დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალა "შენების მოძრაობა" დააფუძნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ივნისი 2017 12:24

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთმა ნაწილმა "შენების მოძრაობის" პრეზენტაცია გამართა. 

პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები. ღონისძიებაზე სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციაც გაიმართა.

უსუფაშვილის თქმით, "შენების მოძრაობა" თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას. 

"შენების მოძრაობის" საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, "შენების მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ კანდიდატებს.

მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია - ”რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”. 

„საზოგადოებრივი მოძრაობის პრინციპები ასეთია: 

”შენების მოძრაობაში“ ვერთიანდებით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც, განსხვავებული წარსულის მიუხედავად, გვაქვს თანხვედრი დასკვნები და ხედვები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად: მიგვაჩნია, რომ მტრობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე აგებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები უკვე ოცდახუთ წელზე მეტია საშუალებას არ გვაძლევს საერთო ეროვნული პოტენციალი მივმართოთ მოქალაქის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სამსახურში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად; ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის თავზეც კი სახელმწიფო სუვერენიტეტის მხოლოდ მცირე ნაწილია უშუალოდ ჩვენს ხელში, ხოლო მზარდი საერთაშორისო არასტაბილურობა საკუთარი ქვეყნის უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე გვაყენებს; გვჯერა, რომ პატრიოტიზმი და პიროვნების თავისუფლება არათუ ურთიერთდაპირისპირებული ცნებებია, როგორც ხშირად წარმოგვიჩენენ, არამედ ორი ისეთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ერი. შესაბამისად, ერთად უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურები შეასრულებენ; მიგვაჩნია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება თავიდან არ უნდა იწყებდეს სახელმწიფოს ახალ წელთაღრიცხვას, წინამორბედის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმის ხელაღებით უარყოფას და ნგრევას. ამავე დროს, ქვეყნის შენება შეუძლებელია სახელმწიფოს განვითარების მკაფიო ხედვისა და პროგრამის გარეშე. ამიტომ ჩვენი კრედოა - რაც კარგია, ვუვლით; რაც ცუდია, ვცვლით; რაც გვაკლია, ვქმნით; გვჯერა, რომ ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ იდეოლოგიურ თუ პერსონალურ ნიადაგზე უფრო მეტად კი არ უნდა დაყოს საზოგადოება, არამედ ის უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრისტულ, გამაერთიანებელ ძალად, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს სახელმწიფოს ფუნდამენტის გასამაგრებლად და შეუქცევადს გახდის ქვეყნის აღმშენებლობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პროცესს; ვთანხმდებით, რომ „შენების მოძრაობა“ უნდა შევქმნათ მოტივირებული მოქალაქეების ფართო თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია, რომელიც მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე იზრუნებს და არა ლიდერთა ვიწრო ჯგუფის პარტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერებისთვის არსებობს; გვწამს, რომ საქართველოს სჭირდება „შენების მოძრაობა“, ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და მისცემს მათ შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში; ვთანხმდებით, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკური და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და პრინციპების განუხრელ დაცვას: 

* ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; 
* ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება; 
* პრინციპულობა და არა სიჯიუტე; 
* ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; 
* კონკურენცია და არა მტრობა; 
* კრიტიკა და არა შეურაცხყოფა; 
* შემკრებობა და არა გამთიშველობა; 
* კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა; 
* დიალოგი და არა მონოლოგი; 
* სიყვარული და არა სიძულვილი”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მე არ ვიქნები ჩასაფრებული ოპოზიციაში, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 10:47

„მე არ ვიქნები ჩასაფრებული ოპოზიციაში, მაგრამ საზოგადოებასთან ერთად, ვიქნები დაინტერესებული იმაზე ფიქრით, თუ რა ხდება, რა გადაწყვეტილებები მიიღება და როგორ მიიღება. ამით მინდა იმას გავუსვა ხაზი, რომ ახლა უკვე მომავალზე უნდა ვიყოთ ყველა ორიენტირებული იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც შეიქმნა, ვინც სად აღმოვჩნდით ამ პოლიტიკური პროცესის შემდეგ“, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას  განაცხადა.

აქ არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა, - დავით უსუფაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 10:24

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, არჩევნების შედეგად ქვეყანამ ვერ მიიღო უფრო მრავალპარტიული, უფრო ეფექტური პარლამენტი, მაგრამ მოსახლეობამ აირჩია ისეთი პარლამენტი, რომელსაც აქვს საშუალება იყოს ძალიან პროდუქტიულიც და ეფექტურიც.

"აქ არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა, ჩვენ პარლამენტში ვერ მივიღეთ კონკურენტი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს მოუსმენენ და არგუმენტებით გააკრიტიკებენ. წინმსწრებად ცნობილია, რომ რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, ის იქნება ნაციონალების მიერ ჩათვლილი „რუსი ოლიგარქის“ მესიჯად და ამიტომ არ გისმენთ, რაც არ უნდა თქვას ნაციონალურმა მოძრაობამ, ეს იქნება ქართული ოცნების მხრიდან ჩათვლილი „ცხრაწლიანი სისხლიანი მმართველობის რეჟიმის“ წარმომადგენლების ოინებად და ამიტომ არ გისმენთ. ეს ვითარება არის რეალობა, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პაექრობა, პოლიტიკური ოპონირება ვერ ბადებს სათანადო შედეგებს, რადგან ოპონირებას მაშინ აქვს აზრი, თუ ოპონირებისას რაღაც ახალს აღმოვაჩენთ, გავარკვევთ და ერთმანეთს გარკვეულწილად მაინც დავეთანხმებით“, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას  განაცხადა.

"ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი"- დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 15:41

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით ის რჩება ოპოზიციაში და აპირებს მოგვიანებით ჰქონდეს მოლაპარაკებები პოლიტიკურ ძალებთან.“ვარ პოლიტიკაში, ვარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ამიტომ,  ხვალიდან, ზეგიდან მე ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი. ამ ოპონირებისას ჩემი ამოცანა იქნება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.  

დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 17:01

პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა.  დავით უსუფაშვილი ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკის  სამუშაო კაბინეტში შეხვდა.



ეს თანამშრომლობა შეიძლება შედგეს სხვადასხვა ფორმატში, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 13:10

„ჩვენ ზოგადად, ღია და გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო  პარტიების მიმართ. ეს თანამშრომლობა შეიძლება შედგეს სხვადასხვა ფორმატში," - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარესთან, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერ დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას.

არ არსებობს არანაირი საფუძველი ეჭქვეშ დადგეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 12:18

საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, იყო სერიოზული ხარვეზებიც, იყო დანაშაულის ნიშნებიც და ალბათ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებსაც. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არანაირი საფუძველი ეჭქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. შედეგად, მივიღებთ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი განსჯა და მეტი ანალიზი”, - ასე შეაფასა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა  არჩევნები 2016.

ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 16:11

„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩეველს აქვს საშუალება თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა,"- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით ქართველ ხალხს გადაეცემა, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 13:11

"ხვალ 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს, იმისათვის, რომ ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელებაც ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია," ასე მიმართა  "რესპუბლიკელების"  ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა   ამომრჩევლებს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.

უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებელია  ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს.

დავით უსუფაშვილი - იმ დღეს ველი, როცა უშიშროების სამსახურები ბუნაგებიდან დამნაშავეებს გამოათრევენ და არანორმალური ვითარება შეწყდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2016 17:17

იმ დღეს ველი, როცა პოლიცია, პროკურატურა და უშიშროების სამსახურები ბუნაგებიდან დამნაშავეებს გამოათრევენ და ის არანორმალური ვითარება შეწყდება, როდესაც საფრთხეების თაობაზე ან ინტერენეტში, ინკოგნიტო ადამიანების მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებით, ან ამა თუ იმ ექსპერტის პროგნოზით, ვარაუდებით და მოსაზრებებით ვიგებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.უსუფაშვილის თქმით, დანაშალის აღსაკვეთად და დამნაშავეების გამოსავლენად სუს-მა, პოლიციამ და პროკურატურამ უნდა იმოქმედოს. “ჩვენ სამართალდამცავი ორგანოების არმია გვყავს, რომელთა მოვალეობაა ამფეთქებელს, დამგეგმავს, რევოლუციის შემოქმედს, იარაღის შემომტანს ხელი ჩაავლონ და იქ ჩააყუდონ, სადაც საჭიროა. პოლიტიკოსებმა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ისინი ჩვენი მსახური არ არიან - არც მმართველი პარტიის და არც მართვის სურვილის მქონე პარტიის. სამართალდამცავები სახელმწიფოს მსახურნი არიან. ამიტომ ისინი ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ, როგორც მათ ახლა ვაყენებთ - ამ დღეებში, ამ კვირებში, როცა პოლიტიკოსები გამოდიან, შეფასებებს აძლევენ, სამართლებრივ შეფასებას და პროგნოზებს აკეთებენ, საიდან იქნება დარტყმა, ვინ იქნება ამფეთქებელი, ვინ - ამრევი. “აბა, შინაგან საქმეთა მინისტრო წადი და გამოძიე“ - ეს არის არანორმალური ვითარება. სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური, პირდაპირი თუ არაპირდაპირი წნეხისგან და დაკვეთისგან უნდა გავათავისუფლოთ, რომ მათ დანაშაულს ებრძოლონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური