ყალბი ფულის შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:27

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

დაკავება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 11:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მაია ბ. საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან განუმარტა, რომ სამსახურში მოწყობამდე საჭირო იყო აღნიშნული თანხის ნახევრის - 3500 აშშ დოლარის წინასწარ გადახდა.

მაია ბ-მ ხსენებულ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 15:38

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი ლაბაძე ისრაელის მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლის აშენების ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

ირაკლი ლაბაძემ ისრაელის მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 7500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი ლაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

8 წლის შვილის ცემისთვის მშობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აპრილი 2017 16:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში  ბრალდებული ვ.ლ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,  რომ  2017 წლის 24 იანვარს, ქ.თბილისში გლდანის  რაიონში დაახლოებით 12:00 საათზე, ვ.ლ.- მ 8 წლის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც  ურტყამდა  სახის და ზურგის არეში. ვ.ლ.-ს  ქმედებით მცირეწლოვანმა გოგონამ  ფიზიკური  ტკივილი  განიცადა.
სამართალდამცველებმა ვ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა  2 წლის ვადით განუსაზღვრა. 

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენელი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აპრილი 2017 10:59

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი შ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სევერიანე ბერულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობის აუქციონზე გატანაში და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, ბადრი შ-ს შუამავლობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000 ლარი. მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5000 ლარი მათ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:11

მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა პ., რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები.

პოლიციამ, შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „ბიო“ ამოიღო.

პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შოთა პ.-მ მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. „ბიო“ ჰქონდა გადაყლაპული.

ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.

რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

მიმდინარე წლის 29 მარტს შოთა პ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.

შოთა პ. ანალოგიური დანაშაულისთვის 2016 წელსაც იყო დაკავებული.

პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა.

თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:08

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ირანიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ირანის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 13 მარტი 2017 11:04
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ ,,დელტა“-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე. დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ. 2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება. მათ წინააღმდეგ სამხედრო პოლიციაში საქმე სსკ-ის 182 - ე მუხლის II ნაწილის „დ“ და III ნაწილის “ბ” პუნქტებით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 11:43
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურებში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

თბილისში უკრაინის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 09:59
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული პ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 152 შეკვრად დაფასოებული კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და 0,05314 გრამი ამფეტამინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, პ.ა.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური