დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მ.კ

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 04 ივნისი 2019 14:45

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში, დღემდე, სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ.კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.

შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას.

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 11:41

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ. ხ. და 1989 წელს დაბადებული ს. გ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ დიღმის ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა. მისი მძღოლის ს.გ.-ს და მგზავრის - ნ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 49 მცირე შეკვრად დაფასოებული და 1 მოზრდილი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო, ასევე, 1 აბი "ექსტაზი" და 2 შეკვრა თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 9 აბი და ერთი ნატეხი "ექსტაზი" და ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

 გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, 260-ე მუხლის მე-5-ე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 14:41

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა "ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან-238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 იანვარი 2019 14:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორი დღის უკან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე მაშინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ, რომ ყველა პირი, რომელსაც ამ ტრაგედიასთან მიმართებაში ჰქონდათ პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 17 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თურქეთმა, NBA-ის მოთამაშის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 15:42

სტამბულის მთავარმა პროკურატურამ, გიულენის მოძრაობის მხარდაჭერაში ბრალდებული ″ნიუ იორკ ნიქსის″ ცენტრის ენეს კანტერის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა.

კანტერი, უკვე დიდი ხანია გიულენის მოძრაობას მხარდაჭერას ღიად უცხადებს და სოციალური მედიის საშუალებით თურქეთის მთავრობის კრიტიკით დღის წესრიგშია. ბოლო დროს, თურქმა კალათბურთელმა ლონდონში გამგზავრებაზე, სადაც NBA-ის თამაში იყო დაგეგმილი, უარი განაცხადა, რადგან თურქეთის ჯაშუშებისგან მის სიცოცხლეს საფრთე დაემუქრებოდა.

თურქეთის პროკურატურას მიაჩნია, რომ კანტერმა დახმარება აღმოუჩინა ტერორისტულ დაჯგუფებას. კალათბურთელმა სოლიდური თანხა გადასცა ტერორისტებს, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ასევე არსებობს ინფორმაცია, თითქოს, კალათბურთელი სტუმრობდა ამ ჯგუფთან დაკავშირებულ რამდენიმე სკოლას და ესწრებოდა ორგანიზაციის შეკრებებს.

კანტერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს გადავიდა, სადაც საუნივერსიტეტო გუნდებში თამაშობდა, 2011 წელს კი „იუტას“ კალათბურთელი გახდა. ის ასევე თამაშობდა „ოკლაჰომაში“, 2017 წლიდან კი „ნიუ იორკშია“.

წყარო: https://ahvalnews.com/tr/enes-kanter/enes-kanter-icin-kirmizi-bulten-talebi-sosyal-medya-paylasimlari-delil-sayildi

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 14:15

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018 13:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა:

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური, უკომპრომისო ბრძოლა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 5 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ქვემო ქართლის პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 5 შეკვრა „ჰეროინი“.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ფაქტია გამოვლენილი ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, დროებით თბილისში მცხოვრები პირი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 8 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. დაკავებულმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებულ სამალავებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დებდა.

ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა 4 სხვადასხვა სამალავი მიუთითა, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა 4 შეკვრა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული 122,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი „სუბოტექსი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 1998 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 275,77 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას."- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018 14:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1956 წელს დაბადებულ ვ.თ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

რას ამბობს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მისი ძმის დაკავებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 მაისი 2018 13:25

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული გიორგი გოგებაშვილის ძმა, შს თანამშრომელი, იაკობ გოგებაშვილი მისი ძმის დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.


იაკობ გოგებაშვილის თქმით, დაკავებულის საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას რომ კომუნიკაცია ჰქონდა იმ ბინის მფლობელებთან, რომელიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ბრალდებით დაკავებულ წყვილ, 24 წლის გიორგი გოგებაშვილსა და 27 წლის ნინო გეგელაშვილს კონსპირაციულად ჰქონდათ ნაქირავები.

"არავისთან კომუნიკაცია არ მქონია, ბინა მე არ მიქირავებია, არაფერი ვიცი"- ამბობს ყოფილი პოლიციელი, რელსაც უფლებამოსილება დროებით საკუთარი განცხადების საფუძველზე ამჟამად უკვე შეჩერებული აქვს.

მისიცე თქმით, დაკავებულებს შვილი არ ჰყოლიათ. საქმის მასალების მიხედვით კი ბრალდებულებმა ბინის

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებისთვის დაკავებულ ორ ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათთვის აღკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 მაისი 2018 12:11

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა დაკავებულია ორი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა.

„ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით.

გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი.

მიმდინარე წლის 7 მაისს, აღნიშნული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორივე ბრალდებული ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით იქნა დაკავებული.

პოლიციამ, ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური