22 იანვარს, კონფერენცია თემაზე - "ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 15:11

22 იანვარს,  სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“ თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებას უკეთ გაეცნო ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესები. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლა და იმ წარმატებების მიზეზები, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

კონფერენციას ესწრებოდნენ:  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

კონფერენციის პირველი ნაწილი  შემდეგნაირად წარიმართა:

 ზოგადი მოხსენება - მალხაზ გულაშვილი - მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი

 მისასალმებელი სიტყვა - ძი იენჩი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 

 მომხსენებელი -  ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენაზე - ვახტანგ მაისაია -  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი. თემა: როგორ შეიძლება საქართველომ ეს გავლენები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. 

 მომხსენებელი სიმონ კილაძე, პოლიტოლოგი. თემა: ჩინეთის გამოცდილება შრომითი პერსონალის მართვაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

მომხსენებლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კონფერენციის დამსწრე საზოგადოებამ, თემაზე, - ჩინეთის ეკონომიკური როლი საქართველოსთვის, კითხვა-პსუხის რეჟიმში ზოგადი დისკუსია გამართა. 

კონფერენციის მნიშვნელობაზე „ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - მალხაზ გულაშვილმა ისაუბრა:

„დღევანდელი  კონფერენციის ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩინეთმა მოახერხა და  უმოკლეს დროში შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო. შექმნა ახალი ეკონომიკა, ტექნოლოგიები, უნიკალური სოფლის მეურნეობა, უკვე კოსმოსის ათვისებაზეც კი გადავიდა. ასევე, შექმნა სოფლის ტურიზმის განვითარების მოდელი, რითაც ჩინეთი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში.

საქართველოს აინტერესებს ჩინეთთან ურთიერთობა,რადგან ერთდროულად წარმოშობილი ცივილიზაციებია. ის ფაქტიც, რომ აბრეშუმის გზა საქართველოზე გადიოდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც,  რომ  საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, რამაც ხელი შეუწყო ქართული ბიზნესის განვითარებას ჩინეთის ბაზარზე. დღესდღეობით, ბევრი ქართული კომპანია ჩინეთის ბაზარზე დომინანტთა როლს ასრულებს.

ჩინეთის მთელ რიგ რეგიონებში გაიხსნა საქართველოს პოპულარიზაციის კუთხეები. ცოტა ხნის წინ, „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე დავაჯილდოვეთ ადამიანი, რომელმაც ჩინეთში პატარა საქართველო შექმნა.

ჩინეთის გეოპოლიტიკური როლი განუზომელად იზრდება მთელ მსოფლიოში. მან ეტაპობრივად მოახდინა იმ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო დაკარგა.

რაში შეიძლება ეს ყველაფერი საქართველომ გამოიყენოს? ზუსტად ამ საკითხებს ეხება კონფერენცია.

ჩვენი მიზანია, ჩინეთის გეოპოლიტიკური გავლენა საქართველომ ისე გამოიყენოს, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც მოხდეს.

გვსურს, რომ როგორც ჩინეთში ებრძვიან სიღატაკეს, ზუსტად ასევე ვებრძოლოთ საქართველოში ამ პრობლემას.  ჩინეთში 1 700 000 000 ადამიანია და აქედან მხოლოდ 50 000 000 აქვს სიღარიბის ზღვარს ქვევით სტატუსი.  როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა განაცხადა, 2020 წლისთვის საერთოდ აღარ იქნება ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი.  ჩინეთს აქვს უნიკალური მოდელი მოხუცებულთა მოვლის. ასევე საპენსიპო რეფორმა. შემციერებული აქვს საპენსიო ასაკი 50-55 წლამდე.

დღეს, მსოფლიო ეკონომიკის 2/3 ჩინეთში იქმნება. ეს ყველაფერი კი ნამდვილად მისაბაძია,“ - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში მალხაზ გულაშვილმა.

კონფერენციის  მიზნებზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ძი იენჩიმ:

“დღევანდელი კონფერენცია ჩინეთის საელჩოსა და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით ტარდება. ეს კონფერენცია ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან ორმოც და „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ინიციატივის გაჟღერებდან ხუთი წლისთავს ემთხვევა. ჩვენ ამ კონფერენციას ექსპერტებისა და ჟურნალისტების თხოვნით ვატარებთ. 

აღსანიშნავია, რომ ორმოცი წლის მანძილზე, ჩინეთმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია როგორც ეკონომიკაში, ასევე, სხვადასხვა სფეროებში. იგი დღესდღეობით მსოფლიოში რიგით მეორე ადგილზეა ეკონომიკის დონის მხრივ. ქართველებისთვის ძალიან საინტერესოა ჩინეთის განვითარების შესაძლებლობები და აღმშენებლობის გზაზე მის მიერ მიღწეული წარმატება. კონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებიდან და ექსპერტებიდან ბევრი არაერთხელაა ჩინეთში ნამყოფი. ჩევნი კონფერენციის მიზანიც ის არის, რომ უკეთ გავაცნოთ მათ ჩინეთის გამოცდილება და ერთად განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ეს გამოცდილება ქვეყნის აღმშენებლობისა და მეტი კეთილდღეობის მისაღწევად," - განაცხადა  ძი იენჩიმ.

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა, - დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთის, როგორც სწრაფად მზარდი ეკნომიკისა და უზარმაზარი ბაზრის მქონე  ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„ორ ქვეყანას შორის არსებული ურთუერთობები და  თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები დიდ და ახალ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს. მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდს“ თავისი წვლილი შეაქვს საქართველო-ჩინეთს შორის ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებასა და ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისთვის. ქართველ მეწარმეებს ჩინეთის მილიარდ ნახევრიანი ბაზრის კარი ექხსნებათ და ეს ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.  

კონფერენციის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოებისთვის ჩინეთში ყოფნის შთაბეჭდილებების გაზიარებას დაეთმო. აქცენტები გაკეთდა ჩინეთის საპენსიო რეფორმაზე, მის ეკონომიკურ მოდელზე, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ კონცეფციაზე, ჩინური ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მოდელზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე და სხვა.

„მსგავსი კონფერენციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. სხვა, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, დანერგვა და იმ  გაკვეთილების ჩვენს რეალობაზე მორგება, ვფიქრობ, ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყანა გეოპოლიტიკურ, სტრატეგიულ ჭრილში განვითარდეს. 

იმედია, დღევანდელი ღონისძიება პირველი, პიონერული სვლა იქნება იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისეთი განვითარებული ქვეყნის გამოცდილება გაიზიაროს, როგორიცაა ჩინეთი.

რაც შეეხება ჩინეთს, ამ ქვეყანამ, გასული საუკუნის 80-90 წლიდან დღემდე, არნახულ წარმატებას მიაღწია თითქმის ყველა სფეროში. 

რა მიმართულებით შეიძლება გამოიყენოს ჩინური გამოცდილება საქართველომ? მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ სამხედრო სტრატეგია, საგარეო პოლიტიკა, რეგიონული ინიციატივის თანამშრომლობის პოლიტიკური ბჟენი, რომელიც, ჩვენთვის ძალიან აქტუალურია თუნდაც კავკასიისა და შავიზღვისპირეთის აუზის რეგიონების ფორმატში. ჩვენთვის საინტერესოა ასევე, ჩინეთის პოლიტიკური მოდელი. 

ძალიან კარგია, რომ ამ ყველაფერზე დიალოგი უკვე დაიწყო და მეც, რა თქმა უნდა, მივესალმები ამ კარგ ინიციატივას,“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. 

სპეციალურად კონფერენციისათვის, პოლიტიკურმა მიმომხილველმა, - სიმონ კილაძემ შეადგინა და გამოსცა ბროშურა სახელწოდებით „საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა: ისტორიული ასპექტები“.  სიმონ კილაძის განმარტებით, კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის, ვინაიდან, ის პირველად იმართება და შეიძლება ითქვას, გაკვალული გზაა ამ მიმართულებით:

"ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობას ძალიან მდიდარი ისტორიული წარსული აქვს.  ამას მოწმობს აბრეშუმის დიდი გზის არსებობა, რომელიც, ჯერ კიდევ  მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში საქართველოზე, კავკასიაზე გადიოდა. მოგვიანებით, მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში, უკვე ჩინეთის მასშტაბური პროექტი განხორციელდა კავკასიაზე. ამ პროექტით, ერთ-ერთი მარშუტი აბრეშუმის დიდი გზის გავლით გადის და აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკისათვის და საერთოდ, გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ჩინური ეკონმიკური სასწაული - ცნობილი გამოთქმაა და ჩვენთვის საინტერესოა გავიგოთ, თუ როგორ მიაღწია მან ამ შედეგს. 

რაც შეეხება ჩემს ბროშურას, მასში განხილულია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ჯერ კიდევ აბრეშუმის დიდი გზიდან, მეთორმეტე საუკუნიდან დაწყებული. მოგეხსენებათ, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანშიც“ ნახსენებია ჩინეთი, რაც ამ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას მოწმობს. 

განხილულია ასევე, ის ფაქტიც, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში პირველად სწორედ ჩინეთიდან შემოვიდა ჩაი,- ლაუ ჯინ ჯოუს მიერ. 

მოგვიანებით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა უკვე კულტურისა და მეცნიერების დარგების მიმართულებით ვითარდებოდა. სწორედ ამ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება ჩემს ბროშურაში, “ - განაცხადა სიმონ კილაძემ.

კონფერენციის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ძი იენჩიმ,  დამსწრე საზოგადოებას ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ, მსგავს აქტივობაში ჩართვაში საკუთარი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღუთქვა:

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩავატარეთ. მე დღეს მოვისმინე ქართველი ექსპერტების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები  ჩინეთ-საქართველოს მაგალითზე. მათ არა მარტო აკადემიური კუთხით, არამედ, პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე შეაფასეს ჩინეთის ეკონომიური მიღწევები. მე დღეს აღმოვაჩინე, რომ ბევრი ქართველი ექსპერტი ძალიან მაღალ დონეზე იცნობს ჩინეთს. სამწუხაროა, რომ აქამდე არ მქონია მათთან შეხება. ამ კონფერენციამ მათი სახით ბევრი მეგობარი  შემძინა. 

რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ დღეს გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შემდგომში მსგავსი კონფერენცია, უკვე ბიზნეს სექტორის თანდასწრებით ჩატარდეს. დიდი მადლობა კონფერენციის ორგანიზებისათვის!“  - განაცხადა ძი იენჩიმ. 

ცნობისათვის, დღეს საქართველოს ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა და მთელი რიგი კომპანიები უკვე ამ ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო ინტენსიურ მოქმედებებზე გადასვლა ჩინეთის ახალი კონცეფციიდან - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“ - გამომდინარე.

 

/თამუნა დუღაშვილი/

/ნინო ოთარაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

„საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში განახლებადი ენერგიების პროექტზე მუშაობას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 18 ნოემბერი 2018 10:48

„საპარტნიორო ფონდმა“ შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაციისა (CSIC)  და ამავე ჯგუფის კომპანია „SMDERI“-ის შვილობილ შანხაის საზღვაო დიზელის ძრავების კვლევით ინსტიტუტსა და  Long Ge Investment Consulting Co.-ს შორის ურთიერთგაგების მემორადუმი გააფორმა.

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი შანხაიში  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Long Ge Investment Consulting Co-ს პრეზიდენტმა ჩუნლონგ ჩაიმ და  კომპანია „SMDERI“-ის ვიცე-პრეზიდენტმა გან ჩენმა მოაწერეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს საქართველოში, კერძოდ, საბუეთის მთებში ქარის ელექტროსადგურების პროექტის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახლებადი ენერგიებისა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიმართულებით სხვადასხვა წინადადებას განიხილავენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ მსჯელობენ.

„მემორანდუმის მიზანია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეფექტური ტექნოლოგიები და თანამედრვე ენერგეტიკის განვითარების ტენდენციები. საქართველოსთვის ეს არის ახალი გამოწვევა და  ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივა. განახლებადი ენერგიების მაქსიმალურად გამოყენება საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაცია (CSIC) არის ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წამყვანი კომპანია, რომელიც უმსხვილეს გემთმშენებელსა და გემების სარემონტო ბიზნესს წარმოადგენს. ჯგუფში შემავალი კომპანია „SMDERI“-ის სტრატეგიული მიმართულებებია, ასევე, ენერგოსისტემის ინტეგრაცია, ენერგოდაზოგვის, გარემოს დაცვის მოწყობილობები და ენერგეტიკული მომსახურება. მის მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 30 ქვეყნის ბაზარზე რეალიზდება და კომპანია განსაკუთრებულად დაინტერესებულია საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით.

„საპარტნიორო ფონდის" დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საწარმოო პროცესი ადგილზე დაათვალიერა.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 აგვისტო 2017 16:51

საქართველოს „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა.

საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარი საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა და სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სემინარზე სიტყვით გამოვიდა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლი ‘იხუანი და  ჩინეთის ელჩი საქართველოში  ძი იენჩი.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მიზანი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარება, იყო. სემინარზე განიხილეს ძიანგსის პროვინციის შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხში; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; ასევე, სტრატეგიული პროექტის “აბრეშუმის გზა", "ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფონზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მუნიციპალიტეტებისა და გუბერნიების, ასევე, ქვეყნის მრეწველობის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მოღვაწე 150-მდე ბიზნეს კომპანიის, ასევე საქმიანი წრეებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ჩინური მხრიდან სემინარს ესწრებოდნენ ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და 80-მდე ბიზნეს კომპანიის წარმოადგენლები, ასევე, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები.

„საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ჯერ ყველა შესაძლებლობა ათვისებული არ არის როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით. ჩვენ ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული პოტენციალი გაგვაჩნია. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დღეს ძიანგსის პროვინციის რამდენიმე მსხვილ კომპანიასა და ქართულ კომპანიებს შორის საერთო პოტენციურ პროექტებზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება, - განაცხადა “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე  ძიანგსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგის წარდგენა მოეწყო. გაიმართა ასევე, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების პრეზენტაცია. სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება, მოლოდინები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი. ხელმოწერის ცერემონიალი შედგა ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოსა და კახეთის რეგიონს შორის; ძიანგსის პროვინციის ქვანახშირის გეოლოგიური ბიუროსა და საპარტნიორო ფონდს შორის; ასევე, სემინარის ფარგლებში ხელი მოეწერა ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პროექტებს.

საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პირველი  სემინარი თბილისში გასული წლის 22 მარტს შედგა. საქართველოში მსგავსი ფორმატის ღონისძიებების გამართვის გადაწყვეტილება ამავე წელს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დიერქტორის დავით საგანელიძის  საქმიანი ვიზიტის დროს, ადგილობრივ მთავრობასა და რეგიონში მოქმედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გადაწყდა.

საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ასევე, „პაბსეკის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძრვანელობით სექტემბრის თვეში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის მიწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება.

ძიანგსის პოროვინციის შესახებ

ძიანგსის პოროვინცია - მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იანძის სამხრეთით. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნანჩანგი. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 45,421,600. ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში მდებარეობს ქართული კულტურის ცენტრი, სადაც  ქართული ღვინის რეალიზაცია ხდება.

თბილისის საკრებულოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 12 აგვისტო 2017 13:18

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, ფრაქციის „ქართული ოცნება - მრეწველები“ თავმჯდომარე ვლადიმერ ძნელაძე და ფრაქციის „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის ოფიციალურ დელეგაციას შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სს „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. მან სტუმრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორია, მუნიციპალიტეტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო - პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ასევე ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორმა ლი იხუანმა, რომელმაც ქართულ მხარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაცია საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება.

დელეგაცია საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია და მის შემადგენლობაში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან. 

დავით საგანელიძე, OPIC-ის მიწვევით, აშშ-ი შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 13:43

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელიდირექტორი დავით საგანელიძე, OPIC-ის მიწვევით, აშშ-ი იმყოფება. საპარტნიოროფონდის დელეგაცია ნიუ ორკსა დავაშინგტონში საქმიან შეხვედრებს მართავს. 

დავით საგანელიძე მსხვილი საფინანსოწრეებისა და კომერციული სტრუქტურებისხელმძღვანელ პირებს ხვდება. დაგეგმილიაშეხვედრები ამერიკის სახელმწიფოდეპარტამენტის ეკონომიკური გუნდისა დაამერიკის მთავრობის განვითარებისსაფინანსო ინსტიტუტის, OPIC-ის წარმომადგენლებთან. 

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელიჩიკაგოს უნივერსიტეტში საქართველოსშესახებ ლექციას წაიკითხავს. 

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ამერიკისბიზნესასოციაციებთან შეხვედრაც.

საგანელიძე მომავალ არჩევნებში საარჩევნო სიაში აღარ იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 11:26

 ,,საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით,ის  მომავალ არჩევნებში საარჩევნო სიაში აღარ იქნება. "წინა განვლილი პერიოდი და წლები, რომლებიც მე პარლამენტში გავატარე, ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი, ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ ახალი თაობა, ახალი სახეები მოვიდნენ, ახალი ენერგიით, ახალი ცოდნით და შესაბამისად, ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ და არც აზრი შემიცვლია, რომ მე, მომავალ პარლამენტში ვიყო", - განაცხადა საგანელიძემ.

დავით საგანელიძე სტამბოლში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 14:47

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეხვედრებს თურქეთის საფინანსო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მართავს.  შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრება. სამთავრობო ვიზიტის ფარგებში სტამბულში იმყოფება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან მუსტაფა ელიტასთთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების მიმართულებით. ამ კუთხით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ექსპორტიორთა კავშირის წარმომადგენლებთანაც.

ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს თურქეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაში, რომელიც თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიისა (DEIK) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში. საქართველოს დელეგაციის წევრები თურქეთის ბიზნეს წრეებთან საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და რეფორმების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ. სტამბოლში ქართული დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი 26 თებერვალს დასრულდება.

დავით საგანელიძეს მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 12:30

მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა, "საპარტნიორი ფონდის" აღმასრულებელ დირექტორს მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება.

დავით საგანელიძის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ ბაზრის მოთამაშე ამას ვერ შეძლებს, რაზეც ბოლო წლების პრაქტიკაც მიანიშნებს, ვერც ერთმა კომპანიამ, წარმატებული სასტარტო პოზიციის მიუხედავად, ვერ მოიკიდა ფეხი, ყველა განდევნეს ბაზრიდან.

საგანელიძე აღნიშნავს, რომ კარტელური კამპანია წინა წლებშიც იმავე მიზნებს ემსახურებოდა, რასაც ახლა და მედიკამენტების გაიაფების წინააღმდეგ იყო აგორებული - თითქოს წამალი უხარისხოა, წარმოებულია იმ კომპანიაში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტი არ აღიარებს, რადგან ინდურია, მდარეა და ა.შ.

ის ამბობს, რომ ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა, ყველა ეს პირობა დაკმაყოფილებული იქნება.

მთავრობის ვალდებულებაზე, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფაზე, წამლის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თინა ტურძელაძემ „რუსთავი 2-ზე“ ისაუბრა.მან აღნიშნა, რომ ცალკეული ფარმაცევტის, პროფილური ექიმის, თუ კომპანიის პარტნიორი მწარმოებლის შეფასებებით და მოსაზრებებით არ უნდა დგინდებოდეს ხარისხი. ა მისთვის შესაბამისი სქემაა საჭირო, რისი ფორმირებაც დაანონსდა, რაც უკვე კარგია, თუმცა ამუშავებას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. ტურძელაძემ წინა მთავრობის და კერძო სექტორის მსგავსი თანამშომლობის მაგალითი მოიხმო, სადაზღვევო ინდუსტრიაში, რაც წარმატებით დასრულდა. მისი თქმით, ხარისხის კონტროლის სრულფასოვანი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ , კონკურენტის შავი პიარისთვის სხვადასხვა თემებით ვერ იმანიპულირებენ. აღარავის დააინტერესებს, ესა თუ ის მწარმოებელი, მათ შორის ინდური , აშშ-ის ჯანდაცვის მიერ აღიარებულია თუ ევროზონის მოთხოვნებს პასუხობს.

ამასთან, ტურძელაძემ აღნიშნა, რომ ინდოეთის 22 000 მწარმოებლიდან 75-ია აშშ-ის ბაზარზე დაშვებული, მაგრამ აღნიშნული 75 ბრენდით ჩვენთან შემოსული მედიკამენტის ევროსტანდარტულობას სულაც არ ნიშნავს. შესაძლოა მე-3 კატეგორიის ქვეყნებისთვის სხვა ქარხანაში იყოს დამზადებული. ასე რომ ლისტინგში TOP პოზიცია კრიტერიუმი არ არის.

ტურძელაძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა, სწორი სტრატეგიაა ინდუსტრიის გადარჩენისთვის, რადგან საკანონმდებლო ბერკეტები ერთვება და ეფექტიც მაღალი უნდა იყოს.

ექსპერტი არ გამორიცხავს ბაზარზე წარმოდგენილმა ბევრმა მედიკამანტებმა ბარიერი ვერ გადალახოს და ბაზრის დატოვება მოუწიოს, რაც სწორი იქნება.

 

დავით საგანელიძე ჩინეთში ფინანსური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 10:14

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ფინანსური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. 
დავით საგანელიძემ პეკინსა და ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში რამდენიმე შეხვედრა გამართა. 
მათივე ინფორმაციით, ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს სიაო კანს შეხვდა. მან ჩინელ წარმომადგენლებს საპარტნიორო ფონდის კონცეფცია და საქმიანობა გააცნო. ისაუბრა განვითარების კორპორაციის შექმნის პერსპექტივაზე და დაინტერესების შემთხვევაში, ჩინური მხარის პროექტში ჩართვის შესაძლებლობაც განიხილა.
"საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ჩინეთის ეროვნული ექსპორტ-იმპორტის კორპორაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს პროექტები. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტის აღნიშვნით ბოლო ორი წელიწადია ჩინელმა მეწარმეებმა საქათველოში აქტიურად დაიწყეს ინვესტირება. ისინი უშუალოდ ექსპორტ-იმპორტის ბანკის დახმარებით და მხარდაჭერით შედიან ქართულ ბაზარზე. შესაბამისად, საინტერესო პროექტების შემთხვევაში, ბანკი აუცილებლად განაგრძობს ინვესტორების დაფინანსებასა და ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში", - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.
მათივე ინფორმაციით, დავით საგანელიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციული ბანკის გენერალურ დირექტორს ესტუმრა. იან ცუიუენის ინიციატივით საქართველოს პროექტების კოორდინატორად უწყების მართვის დეპარტამენტის ხელმღვანელი ჭაანგ ხუნ ლი დაინიშნა. დავით საგანელიძემ ბანკის წარმომადგენლებთან საპარტნიორო ფონდის საქმიანობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ საპარტნიორო ფონდი ყველა ინვესტორისათვის მნიშვნელოვან გარანტორს წარმოადგენს და ეხმარება მათ თავისუფლად კოორდინირებაში. 
ფონდის ცნობით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო განვითარების კორპორაციის კონცეფციის განხილვასაც. 
"ევროპის ფინანსურ ინსტიტუტებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კარგი იქნება, თუ ამ პროცესში ჩინური ფინანსური ინსტიტუტებიც ჩაერთვებიან. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი, შესაბამისად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის აღიარებით და ევროპასთან ინტეგრაციით შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლის მიღება, როგორც ევროპისთის ასევე აზიისთვის", -განაცხადა დავით საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა საქართველოს პოტენციალსა და სტრატეგიულ მდებაროებაზე ისაუბრეს "აბრეშუმის გზის ფონდის" აღმასრულებელი დეპარტამენტის დირექტორთან ვან იენ ჭ-სთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს დატვირთვას და მნიშველობას აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის პროექტში. ჩინური მხარის განცხადებით, უცხოელი ინვესტორებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს საპარტნიორო ფონდთან, როგორც სახელმწიფო გარანტორთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

„რაც მეტი გაქვს გაზი, მით უფრო შესაძლებელია ფასებით ვაჭრობა და ფასების დაწევა“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 14:19

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, რაც უფრო მეტი გაზი აქვს ქვეყანას, მით უფრო შესაძლებელია ფასებით ვაჭრობა და ფასების დაწევა.

როგორც საპატრნიორო ფონდის ხელმძღვანელმა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, "დამატებითი მოცულობის გაზი არასოდეს არ აწყენს ქვეყანას იმიტომ, რომ რაც მეტი გაქვს გაზი, თავისთავად ცხადია, მით უფრო შესაძლებელია ფასებით ვაჭრობა და ფასების დაწევა. მეორე, როცა გაქვს პოტენციალი ენერგომატარებლების, გაქვს პოტენციალი მისი გადამუშავების, მისგან პროდუქტების დამზადების და შემდეგ რეალიზაციის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ზედმეტი არავის არაფერი არ აწყენს", - განაცხადა საგანელიძემ.

გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური