რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 13:26

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი.

საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით).

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკვეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 10:50

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. - ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4 700 ლარი, ცივი იარაღი და ნიღაბი, ხოლო ს.ყ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 37 300 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

დაკავება ქარვის თვლების კონტრაბანდის ფაქტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 12:02

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, ტანსაცმელსა და ხელბარგში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული,   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.  
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 09:57

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და 19 ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

დაკავება თაღლითობის ბრალდებით

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 09:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ჩ., თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, თაღლითურად გამოართვა 2500 ლარი.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითურად მითვისებული თანხა - 2500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 დეკემბერი 2016 11:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი - 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვასილ ლ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ს. და 1998 წელს დაბადებული ლაშა შ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები არიან. დაკავებულებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, რუსთავში მცხოვრებ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ.

პოლიციამ სამივე ბრალდებული რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

საპენსიო თანხების მითვისების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელები დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 11:14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც  დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ,  „ლიბერთი ბანკში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები და მინდობილ პირებზე დამზადებული იქნა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები. 

აღნიშნული გზით ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაცემული იქნა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთო ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირთა გამოვლენა-დადგენის მიზნით. აქვე გვსურს ავღნიშნოთ, რომ საგამოძიებო სამსახური ახორციელებს მკაცრ კონტროლს ჯანდაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის კუთხით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით

შსს-მ მარნეულში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 10:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი - 1983 წელს დაბადებული ვ.კ., 1982 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1972 წელს დაბადებული გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენების შედეგად გაირკვა, რომ ბრალდებულები მარნეულში მცხოვრები ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ, რაც პოლიციის ოპერატიული ჩარევის შედეგად ვერ განახორციელეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მარნეულში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი „მერსედესის“ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, გადაჭრილი შაშხანა და გადაჭრილი თოფი, ხოლო აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკისას - ნიღბები, ხელთათმანები და წებოვანი ლენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

დაკავება 50 და 20 ლარიანი ბანკნოტების გაყალბების და გასაღებისთვის

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 10:41

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,  ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე და ფიზიკურ პირებზე, სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ, ახალი მოდიფიკაციის გაყალბებულ ლარის კუპიურებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი 20 და 50 ლარიანი ბანკოტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

დაკავება ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 10:53

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე,  შპს - ებ - ის ,,მედეა“- ს,   ,,ნიკა“-ს,  ,,მარი“-ს,  ,,საბა 11“-ს და  ,,ევროლუქსი“- ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა,  აღნიშნული კომპანიების სახელით, საქართველოში განახორციელა  32 263 347 ლარის ღირებულების ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია, რა დროსაც, დამალა იმპორტირებული საქონლის საქართველოში რეალიზაციის ფაქტები და საგადასახადო დოკუმენტებში მიუთითა,  თითქოს იმპორტირებული საქონელი სრულად არ ჰქონდა რეალიზებული და ნაშთად ერიცხებოდა. ამგვარი სქემით, ბრალდებულმა,  კომპანიებზე ხელოვნურად  დაიგროვა ზედმეტობა 1 090 741 ლარის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გადასახადში და  არამართლზომიერად წარმოშობილი ზედმეტობის თანხებით განახორციელა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადელების ფიქტიური გადახდა, რითაც მოტყუებით 1 090 741 ლარის ოდენობით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო. ასევე, ბრალდებულმა,  აღნიშნული  საქმიანობით მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით  უკანონო შემოსავლებს მისცა კანონიერი სახე, კერძოდ, შეიძინა და ახლო ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა უძრავ-მოძრავი ქონება. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 194-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადი

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური