ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 18 მარტი 2019 10:36

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 12:31

2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული.

დღეს, სწორედ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა.

მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც მრავალფეროვანია.

„თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში", - აღნიშნა მინისტრმა.

ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში სამხრეთ კორეელი სპეციალისტები დაეხმარებიან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 02 მარტი 2019 12:06

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში. ასევე, წარმოადგინეს ინიციატივები, საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები, როგორც სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცესში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდება და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩატარდება.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან კვანგ ვუნგ ლი – ჰეპატო-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ტრანსპლანტოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი; ჩანგ სუკ სუჰ – სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და ჩან სო შინ – სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი, პროფესორი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეა ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაციებში მსოფლიოში ლიდერ ქვეყანად არის აღიარებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია მსოფლიო მასშტაბით სწორედ კორეაში ჩატარდა და მათგან 77% სწორედ ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე მოდის.

დავით სერგეენკო - კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკს შორის განსხვავება არ არსებობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 09 მაისი 2018 12:15

არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრი ყველას მოუწოდებს, რომ არ მიიღონ ნარკოტიკული საშუალებები. 
"მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება და ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან",- განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის მართვის ცენტრის დასასრულებლად კომპანიას 10-დღიანი ვადა მისცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 16:29

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნამდე, ზუგდიდში ახალაშენებული ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა, იქ არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო და შენობის დასრულების, ასევე არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის კომპანიას 10 დღის ვადა მისცა. 

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მისცა გაფრთხილება.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი და ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება. 

C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით მეორე ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა. 
ზუგდიდში, C ჰეპატიტის სკრინინგისა და მართვის ცენტრის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.ვ

დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 13:31

ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ქუთაისში, პარლამენტში განაცხადა. 
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილია და დღეს მას პარლამენტის წევრებს წარუდგენს. ,,ძირითადი ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით განხორციელებული. პირველი ეს არის უზრუნველყოფა უფრო მიწვდომადი და ხარისხიანი ჯანდაცვის. მეორე - ეს არის მედიკამენტების კომპონენტზე მიწვდომადობის გაძლიერება და მესამე - არის სამედიცინო დახმარების სერვისების განფასების ახალი ინტეგრალური სისტემის დანერგვა“, - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, დავით სერგეენკოს თქმით, ამ მიმართულებით მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მდგრადობა და გამოყენებული იყოს ახალი მიდგომები, რომელიც სამედიცინო დახმარებას უფრო ხარისხიანს და უფრო მიწვდომადს, მეორე მხრივ, კი უფრო ხარჯთეფექტურს გახდის. მინისტრობის კანდიდატებს დღეს ქუთაიში, პარლამენტში, ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.

ყველაფერმა გამჭვირვალედ, ძალადობის გარეშე ჩაიარა, არჩევნები შედგა, - დავით სერგეენკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 10:57

"რაც შეეხება იმას, რომ დაშინებას ჰქონდა ადგილი, სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნები ყოველთვის გარკვეული ემოციების საფუძველს იძლევა და არცერთი ქვეყანა, თუნდაც ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, არ არის თავისუფალი გარკვეული ექსცესებისგან. ჩვენთან საბედნიეროდ ყველაფერმა გამჭვირვალედ ჩაიარა , ძალადობის გარეშე და არჩევნები შედგა,“ -  აღნისნული განაცხადა დავით სერგეენკომ NDI-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშტან დაკავსირებით გააკეთა.

დავით სერგეენკომ და რუსთავში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:33

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და რუსთავში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პირველი შეხვედრა „აზოტის“ ქარხნის დარბაზში რუსთაველ მედიკოსებთან გაიმართა.

„რუსთაველი კოლეგებისგან დავალებული ვარ. პირველი ნაბიჯები, როგორც ექიმმა რუსთავში გადავდგი, აქაურები მხარში მედგნენ დამწყებ ექიმს და ბევრი რამ სწორედ მათგან ვისწავლე. თუმცა, ახლა უფრო საინტერესოა, თუ რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ რუსთავთან მიმართებაში. მთავარია თქვენ სწორი არჩევანი გააკეთოთ, რადგან ნებისმიერი სახელმწიფოს წამოწყება მოქალაქეთა მხარდაჭერის და შრომის გარეშე ვერ განხორციელდება. მე რომ რუსთაველი ვიყო, ზუსტად ვიცი, ვის მივცემდი ხმას და ვის ვანდობდი ამ ქალაქის ბედს“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ საფუძველი ჩაუყარა სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომლის შემდგომი სრულყოფა საქართველოში თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ეს პროგრამა სახელმწიფოს ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. ჩვენი თანაქალაქელები შეხვედრის დროს არაერთგზის გამოხატავდნენ მადლიერებას სწორედ ჯანდაცვის მინისტრის მიმართ“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა მხეიძემ. 30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ მადლობა გადაუხადა რუსთაველ მედიკოსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ღირსეული მონაწილეობისათვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მედიკოსებმა მინისტრს ჯანდაცვის პროგრამაში განსახორციელებელ ცვლილებებზე კითხვები დაუსვეს.

გრიგოლ ლილუაშვილი დავით სერგეენკოსთან ერთად ხონსა და ვანში ექიმებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 13:02

„უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს ყველა ის პროგრამა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში ანხორციელებს”- აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგენკოსთან ერთად ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობას და ექიმებს შეხვდა. მინისტრმა და კანდიდატმა ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ის პრობლემები, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი. „ ჩვენ არ ვაპირებთ საყოველთაო ჯანდაცვის შეჩერებას, რადაგან ეს არის მოსახლეობის დაკვეთა. იმისთვის, რომ დაწყებული პროგრამები განვითარდეს აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა და არჩევნებზე მისვლა, სადაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს.“–აღნიშნა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე.

ოთარ დანელია და დავით სეერგენკო მარტვილში ექიმებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 12:40

„პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ, სოფლის ექიმების რგოლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. აუცილებელია ამ პროცესში ადგლობრივი მედპერსონალის ჩართულობა. საჭიროა რომ მათ ჰქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამბულატორიების რესტავრაცია - კეთილმოწყობაა, რომელსაც თქვენი მომავალი დეპუტატის, ოთარ დანელიას შუამავლობით აუცილებლად განვახორციელებთ“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარტვილში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი - აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროექტებზე და სამედიცინო პერსონალს სამომავლო გეგმები გააცნო - საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ოთარ დანელიასთან ერთად მარტვილის სამედიცინო დაწესებულება „ევექსი“ დაათვალიერა და მედპერსონალს გაესაუბრა.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური