დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 12:40

25-26 თებერვალს მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში. 25 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილესთან საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ტრეისი ან ჯაკობსონთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ ქმედებების კოორდინაციაზე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბალკანეთის, შავი ზღვისა და კავკასიის დირექტორთან, ვიქტორია ტეილორთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის პოლიტიკას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით.     
 
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენ უოლაკს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორს სტივენ ნიქსს. განხილულ იქნა საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული რეფორმები. საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის გაგზავნა.

დავით ზალკალიანმა გაეროს განვითარების პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:47

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს განვითარების პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ დავით ზალკალიანმა მაღალი დონის თემატურ სესიაზე ისაუბრა, რომელიც გაიმართა თემაზე “კონფლიქტის პრევენცია, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობა“. თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოში გაეროს მიერ პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას და ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადაწყვეტაში  საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულების აუცილებლობა, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ყველა ღონე იხმაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესის სრულყოფის მიზნით.

UNDP 50 წლისაა: მსოფლიომ უნდა დაამარცხოს სიღარიბე 2030 წლისათვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 15:11

საერთაშორისო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების თაობაზე შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს მთავრობების ლიდერების. სამოქალაქო საზოგადოების, მრავალმხრივი პარტნიორებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით, - თქვა ჰელენ კლარკმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა, ნიუ იორკში გამართული მინისტერიალის წინა დღეს, რომელიც ორგანიზაციის 50 წლისთავს ეძღვნება.  
მდგრადი განვითარების 17 ამბიციური მიზანი მსოფლიოს ახალი დღის წესრიგია, რომელიც განსაზღვრავს განვითარების მთავარ ტენდენციებს 2030 წლამდე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა.  
„მთავრობების წამყვანი როლი, რომელსაც თან ერთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, ქველმოქმედებასა და მრავალმხრივ სისტემებთან თანამშრომლობა,  უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. სიღარიბისა და უთანასწორობისაგან თავისუფალი მსოფლიოს მიზნების მიღწევა მხოლოდ ასეთი ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
„მდგრადი განვითარების მიზნები ის სახელმძღვანელოა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი მსოფლიოს აშენება, სადაც ეკონომიკა და საზოგადოება ინკლუზიური და თანასწორია, ხოლო პლანეტა დაცულია კლიმატის ცვლილების ყველაზე დამანგრეველი შედეგებისაგან, ისევე როგორც სხვა გარემოსდაცვითი საფრთხისაგან“, - დასძინა მან.   
ჰელენ კლარკმა აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შეუძლია საკვანძო როლი შეასრულოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რადგან ბოლო 50 წლის მანძილზე ორგანიზაცია სწორედ მსოფლიოს განვითარების წინა ხაზზე იმყოფებოდა. UNDP ხელს უწყობდა ინსტიტუტების მშენებლობას, ქვეყნების მედეგობის გაზრდას, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. გარდა ამისა, UNDP კვლავაც განახორციელებს გაეროს მთლიანი სისტემის საქმიანობის კოორდინირებას.
„ჩვენმა საქმიანობამ თავისი წვლილი შეიტანა განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დღეს, როდესაც 50 წლისთავს ვზეიმობთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ მომავალშიც შევასრულოთ ეს საქმე“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად 24 თებერვალს ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში შეიკრიბება 80 მინისტრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - დავით ზალკალიანი.
ამ მაღალი დონის დონის შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი მსოფლიოს განვითარების ახალი ამბიციური დღის წესრიგის პრაქტიკული განხორციელებისათვის. მსჯელობის მთავარი თემები იქნება განვითარების დაფინანსების შესაძლებლობები, სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, კლიმატის ცვლილება და მშვიდობის მშენებლობა. შეხვედრაში მონაწილე მინისტრები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

დავით ზალკალიანი ამერიკული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 16:04
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ანგრიშს ეხმაურება. სადაც საუბარია, რომ საქართველომ შესაძლოა დასავლური ორიენტაციით სვლა შეაჩეროს. „ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, სადაც მისი მხირდან იყო მკაფიოდ ხაზგასმული, ეს დოკუმენტი და ეს განხილვა უნდა იყოს ჩვენი მხრიდან აღქმული იმ მიმართულებით, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ყურადღების მიქცევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ქვეყნის გარედან,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს რეიდერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 15:25

18 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს ბენ პერსერს და ჯონ რეიდერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა. პოზიტიურად შეფასდა 2015 წელს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში ოთხივე ძირითადი მიმართულებით ჩატარებული სამუშაო და იმედი გამოითქვა, რომ წელს კვლავ გაგრძელდება ქარტიის კომისიის ფარგლებში ასეთივე ნაყოფიერი თანამშრომლობა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის კონგრესთან თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საკითხებს.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამინდელი ვითარება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე. ამ თვალსაზრისით აღინიშნა აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის როლი და მნიშვნელობა.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზანშეწონილობა. აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 15:20

18 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილს სკოტს და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, ოლივიე ბიურკის შეხვდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, შომბი შარპი და საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს საქათველოში მდგრადი განვითარების საკითხებზე, განიხილეს რეგიონული განვითარების და თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე, მხარეებმა დაუდასტურეს ერთმანეთს აღნიშნული მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა.

 

ენერგეტიკის მინისტრი დავით ზალკალიანს ღირსეულ პიროვნებად ახასიათებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 იანვარი 2016 14:33

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება.

ენერგეტიკის მინისტრი ზალკალიანს ღირსეულ პიროვნებად ახასიათებს.

„დათო არის უაღრესად პატიოსანი ადამიანი, ღირსეული პიროვნება,” - აღნიშნავს კახა კალაძე.  

მიუხედევად ამისა, კალაძე თავისუფალი დემოკრატების მიერ ოპოზიციაში წასვლას იხსენებს და აცხადებს, რომ დავით ზალკალიანმა მის მიერ მაშინ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებები უნდა გააკეთოს.

„ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვა კოალიცია და ვფიქრობ, სწორი იქნებას, ამ განცხადებებზე მან განმარტებები გააკეთოს,“ - აცხადებს კახა კალაძე. 

"ივანიშვილი პირადად ურეკავდა ზალკალიანს და სთხოვდა ეღალატა ჩვენთვის" - ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 14:12

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, "ნუ ჰგონია რომ თავისუფალი დემოკრატები დაიშლება".

როგორც ალასანიამ დავიტ ზალკანიანთან დაკავშირებით აღნიშნა , არასამთავრობო სექტორში საქმიანობა არ უნდა იყოს გაიგივებული პოლიტიკურ საქმიანობასთან.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, ზალკალიანის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ იცოდა.

„ინფორმაცია თითქოს პარტია იშლება, ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. ივანიშვილი მუდმივად ცდილობდა შეეტანა გარკვეული უთანხმოება ჩვენს პარტიაში. ეს ვერ მოახერხა მაშინაც კი როცა ერთ კოალიციაში ვიყავით - პირადად მე ვიყავი ბატონ დათოსთან, როცა ურეკავდა ივანიშვილი და თხოვდა ეღალატა იმ პრინციპებისთვის, რაც გვაერთიანებს და კოალიციაში დარჩენილიყო.

რაც შეეხება უშუალოდ დათოს გადაწყვეტილებას ამის შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ ვიცოდი. ბატონი ზალკალიანი მუშაობს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, არასამთავრობო სექტორში საქმიანობა, არ უნდა იყოს პოლიტიკურ საქმიანობასთან გაიგივებული, მას ხელი არ უნდა შეეშალოს დონორებთან მუშაობაში“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.

თავისუფალი დემოკრატები არ დაიშლება-ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 12:47

თავისუფალი დემოკრატები დავით ზალკალიანმა დატოვა, - ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ თავად დაადასტურა. 

ალასანიას ინფორმაციით საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ პარტია დატოვა და ის სამუშაოდ ერთ-ერთ ფონდში გადავიდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავისუფალ დემოკრატებს სხვა წევრებიც ტოვებენ, ალასანიამ არ დაადასტურა. 

"ნუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ თავისუფალი დემოკრატები დაიშლება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მზადებას არჩევნებისთვის,"- აცხადებს ირაკლი ალასანია. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს განცხადება მცხეთაში გააკეთა. ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა. 

დავით ზალკალიანმა "თავისუფალი დემოკრატები" არასამთავრობო სექტორში საქმიანობის გამო დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 11:31

დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" რიგები არასამთავრობო სექტორში საქმიანობის გაგრძელების გამო დატოვა.  მისივე განცხადებით, პარტიის რიგები ოქტომბრის დასაწყისში დატოვა.
"დიახ, მე დავტოვე "თავისუფალი დემოკრატების" რიგები გამომდინარე იქედან, რომ საქმიანობას ვაგრძელებ არასამთავრობო სექტორში. კერძოდ, ცნობილია, რომ მე გახლავართ "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რათა ხელი არ შემეშალოს ამ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციასთან. 
ეს იყო ძირითად მიზეზი იმის, რის გამოც მე დავტოვე პარტიის რიგები", -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გვერდი 6/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური