თურქეთის მოთხოვნით საქართველოში მოღვაწე თურქი პედაგოგი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 10:41

დღეს 12:00 საათზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება ბატონ მუსტაფა ემრე ჩაბუკის სასამართლო პროცესი.

საქართველოში ბოლო 15 წელია მცხოვრები პედაგოგი მუსტაფა ემრე ჩაბუკი გუშინ დილით საკუთარ ბინაში დააკავეს. დაკავება მთურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა,  მისი თურქეთში ექსტრადირების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით.  თურქეთიდან მოწოდებული დოკუმენტის საფუძველზე ბატონ  ჩაბუკს სავარაუდოდ ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, თუმცა  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი არ  იძებნება ინტერპოლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობასთანაც არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა.

შექმნილი სიტუაციიდან და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ  მუსტაფა ემრე ჩაბუკის   დაკავება კიდევ ერთი რგოლია იმ პროცესისა, რომელსაც წინ უძღოდა  ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის სრულიად უკანონო გაუქმება.

გუშინვე საგანგებო მიმართვა გააკეთა დაკავებულის ოჯახმა, რომელმაც თხოვნით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მოახდინონ რეაგირება და არ მოხდეს ჩაბუკის ექსტრადირება თურქეთში.

 „მიგვაჩნია, რომ  ბ-ნ- მუსტაფა ჩაბუკის თურქეთში   უსაფუძვლო ექსტრადირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს  საქართველოს ხელისუფლების  საერთაშორისო რეპუტაციას“ - აღნიშნულია განცხადებაში

ბატონი მუსტაფა ჩაბუკი ბოლო 15 წელია ცხოვრობს საქართველოში. იგი მრავალი წელია სათავეში უდგას რამოდენიმე სკოლას ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში მოღვაწეობა როგორც ფიზიკის პედაგოგმა დაიწყო, რის შემდეგაც იგი გახლდათ ბათუმის შაჰინის სკოლის დირექტორი და შემდეგ ქუთაისის სკოლის დირექტორი. ბატონი მუსტაფა გახლავთ არაერთი საგანმანათლებლო იდეის ავტორი. მათ შორის ნორჩ მეცნიერებათა ოლიმპიადის ორგანიზატორი, ქართული ენის ოლიმპიადის დამაარსებელი და „ვსწვალობთ ქართულად“ კამპანიის ინიციატორი. მისი ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა არაერთი სოციალური და სამეცნიერო პროექტი. 

ნარკოტიკის გასაღება ინტერნეტით - დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 13:12

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 186 შეკვრად დაფასოებული 333,15 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“, 2 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, 1 კილო და 540,25 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“; 887,74 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი; ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“-ს შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა ე.წ. ,,ბიო“.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით).

ნარკოდანაშაულისთვის საგურამოში ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 მაისი 2017 10:36

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჯ.მ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჯ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული 0,2588 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

აქცია პარლამენტის წინ - სავარაუდოდ დაკავებულია სამი პირი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 23:49

პარლამენტის შენობის წინ ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.


ცოტახნის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა და დაკავებულია სამი პირი. 

არსებული ინფორმაციით დაკავებულია პროფკავშირების ორი წევრი ნინა ლეჟავა გოგა ბრეგაძე.

სტამბოლში პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 მაისი 2017 15:45

სტამბოლში, საპროტესტო აქცია, რომელიც მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო,   პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.  აქცია  ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო.

აქციის ჩატარებას დაახლოებით 300 დემონსტრანტი შეეცადა. პოლიციამ რამდენიმე ათეული  ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ,  24 აპრილს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტაქსიმის მოედანზე საპირველმაისო ღონისძიებები არ ჩატარდებოდა.

482,3 კარატიანი ზურმუხტის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 28 აპრილი 2017 10:44

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა - 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

დაკავება უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:07

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე,  ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მოახდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებული სიგარეტი ,,DUBAO’’- ს აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე დააკავა, ხოლო სიგარეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 14:47

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა.

საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების მცდელობას.

გამოძიების შედეგად დადგენლი პირები  შენიღბულად, მოგონილი სახელებითა და კონსპირაციის დაცვით მოქმედებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა გატარებული ქმედითი საგამოძიებო, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამივე დაკავებულს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და  მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამივე ბრალდებულს,  1968 წელს დაბადებულ გ.ხ-ს,  1952 წელს დაბადებულ ვ.ბ-ს და  1950 წელს დაბადებულ ჯ.შ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 10:51

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცენდენტო რაოდენობის აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
 
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი, ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’-ი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ესპანეთის მოქალაქე დაკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 12:20

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ც.გ.ლ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,19793 გრ კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური