გერმანიის კანცლერი საქართველოს ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 15:53

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. თვითმფრინავი, რომლითაც ა. მერკელი საქართველოში ჩამოფრინდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამოდენიმე წუთის წინ დაეშვა. 
გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.
აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უმასპინძლებს. პრემიერი გერმანიის კანცლერთან ჯერ პირისპირ შეხვედრას, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატის აუდიენციას გამართავს. 
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტის გაგრძელებას 24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების შემდეგ, მერკელი EUMM -ის პროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას.
ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი 24 აგვისტოს დასრულდება. თბილისიდან ა. მერკელი სომხეთში ჩავა, რის შემდეგაც იგი აზერბაიჯანს ესტუმრება.

საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 13:53

საგარეო  საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ გახლავთ იმის  დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში.  

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის - გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს იგი საქართველოში 10 წლის წინ იყო, ასევე იმ  რეალობიდან და  იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს. ეს არის კიდევ ერთხელ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების, ასევე, იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, არის  მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის,“-განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებისას საუბარი იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ განზომილებას.
„აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იყოს შესაბამისობაში  საგარეო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროცესებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის რეგიონალური ხასიათის, რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ თვალსაზრისითაც, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს  მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში“-აღნიშნა მინისტრმა.

"​საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის" - დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 18:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: „იმ გამწვავების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტუმრობს ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყნის კანცლერი, როგორიც გერმანიაა და ეს ვიზიტი  საყურადღებოა  დროის თვალსაზრისითაც“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ  „საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის“.  
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს შეეხება. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ზალკალიანის თქმით,  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის ის დონე, რომელიც გვაქვს გერმანიასთან, ასევე იყოს  ეკონომიკურ განზომილებაშიც“ - განაცხადა  ზალკალიანმა. 
მინისტრის ინფორმაციით, გერმანიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი,  რომელშიც გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. „ეს ფორუმი საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზებზე მსჯელობის კიდევ ერთი საშუალება იქნება”- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში  23-24 აგვისტოს შედგება. 

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის საბჭოს ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხის აქტუალობა და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაც ორგანიზაციში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღება.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. 

დავით ზალკალიანმა რელიგიის თავისუფლებათა შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ რელიგიური უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ივლისი 2018 15:04

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში რელიგიის თავისუფლების შესახებ. მინისტერიალში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის პატრონაჟით ტარდება, 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.
 
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელიც მდიდარია და სამაგალითოა მსოფლიო საზოგადოებისთვის უნიკალური ტოლერანტობისა და მულტიეთნიკური თანაცხოვრების თვალსაზრისით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის თავისებურება, რაც გამოიხატება მრავალფეროვნებაში, რელიგიურ პლურალიზმსა და ინკლუზიურობაში, თავის მხრივ იქცა ქართველი ერის და მისი ცხოვრების წესის განმსაზღვრელად. მისივე თმიქთ რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმალობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის სალოცავი შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფის თვალსაზისით.
 
საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალინმა ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი რელოგიური ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაში.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რელოგიური თავისუფლების საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის რელოგიური თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებზე. მისი თქმით ოკუპაციისა და 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდგომ ვითარება ოკუპირებულ რეგინებში გართულდა. მისი თქმით ადგილზე ილახება, როგორც მორწმუნეთა უფლებები, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლეთა უფლებები, რომელთაც წლებია არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ ამ ტერიტორიაზე ღვთისმსახურება და მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ ღონისძიებებსა და დღესასწაულებში. მშვიდობიან მოსახლეობას არ ეძლევა საშუალება მოინახულოს და პატივი მიაგოს წინაპართა საფლავებს. დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისტორიული რელიგიური ტაძრების დაზიანებისა და დამახინჯების ფაქტებზე, როგორც მან აღნიშნა ამ გზით საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია ცდილობს წაშალოს ქართული ისტორიულ-კულტურული კვალი.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
დავით ზალკალიანმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინისტერიალის მონაწილეებს დაუდასტურა საქართველოს მზაობა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცივილიზაციათა დიალოგსა და სხვადასხვა რელიგიურ თუ კულტურულ ჯგუფებს შორის ხიდების მშენებლობასა და ნდობის გაღრმავებაში, რასაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად წარმატებით ართმევდა თავს.  
 
რელიგიური თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მასპინძლობს. ღონისძიებას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.
 

დავით ზალკალიანი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს აჰმად ჰასან ალ-ჰამადის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 10:54

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარის  ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გაღრმავების მიზანშეწონილობას.

კატარის მხარემ  მინისტრის პირველ მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია  ყურის რეგიონში, კერძოდ კატართან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის შესახებ. აღინიშნა კატარში, და მთლიანად ყურის ქვეყნებში, სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა.

ვიზიტის ფარგლებში კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დავით ზალკალიანი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 18:06

აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანისა და ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის შეხვედრა. 

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორულ ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარების აუცილებლობას მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას.
 
შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე. აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი შემთხვევის გამოკვლევა და შემდგომი პრევენცია.
 
ისრაელურ მხარეს ასევე ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე არსებული განახლებული საკონსულო ინფორმაციისა და ქართული მხარის მიერ განხორციელებული ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელიც მომავალში   მოემსახურება სიტუაციის შემსუბუქებას. მხარეებმა დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის აღნიშნული მიმართულებით უკვე არსებული კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებისა და უახლოეს მომავალში საკონსულო კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარებისათვის მზაობა.
 
შაბთაი ცურმა გამოხატა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა მომავალში ეფექტიანი შედეგის მიღწევის მიზნით. იქვე აღინიშნა, რომ  2017 წლის თებერვლის ბოლოს  ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხის განხილვისა და მომავალში სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი ყატარში ვიზიტს განაგრძობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 17:05

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ყატარის სახელმწიფოს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, 5 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ყატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის (Qatar Science &Technology Park) აღმასრულებელ დირექტორთან მაჰერ ჰაქიმთან (Maher Hakim) და კატარის განვითარების ფონდის (Qatar Development Fund) გენერალურ დირექტორთან ხალიფა ბინ ჯასიმ ალ კუვარისთან (Khalifa bin Jassim Al Kuwari).უწყების ინფორმაციითვე, ყატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკში გამართული შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყატარის მხარეს დეტალურად გააცნო ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო და განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები. განხილულ იქნა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული პროექტები და ამ პროექტებში ყატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის ჩართულობის შესაძლებლობა. აღინიშნა ამ მიმართულებით მომუშავე კატარელი და ქართველო ექსპერტების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა. ყატარის განვითარების ფონდში შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფონდის გენერალურ დირექტორს 2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარი წყალდიდობის მიერ დაზარალებულთა ფონდში გაწეული ფინანსური დახმარებისათვის.შეხვედრის ფარგლებში ყატარის მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტებისა და საქართველოში განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ. კატარის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს დელეგაციას გააცნო ფონდის საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროექტები (უმეტესად, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით). შეხვედრებისას, ყატარის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა თავდაცვის საკითხებში ყატარის სახელმწიფო მინისტრთან ხალიდ ბინ მუჰამად ალ-ატიასთან (Khalid bin Mohamed Al Attiyah) და კატარის საზოგადოებრივი უსაფრთოხების გენერალურ დირექტორთან, გენერალ საად ბინ ჯასიმ ალ-ხულაიფისთან (Saad Bin Jassim Al Khulaifi is the Director General of Public Security (Chief of Police) in Qatar). ყატარის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებისა და მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ. 
6 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ყატარის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო-საკონსულტაციო კომპანია „ასტადის“ (ASTAD) აღმასრულებელ დირექტორ ალი ალ ხალიფასთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო კატარული კომპანიის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და ურბანულ პროექტებს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და კომპანია „ასტად“-თან შესაძლო თანამშრომლობის გზებს. 

7 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ყატარის სატელეკომუნიკაციო კომპანიის Ooredoo-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, შეიხ საუდ ბინ ნასერ ალ თანისთან (Sheikh Saud Bin Nasser Al Thani) და ყატარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ბინ მუჰამედ ალ თანისთან (Sheikh Khalifa Bin Jassim Bin Mohammed Al Thani). შეხვედრებისას საქართველოს დელეგაციამ ყატარის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. 

დავით ზალკალიანმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 17:54

ბრაზილიაში სამუშაო  ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა 2016 წლის 1 ნოემბერს ორმხრივი შეხვედრები გამართა აღმოსავლეთ ტიმორის, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ბრაზილიის ეროვნული სენატის, ბრაზილია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, სენატორ აოუზიო ნუსესთან და სენატორ ანტონიო ანასტასიასთან, ასევე ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გადაფარვის ქვეყნების (სურინამი, ტრინიდადი და ტობაგო, კოლუმბია, გაიანა, პერუ) დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

აღმოსავლეთ ტიმორის, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებები, კერძოდ, აღინიშნა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციაში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობას.

ბრაზილიელ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. დავით ზალკალიანმა სენატორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით.

გადაფარვის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელჩებს რეგიონში არსებული ვითარების, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ოქტომბრის თვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის აუცილებლობას. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს საქართველოსთან სტაბილური და პარტნიორული თანამშრომლობის პოლიტიკის გაძლიერების მზადყოფნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრების  XXI და სახელმწიფო მეთაურების XI კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, სადაც საქართველოს 2014 წლიდან ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია.

დავით ზალკალიანი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 16:17

საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელის მოადგილე კეტრინ პატრონოფი. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ კონსულტაციები განხილულ საკითხებთან და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბილიანა მილოშევიჩს ორგანიზაციის აქტიური საქმიანობისთვის საქართველოში.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური