რა არსებულ არასტაბილურ და ცვალებად გარემოს, მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა წარმატებით გაივლის ყველა გამოწვევას და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს წარმატებული განვითარებისათვის.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი.

ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია; ჩვენმა ერებმა ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლიერებას გამოვხატავთ და განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი გამოხატულ ურყევ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 08:52
დღეს 4 ივლის, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღება სადაც მოწვეული არიან აშშ-ის საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და ბიზნესის წარმომადგენლები. 
აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 241-ე წლისთავისადმი მიძღვნილ 
საზეიმო წვეულებაზე, ახალგაზრდა მომღერალი ანი ქურასბედიანი-ტუღუში შეასრულებს აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებს. 

 

ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 10:31

დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა საქართველოსა და ირლანდიას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ განხორციელებულ შთამბეჭდავ პროგრესზე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მე-5 სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

დუბლინის ლორდ-მერმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება, ასევე, დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის გამოფენა, სახელწოდებით "Life and Language in Georgia", სადაც წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა".

მიღებაზე დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქართული სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies”, შეასრულა საქართველოსა და ირლანდიის სახელმწიფო ჰიმნები, ასევე,  ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერები.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქართული დიასპორის, მედიის, ბიზნესის, კულტურისა და აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დუბლინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური