შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 თებერვალი 2019 13:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 იანვარი 2019 17:21

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინეს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია "ტელეგრამის" მესენჯერში შექმნეს ჯგუფები - ე.წ. "drug-shop"-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა "მატანგაზე" - ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. ასევე, დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული - მ.ს. - აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო" და ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ", რომლებიც განკუთვნილი იყო "ტელეგრამში" არსებული ჯგუფების - ე.წ. "drug-shop"-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორი პირი აღნიშნული "drug-shop"-ების ე.წ. "დამდებია". გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ, რაშიც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ამ დროისთვის, პოლიცია კვლავ განაგრძობს ნარკოტიკების ამოღების პროცესს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" პუნქტით და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალის დასახლებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა განახორციელა.

სამივე ნარკორეალიზატორს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კიდევ ერთი პირია დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის თბილისში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 500 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და 4 შეკვრა „მდმა“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 იანვარი 2019 14:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორი დღის უკან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე მაშინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ, რომ ყველა პირი, რომელსაც ამ ტრაგედიასთან მიმართებაში ჰქონდათ პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 17 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თურქეთმა, NBA-ის მოთამაშის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 15:42

სტამბულის მთავარმა პროკურატურამ, გიულენის მოძრაობის მხარდაჭერაში ბრალდებული ″ნიუ იორკ ნიქსის″ ცენტრის ენეს კანტერის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა.

კანტერი, უკვე დიდი ხანია გიულენის მოძრაობას მხარდაჭერას ღიად უცხადებს და სოციალური მედიის საშუალებით თურქეთის მთავრობის კრიტიკით დღის წესრიგშია. ბოლო დროს, თურქმა კალათბურთელმა ლონდონში გამგზავრებაზე, სადაც NBA-ის თამაში იყო დაგეგმილი, უარი განაცხადა, რადგან თურქეთის ჯაშუშებისგან მის სიცოცხლეს საფრთე დაემუქრებოდა.

თურქეთის პროკურატურას მიაჩნია, რომ კანტერმა დახმარება აღმოუჩინა ტერორისტულ დაჯგუფებას. კალათბურთელმა სოლიდური თანხა გადასცა ტერორისტებს, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ასევე არსებობს ინფორმაცია, თითქოს, კალათბურთელი სტუმრობდა ამ ჯგუფთან დაკავშირებულ რამდენიმე სკოლას და ესწრებოდა ორგანიზაციის შეკრებებს.

კანტერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს გადავიდა, სადაც საუნივერსიტეტო გუნდებში თამაშობდა, 2011 წელს კი „იუტას“ კალათბურთელი გახდა. ის ასევე თამაშობდა „ოკლაჰომაში“, 2017 წლიდან კი „ნიუ იორკშია“.

წყარო: https://ahvalnews.com/tr/enes-kanter/enes-kanter-icin-kirmizi-bulten-talebi-sosyal-medya-paylasimlari-delil-sayildi

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 იანვარი 2019 13:14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის რეგიონში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის გარეშე მოახდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო ამოძირკვა. აღნიშნული ქმედების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 56 993 ლარი შეადგინა. გამოძიების პროცესში, ბრალდებულის მიერ აღნიშნული თანხის ოდენობა სრულად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 13:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 02 დეკემბერი 2018 15:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018 15:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,   სასამართლოს განჩინების საფუძველზე  მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის  (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის   სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები  გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.  


მოგახსენებთ, რომ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე,   2018 წლის 29 მაისს,  გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ  დიდი ოდენობით თანხებს.  სწორედ ამ  მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა  მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით,   რითაც მოხდა  ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.


გამოძიებით  დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.


გამოძიების პროცესში  5 000-ზე  მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში  მყოფი  პირი. ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების:  შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც  დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში  (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1)  მშენებარე ობიექტებზე  ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზები.


ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო  დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.


შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 14:15

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018 13:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა:

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური, უკომპრომისო ბრძოლა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 5 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ქვემო ქართლის პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 5 შეკვრა „ჰეროინი“.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ფაქტია გამოვლენილი ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, დროებით თბილისში მცხოვრები პირი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 8 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. დაკავებულმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებულ სამალავებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დებდა.

ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა 4 სხვადასხვა სამალავი მიუთითა, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა 4 შეკვრა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული 122,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი „სუბოტექსი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 1998 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 275,77 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას."- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური